გიორგი გურგულია კაცების უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებს - გზაპრესი

გიორგი გურგულია კაცების უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებს

მსახიობ გიორგი გურგულიას ჩვენი ქვეყნისა და ქართველი საზოგადოებისთვის მტკივნეულ თემებზე ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ ძალიან უნდოდა, საქართველოში ე.წ. მესამე ძალაც შექმნილიყო, მაგრამ "პოლიტიკოსები რთული ხალხია: ბევრ მათგანს შევხვდი, ვის მიმართაც სიმპათია მქონდა და მაქვს - ლევან გოგიჩაიშვილს, ბექა ნაცვლიშვილს, ირაკლი შიხიაშვილს და ისეთ ხალხს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ გაერთიანდა, მაგრამ ამ მცდელობისგან არაფერი გამოვიდა - ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალა ისევ ორია: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა"...

- ნებისმიერ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" უკან დაბრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თავის დროზე "ოცნებაშიც" ბევრი გადაბარგდა "ნაციონალური მოძრაობიდან". მე მგონია, რომ ეს ორი პარტია ერთმანეთთან მშვენივრად თანამშრომლობს: "ოცნება" სააკაშვილს ერთგვარ საფრთხობელად იყენებს, გაიძახის - მიშა მოვაო, - და თავის საქმეს აკეთებს.

- თქვენ თუ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება?

- ალბათ მაშინ სამოქალაქო ომი უნდა დაიწყოს: სააკაშვილს ხომ დახვდებიან მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები? მათთან ერთად იქნება პოლიცია, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი უნდა დააკავოს, რაც სერიოზულ არეულობას გამოიწვევს. ამიტომ, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი რამ არის. როცა ძალაუფლება ჰქონდათ, "ნაციონალები" იმას აკეთებდნენ, რაც სურდათ. ბიუჯეტსაც ისე ხარჯავდნენ, როგორც უნდოდათ. იმ დღეს სააკაშვილის ინტერვიუს ვუსმენდი, ამბობდა, - ჩემი ბრძანებების შესრულება დილის 6 საათიდან იწყებოდა - მუშტს ერთხელ რომ დავარტყამდი, ხელის მოწერაც არ მჭირდებოდაო. განცვიფრებული დავრჩი, ამ ყველაფერს რომ მოვუსმინე.

- თუმცა, მოსახლეობის ნაწილიც ამბობს, რომ მის დროს უფრო მეტი საქმე კეთდებოდა...

- შეიძლება კეთდებოდა, მაგრამ როგორ?.. ბიზნესების წართმევის და სხვისი გაუბედურების ხარჯზე?! ადამიანის ციხეში გამომწყვდევა და მერე, საპროცესო შეთანხმებით გამოშვება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ქვეყნის შენება კარგია, მაგრამ არა ხალხის ხარჯზე. იმ დროს ყველა ტელევიზია მიშას აქებდა, რამდენიმე, შედარებით კრიტიკული არხი დახურეს. ერთადერთი "იმედი" იყო, რომელიც სიმართლეს ამბობდა, მაგრამ იქაც შეცვივდნენ და დაარბიეს. "ნაციონალური" რეჟიმის სუსხი მეც სხვების მსგავსად შემეხო. გაზეთი "ლიტერატურული საქართველო" ჩემი ორი სტატიის გამო საერთოდ დახურეს (მათი სათაური იყო - "საით მიდის საქართველო" და "ასე იწყებოდა ფაშიზმი"). მთელი ქონება წაგვართვეს და ჩემი უფროსი შვილი დაიჭირეს - მოკლედ, ოჯახი გაგვიუბედურეს. "ნაციონალები" ნარკოტიკების გამო იმდენ ხალხს იჭერდნენ, რომ ციხეები გადავსებული იყო. შიგნით რა ხდებოდა, ყველამ ვიცით: სადიზმი, ადამიანების წამება და მათი ღირსების ფეხქვეშ გათელვა.

GzaPress

- "ქართულ ოცნებასაც" ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ისინი ამტკიცებენ, რომ "ოცნებამ" 8 წელიწადში ბევრი ვერაფერი გააკეთა. თქვენც ასე ფიქრობთ?

- მიმაჩნია, რომ "ოცნების" პირველი პირები გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ განა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი უშლიდა ხელს, არა - თვითონ ელოდნენ მითითებებს "ზემოდან". სხვათა შორის, მე მქონდა არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროს განვითარებას შეუწყობდა ხელს. ეს იყო სერიოზული პროექტი, მაგრამ სანამ წრეს დავარტყამდი, სანამ პრემიერის კაბინეტს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტს შორის დავდიოდი, სხვა პრემიერი ინიშნებოდა. მერე კი - ახალ პრემიერთან და ახალ მინისტრებთან მიწევდა ყველაფრის თავიდან გარკვევა. კიდევ ერთი საინტერესო პროექტი ჩაგვეშალა მე და გია ნიკოლაძეს: გვინდოდა, საზღვრისპირა სოფლებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანები დაგვესახლებინა და სასაზღვრო სოფლები გაგვემაგრებინა. ერთ დროს, თავისი საზღვარი ისრაელმაც ასე გაამაგრა - საზღვარზე ომის ვეტერანები დაასახლა და იქ კომუნის მსგავსი მეურნეობები შექმნა. ჯერჯერობით, ვერც ეს პროექტი განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მაინც ბევრი რამ გაკეთდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიზნესს თავისუფლება მისცეს, იცი, რომ ყველაფერს არ წაგართმევენ და ციხეში არ ჩაგსვამენ, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ძალიან ბევრ ადამიანს მკურნალობა დაუფინანსეს და დაეხმარნენ. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ახლაც არიან მმართველ სტრუქტურებში. რატომღაც ამ ხალხს წარმოუდგენია, რომ მარტო თვითონ იცის საქართველოს გადარჩენის სწორი გზა და ვინც არ ემხრობა, ყველას მტრად მიიჩნევს.

- ახლა იმ უსიამოვნებაზეც ვისაუბროთ, რომელშიც თქვენი ოჯახი მოექცა: მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოლმა ძალადობაში დაგდოთ ბრალი. ეს სიმართლეა?

- ეს ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი ტკივილია - ადრე ხალხს ჯიბეში ნარკოტიკს უდებდნენ და აპატიმრებდნენ, ახლა კი ქალებზე ძალადობის მუხლით სვამენ ციხეში! ეს იყო ჩვეულებრივი ოჯახური კონფლიქტი, მაგრამ ტელევიზიებმა ერთი ამბავი ატეხეს და ძალიან ცუდად გააშუქეს. ახლა დავდივარ და იმის მტკიცება მიწევს, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა. არც კი ვიცი, საიდან გაჟონა ამ ამბავმა. ცოლისთვის ხელი არ მიხლია. ისიც ამბობს, რომ ჩემი ციხეში ჩასმა არ უნდოდა და ყველაფერი "ცხელ გულზე" დაწერა. მეც ვნერვიულობ, ღამე არ მძინავს! 30 სექტემბერს პირველი სასამართლო მქონდა და რამდენიმე დღეში ჩამოვდნი... სადაური მოძალადე მე ვარ?!. ქუჩაში ქალს თუ ვინმე შეაწუხებდა და სკოლაშიც გოგონებს სულ მე ვიცავდი. ასე აღმზარდეს და ვიცი, რომ მამაკაცმა სუსტი უნდა დაიცვას. ოჯახში წაკინკლავება, ჩხუბი და შერიგება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მთელი მედიის გასაშუქებელი არ უნდა გახდეს. ჩემი მეუღლეც განაწყენებულია და ამბობს, რომ ეს ამბავი არ უნდა გახმაურებულიყო. უბრალოდ, მთიული ქალია, ძალიან ფეთქებადი ხასიათი აქვს. ისედაც, ქალის ფსიქიკა მე კარგად ვიცი: ათასი სიკეთე რომ გაუკეთო და ერთხელ აწყენინო, მაინც ცუდი ამახსოვრდება. ლარისა ჩემი პირველი ცოლი ხომ არ არის, მეოთხეა!

- ამიტომაც გადაწყვიტეთ, კაცების უფლებების დამცველი ორგანიზაცია შექმნათ?

- ამას ადრეც ვაპირებდი: ასეთი ორგანიზაცია აუცილებლად უნდა შევქმნა, რადგან ბოლო წლებში ბევრი ადამიანი მოხვდა ციხეში ძალადობის ბრალდებით. მამაკაცის უფლებები ჩვენს ქვეყანაში დაცული არ არის. იცავენ ქალთა და ბავშვთა უფლებებს, ცხოველების უფლებებს, ლგბტ თემის უფლებებს, მაგრამ გინახავთ ვინმე, მამაკაცის უფლებებს იცავდეს?.. მსგავსი რამ არ არსებობს! უსიამოვნება ყველა ოჯახში ხდება და ამ დროს ქალს შეიძლება ისეთი რამ წამოსცდეს, რის გამოც მამაკაცი ციხეში მიდის. აშკარაა, ამ პროცესის წახალისება ხდება და რაც უფრო მეტ კაცს დაიჭერენ ძალადობის ბრალდებით, ვიღაცას ამით "ჩინ-მედლები" ემატება. უფრო ხშირად, ქალების მხრიდან არის საჩივრები, მაგრამ როცა წყენა გადაუვლის, უამრავი ქალი იხვეწება: ნუ დაიჭერთ ჩემს ქმარს, გაბრაზებულს რაღაც სისულელე წამომცდაო, მაგრამ ვეღარ შველიან, რადგან კანონი ძალიან მკაცრია. ქალი, რომელიც ქმარს დააჭერინებს, მერე იმ ოჯახს შეინარჩუნებს?.. ვერავითარ შემთხვევაში. ასეთ დროს მამაკაცს თავისი ცოლისადმი რწმენა ეკარგება. მეუღლე შენი მეგობარი, მესაიდუმლე უნდა იყოს და როცა მისი სიტყვის გამო ციხეში ჩაგსვამენ, ამის გადახარშვა როგორია?!

- ესე იგი, კანონმდებლობა ამ მხრივაც დასახვეწია?

- რასაკვირველია, ეს კანონი პირდაპირ კალკით არის გადმოტანილი რომელიღაც ქვეყნიდან. არა მგონია, ევროპაში ასეთი მკაცრი კანონი იყოს: 6 და 10 წელი ცოლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან შეგინების გამო - ეს უკიდურესად მკაცრი კანონია. ჩვენ არც ევროპაში ვცხოვრობთ და არც აზიაში - იქ სულ სხვა ტრადიციებია, სულ სხვა მიდგომაა ქალების მიმართ: აზიაში ქალებს ძალიან მკაცრად ექცევიან, ევროპაში კი პირიქით - ცოლებს საყვარლები მიჰყავთ შინ და ქმრები ხმას ვერ იღებენ. ჩვენ კავკასიელები ვართ. ქართველი კაცი მთელ კავკასიაში ყოველთვის პატივსაცემი იყო და ეს პატივისცემა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ძალადობის ფაქტები ხდება, მაგრამ ამის უპირველესი მიზეზი, ჩემი აზრით, მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ხალხი მშიერი და უმუშევარია, ბევრს შემოსავლის წყარო არა აქვს, რაც ოჯახში თავისთავად ქმნის კონფლიქტებს. კაცმა ოჯახში შემომტანის ფუნქცია დაკარგა, ძირითადად, ქალები მუშაობენ, ხოლო კაცები სახლში სხედან, ამიტომ მამაკაცების დასაქმება, მათი ხელშეწყობა აუცილებელია.

- საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პირველი სასამართლო 30 სექტემბერს გაიმართა. ახლა რა ეტაპზეა თქვენი საქმე?

- დიახ, პირველი სასამართლო უკვე გაიმართა, მეორე 20 ოქტომბერს იქნება და ეს პროცესი ალბათ ძალიან გაიწელება. მეუღლეს რომც უნდოდეს, თავის პირველ ჩვენებას ვეღარ შეცვლის, რადგან ამის გამო სასჯელი ემუქრება, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის უსამართლო კანონი, რომელიც შესაცვლელია!

- როგორ აპირებთ ამ უსიამოვნო სიტუაციის გამოსწორებას?

- ჩემი ცოლი აქამდე ინტერვიუზე არ თანხმდებოდა, მაგრამ ალბათ ახლა დათანხმდება. როცა მიხვდა, მიჭერდნენ, მივიდა და პოლიციაში თქვა, არ მინდა, რომ დაიჭირონო. უმეტესობა ასეთ დღეშია: რომ მიხვდებიან, მათ ქმრებს მართლა იჭერენ, მერე იხვეწებიან, გამოუშვითო, მაგრამ ჩვენებას თუ შეცვლიან, მაშინ თვითონ მოუწევთ პასუხისგება. ჩვენთან ყველაფერზე პასუხს კაცი აგებს, ამ დროს, მე ვიცი ქალები, რომლებმაც ქმრები სახლებიდან გამოყარეს. თუ ქალს ქმარი აღარ უნდა, რა აუცილებელია, ის ციხეში ჩასვას? ხომ შეიძლება სხვანაირად დაშორდეს?! ამიტომაც ვამბობ: ჩვენთან ქალების უფლებები დაცულია, კაცს კი არაფრის უფლება არა აქვს-მეთქი! დღეს საქართველოში კაცი ცოდვაა - ის უმუშევარი და უსახსროა, არავინ კითხულობს, ოჯახს როგორ არჩენს და ასეთი ადამიანის ციხეში გამოკეტვა დიდი ტრაგედიაა. ისედაც მორყეულ და გაჭირვებაში მყოფ ქართულ ოჯახებს ასეთი კანონები სულ დაანგრევს და საძირკველს გამოაცლის. მე მიმაჩნია, რომ ძლიერი ოჯახი არის ძლიერი ქვეყანა! ქართველები ლამის წითელ წიგნში ვართ შეტანილი და ოჯახები უნდა გავაძლიეროთ, რომ როგორმე გავმრავლდეთ. თუ ოჯახი დანგრეულია, მაშინ ქვეყანაც ინგრევა. ამიტომ, ქართული ოჯახები როგორღაც უნდა გადავარჩინოთ - ეს მნიშვნელოვანი ეროვნული საქმეა.

- დაბოლოს, ისევ მომავალ არჩევნებს დავუბრუნდეთ: თუ გყავთ არჩეული პოლიტიკური ძალა, რომელსაც 31 ოქტომბერს ხმას მისცემთ?

- ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო, მაგრამ ის ბინძური იქნება მანამ, სანამ ბინძური ხალხი გვეყოლება. ასეთი - "ბინძური" პოლიტიკის ეტაპი ევროპამ და ამერიკამ 200-300 წლის წინ გამოიარეს და როგორმე ჩვენც უნდა გავიაროთ. ისეთი პოლიტიკოსები გვჭირდება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე ფიქრობენ და არა - საკუთარ ჯიბეზე. მე ყველანაირად ვეცდები, არჩევნებზე ხმა სწორედ ასეთ ადამიანებს მივცე.

ხათუნა ჩიგოგიძე