"სულ გიორგი მახსენდება, იმდენად კარგი ხუმრობა იცოდა..." - გზაპრესი

"სულ გიორგი მახსენდება, იმდენად კარგი ხუმრობა იცოდა..."

იურისტ მირიან ნიკოლაძეს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესებში, არასოდეს ერიდებოდა ხელისუფლების კრიტიკას და ღიად საუბრობდა სამართლებრივ სფეროში არსებულ პრობლემებზე. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ, ფაქტობრივად, დღე არ გავა, ტელეეკრანზე არ გამოჩნდეს და ამ სკანდალურ, გახმაურებულ საქმეზე არ ისაუბროს.

მისი ბრძოლის შედეგად, დღეს ამ საქმეში ბრალდებული ყველა პირი განსასჯელის სკამზე ზის. ისიც ცნობილია, შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ, გარკვეულ პირებსაც ამ ტრაგედიის პოლიტიზება სურდათ, მაგრამ მირიან ნიკოლაძემ ამის საშუალება არ მისცა, ამიტომ არაერთხელ ესროლეს ტალახი და არაერთი უსაფუძვლო ბრალდება გაისმა მისი მისამართით. ამის გამო, გიორგი შაქარაშვილის მშობლებსაც კი დასჭირდათ იმის განმარტება, რომ მათი ოჯახის წევრს, ბიძას ენდობიან და ყველას მოუწოდეს, ხელი აიღონ მის ლანძღვაზე. მირიან ნიკოლაძეს მოკვლითაც კი დაემუქრა ერთ-ერთი ბრალდებულის მამა, თამაზ ხომასურიძე. დღეს ხომასურიძე ბრალდებულია სამი სხვადასხვა მუხლით, მათ შორის - მირიან ნიკოლაძეზე განხორციელებული მუქარის გამოც.

ნიკოლაძე წლების მანძილზე გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, არაერთი საქმე აქვს თავად გამოძიებული და კარგად იცის გამოძიების სპეციფიკაც, ამიტომ ამბობს, რომ შაქარაშვილის საქმე სამართლებრივად გამართულია, ყველა დამნაშავე გამოვლენილია და დაისჯება. ის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც მუშაობდა პროკურორად, მაგრამ სანამ ადეიშვილის დაკვეთების შესრულება მოუწევდა, იქიდან წამოვიდა და ადვოკატურაში გადაინაცვლა. ბატონი მირიანი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაშიც, "ქართული ოცნებიდან" 2014 წელს წამოვიდა და ამბობს, რომ ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილება იყო. წლებია, როგორც ადვოკატი, არაერთ ხმაურიან საქმეში მონაწილეობდა და უამრავი ადამიანი დაუცავს.

GzaPress- გასულ კვირას თამაზ ხომასურიძე დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდება - თქვენ მიმართ გამოთქმული მუქარაა. როგორც ვიცით, პოლიციაში თქვენი საჩივარიც შევიდა.

- არ მოისვენა, სანამ ციხეში არ აღმოჩნდა. ადამიანურად, იმაზე მეტი დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა. გვეგონა, გონს მოვიდოდა და კორექტულად მოიქცეოდა, მაგრამ პირიქით, უფრო გაამწვავა საჯარო მუქარები. შემდეგ მოწერა პირად სივრცეში, "ფეისბუკზე" დაიწყო, ხან "თეთრი ისარის" სახელით მემუქრებოდა, ხან თავისი სახელით მწერდა და მლანძღავდა. მივხვდი, ასეთ კაცს მხოლოდ სამართალი თუ გააჩერებდა. მივმართე შს სამინისტროს განცხადებით. გიორგის ოჯახიც თვლიდა, რომ ეს კაცი საფრთხის მატარებელია და ნერვიულობდნენ ჩემ გამო. მოისმინეთ სამინისტროს განცხადება და ნახეთ, ანალოგიური მუქარები განახორციელა თამაზ ხომასურიძემ მოწმეების - ამირხანაშვილისა და ბრეგვაძის მიმართაც. ვიცოდი, რომ გამოკვლევა მიდიოდა მტკიცებულების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით. მაგინებდა, ბილწსიტყვაობდა. დიდი აგრესია მოდიოდა მისგან...

