გუგა ქაშიბაძის პირადი ცხოვრება და ჰობი - გზაპრესი

გუგა ქაშიბაძის პირადი ცხოვრება და ჰობი

პლასტიკური ქირურგი, თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გუგა ქაშიბაძე თავისი მრავალმხრივი ინტერესების, ჰობის, ოჯახისა და საქმიანობის შესახებ გვესაუბრება.

- ზაფხულმა განსაკუთრებულ რეჟიმში ჩაიარა, კლინიკაში ზე-დატვირთვით გვიწევდა მუშაობა, რადგან პაციენტების დიდი ნაწილი მზის დამწვრობით მოგვმართავდა, აქედან სამს კი ავად სახსენებელი ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დაზიანება ჰქონდა მიღებული. ლეღვის ფოთლის ნახარშმა არც ასაკი იცის, არც - სქესი, 13 წლის მოზარდიც გვყოლია, 65 წლის ქალბატონიც და მამაკაცებიც. ყველა მათგანმა იცოდა, რომ წვავს, მაგრამ ყველას ჰგონია, რომ თვითონ არ დაიწვება. იმედმა, რომ ასეთი პაციენტი აღარ გვეყოლება, ერთი წლით გადაიწია. სხვათა შორის, მომავალ წელს "იუბილე" გვაქვს და 10 წელი გვისრულდება პირველი ასეთი პაციენტის მიღებიდან; მაშინ ის გოგონა 15 წლის იყო. იმედია, ამით დასრულდება.

- როგორ ჩაიარა თქვენთვის ზაფხულმა, როგორ დაისვენეთ?

- 10 დღით ოჯახთან ერთად ვიყავი ქალაქგარეთ. ზაფხულის დასვენება ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ კარგად არ დაისვენე, კარგად ვერც იმუშავებ და ვერც ისწავლი. მოსახლეობას მოვუწოდებ, ნუ გამოიყენებენ დასვენების დღეებს დამწვრობის საწინააღმდეგო მკურნალობისთვის...

წელს დაგეგმილი მქონდა სვანეთში, თეთნულდზე ასვლა, მთელი წელი ვემზადებოდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, სამწუხაროდ, მომავალ წლამდე გადაიდო. არა უშავს, მთა არსად წავა, დამელოდება. მოგეხსენებათ, კარგი ფიზიკური მომზადებაა საჭირო. მთაში მკაცრ პირობებში ყველა წვრილმანს დიდი მნიშვნელობა აქვს, ფიზიკურად და მორალურად მზად უნდა იყო, რადგან შენი ე.წ. მოწინააღმდეგე ბუნებაა, რომელსაც ბრძოლას ვერ მოუგებ.

GzaPress

- როგორ ემზადებით ხოლმე ამისთვის?

- საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ: კვირაში ორჯერ ველოსიპედით დავდივარ, სირბილსაც ვახერხებ, მთაში სიარულსაც და ა.შ. პარაპლანითაც მომწონს ფრენა. ალპინიზმი ისეთი სპორტია, ფიზიკურად სულ ფორმაში უნდა იყო, მიუხედავად ასაკისა. ვარჯიშს დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი ხანი არ არის, რაც ალპინიზმით ვარ დაკავებული, ცხადია - მოყვარულის დონეზე, დაახლოებით 7 წელია. ჩემდა სამწუხაროდ, მანამდე არასდროს დავინტერესებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ დედა ალპინისტი იყო, პირველთანრიგოსანი. ალპინიზმს უდიდესი დადებითი ენერგია მოაქვს, შენი თავის გაცნობა გიწევს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთაში სიარულის შემდეგ, ჩემი თავი ახლიდან გავიცანი. ჩემი ამოცანაა, ამ ყველაფრისგან სიამოვნება მივიღო. ბუნებრივია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ უსაფრთხოების ზომების დაცვას. თუმცა, ხიფათიც ყოფილა, მთაში ამისგან დაზღვეული არავინაა.

- რა ემოცია გეუფლებათ იმ მომენტში, როცა გრძელი და რთული გზის გავლის შემდეგ, სასურველ მწვერვალს აღწევთ?

- თითქოს სხვა სამყაროში გადადიხარ და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე დიდი სიამოვნება უკან დაბრუნებაა, არა პროცესი, არამედ - მერე უკვე ბარში ჩამოსვლა: მაშინ ხვდები, რომ დიდი ენერგიით ხარ სავსე და ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. ის პრობლემები, რაზეც აქ ნერვიულობდი და რთული გეგონა, იქიდან ჩამოსულს იოლად გადასაჭრელი და სასაცილოც კი გეჩვენება. უკან დაბრუნების პროცესი ისეთი ემოციაა, რომ ალბათ, ყველა ჩვენგანმა ერთხელ მაინც უნდა განიცადოს.

