ლადო კახაძის არჩევანი - გზაპრესი

ლადო კახაძის არჩევანი

"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ... ასეთი გუნდის ჩამოყალიბება ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მინდა, მას მადლობა გადავუხადო, რომ ამ გუნდის წევრად მაქცია. მზად ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო", - გვითხრა პარლამენტის წევრმა, ცნობილმა ექიმმა ლადო კახაძემ, რომელსაც მრავალ საყურადღებო საკითხზე ვესაუბრეთ.

- ალბათ ვერავინ შემეკამათება, რომ "ქართული ოცნება" - ეს ის პარტიაა, რომელმაც ორი ვადის განმავლობაში იღვაწა, ამ 8 წლის განმავლობაში დიდ გამოწვევებს გაუძლო და საქმეს ღირსეულად გაუძღვა. ახლა მთავარი გამოწვევა ევროასოცირების ეტაპზე გადასვლა და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობაა. დასავლელი პარტნიორები ჩვენს ქვეყანას ნდობას უცხადებენ, მთავრობას კი მადლობას უხდიან ქვეყნის სწორი მართვისთვის. მიუხედავად ურთულესი მემკვიდრეობისა და აგრესიულ მეზობელთან დაპირისპირებისა, საქართველომ შეძლო და ყველას დაუმტკიცა, რომ ის კარგი და საიმედო პარტნიორია. რაც შეეხება ბოლო თვეებს და პანდემიის პერიოდს, საქართველო ღირსეულად შეხვდა მსოფლიო გამოწვევას, რომელიც ჩვენნაირ ნებისმიერ ქვეყანას დააქცევდა.

- თუმცა, ამ მთავრობას ბევრი აკრიტიკებს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და მწვავე სოციალური პრობლემების გამო.

- კარგია, ეს რომ მკითხეთ, რადგან ამ ინტერვიუში თავის ქებას სულაც არ ვაპირებ. როგორ შეიძლება, ზოგიერთი ოჯახის გაჭირვებას ვერ ვხედავდე, მაგრამ ამ ოჯახებს დიდი დაღი დაასვა არა მარტო პანდემიამ, არამედ სხვა პრობლემებმაც. ჩვენ ისეთი მძიმე მემკვიდრეობა და ისეთი ნაღმები დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ, რომლის გადალახვაც ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა. ჯერ კიდევ არ ვიცით, რაზე აქვთ ხელი მოწერილი - რა დოკუმენტებზე ან - რა საბუთებზე. ორი ძირძველი ქართული რეგიონი ჩამოჭრილი გვაქვს და მიუხედავად ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის ჩარევისა, ჩვენი მტერი ყოველდღიურად ხელს უწყობს წინა ხელისუფლებასთან შეთანხმებულ პოლიტიკას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, ვის არ მოსწონს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. დამერწმუნეთ, სხვა ხელისუფლების პირობებში, საქართველო უარეს მდგომარეობაში იქნებოდა. ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ როდესაც ადამიანი მავნეობს, მასთან კამათს აზრი არა აქვს. ორიოდე ციფრსაც შეგახსენებთ: "ნაციონალების" მმართველობის დროს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 34% იყო, ამ ხელისუფლების პირობებში კი - 19%-ია - ამას მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ვამბობ. არ უარვყოფ, რომ ესეც დიდი ციფრია - საშუალოდ, 700 ათასი ადამიანი მოითხოვს სახელმწიფოს თანადგომას და ეს სერიოზული პრობლემაა.

- რას აკეთებს "ქართული ოცნება" მოსახლეობაში სიღარიბის აღმოსაფხვრელად?

- ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ბიზნესის წამოწყებას, სტარტაპების წარმოქმნას, სოფლის მეურნეობის აღორძინებას... 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, მიწის გაყიდვის და სოფლის დანგრევის მეტი, არავის არაფერი გაუკეთებია, ამ მთავრობის პერიოდში კი აგროპროექტები და სოფლის მხარდაჭერა მაღალ დონეზეა. ალბათ გახსოვთ, ფაროსანას სხვა ქვეყნები 4-5 წელი ებრძოდნენ, საქართველოში კი ეს პრობლემა უეცრად მოგვარდა. ყოფილი ხელისუფლება გლეხებს ვაზის აჩეხისკენ მოუწოდებდა, ახლა კი ღვინისა და ყურძნის წარმოებას ხელს მაქსიმალურად უწყობენ. რომ არა პანდემია, ქართული წარმოება უფრო გაიზრდებოდა და მიღწევაც მეტი გვექნებოდა.

- ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ გაზაფხულზე ინფიცირებულთა რაოდენობის სიმცირის გამო მთელი ქვეყნის ჩაკეტვა შეცდომა იყო. ბუზს ზარბაზანი ესროლეს და ეკონომიკა მოკლესო. რას უპასუხებთ მათ არგუმენტებს?

