გერმანელი პიანისტისა და ქართველი მევიოლინეს სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

გერმანელი პიანისტისა და ქართველი მევიოლინეს სიყვარულის ამბავი

გერმანელი პიანისტისა და ქართველი მევიოლინეს ზღაპარი თვრამეტი წლის წინ დაიწყო. ბელა ბერკერ-მახარაძე ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. ჯერ კიდევ 9 წლის ბათუმის კამერულ და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავდა და სოლო კონცერტებს მართავდა. კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, ლიანა ისაკაძის თხოვნით, საქართველოს კამერულ ორკესტრში დაიწყო მუშაობა. წარმატებული გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ ლიანა ისაკაძის წყალობით გაიცნო მომავალი მეუღლე, უვე ბერკემერი - პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი. თავდაპირველად ენის ბარიერი ჰქონდათ, სამაგიეროდ, მუსიკის ენაზე საუბრობდნენ... მალევე დაქორწინდნენ, ლიანა ისაკაძე კი მათი მეჯვარე იყო.

უვე ბერკემერმა ფრანკფურტის ხელოვნების უნივერსიტეტი დაამთავრა. გამორჩეულ მუსიკოსს ხშირად ჰქონდა კონცერტები სხვადასხვა ქვეყანაში, მონაწილეობდა სატელევიზიო გადაცემებში.

- რა გახდა თქვენი ემიგრაციის მიზეზი?

- სიყვარული. კონსერვატორიის დასრულებისთანავე, ქალბატონ ლიანა ისაკაძესთან დავიწყე მუშაობა, მის მიერ ახალდაარსებულ კამერულ ორკესტრში და სწორედ იქ გავიცანი უვე ბერკემერი. ის ქალბატონი ლიანას მოწვევით გახლდათ სტუმრად საქართველოში. უვეს მხრიდან ერთი ნახვით შეყვარება იყო ჩვენი შეხვედრა, ჩემთვის კი წარმოუდგენელი და მიუღწეველი რამ - ერთი პატარა გამოუცდელი გოგონასთვის, რომელიც პირველ ნაბიჯებს სწორედ მაშინ დგამდა, წარმოუდგენელი გახლდათ გერმანელი წარმატებული მამაკაცის ასეთი სიყვარული. ეს გრძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ალბათ ქვეყნის დასალიერშიც გავყვებოდი.

- ძალიან აქტიური ქალბატონი ხართ. როგორი ბავშვი იყავით, რა ასაკში დადექით სცენაზე?

- უზომოდ პოზიტიური, ცოტა ცელქი, მხიარული, ლაღი და ხალხზე უზომოდ შეყვარებული ვიყავი. მიყვარდა უფროსებთან საუბარი და მეზობლებთან ჭორაობა. სულ დასაქმებული გახლდით, დილიდან საღამომდე. პირველად 9 წლის წარვდექი ფართო მაყურებლის წინაშე, როგორც პატარა სოლისტი, ბათუმის კამერულ ორკესტრთან ერთად და იმდენად კარგად მიმიღო მაყურებელმა, ისე აღვფრთოვანდი ეს პატარა გოგონა, რომ პირველ კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარმატებული გამოსვლაც მოჰყვა.

- რა გზა გაიარეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყანაში თავი დაგემკვიდრებინათ, როგორც ხელოვანს?

- არასდროს გამჭირვებია, რადგან გვერდით უძლიერესი პარტნიორი მყავდა. უვე, როგორც მეუღლე და როგორც საუკეთესო მუსიკოსი, 20 წელია ჩემ გვერდითაა. ჩემ გამო დიდი მსხვერპლი გაიღო დედაჩემმა, რომელმაც სამსახური მიატოვა და გერმანიაში წამოვიდა ჩემი კეთილდღეობისათვის: მე ვმუშაობდი და ის ჩემს გოგონას უვლიდა.

- უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ. როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ სხვა მუსიკოსებისგან?

