მაკა ზამბახიძის დიდი სტიმული და საამაყო პროექტი - გზაპრესი

მაკა ზამბახიძის დიდი სტიმული და საამაყო პროექტი

კარანტინის პერიოდი ძალიან ბევრი მომღერლისთვის, იძულებითი შესვენების ხანა აღმოჩნდა. გავრცელებულმა ვირუსმა გეგმა მაკა ზამბახიძესაც შეუცვალა, მაგრამ მაინც აქტიურად მუშაობს და მალე მსმენელს ახალ სიმღერას და ვიდეორგოლს შესთავაზებს.

- ახლა მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე ვმუშაობ. არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, "ბრავო" სტუდიაში ვწერ. ძალიან კარგი სიმღერა იქნება.

- თემა რა არის?

- დაბადების დღის სიმღერაა. ნებისმიერ საღამოზე შეიძლება შესრულდეს. გაჰიტებაზე წინასწარ ლაპარაკი არ მჩვევია, მთავარია კარგი და გემოვნებიანი გამოვიდეს, თუ ასე იქნება, მსმენელიც შეიყვარებს.

- პანდემიის პერიოდში, დედოფლისწყაროში, მზესუმზირების საკუთარ ნაკვეთში ვიდეორგოლი გადაიღე, ამის შესახებ მიამბე.

- ეს სიმღერა - "მე ახლა მინდა გიყვარდე" მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამოსთვის, ნოემბერში ჩავწერე. შემოთავაზება იყო, ჩემს მაესტრო ვატო კახიძესთან ერთად ეს სიმღერა შემესრულებინა. შემდეგ დათო გერსამიას სურვილით, აუდიოვერსია ჩაიწერა. ძალიან კარგი არანჟირება გააკეთა ბორიკო შხიანმა. მიუხედავად იმისა, რომ არანჟირება ძალიან მომწონდა, ვფიქრობდი, ამ პერიოდში ლირიკული სიმღერის მოსმენა, ადამიანების არჩევანი არ იქნებოდა, უფრო ენერგიულ, საცეკვაო მუსიკაზეა მოთხოვნა-მეთქი, მაგრამ ვცდებოდი. ამ სიმღერას, მზესუმზირებში გადაღებული ვიდეო მართლა ძალიან მოუხდა.

- ვისი იდეა იყო ეს?

- ჩემი. პანდემიის პერიოდში, მე და ჩემი მეუღლე დედოფლისწყაროში წავედით, სოფელ ზემო ქედში ვცხოვრობდით, იქ დიდ ნაკვეთზე მზესუმზირა დავთესეთ. მაშინ ვთქვი, მზესუმზირები რომ გაიზრდებიან და აყვავდებიან, აუცილებლად ფოტოსესია მექნება-მეთქი. ივლისის თვეში ეს ნანატრი ყვავილობის პერიოდიც დადგა. ნაკვეთი მართლა ძალიან ლამაზი იყო. ფოტოსესიას რომ ვგეგმავდი, მომაფიქრდა, იქნებ ლამაზი ვიდეოკადრებიც გადავიღოთ, ისეთი გარემოა, ეფექტური გამოვა-მეთქი. დიდი მადლობა გიორგის და სტუდიას Eსტატ Fაფ ამ საოცარი ვიდეორგოლისთვის. ფოტოებზე მარიამ მამულაშვილმა იმუშავა.

GzaPress

- მზესუმზირებში სიარული რთული არ იყო?

- ძალიან რთული იყო, სულ მეშინოდა, ქვეწარმავალი არ შემხვედროდა და დაბლა ვიყურებოდი. ამ მხარეში ძალიან ცხელა, უდაბნოა, მაკიაჟიც რთული შესანარჩუნებელი იყო. მიუხედავად ამ სირთულეებისა, გადაღებამ მაინც კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა.

- მზესუმზირის მოსავალი უკვე აიღეთ?

- (იცინის) კი, ცოტათი წვიმამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ მაინც ავიღეთ.

- მეუღლე შენი სიმღერების როგორი შემფასებელია?

- მიხეილი ჩემს საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული, ჩემი დიდი გულშემატკივარია. სოციალურ ქსელში ჩემს "ფეიჯს" ის განაგებს, ამ მხრივ მე ცოტა პასიური ვარ.

- საქმის კეთების დროს შენთვის ყველაზე დიდი სტიმული რა არის?

- თავად ჩემი სიმღერა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგი გამოვიდეს, ენერგიას არ ვიშურებ. როცა შენი რეპერტუარიდან სიმღერა ჰიტად იქცევა, მომღერლისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მახსოვს, ჩემი და რატი დურგლიშვილის დუეტის დროს, ხალხი ჩვენს სიმღერებს როგორ მღეროდა. მომღერლისთვის ეს ყველაზე დიდი სტიმულია. მთელი სექტემბრის თვე დაგეგმილი მქონდა, მაგრამ პანდემიამ გეგმები გარკვეულწილად შემიცვალა. ეს ვირუსი მე და ჩემს კოლეგებს ძალიან შეგვეხო, სადარდებლად გვექცა.

GzaPress

- როგორც ვიცი, შენი შვილი წელს სტუდენტი გახდა, გილოცავ!

- დიდი მადლობა. სალომეს შარშან უნდა ჩაებარებინა, მაგრამ "ნონ სტოპის" დატვირთული გრაფიკის გამო, ვერ მოახერხა. გამოცდებზე წელს გავიდა და ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრარულ ტექნოლოგიებზე ჩააბარა, ეს უფასო, სახელმწიფოსგან დაფინანსებული ფაკულტეტია, რომელიც მე ძალიან მომწონს.

- თავად ამ სფეროთი როგორ დაინტერესდა?

- ყველაზე დიდი ინტერესი ვეტერინარიის მიმართ აქვს. საბოლოოდ, მაინც ამისკენ მიუწევს გული. მეორე კურსიდან ექნება შესაძლებლობა, სპეციალობა აირჩიოს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

- შენი სამომავლო გეგმა როგორია?

- მინდა მაიკოს სიმღერაზე ვიდეორგოლი გადავიღო, დანარჩენს ვერაფერს ვგეგმავ. დეკემბერში დაგეგმილი მაქვს კონცერტი ვატო კახიძესა და მის ორკესტრთან ერთად. ვნახოთ, რა იქნება. 5 წელია უკვე კახიძის ორკესტრთან ვთანამშრომლობ, ეს ჩემი საამაყო პროექტია.

თამუნა კვინიკაძე