- გიორგი შაქარაშვილთან თქვენს ურთიერთობაზეც გვიამბეთ.

- ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, საოცარი ურთიერთობა გვქონდა. მე და მამამისი ერთად გაზრდილები ვართ. გიორგი როგორც კი წამოიზარდა, დავმეგობრდით. ღმერთმა ინება და ხშირად მეკონტაქტებოდა, სამსახურშიც მოდიოდა, მირეკავდა, ვურეკავდი. ძალიან წესიერი და კეთილშობილი ახალგაზრდა იყო. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ, დიდებმა დიდაქტიკა ჩაუტარონ ახალგაზრდებს და მომაბეზრებელი გახდეს ეს მათთვის, მაგრამ გიორგის, პირიქით, ჰქონდა სურვილი, რომ რაღაც საკითხებზე ჩემი აზრი მოესმინა. ხშირად მაკითხავდა და ვსაუბრობდით ყველაფერზე - ფეხბურთიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული. სულ ვხუმრობდით, საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, სიცოცხლით აღსავსე ბავშვი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, ხელი მიკანკალებს, სოციალურ ქსელში თუ რაიმე ხუმრობის დაწერას დავაპირებ: სულ გიორგი მახსენდება, იმდენად კარგი ხუმრობა იცოდა. საოცარი ბიჭი იყო. თან ვფიქრობ - პირიქით, ეს არის გიორგისთან ურთიერთობის გაგრძელება, ჩემი ასეთი ფორმით და არა ვთქვათ, ტრაგიზმით... მობილიზებული იყო, თავისი სპორტული მომავლისთვის თავდაუზოგავად შრომობდა. ასეთი გართობებისთვის დროს იშვიათად გამონახავდა. თვეში ერთხელ შეიძლებოდა წასულიყო მსგავს წვეულებაზე... ჩეხეთში პრაქტიკულად კონტრაქტი გააფორმა და აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ჯარის საკითხი მოგვეგვარებინა. "საბურთალოს" გუნდი ძალიან კმაყოფილი იყო მისით. ტარიელ ხეჩიკაშვილი საოცარი პიროვნება, დიდი ქველმოქმედი, მოსიყვარულე კაცი ყოფილა. გიორგის სიკვდილის შემდეგ ენით აღუწერელია ბატონი ტარიელის თანადგომა მისი ოჯახის მიმართ. გიორგი შვილივით უყვარდა, დიდ პერსპექტივას ხედავდა მასში. რისთვის მოკლეს ასეთი ბავშვი, ეს მაინც გვითხრან მკვლელებმა. დარწმუნებული ვარ, საკადრისად დაისჯებიან.

- გიორგის საქმიდან გამომდინარე, ხშირად გლანძღავენ, იყო მუქარებიც. ეს ალბათ განსაკუთრებით მტკივნეული იქნება თქვენი შვილებისთვის. გვიამბეთ ოჯახზე.

- ჩემი მეუღლე, მერი წიკლაური პროფესიით პედიატრია. ბიჭი 16 წლისაა, გოგონა - 10-ის. ყოველთვის ვცდილობ, შვილებთან ურთიერთობისთვის დრო გამოვნახო. მათთან გატარებული ყოველი წუთი დიდი ბედნიერებაა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ივანე ხომ არ ადევნებს თვალყურს ამ მოვლენებს, კაცია უკვე და არ გაღიზიანდეს ან არ გაბოროტდესო. ვუპასუხე, საერთოდ არ აინტერესებს-მეთქი. ასე ვფიქრობდი, მაგრამ სულ სხვანაირად ყოფილა: თურმე ყველაფერს ადევნებს თვალყურს. იმ კომენტარებსაც კითხულობს, სადაც მამას ულანძღავენ, ყველა გადაცემაც აქვს ნანახი. ამის მოსმენა ჩემთვის სრული შოკი იყო. საერთოდ, დინჯი, უთქმელი ბავშვია, ამბობს მაშინ, როცა საჭიროა. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ გვეხუმრება-მეთქი. არა, თურმე ზეპირად იცის ყველაფერი. აანალიზებდა ამას. პრინციპული ადამიანია, ნერვიულობა ვერ შევატყვე. ეტყობა, მე რომ მშვიდად ვიყავი, ჩემი დამოკიდებულება გაიზიარა, ამან მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე.