GzaPress

- სპორტის რა სახეობები მოგწონთ?

- სპორტსმენი არ ვყოფილვარ, მაგრამ მოყვარულის დონეზე, ყველაფერზე მივლია - ცხენოსნობაზე, ფეხბურთსა თუ კალათბურთზე; თხილამური მომწონს, სნოუბორდი და ა.შ. ყოველთვის ექსტრემალური სპორტი მიტაცებდა, რაც ხიფათთან იყო დაკავშირებული. მოტორთან ვერასდროს "ვმეგობრობდი", ამიტომ მოტოციკლეტი, მოპედი, ავტომობილი სიამოვნებას არ მანიჭებს.

- ხატვა კი ძალზე სასიამოვნო პროცესია, არა?

- ხატვა იმდენად დიდი სიამოვნებაა ჩემთვის, რომ ყოველდღე აუცილებლად ვუთმობ გარკვეულ დროს, სამსახურშიც და სახლშიც. ბავშვობიდან ვხატავ, ესეც - მოყვარულის დონეზე, არანაირი სპეციალური განათლება არ მაქვს და არც არანაირი ამბიცია. ბოლო სამი წელია, კარიკატურების ხატვით ვარ დაკავებული და ეს ძალიან მომწონს. ტელეფონიც ისეთი შევიძინე, რომელშიც ელექტრონული ვერსიები იქმნება, რომ ადგილსა და სიტუაციაზე არ ვიყო დამოკიდებული. მაგალითად, ადრე აუცილებლად სახლში უნდა მივსულიყავი და მაშინ ვიწყებდი ხატვას. ახლა ნებისმიერ წუთს ვახერხებ. ესეც ჩემი სამყაროა, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- როგორც ვიცი, თქვენი ნამუშევრები უცხოელებსაც შეუძენიათ.

- ყოფილა შემთხვევები, რომ ნამუშევრების ფოტოები ჩემი გვერდიდან მოუპარავთ, ჩემი ინიციალები წაუშლიათ და სხვა გვერდებზე გავრცელებულა, ინტერნეტსივრცეში ასეთი რამ ხშირია... თუ ვიღაცას აინტერესებს, ე.ი. აქტუალურია, მოსწონთ და ეს სასიხარულოა. მთავარია, მოსწონდეთ. ყოფილა შემთხვევა, რომ იდეა გამოუყენებიათ და მსგავსი დაუხატავთ.

- წლების მატებასთან ერთად, ადამიანის გემოვნება, ხედვა იცვლება, მათ შორის მხატვრობაში; თქვენ რა მიმართულებით დაიწყეთ და ახლა რა მიმდინარეობა მოგწონთ?

- ჩემს ნახატებში სიურრეალიზმი ჭარბობდა, მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ, ფერებიც და სიუჟეტებიც შეიცვალა, უფრო დათბა, ფიგურებიც უფრო კეთილები გახდნენ, განსაკუთრებით - ჩემი მეორე შვილის დაბადების შემდეგ. ამის მიხედვით, ჩემი ნახატები პერიოდებადაც კი შეიძლება დავყო.

მეუღლისა და ოჯახის მხარდაჭერა ნებისმიერ საქმეში ძალზე მნიშვნელოვანია. მეც ვცდილობ, ხელი არ შეეშალოს მეუღლეს თვითრეალიზაციაში და ის ჩემზე მეტადაც კი არის დაკავებული, ჩემზე გვიან მოდის სამსახურიდან. ჩემს ძირითად საქმიანობაში ლომის წილი ოჯახს მიუძღვის.

- როგორც ვიცი, ერთმანეთი კონფერენციაზე გაიცანით.

- კი, მაშინ თაკო სტუდენტი იყო, მე კი - სულ ახალგაზრდა ექიმი და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მხრიდან ეს ერთი ნახვით შეყვარება გახლდათ. სამი წელი ვმეგობრობდით და მერე შევუღლდით. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ნულიდან დავიწყეთ.

GzaPress

- სიყვარულში როგორ გამოუტყდით? თამამად გამოხატავდით გრძნობებს?

- ძალიან მორიდებული და მორცხვი ვიყავი. სითამამით არც ახლა გამოვირჩევი, მაგრამ მაშინ - უფრო. რომ წითლდებიან ხოლმე, ეგეთი ბიჭი ვიყავი (იცინის).

- ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოსტზე თქვენი კომენტარი ვნახე: სამედიცინო უნივერსიტეტში სამი წელი ვაბარებდიო. რა იყო მიზეზი და რა სირთულეებს აწყდებოდით?

- სხვათა შორის, წელს ჩემი შვილი იყო აბიტურიენტი და სამედიცინოზე ჩააბარა. სულ მიკვირს, როცა ჩემი კოლეგები ამბობენ, ჩემს შვილს არ ვურჩევდი, ამ საქმისთვის მენანებაო; მე კი პირიქით, ძალიან გამიხარდა, რომ თვითონ აირჩია ეს გზა. ჩემს დროს, სამედიცინოზე ჩაბარება ძალიან რთული იყო, დიდი კონკურსის გამო. პირველი ორი წელი, სანიტრის სტაჟი თუ არ გქონდა, ვერ მოეწყობოდი, სულ ხუთიანები რომ მიგეღო და მეც, სანამ სტაჟი არ დავაგროვე, ვერ მოვხვდი. ან ოქროს მედალი უნდა გქონოდა და მე არ მქონდა.

- განიცდიდით, რომ ვერ მოხვდით?

- კი, ბუნებრივია, განიცდი, როცა ვერ აბარებ, თან ყველა გეკითხება: - რას შვრები? სწავლობ? - არა, აბიტურიენტი ვარ. ამ პასუხს ძალიან განვიცდიდი. გარკვეული კომპლექსიც მქონდა... იმ პერიოდში სანიტრად იაშვილის კლინიკაში ვმუშაობდი. ორწლიანი სტაჟი დავაგროვე და მერე ჩავირიცხე.

- ახლა როგორ გაგონდებათ ის წლები?

- ჩემი სტუდენტობა იდეალურად მაგონდება. არ მახსოვს გამეცდინოს სკოლა ან ინსტიტუტი, ძალიან მსიამოვნებდა იქ სიარული, თან ვერთობოდი, ასეთი ტიპი ვარ - გამოუვალ სიტუაციაშიც კი შემეძლო გართობა... ერთი შეხედვით უინტერესო საგანშიც საჩემოს "დავიჭერდი". ისეთ საგნებსაც ვსწავლობდით, რაც არასდროს გამომდგომია და არც მომავალში დამჭირდება. მაშინ სხვა აქცენტები იყო. ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი, ლექტორი მყავდა და მათთან დღემდე ვმეგობრობ. მინდა, მივულოცო მათ, ვინც წელს ჩააბარა, ჩემს მომავალ კოლეგებს, თავიანთი მუნდირი, თეთრი ხალათი არასდროს შეერცხვინოთ, ერთმანეთისა და სამშობლოსთვის არ ეღალატოთ.

ერთია, შენ როგორ აღიქვამ ცხოვრებას, სამყაროს, რა შეგრძნებები, სურვილები გაქვს, მეორე - შენი მშობლები როგორ უყურებენ ამას და ეს შეიძლება, ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყოს. პირადად მე, როცა ინსტიტუტი დავამთავრე, მაშინაც კი ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ექიმი გავხდებოდი, კიდევ რაღაც სხვა გეგმები მქონდა, მხატვრობასთან დაკავშირებული, ხან არქიტექტორობაც მინდოდა, ბიოლოგობაც, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი პროფესია. თუმცა საბოლოოდ, ექიმი გავხდი და ეს არც წამითაც არ მინანია. ამ გზის განმავლობაში წარმატებაც ყოფილა, წარუმატებლობაც და ჩემი თავი სხვა პროფესიაში ვერც წარმომიდგენია.

- პაციენტებთან ურთიერთობა კიდევ ცალკე ხელოვნებაა, არა?

- ყველაზე მეტად, თეატრსა და მსახიობებს ვამგვანებ: როგორც მსახიობს სჭირდება დარბაზიდან მაყურებლის ოვაცია, ტაში, ასე სჭირდება ექიმს გამოჯანმრთელებული პაციენტის დადებითი ემოცია, აურა. ეს მისტიკაა... გარკვეული "ჯადოქრობა" ექიმის საქმეში ნამდვილად არსებობს, მკურნალობის პროცესში პაციენტებთან სასწაულები გხვდება, მთავარია, დაინახო ეს სასწაული. ყოველთვის ვცდილობ, პაციენტი რაღაცით გამოვარჩიო, რომ დამამახსოვრდეს და ასეთი ბევრია.

- მუდმივი განვითარება და სიახლეების გაცნობა ექიმისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. პროფესიონალიზმის გარდა, რა არის მთავარი წარმატებისთვის?

- ალბათ, თავგადასავლების სიყვარული და პირადად ჩემში, ბავშვობის მუხტის შენარჩუნება. ისე სწრაფად ვითარდება ყველა დარგი, განსაკუთრებით, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული, აუცილებელია, ფეხი სწრაფად აუწყო. პაციენტები, რომლებიც 10-15 წლის წინ იღუპებოდნენ, ახლა იკურნებიან. ყველაფერი შეიცვალა. მუდმივად უნდა იზრდებოდე. როცა სერიოზულ ამოცანებს ისახავ, მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო. მოდუნების უფლება არ გაქვს. მეტი ინფორმაცია უნდა გქონდეს, მეტი ალტერნატივა შესთავაზო პაციენტს. თითოეული ჯანმრთელი მოქალაქე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მასზე დგას სახელმწიფო. მიდგომები, პრინციპები შეიცვალა და ეს კარგია.

ჩვენი ცენტრი ბატონ ბესიკ იაშვილის სახელობისაა, რომელიც ამ დარგის შემქმნელი, ფუძემდებელია. ბედნიერი ვარ, რომ დღესაც მაქვს შესაძლებლობა, სერიოზული საკითხები, მიუხედავად მისი ასაკისა, მასთან ერთად განვიხილოთ და გადავწყვიტოთ. მაქვს ფუფუნება, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი მყავდეს მასწავლებელი, რომელსაც ნებისმიერ დროს შემიძლია დავურეკო და აზრი, რჩევა ვკითხო. უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ნოვატორია, დამწვრობის ცენტრის რეანიმაცია სწორედ მან შექმნა და ამან სიკვდილიანობა ძალიან შეამცირა.

- თავისუფალი დრო და ოჯახი...

- ჩემთვის ფუფუნებაა ოჯახთან ერთად გატარებული თითოეული წუთი, რადგან უდიდეს დადებით მუხტს ვიღებ. ერთი პაციენტის მამა მახსენდება ხოლმე, შვილთან ერთად საზღვარგარეთ სამკურნალოდ სამი თვის გატარებამ მოუწია და მაშინ ასეთი რამ მითხრა: მეგონა, ჩემს შვილს ვიცნობდი, მაგრამ ამ ხიფათის ერთად გამოვლის შემდეგ, ერთმანეთი თავიდან გავიცანით; მანამდე, შინიდან დილით გავდიოდი და საღამოს შემოვდიოდი, ჩვენი ურთიერთობა შუბლზე კოცნით შემოიფარგლებოდაო... მისი ეს ნათქვამი სულ მახსოვს და ყოველთვის ვცდილობ, შვილებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამოვნახო. მეორე შვილი 2 წლისა და 8 თვისაა. ვცდილობ, აქტიური მამა ვიყო - პამპერსის გამოცვლა, დაბანა, კვება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ექიმები და სუფრა...

- სხვათა შორის, რადგან ულვაში მაქვს და ჩოხის ჩაცმაც მიყვარს, ბევრს ჰგონია, რომ დიდი მსმელიც ვარ, კარგად ვთამადობ და ვმღერი ან ვცეკვავ, მაგრამ ასე არ არის. ხომ ამბობენ, ორი ვაგონი ღვინო მაქვს დალეულიო, მე კი ვხუმრობ ხოლმე, ორი ვაგონი ღვინო მაქვს "მოპარული"-მეთქი. ცუდი მსმელი ვარ, მალე ვთვრები, ამიტომ საერთოდ არ ვსვამ. სუფრაზეც ვერ ვჩერდები დიდხანს.

ჩოხის ტარება მსიამოვნებს, ეს არის სამოსი, რომელიც უკეთესობისკენ გცვლის, ელემენტარულად, ჯდომის მანერაც კი სხვანაირია; გალანტურიც უნდა იყო. მიზეზს ვეძებ ხოლმე, რომ ჩოხა ჩავიცვა. ბევრს ჰგონია, ჩოხით ყველგან ვერ წახვალ, მაგრამ პირიქითაა, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მოსახერხებელია.

საერთოდ, ძველებური ნივთები ყოველთვის მაინტერესებდა და ესეც გარკვეულ ენერგიას მაძლევს, თუნდაც, სამედიცინო ინსტრუმენტები, წიგნები, ავეჯი. ჩოხაც სიძველესთან ასოცირდება.

თამთა დადეშელი