- ხომ ხედავთ, პოლიტიკა როგორ უბნელებს თვალს ადამიანებს. როგორ უკარგავს საღ აზრს! ვინც ამას ამბობს, არც მედიცინის ისტორია იცის და არც პანდემიის თავისებურებები. მარტში "კოვიდ 19"-ის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მთელი მსოფლიო დაბნეული იყო. ამიტომ, საქართველომ ვირუსის შეკავების გზა აირჩია. ამით თავიდან ავიცილეთ კლინიკების გადატვირთვა, ჩვენმა ექიმებმა უცხოელების მიერ დაგროვილი გამოცდილებით მკურნალობაში ისეთი მედიკამენტები ჩართეს, რომლებიც მერე სხვა ქვეყნებმაც გამოიყენეს. ახლა 240 ექიმის ნაცვლად, 3 ათასი ექიმის მობილიზება შეგვიძლია, საწოლების რაოდენობაც გაზრდილია, ამ სფეროში სასტუმროების ბიზნესიც ჩაერთვება, სადაც საკარანტინო ზონები მოეწყობა და იმედი გვაქვს, მეორე ტალღის გადაგორებასაც შევძლებთ. ჩემი აზრით, შეკავების პროცესი სწორად წარიმართა, ამან დრო მოგვაგებინა. ჩვენს ოპონენტებს ყურები თუ არა აქვთ ბამბით გამოტენილი, ამას როგორ ამბობენ?! მაგრამ რას ვიზამთ, მავნეები არიან და პოლიტიკური სიბინძურით აქვთ გონება დაბნელებული! ასე მკაცრად იმიტომ ვაფასებ, რომ მათი განცხადებები ნამდვილი ავანტიურაა - დაახლოებით ისეთი, რომლითაც 2008 წელს ქვეყნის ტერიტორია ჩააბარეს რუსებს. მაშინ ვეებერთელა შავი ფული გათეთრდა იარაღით ვაჭრობის შედეგად! ვინ იცის, ამ ავანტიურას რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - ნამდვილი ვაჟკაცების სიცოცხლე! რა თქმა უნდა, ომი საქართველოს არ დაუწყია, მაგრამ ხელისუფლება აშკარა ავანტიურაში ჩაება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი აფრთხილებდა - თუ რუსეთს იარაღით დაუპირისპირდებით, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო. აგვისტოს ომის შემდეგ, 4,5 მილიარდის დახმარება მიიღეს, მაგრამ მოსახლეობას "კაპიკი" არ მიუღია. ახლა კი გაიძახიან, ლარის კურსის დევალვაცია ბავშვებისთვის გაწეული 200-ლარიანი დახმარების ბრალიაო... თავად რომ ამბობდნენ, მოსახლეობას სულ ცოტა, ათასი ლარის დახმარება უნდა მისცეთო, - ის ფული დევალვაციას არ გამოიწვევდა? თუმცა, მათი გულწრფელობისა არავის სჯერა! მათ ხსენებაზე ყველას დაკარგული ტერიტორიები, წართმეული ბიზნესები, ნოტარიუსად ქცეული სასამართლოები და "ვაი დედას" ძახილი აგონდება. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსულ საქმეს აკეთებდა და აკეთებს.

GzaPress

- თუმცა, ისინი პირიქით, "ქართულ ოცნებას" უწოდებენ პრორუსულ ძალას...

- მხოლოდ ცილს გვწამებენ და პოლიტიკურ მეძაობას ეწევიან, ეს კარგად ეხერხებათ, რადგან პოლიტიკური თვალსაზრისით, უსინდისოები და ვერაგები არიან. ისეთ რამეზე ამბობენ ცუდს და აუგს, რაც კარგია. იმასაც ამტკიცებენ, ხალხს ფულს აძლევენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაზარდონო, მაგრამ ამის დაჯერება როგორ შეიძლება?! ან როგორ შეიძლება ყველაფრის უკუღმართულად ახსნა და დანახვა, მაგრამ ბილწი, შხამიანი და გესლიანი ვირუსით შეპყრობილი მოწინააღმდეგეები გვყავს - ვირუსით, რომელიც კორონაზე ბევრად საშიშია.

- ბატონო ლადო, ამომრჩევლებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც ამბობს, - არც "ნაციონალები" გვინდა და აღარც - "ოცნება", ხმა სულ სხვა ძალას უნდა მივცეთო.

