მყვინთავების ბეწვის ხიდი
font-large font-small
მყვინთავების ბეწვის ხიდი
ჩვენ მაშინ ვერთვებით საქმეში, როდესაც ადამიანი რამდენიმე საათის დაკარგულია... როდესაც გვიძახებენ, ვიცით, რომ გარდაცვლილს ვეძებთ, მაგრამ ჭირისუფალს ცხედარს რომ დაუბრუნებ, რაღაც ძალიან დიდი ტვირთი გეხსნება, - ამბობენ მყვინთავი მაშველები, რომელთა ანგარიშზე არაერთი უმძიმესი საქმეა.


ვარაზ წოწონავა, სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი:
- ოცი წელია ამ სამსახურში ვარ, უამრავი მძიმე საქმე მახსოვს, რომელთა შორისაც არაერთი გამორჩეული ამბავი იყო. ერთ-ერთი მარტში, ცაგერში დატრიალებული ტრაგედიაა - ხიდიდან მანქანა გადავარდა და მდინარის დინებამ 6 კმ-იან არხში შეიტანა. ღამის 3 საათი იყო, შემთხვევის ადგილას რომ მივედით და მაშინვე ძებნა დავიწყეთ. მაშველების დახმარებით, ერთი დაკარგული ვიპოვეთ და მეორეს ვეძებდით. მისი ჭირისუფალიც იქ იყო, ჩვენ შემოგვცქეროდა. ჩავედი, მაგრამ ვერ ვიპოვე... შესვენების გარეშე შევედით იმ 6 კმ-იან სიგრძის არხში. იმდენად ციოდა, წყალში ჩასასვლელად სამი დღე-ღამის განმავლობაში ყინულს ვამტვრევდით. ეს შემთხვევა არასდროს დამავიწყდება. მორიგ ჯერზე რომ ჩავედი, სულ რაღაც 15-წუთიანი ძებნის შემდეგ ვიპოვე - წყალი არხის ბოლოში დაგუბებულიყო და იქ, კედელთან იყო გაჭედილი. ეს იოლია მოსაყოლად, სანახავად კი - უმძიმესი.
- წყლის ქვეშ ალბათ ცუდი ხილვადობაა, არა?
- დიახ, მაგრამ ჩვენ გვაქვს წყლის ქვეშ საძებნი აპარატი ექოლოტი, რომელიც მონიტორზე აჩვენებს გამოსახულებას. მას ძრავიან ან ჩვეულებრივ ნავზე ვათავსებ, წვერი წყალშია ჩაშვებული. მიღებული გამოსახულის დამუშავების საფუძველზე ჩავდივართ წყალში, თუმცა ეს მოწყობილობა ხანდახან წყლის ქვეშ საგნებს ვერ არჩევს. ამიტომ გვირჩევნია, ჩავიდეთ და თავად შევამოწმოთ.
- მდინარეების გარდა, ზღვაშიც გიწევთ მუშაობა, ხომ?
- დიახ, მდინარეში ძებნა ძალიან რთულია, მით უფრო, რომ ზოგან ძალიან ძლიერი დინებაა. თანაც მდინარეებში უმეტესად, წყალი მღვრიეა, ხან რას დაგაჯახებს, ხან რას ან გაგიტაცებს. აღმოსავლეთში მდინარეები ბინძურია, რაც ძებნას ართულებს. ზღვაში წყალი უფრო მდორეა და მუშაობაც იოლია. წყალქვეშ ცურვისთვის ჰაერით დატენილ ბალონებს ვიყენებთ, რომლებსაც დაცლის შემდეგ კომპრესორის საშუალებით ვტენით.
GzaPress
- იმ მდინარეებიდან, სადაც გიმუშავიათ, მაქსიმალური სიღრმე რამდენია?
