ხანდაზმულ თანატოლებზე მზრუნველი ქალბატონის საინტერესო ცხოვრება - გზაპრესი

ხანდაზმულ თანატოლებზე მზრუნველი ქალბატონის საინტერესო ცხოვრება

ქუთაისში 79 წლის მაყვალა დარსალიას ყველა იცნობს. 30 წელზე მეტხანს მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობდა და მის ხელში ბევრმა ახალგაზრდამ გაიარა. თავად კონსერვატორია დაამთავრა. პიანისტი ქალბატონი ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ინკლუზიურ ბავშვებთან უანგაროდ მუშაობს. უკვე 15 წელია, "წითელი ჯვრის" მოხალისეა. იმ ხანდაზმულებთანაც დადის სახლში, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ, სახლებიდან ვერ გამოდიან და არც მზრუნველი ჰყავთ. ქალბატონი მაყვალა მათ სახლებში აკითხავს და საჭირო პროდუქტები, ნივთები და წამლები მიაქვს. მარტოდ დარჩენილ ხანდაზმულებს იგი საოჯახო საქმეებშიც ეხმარება. ამბობს, რომ სიკეთის კეთება აბედნიერებს.

- უკვე ასაკში ვარ, მომავალ წელს 80 წელი შემისრულდება, მაგრამ ასაკი არ მეტყობა. ენერგიულად ვარ და მიხარია, სხვების დახმარება რომ შემიძლია. პროფესიით პიანისტი ვარ, კონსერვატორია თბილისში დავამთავრე. 30 წელი ქუთაისში, სტუდია-

სკოლას ვხელმძღვანელობდი. ჩემი მეუღლე დოცენტი იყო, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს. შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია რომ აირია, საზღვარგარეთ მომიწია წასვლამ. 10 წელი ემიგრაციაში, საბერძნეთში ვიყავი. ჩემი ერთადერთი ქალიშვილი დედაჩემთან და ჩემს დასთან დავტოვე. ჯერ დის ქმარი, სიძე გარდამეცვალა, მერე მეუღლე გამომეცალა ხელიდან, სამწუხაროდ, ჩემი დაც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. საბუთები სულ წესრიგში მქონდა და წელიწადში ორჯერ ვახერხებდი ჩამოსვლას, ოჯახის წევრების მონახულებას.

- როგორი იყო ემიგრაციაში გატარებული წლები?

- იქაც გამიმართლა. კლინიკაში ვმუშაობდი, იმ კლინიკას აღრიცხვაზე ასაკოვანი პაციენტები ჰყავდა, მათთვის მისატან წამლებს მაძლევდნენ. ხალხს ვეხმარებოდი და კმაყოფილები რჩებოდნენ... და რომ გარდამეცვალა, ჩემი გოგონა სკოლის მოსწავლე იყო, დედაჩემი კი უკვე ასაკში გახლდათ, ანუ შვილის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. დავბრუნდი საქართველოში.

ორი წელი საბერძნეთიდან სულ მეხმიანებოდნენ, - ჩამოდი შენს შვილთან და დედასთან ერთადო, მაგრამ ასაკოვან ქალს ხომ ვერ წავიყვანდი და დავრჩი აქ. დედა პედაგოგი მყავდა, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. არც მოვლა დასჭირვებია, ერთადერთი - ხელკავით ეზოში თუ გავასეირნებდი. შვილის სიკვდილს მოესწრო და ქალისთვის ეს ყველაზე დიდი ტკივილია. ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ, ეზოშიც არ უნდოდა გამოსვლა.

მამა არაჩვეულებრივი კაცი იყო. ყველას უყვარდა ქუთაისში. სულ მაღალ თანამდებობაზე იყო. სამი სხვადასხვა ქარხნის დირექტორი გახლდათ 30 წლის განმავლობაში. ადრეულ ასაკში გარდაიცვალა... ზოგადად, ემიგრაციის წლები რთული იყო, მაგრამ სადაც მივდიოდი, ყველგან სიყვარულს ვთესავდი, ვუმსუბუქებდი იქაურ მოხუცებს მდგომარეობას და ამიტომ, ყველას ვუყვარდი, ეს კი ძალას მაძლევდა.

GzaPress

- როგორც ვიცით, ახლა ქართველ მარტოხელა მოხუცებს უანგაროდ ეხმარებით...

- "წითელი ჯვრის" მოხალისეები ვართ. ამჟამად 3 ხანდაზმულზე ვზრუნავ, სამწუხაროდ, მეოთხე გარდამეცვალა. ყველასთან დავდივარ, მოვინახულებ, გავეგზავნები ბაზარში, მაღაზიაში, აფთიაქში, რაც უნდათ, ყველაფერს მივუტან. ისე არიან თვითონ, სახლიდან ვერ გადიან. უხარიათ, როცა ზრუნავ მათზე და მეც მიხარია. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, არავინ იცის, ვის როდის მოგვიკაკუნებს, ამიტომ ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ, სიკეთე ვთესოთ, დავეხმაროთ, გავულამაზოთ ცხოვრება და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე...

2005 წელს დავიწყე მუშაობა მოხალისედ. ასევე აღმოვაჩინე, რომ ჩვენთან ახლოს იყვნენ ინკლუზიური ბავშვები. მინდოდა, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, მათთვისაც გამეწია დახმარება. მივედი და ვასწავლიდი ფორტეპიანოზე დაკვრას. 20-25 ბავშვია და მათთან მუშაობა სიხარულია.

- თქვენი ერთი დღე როგორია?

- ყოველთვის ვცდილობ, ოჯახში ყველაფერი მოწესრიგებული მქონდეს. ყოველთვის დაგეგმილი მაქვს მეორე დღე. ახლა, პანდემიის გამო, ძალიან ვფრთხილობ. ყველანაირად ვცდილობ დავიცვა ის წესები, რასაც ექიმები გვირჩევენ, ვცდილობ დისტანცია დავიცვა "ჩემს" მოხუცებთანაც... ხალხთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. სტუდიის დირექტორი რომ გახლდით, 200 მოსწავლე და 45 პედაგოგი მყავდა, ტარდებოდა შესანიშნავი ოლიმპიადები, ტურნეები, სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით, ეს შესანიშნავი წლები იყო. ცუდი არავისთვის არასდროს გამიკეთებია. "წითელ ჯვარშიც" როცა მივდივარ, იქ ვიკრიბებით ხანდაზმულები, ეწყობა ლამაზი ღონისძიებები და იქაც ხშირად ვუკრავ პიანინოზე, ერთმანეთს ვულამაზებთ დღეებს. სახლშიც ხშირად ვუკრავ პიანინოზე, ძალიან დიდ შვებას ვპოულობ ამაში. როცა დარდი მომაწვება, დავჯდები და ვუკრავ. მიყვარს შოპენი, რახმანინოვი. ვუკრავ და გულს ვაყოლებ...

- თქვენს შვილზეც მიამბეთ...

- მყავს ერთადერთი ქალიშვილი, არაჩვეულებრივი სიძე და 4 წლის შვილიშვილი. მინდა, მის წარმატებებს მოვესწრო. მიჩვეული ვარ გარეთ სიარულს. ღმერთმა მომასწროს სიმშვიდეს ჩემს ქვეყანაში და წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას. ეს საკითხი ძალიან მაღელვებს. 10 წელია, ჩვენს პატრიარქს სანთელს ვუნთებ და ღმერთს სულ ვეხვეწები საქართველოს გაერთიანებასა და გაბრწყინებას.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობს ლამარა გოქსაძე, არაჩვეულებრივი მენეჯერი და ნინო ავალიანი - საუკეთესო ხელმძღვანელი. ისინი ყველანაირად ცდილობენ, ხანდაზმულებს ცხოვრება გაულამაზონ. მადლობა, უფალო, ყველაფრისთვის.

როგორც შევიტყვეთ, ქალბატონი მაყვალა დარასელიას მსგავსად, ქუთაისში 20 ხანდაზმული ზრუნავს თავის თანატოლ, მარტოდ დარჩენილ მოხუცებზე და მათ სახლებში აკითხავენ. როგორ გაჩნდა ეს იდეა? - ამ და სხვა საკითხებზე წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და რეგიონალური კოორდინატორი, ნინო ავალიანი გვესაუბრა.

- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 1993 წლიდან მუშაობდა შინ მოვლის მიმართულებით და ვუწევდით ბინაზე დახმარებას ასაკოვნებს. ასევე, ჰუმანიტარულ დახმარებებს ვაძლევდით მათ: მედიკამენტებს, პროდუქტებს და სხვადასხვა საჭირო ნივთებს. პროექტი სამწუხაროდ, 2000 წლიდან შეწყდა, არ იყო დაფინანსება, რაც დიდი სტრესი გახლდათ ჩვენი ბენეფიციარებისთვის, რადგან 7 წელი იღებდნენ დახმარებას და უცებ, ყველაფრის გარეშე დარჩნენ. ბრიტანეთის წითელი ჯვრის საზოგადოებიდან იყვნენ ჩამოსულები და შეისწავლეს ჯანდაცვის და სოციალური მდგომარეობა, ჩატარდა კვლევები და გამოვლინდა, რომ აუცილებელი იყო გაგვეძლიერებინა ეს ხანდაზმულები, რომ მათ დაეწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. ეს საპილოტე პროექტი ქუთაისში სამი წელი მიმდინარეობდა და როგორც ერთ-ერთი წარმატებული მოდელი, დღეს უკვე 26 ქალაქშია. გაიხსნა დღის სოციალური ცენტრები ხანდაზმულებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა სერვისი. მაგალითად, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა საკითხის გაცნობა, სოციალური ჩართულობების შესაძლებლობა და ა.შ. მაგალითად, ნაწილი ხელით ნაკეთობებზე მუშაობს, არის სამკერვალო და იქაც დასაქმებულები არიან: კერავენ, ქსოვენ. არის სამრეცხაოც. ერთი სიტყვით, ჯგუფებია შექმნილი, რომელიც პირდაპირ ორიენტირებულია მათ გაძლიერებაზე. ასევე, ჩამოვაყალიბეთ შინ მოვლის ჯგუფი, რაც გულისხმობს თვითონ ხანდაზმულების მზრუნველობას თანატოლებზე. კარგად მუშაობს ეს მიდგომა, გახდნენ ძლიერები, რადგან ხვდებიან, რომ ისინი საჭიროები არიან, მათ აფასებენ. 20 ხანდაზმული გადამზადდა შინ მოვლის სპეციალისტად. გაიარეს სხვადასხვა სახის ტრენინგი, მათ შორის, პირველი გადაუდებელი დახმარების წესებიც შეისწავლეს და ასევე, მათ მიეცათ შესაძლებლობა, ემუშავათ ისეთ დოკუმენტებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

GzaPress

- რამდენი ბენეფიციარი გყავთ?

- 570 ბენეფიციარი გვყავდა გარკვეული წლების განმავლობაში, ახლა გვყავს 187, რომლებიც ყოველდღიური ვიზიტორები არიან ჩვენს ცენტრში და აქედან 20 არის მოხალისე ხანდაზმული, რომლებიც მიდიან და უვლიან თანატოლებს. გვყავს 2 ხელმარჯვე მოხალისე ხანდაზმულიც: თუ ვინმეს ფანჯრის მინა ჩაემსხვრა ან საკეტი გაუფუჭდა, შეკეთებაში ეხმარებიან. ჩვენც ვცდილობთ გავულამაზოთ მათ დღეები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, მათთვის ვაწყობთ საღამოებს, დაგვყავს რესტორნებში. ეტლით მოსარგებლეებისთვისაც გვაქვს ადაპტირებული გარემო. საუბრობენ, ერთობიან და თუ არ მოვიდა რომელიმე მოხუცი, აუცილებლად ურეკავენ ან აკითხავენ სახლში. თითო მოხუცს 5 ბენეფიციარი ჰყავს, რომელსაც მუდმივად აკითხავს.

- მარტოხელებთან დადიან?

- საერთოდ, საქართველოში მარტოხელა ძალიან ცოტაა. 570 ადამიანიდან მარტოხელას სტატუსს სულ 3 აკმაყოფილებდა. 90 პროცენტს ჰყავს მზრუნველი, თუმცა რამდენად ზრუნავენ, ეს ცალკე თემაა. ჩაწოლილის მოვლა, სამწუხაროდ, არ უნდათ და ასეთი მარტო დარჩენილი ადამიანები უფრო საჭიროებენ მხარდაჭერას. ისინი ყურადღების მიღმა არიან. ასეთი შემთხვევაც იყო, შვილმა მოხუც დედას ბინა ბანკში ჩაადებინა. წავალ საზღვარგარეთ და იქიდან ფულს გამოგიზავნიო, მოხუცი დატოვა მარტო. ბანკმა გაუყიდა ბინა, გამოაგდეს სახლიდან და დარჩა ქუჩაში. ეს ქალბატონი კიბის ქვეშ ცხოვრობდა 5 წელი, სანამ ქუთაისის მერიას ბინა არ მივაცემინეთ მისთვის. ახლა ცხოვრობს ყოფილი ბაღის შენობაში, პატარა ოთახში და მთავარია, ჭერი აქვს. ბევრი მოხუცი ახლობელმა მოატყუა, ზოგიც - მეზობელმა. ამიტომ ხანდაზმულებს სამართლებრივ და იურიდიულ რჩევებსაც სულ ვაძლევთ, რომ ხელი არაფერს მოაწერონ.

ადგილობრივი მერიის ფინანსური მხარდაჭერით, დღეს ქუთაისში არის ორი ცენტრი, სადაც მოხუცები დღეებს ლამაზად ატარებენ ხოლმე. იმედია, კორონავირუსი მალე დავიწყებას მიეცემა და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

თეა ხურცილავა