- ამ ადამიანების გულწრფელობის უფრო მჯერა. ისინი ეზიზღებათ, მაგრამ ჩვენზეც განაწყენებული არიან. ყველაზე მეტად, ე.წ. კოაბიტაციას არ გვპატიობენ, მაგრამ ისინიც ხომ ხედავენ, რომ ეს ხელისუფლება გაცილებით ჰუმანურია? ადრე ციხეები სავსე იყო ასეთი ხალხით. ახლა ნახეთ, რამდენი გამამართლებელი განაჩენი გამოაქვთ და რამდენ ხანს უნდებიან ერთი საქმის გამოძიებას. ამიტომ, ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლებიც ჩვენს მხარეს გადმოვლენ - ამაში დარწმუნებული ვარ.

- მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე რა აზრის ხართ?

- ჩამოვიდეს, ამის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ მარტო საქართველოში კი არა, უკრაინაშიც გასამართლება ელოდება. უფრო მეტიც, ჰააგის სასამართლო ელის, რადგან გენოციდში აქვს მონაწილეობა მიღებული. რატომ?.. უკვე გითხარით - აგვისტოს ომის დროს ყველა მოკავშირე სთხოვდა, რუსულ ავანტიურაში არ ჩართულიყო და მაინც ჩაერთო. ამის გამო პასუხს ჰააგის სასამართლოში მოსთხოვენ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ წინ ვერ მივდივართ, ერთ წერტილზე გავიყინეთ. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- ამას ძირითადად, ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომლებიც ერთი ოპოზიციური პარტიიდან იკვებებიან და საზრდოობენ. "ნაციონალური მოძრაობა" თავის მესიჯ-ბოქსებს ავრცელებს სატელიტი პარტიების მეშვეობით. მხოლოდ ერთი-ორი პარტია მეგულება, რომელიც საღად აზროვნებს. იცით, რა მიკვირს?.. ყველაზე ხმამაღლა ის ხალხი ლაპარაკობს, რომელსაც საქართველოს დაბეჩავებასა და დაკნინებაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ სულ ტყუილად ქადაგებენ: ხალხს მათი არ სჯერა.

- ბევრი წუხს, ჩვენს ექიმებს 3-4 თვის ხელფასი არ აუღიათ, მაშინ, როცა კორონავირუსის სახელით, ერთეულებმა მილიონები იშოვესო... ამაზე რას გვეტყვით?

- ბოლო წლებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მიღწევები ყველამ აღიარა და ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მერწმუნეთ, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ხელფასები ჩაირიცხება გრაფიკით და არც ერთი წუთი და საათი უხელფასოდ არ დარჩებიან. დაგვიანებისთვის ჩვენს ექიმებს კომპენსაციასაც ჩაურიცხავენ. მე ექიმი ვარ და ძალიან მინდა, ამ სისტემის მიღწევებზე მეტი რამ ვთქვა: თუნდაც საყოველთაო დაზღვევა ავიღოთ. ადრე ადამიანს ოპერაციის გასაკეთებლად მანქანა და სახლი უნდა გაეყიდა. რატომ?.. მედიცინა ბიზნესია და კლინიკებმა თავი თვითონ უნდა ირჩინონო - ასეთი იყო სახელმწიფოს მიდგომა. ახლა კი ჩვენ გვყავს სოციალური ჯგუფები, რომლებსაც 90-100%-იანი დაზღვევა აქვთ. არ შემიძლია არ ვახსენო ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც სწორედ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით განხორციელდა. ამ პროგრამის წყალობით, ჩ ჰეპატიტი სრულად იკურნება და ქართულმა სკოლამ ყველას დაუმტკიცა, რომ ამ ვირუსის ელიმინაცია შესაძლებელია. სხვათა შორის, ამის გამო თენგიზ ცერცვაძეს ევროპელებმა მაღალი დონის ჯილდო მიანიჭეს. ეს წამლები საქართველოს საჩუქრად გადმოსცეს და ჩვენი ბიუჯეტიდან 1 თეთრიც კი არ დახარჯულა. ამ პროგრამაზეც ბევრ ცუდს ამბობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ სრულიად უფასოდ ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა.

დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებში სწორედ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. ძალიან ბევრი პრობლემა და მოუგვარებელი საკითხი გვაქვს, მაგრამ მაინც გავიმარჯვებთ. სხვათა შორის, ოპოზიციას თავად სურდა არჩევნების გადადება, დიდხანს ელოდნენ, რომ ეს პირველად ჩვენ გვეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდათ: ახლა, როცა ვამბობთ, რომ არავის ხმა არ დაიკარგება - არც ინფიცირებულის და არც პალატაში მყოფის, ჩვენს მოწინააღმდეგეებს ლამის გული გაუსკდეთ. ჩვენი გუნდი არის ნათელი ძალა, რომელიც საქართველოს სჭირდება და ვისაც ამის არ სჯერა, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო: ნებისმიერ ოპონენტს დავუმტკიცებ, რა განსხვავებაა ნათელსა და ბნელს შორის.

ხათუნა ჩიგოგიძე