- ჩვენი მდინარეები მაინცდამაინც ღრმა არ არის, მაქსიმუმ 6-7 მეტრია... მტკვარი ყოველთვის ბინძურია და მასში ძებნა ყოველთვის რთულია. სანაპიროზე, ჩამოსასხმელი ლუდის ბართან, ჩასასვლელში, თურმე ვიღაც საცურაოდ ჩასულა. მეთევზე გვიყვებოდა, კარგა ხანს იცურა, გალაკტიონის ხიდამდე მივიდა და შემდეგ გაუჩინარდაო. ახალი დაწყებული მქონდა მაშინ მუშაობა. ვუთხარი, ამდენ ხანს რას უყურებდი, დაგერეკა და იქვე სამაშველო კატარღები დაეხმარებოდნენ-მეთქი. არ ვიცოდი, თუ დაიკარგებოდაო. იმხელა ადგილზე ადამიანის ძებნა იგივეა, თივის ზვინში ნემსს რომ ეძებდე. 23 აგვისტოს დავიწყეთ ძებნა და ორდღიანი წვალების შემდეგ ვიპოვე. ძალიან გამიხარდა, ეს რომ შევძელი. თუმცა, ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი, იქიდან პირდაპირ სიონის ტბაზე წავედით დაკარგულის მოსაძებნად.
- სად არის გამორჩეულად მძიმე სამუშაო?
- მიიჩნევა, რომ "ენგურჰესთან" გადავარდნილის პოვნისთვის გაწეული შრომა უშედეგოა, თუმცა გამიმართლა. წლების წინ იქ, კაშხალში რამდენიმე კაცი გადავარდა, მეორე ნაპირიდან ტივით შეშა გადმოჰქონდათ. ქარი ამოვარდა, ტივი ამოუტრიალდათ და გადაცვივდნენ. ერთი დაიხრჩო, დანარჩენები გადარჩნენ... დაგვირეკეს და დახმარება გვთხოვეს. ზუგდიდის სახანძრო სამსახურის თანამშრომელთან ერთად უნდა მემუშავა. იმ დროისთვის უკვე გამოცდილება მქონდა და ვუთხარი, ჯერ მე ვცდი, ვნახოთ, რა გამომივა-მეთქი. ადგილობრივი სამსახურის თანამშრომელმა მითხრა, - ენგურის კაშხალში არავის არასდროს არაფერი უპოვია, თუ იპოვით, საოცრება იქნებაო. იმ ხუთმა გადარჩენილმა მაჩვენა დაახლოებითი ადგილი, საიდანაც წყალში გადაცვივდნენ. გამიკვირდა, რადგან თითქმის ნაპირთან ყოფილან გასული. თურმე, "ენგურჰესში" ნაპირიდან 300 მეტრში სიღრმე 18 მეტრამდეა, ანუ რამდენიმე ნაბიჯში ძალიან ღრმაა. ჩავედი თუ არა, ძალიან მალე, სულ რამდენიმე წუთში ვიპოვე დაკარგული. არასდროს დამავიწყდება ჩემი განცდა - ცალ ხელში გარდაცვლილი მყავდა ჩაბღუჯული და ვყვიროდი, ვიპოვე-მეთქი... გაუკვირდათ ჩემი სიხარული იქ მყოფებს, არადა, ეს ხომ ჩვენი შრომის შედეგია... ყველა გასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებს დეტალებს არასდროს ვუყვებით, საინფორმაციო საშუალებებით მაინც ხომ იგებენ, რა ხდებოდა და რა სირთულის სამუშაო ჩავატარეთ, მერე მოდიან და გვეუბნებიან, - შენთან ერთად მეც გავდივარ იმ ბეწვის ხიდსო. ეს დიდი სტიმულია ჩვენთვის... 2001 წელს დავიწყე აქ მუშაობა და მას შემდეგ მესმის დაპირება, ხელფასი უნდა გაგიზარდოთ, რადგან მყვინთავებს სპეციფიკური სამსახური გაქვთო. საქმეს ყოველთვის ვაკეთებდით, მაგრამ ახლახან ხელფასი მოგვიმატეს, 100%-ით გაიზარდა და ესეც კიდევ ერთი სტიმულია იმისთვის, რომ თავდაუზოგავად ვიმუშაოთ...