- ალბათ ყურადღება, გაცემული სითბო და სიყვარული. ეს ყველაფერი მსმენელისგან ათმაგად მიბრუნდება.

GzaPress

- ბევრ ქვეყანაში მართავთ კონცერტებს მეუღლესთან ერთად. რა განსხვავებაა ქართველსა და უცხოელ მსმენელს შორის?

- შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტად მოვეფერო ქართველ მსმენელს. მინდა, საქართველოს ყველა რეგიონი თანაბრად ჩავიკრა გულში და ამით უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დავუმტკიცო. ჩემთვის ქართველი მსმენელი განსაკუთრებულია. ყოველთვის, როდესაც საქართველოში ჩავდივარ, თაყვანისმცემლებს ვხვდები, ბევრთან საუკეთესო მეგობრობაც კი მაკავშირებს.

- როგორია გერმანული ოჯახის რძლობა? იყო თუ არა სირთულეები?

- თავიდანვე ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა დედამთილთანაც და მულებთანაც. თან, მე და უვე ცალკე ვცხოვრობდით, წყნარად, მშვიდად და ჰარმონიულად.

- სტერეოტიპი, კლასიკური მუსიკა რომ ძირითადად, უფროს თაობას მოსწონს, დაანგრიეთ: ახალგაზრდა მსმენელების მთელი არმია გყავთ. როგორ შეძელით ეს?

- როდესაც მივხვდი, რომ კლასიკური მუსიკის კონცერტებს მხოლოდ 50-ს გადაცილებულები სტუმრობდნენ, გადავწყვიტე, რეპერტუარი გაგვემდიდრებინა და ნებისმიერი თაობისთვის საინტერესო გაგვეხადა. ამიტომაც, ბოლო სამი წელი, პირველ განყოფილებაში კლასიკურ ნაწარმოებებს ვასრულებთ, ხოლო მეორეში - გასართობ და ყველასთვის სასურველ პროგრამას.

- კოტე მახარაძე იყო თქვენი ბიძა. იქნებ რაიმე გაიხსენოთ მასზე?

- კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი ჩემთვის საამაყო ბიძია და ბიცოლა იყვნენ, ათმაგად საინტერესო და მისაბაძნი რეალობაში, ახლო ურთიერთობაში. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სტუდენტური წლები ამ ბუმბერაზ ადამიანებთან ერთად გავატარე და ბევრი კარგი და საინტერესო შევიძინე მათგან.

- ძალიან მხიარული ხართ, "ღიმილის დედოფლადაც" კი მოგიხსენიებენ. ეკრანს მიღმა, საკუთარ თავთან დარჩენილი ბელა როგორია?

- ვურჩევ ყველას, ხშირად გაიღიმოს, ცხოვრება უფრო ლამაზი და ფერადი რომ გახდება. მიყვარს ღიმილი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ცრემლიც თითქოს მუჭში მყავს მოქცეული. უზომოდ ემოციური ვარ, უბრალო რაღაცასაც ძალიან განვიცდი. ამავე დროს, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი გახლავართ.

- რას ურჩევთ უმცროს კოლეგებს - რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

- რა თქმა უნდა, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა - უამისოდ არაფერი გამოვა, დამარცხდებით.

- ხომ არ გეგმავთ საქართველოში საცხოვრებლად გადასვლას და თქვენი მუსიკალური კარიერის იქ გაგრძელებას?

- დიახ, ძალიან გვინდა სამშობლოს დავუბრუნდეთ და იმედი გვაქვს, გამოგვივა.

- ტრავმის გამო დროებითი შემოქმედებითი პაუზა გაქვთ. როდის დაუბრუნდებით სცენას?

- ორი თვის წინ, წაქცევის შედეგად, მხარი დავიზიანე, აუტანელი ტკივილები მქონდა, მაგრამ ვიოლინოს დაკვრაში, მადლობა უფალს, ხელს აღარ მიშლის. ასე რომ, სცენას უკვე დავუბრუნდი.

- წარმატებებს გისურვებთ!

ფიქრია რობაქიძე