- წარმატებული ადვოკატი ხართ და როგორც ვხედავთ, აქტიურად ჩაებით პოლიტიკაში. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

- პოლიტიკაში ახლა არ ჩავრთულვარ, 2006 წლიდან სხვადასხვა პარტიის წევრი ვიყავი, დაწყებული საქართველოს კონსერვატიული პარტიით, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი, მათ შორის გენერალურ მდივნადაც. როგორც აქტიურ მოქალაქეს, სააკაშვილის რეჟიმზე მკვეთრი პროტესტი მქონდა, ეს სამზარეულოში გამოთქმულ პროტესტად რომ არ დარჩენილიყო, ამიტომ ჩავერთე პოლიტიკაში. შემდგომ, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი და 2014 წლამდე იქ ვსაქმიანობდი. ვხედავდი მათ შეცდომებს, მაგრამ ჯერ კიდევ ვიტანდი ამას, სანამ 2014 წელს ალექსანდრე ჭიკაიძე შს მინისტრად არ დანიშნეს. ეს უკვე იმდენად დიდი შეურაცხყოფა იყო ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომ სასწრაფოდ დავწერე პარტიიდან წამოსვლის განცხადება. წარმოიდგინეთ, ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც წინა ხელისუფლების სამსახურში იდგა და ჩვენს დარბევებში პრემიებსაც იღებდა, შს მინისტრად დანიშნეს!..

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, რთულია, ყველა პარტიაში ვერ შეხვალ, პლატფორმა, მსოფლმხედველობა, ღირებულებები უნდა იყოს შენთვის მისაღები. ასეთი აღმოჩნდა ჩემი უახლოესი მეგობრების წრე, რომლებთანაც კონსულტაციები დიდხანს მქონდა. ცოტა კორონამაც შეგვიშალა ხელი, მაგრამ საბოლოოდ, შეიკრიბა ჯგუფი - მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე - და დავაფუძნეთ პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი". კონკრეტული ხედვა მაქვს. ვერ ვიტან პარტიულ დაპირებებს, ეკონომიკური განვითარების თითიდან გამოწოვილ, გადაწერილ პროგრამებს, ეს ჩემთვის სასაცილოა. საერთოდ, საზოგადოებას ვუჩივით დაბალი მართლშეგნების დონის გამო, მაგრამ იმავდროულად, საზოგადოებას აქვს ძლიერი ინტუიცია და გრძნობს პოლიტიკოსების არაგულწრფელობას და ხედავს მათ პირად ინტერესებს. დაახლოებით 700-800 ათასი ადამიანია, რომელიც ორგანულად ვერ იტანს ვერც "ნაცმოძრაობას", ასევე აქვს საფუძვლიანი პრეტენზიები "ქართული ოცნების" მიმართ და ხმას არასდროს მისცემს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვუპასუხოთ ამ ელექტორატის მოთხოვნებს, რომ ეს ხალხი ჩვენი ამომრჩეველი გახდეს. გულწრფელად უნდა ესაუბრო ამომრჩეველს და საბოლოოდ, პოლიტიკაში ადგილს დაიმკვიდრებ. მე და გედი ფოფხაძე დიდი ხნის მეგობრები ვართ, ჩემი კურსელია, ჩემი შვილის ნათლიაა და ვიცი მისი შეხედულებები. ლევან გოგიჩაიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაწამებული ადამიანები არიან, ბექა ნაცვლიშვილს, ზვიად კვაჭანტირაძეს, მარიამ ჯაშს სწორი პოლიტიკური ხედვა აქვთ და იმდენად დადებითი ადამიანები არიან, რომ ეს ყველაზე დიდი კომფორტია ჩემთვის. ყველანი ცენტრისტული მიმართულების ვართ, ყველას გვაქვს კონსერვატორული ფუნდამენტი, ანუ არალიბერალური, რაციონალურ-კონსერვატორული, შეიძლება ასე ვთქვათ, მთლიანად ხედვების თანხვედრა. ჩემი ხედვა ცოტა რადიკალურ ელემენტებსაც შეიცავს, იმიტომ, რომ ვთვლი, ნომერი პირველი ამოცანა უნდა იყოს კლეპტოკრატიის განდევნა ხელისუფლების სადავეებიდან. ეს ხალხი თუ არ გავრეკეთ, არაფერი გამოვა. ეს არის ჩვენი ამოცანათა ამოცანა, ეს არის უკურნებელი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სენი, რომელიც სამი ათეული წელია, როგორც სიმსივნე, დაუნდობლად ანადგურებს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. აქ იგულისხმება ხალხი, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, მამუკა ხაზარაძით, ვანო ჩხარტიშვილითა და იმ პარლამენტარებით დამთავრებული, რომლებსაც ფულის კეთების მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ეს არის უპასუხისმგებლო ხალხი და ამ მდიდართა ფენამ ჩაიგდო ხელისუფლება 30 წელია; ისინი ერთმანეთს გადასცემენ ძალაუფლებას და საშუალო ფენისთვის დარჩა ნული შანსი. საერთოდ, 60 დარეგისტრირებული პარტიიდან 55 იტყვის, რომ ბიძინა უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ზოგი ხმამაღლა იტყვის, ზოგი - ხმადაბლა... ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიის სლოგანი დაახლოებით ასე უნდა ჟღერდეს: რაც შეიძლება მეტი მდიდარი ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები მდიდარი ხელისუფლებაში!

- როგორც ვიცი, მაჟორიტარობას არ აპირებთ. შეიძლება პარტიულ სიაში გიხილოთ?

- არ ვიცი, ჯერ არ მომხდარა დაკონკრეტება. მაჟორიტარობაზე უარი ვთქვი. არავის მივცემ უფლებას, გიორგის ტრაგედიას რამენაირად დაუკავშირონ ჩემი პოლიტიკური აქტიურობა და ამიტომ ვთქვი უარი. ხომ ნახეთ, რომ ზოგიერთი ტელევიზია ციკლებს მიძღვნიდა და მიდიოდა ჩემი ლანძღვა. საბოლოოდ რა მოხდა? ის ადამიანები, ვინც ამაზე საუბრობდნენ იმ ტელევიზიის ეთერში, თვითონ დადგნენ მაჟორიტარებად. არ მინდა სახელების ჩამოთვლა, რადგან ბევრი მათგანი ჩემი კოლეგაა. ეს არის მათი ტაქტიკა. მე პარლამენტი კი არა, არაფერი მაინტერესებს იმის ფასად, რომ ვინმემ თქვას, ბავშვის ტრაგედია პირადი მიზნებისთვის გამოიყენაო.

საერთოდ, რთულია, საქართველოში წინასწარ დაგეგმო შენი მომავალი. ეს არასტაბილურ ქვეყნებს ახასიათებს. აქ სხვანაირი ბაზარია, არ არის სტაბილური გარემო... ვფიქრობ, ადვოკატურაში დიდხანს არ დავრჩები. თუმცა, ძალიან მაგარია, როცა ემზადები გამამართლებელი განაჩენისთვის. იმდენად აზარტულია, ვერ წარმოიდგენთ - ადამიანის ბედი უნდა იხსნა, გადაარჩინო მისი მომავალი და როცა ამ პროცესში ვარ ჩართული, მაშინ, როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს.

GzaPress

- ხშირად გქონიათ გამამართლებელი განაჩენი.

- ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა ადვოკატისთვის. ზოგიერთ ისეთ დიდი სირთულის საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი, რასაც დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. რამდენიმე ასეთი საქმე მქონდა. წარმოიდგინეთ, თვითონაც ხედავ წინასწარ, რომ მოსამართლეს არ სჯერა შენი დასაცავის. რთულია, ასეთ დროს დაგეგმო დაცვის სტრატეგია, როცა მტკიცებულებათა გარკვეული ნაწილი არსებობს, რომ ეს დანაშაული დაუდასტურდეს და შენ დგახარ ამ დროს და ფიქრობ, როგორ გაამართლო. საოცარი აზარტია, როცა შედეგი მოაქვს ასეთ ბრძოლას და სამივე ინსტანციის სასამართლოში იმარჯვებ. მერე შენს თავს ეკითხები, ეს როგორ შეძელი?!.

- როცა ელოდები საქმის მოგებას და წააგებ, რა ხდება ამ დროს?

- ასეთი შემთხვევა ერთხელ მქონდა. სხვა შემთხვევაში, ბრალდებული თვითონ გეუბნება, - მირიან, ვიცი, ჩადენილი მაქვს დანაშაული, არის სამხილი, არ მინდა ბრძოლა და მინდა საპროცესო შეთანხმებით კონკრეტული შედეგი დადგესო, მაშინ ამაზე მიდიხარ. საპროცესო შეთანხმებაც ზოგჯერ ერთგვარი მოგებაა. ერთი შემთხვევა მახსენდება - რა პირობებსაც ვუყენებდით პროკურატურას, იმაზე უარი თქვა, მაგრამ პირველი ინსტანციის განაჩენის შემდეგ, ხუთჯერ უფრო მსუბუქი პირობები შემოგვთავაზა - სასჯელითაც, თანხითაც, - ვიდრე ვთავაზობდით. გაიაზრეს რეალობა და მიხვდნენ, აპელაციაში რისკად აღარ უღირდათ და ბრალდებულმაც სიამოვნებით მოაწერა ხელი შეთანხმებას.

- როგორც ვიცი, რამდენიმე დღეა, თვითიზოლაციაში ხართ. როგორ გაგყავთ დრო?

- ყველამ უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ანალიზები ჩავაბარე და ვირუსი არ დამიდასტურდა, ჯერჯერობით ისევ იზოლაციაში ვრჩები. მოგეხსენებათ, ლევან გოგიჩაიშვილი ჩემი მეგობარია, მას აღმოაჩნდა ვირუსი. ერთად ვიყავით კვირადღეს - მე, ლევანი, გედი ფოფხაძე და ჯაბა ჯიშკარიანი. გარეთაც და შემდეგ, დახურულ სივრცეშიც მოგვიწია ერთად ყოფნამ დიდხანს, ამიტომ მაღალი რისკის მატარებელი ვარ. მაშინვე გადავედი ცალკე ბინაში, რომ ოჯახსაც არ შევუქმნა საფრთხე. გედი ფოფხაძესაც აღმოაჩნდა ვირუსი და ისიც მკურნალობს. ახლა ვზივარ და ვთარგმნი ლექსებს, ვკითხულობ ლიტერატურას. საერთოდ, ჩემთვის საბოლოო საყრდენი ისევ ლიტერატურაა. საერთოდ, პანდემიის სამი თვე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის. ასტრონომიული სისწრაფით ვკითხულობდი იმ წიგნებს, რომლებიც მანამდე ვერ წავიკითხე და დანაკლისად რაც მქონდა, ყველაფერი ავინაზღაურე. დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე ძველი აღთქმის კიდევ ერთხელ წაკითხვას. მივხვდი, როგორი ქრისტიანი შეიძლება ვყოფილიყავი... საერთოდ, მიყვარს კითხვა. ლიტერატურის დანიშნულებაა, სულიერად განვითარდე. ყველა ასაკის ადამიანისთვის არის ლიტერატურა, რომელიც გზრდის, რაც უნდა "მაგარ ტიპად" გეჩვენებოდეს თავი, განუწყვეტლივ უნდა განვითარდე და ამისთვის წიგნები ყოველთვის უნდა იკითხო.

თეა ხურცილავა