მახარე ბზეკალავა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების განყოფილების სამმართველოს უფროსი:
- 22 წელზე მეტია წყალში ვყვინთავ. ხანდახან ვხუმრობ, ჩემი ცხოვრების მესამედი წყალქვეშ მაქვს გატარებული-მეთქი. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ გვინახავს და გადაგვიტანია. ადრეულ წლებში, მხოლოდ სასუნთქი აპარატი გვქონდა, გაყინულ წყალში ნახევრად შიშვლები ჩავდიოდით და სპეციალური სამოსის შიგნით შალის ტანსაცმელსა და მატყლის წინდებს ვიცვამდით. მაშინ მყვინთავებიც არ გვყავდა, უბედური შემთხვევები კი უფრო მეტი ხდებოდა და გადაქანცული ვიყავით. ეკიპირებაზე რომ არაფერი ვთქვა, ამხელა გამოცდილებაც არ გვქონდა, ახლა საერთაშორისო სერტიფიკატები გვაქვს. ყველანაირ ნორმას ვარღვევდით და მაინც ვმუშაობდით; დაღუპულის ძებნის თხოვნით მოსულ ადამიანს ძნელია, უარი უთხრა. არადა, წყალქვეშა საძიებო ტექნიკა კი არა, ნავიც არ გვქონდა და მშენებლობაზე სამუშაო ხელთათმანები გვეცვა. თუმცა, შესანიშნავი უფროსი გვყავდა ელგუჯა ჯამრიშვილი, რომელიც მუდამ ცდილობდა, ჩვენთვის პირობები გაეუმჯობესებინა და მუშაობისას ჯანმრთელობა არ დაგვზიანებოდა.
- პირველი გამოძახება გახსოვთ?
- აჭარელი ბიჭი იყო მტკვარში გადავარდნილი, გვარიც მახსოვს, ხიმშიაშვილი. ძალიან ციოდა, თან ღამის 2 საათზე დავიწყეთ ძებნა და რამდენიმესაათიანი წვალების შემდეგ ამოვიყვანეთ. ღამე ისედაც რთულია მუშაობა, მით უფრო, მდინარეში ისე ბნელა, თვალთან მიტანილი თითი არ ჩანს. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენ თოკით ვამყარებთ კომუნიკაციას, რაც სხვადასხვა რაოდენობის ჩამოქაჩვას ემყარება და ყველა სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ამასთან, სიღრმეში მუშაობისას ადამიანს აზროვნება უნელდება და შესაძლოა, ისეთი რამ გააკეთო, რაც სრულიად არ არის გათვლილი. ერთხელ სასუნთქი გამოვიღე პირიდან და აზოტის სიმთვრალე დამემართა, მოქმედებებს ვეღარ ვაკონტროლებდი. საბედნიეროდ, ვიცოდი, ასეთ დროს არ უნდა მეჩქარა, ამიტომ წყლის ზედაპირზე ამოსვლას დაახლოებით 8-10 წუთს მოვუნდი და გადავრჩი.
გასულ წლებში ხარისხიანი სიღრმის საზომიც არ გვქონდა, რაც ბევრ პრობლემას გვიქმნიდა. ხანდახან ვფიქრობ, რატომ ავირჩიე ეს გზა, მაშინ, როდესაც მუშაობა ძალიან სარისკო იყო, ალბათ, იმიტომ, რომ არასდროს მეშინოდა სირთულეების, არც წყლისა და მიცვალებულის შიში მქონდა, თორემ აქამდე დავანებებდი თავს.
- დამწყებებს რა სირთულეების გადალახვა უწევთ?
- უამრავი რამის. მაგალითად, ბევრს გულისრევა ეწყება, მორევში მოყოლისას ორიენტაციას კარგავენ, რადგან ის თითისტარივით გატრიალებს. ჩვენი მდინარეები ძალიან დაბინძურებულია სახიფათო ნარჩენებით, არმატურით, რკინის კონსტრუქციებით და როდესაც ხილვადობა არ არის, მუშაობა სიცოცხლისთვის სარისკოა. ზოგი იმდენად დაბინძურებულია ფეკალური მასებით, შესაძლოა ტოქსიკოზი გამოიწვიოს. ჯერჯერობით დახურული სასუნთქი აპარატები არა გვაქვს, რადგან ჩვენს მდინარეებში არ ამართლებს. შესაძლოა, რკინის ნარჩენებით სავსე გამდინარე წყლის ქვეშ დინებისას რაიმეს მიეჯახო და სასუნთქი აპარატი დაზიანდეს. ამიტომ ჩვენს პირობებში მექანიკური ჯობია... ბევრი ნიუანსია, რასაც შემდეგ სწავლობს მყვინთავი. მქონია შემთხვევა, პირში სასუნთქი აპარატი ჩამყინვია. გაყინული ტბის წყალში 8 საათს ვეძებდით ადამიანს. გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მაინც ვიპოვეთ.
დროთა განმავლობაში რაღაცები დალაგდა და გამოსწორდა, თუმცა უბედური და გაუთვალისწინებელი შემთხვევები ადამიანური შეცდომების გამო მაინც ხდება. შარშან, ჟინვალის წყალსაცავში მანქანა გადავარდა, მძღოლი კი შიგ ჩარჩა. როდესაც გამოგვიძახეს, მეგონა, მანქანას ვიპოვით და მიცვალებულსაც ამოვიყვანთ-მეთქი, მაგრამ ტბამდე 70 მეტრი თოკებით რომ დავეშვით, მერე შევნიშნეთ, რომ ცხედარი მანქანაში იყო გაჭედილი. ძალიან დიდი სატვირთო მანქანა იყო, ბეტონმზიდი, ორი დღე ვწვალობდით მის გაჭრაზე, ცხედარი რომ ამოგვეყვანა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა წყლის კალაპოტის შეცვლამ მოგვიწია, დაკარგულამდე რომ მივსულიყავით.
სამაშველო საქმეში პრაქტიკა მთავარია და ჩვენც თანდათან მეტი შევისწავლეთ. ხელფასების მომატება დიდი სტიმულია, რადგან ამ საქმეს უდიდესი ფსიქოლოგიური დატვირთვა ახლავს და სახლიდან საქმეზე გამოსული მყვინთავი იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ოჯახში მატერიალურ პრობლემებს ვერ აგვარებს, არადა, ლამის ყოველდღე სიკვდილს თვალებში უყურებს. გარდა ამისა, ახალ თაობასაც უნდა უღირდეს ამ სარისკო საქმის შესწავლა. არც ერთი ღონისძიება, სამთო იქნებოდა თუ წყალზე სამაშველო, არასდროს ჩაგვიგდია მაშინაც, როცა დაბალი ანაზღაურება გვქონდა.
- ახალგაზრდებში რამდენად შეინიშნება ამ საქმით დაინტერესება?
- დაინტერესება ძალიან დიდია, მოტივირებული ახალგაზრდები მოდიან. მე უფრო რთულ საქმეებზე მიწევს გასვლა და დამწყებებიც თან დამყავს, რომლებიც თვალებსა და ხელებში მიყურებენ, ყველაფერი რომ აითვისონ. ლისის ტბაზე კარგი სასწავლო ბაზა გვაქვს.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორი ადამიანები აბრაზებენ ზაალ წულუკიძეს
სოსო არჩვაძე: "სიტუაცია დრამატულია, მაგრამ არა - ტრაგიკული"
ადამიანი ვერასდროს ჩასწვდება ღმერთის ჩანაფიქრს
თამარ ცანავა: "ეს გზაა ერთმანეთის მხარში დგომით უნდა გავიაროთ!"
"...საქართველოში დასავლური რაციონალიზმი და აღმოსავლური სიბრძნე უნდა გადაიკვეთოს"
დედა პოტამიას გულახდილი ინტერვიუ და რწმენის ძალა
"საქართველოში ქალთა უფლებები კარგად არის დაცული, კაცები კი უუფლებოდ დარჩნენ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი