რას ჰყვება მონაზონი, რომელიც მამა გაბრიელს პირადად იცნობდა - გზაპრესი

რას ჰყვება მონაზონი, რომელიც მამა გაბრიელს პირადად იცნობდა

ცოტა ხნის წინ მეგობართან ერთად ძამას ხეობაში მომიხდა წასვლა. გზად ერთი ნატაძრალის მონახულება მირჩიეს, რომელიც IX-XI საუკუნეებისაა. ისიც მითხრეს, - ახლა იქ დედა პოტამიასაც ნახავთ, რომელიც ცდილობს, იმ ადგილას მონასტერი ააშენოს და ერთი კარგი იდეაც აქვს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვისო. ცხადია, დედაოს მონახულების სურვილი გაგვიჩნდა, თუმცა ვერ წარმოვიდგენდით, ინტერვიუზე თუ დაგვთანხმდებოდა. საკმაოდ გულახდილადაც ვისაუბრეთ, რისთვისაც მადლობას ვუხდი დედა პოტამიას, რომელიც თურმე, პირადად იცნობდა მამა გაბრიელს...

მონაზვნობა მისი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება იყო, ის ეკლესია-მონასტრების ხშირი სტუმარი და მომლოცველი გახლდათ. ამბობს, საკუთარ თავს გამოცდებს ვუტარებდი, არ მინდოდა ეს გატაცება ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს დავრწმუნდი, რომ ჩემი სული მხოლოდ მონასტერში მშვიდდებოდაო.

- როცა მონაზვნად მაკურთხეს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა უფლის წინაშე. ერში მყოფმა მეუფეს ვუთხარი: კარგი სამსახური მაქვს, არ მიჭირს. აქ არ მოვსულვარ გაჭირვების გამო და არც თავშესაფარი ვეძებო. მთელი ცხოვრება მონაზვნობას ვნატრობდი. ერში ვარ, ყველაფერი მაქვს და ხელში არაფერი მიჭირავს. მე ჩემი სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის არაფერი გამიკეთებია. ისე უნდა გავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ერთი აგურიც ვერ დავდო? მაშ, რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე-მეთქი?

ოჯახი არასდროს მქონია, მარტო ვცხოვრობდი და როცა ადამიანი მარტო ხარ საკუთარ თავთან, მაშინ ხარ ყველაზე გულახდილი. ადამიანი პატარა ხის ფოთოლივითაა, ახლა კარგად ხარ, მეორე წუთში კი შეიძლება ქარმა გაგიტაცოს. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: "რა მისია მაკისრია?" მეუფემ მომცა შანსი, რაღაც დიდი საქმე გავაკეთო. მინდა მოვასწრო ის, რაც ჩავიფიქრე და ამიტომ ვჩქარობ...

ვიდრე სოფელ ზღუდერში ამ ადგილს ჩააბარებდნენ, მანამდე მეუფე იობმა ორჯერ შესთავაზა სხვადასხვა მონასტრის წინამძღვრობა, მაგრამ ეშინოდა, რომ საქმეს ვერ გაუძღვებოდა და უარს ამბობდა, მესამედ კი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია.

GzaPress

- მესამედ მითხრა, - დედაო, უძველესი ტაძარი უნდა ჩაგაბაროო. გაგებული მქონდა, როცა მადლზე უარს ამბობ, მერე განსაცდელი მოგდის და ცოტა არ იყოს, შემეშინდა, თან ხათრით უარი ვეღარ ვთქვი. არც ვიცოდი, რომელ ტაძარზე მეუბნებოდა, ისე დავეთანხმე, მაგრამ აქაურობა რომ ვნახე, გავოგნდი: ეზოს გალავანი არ ჰქონდა, მთელი სოფლის საქონელს აქ მოეყარა თავი. მივედი მეუფესთან, - ხომ იცით, ავად ვარ, აქაურობას კი მაგარი ხელი სჭირდება-მეთქი. - ნუ გეშინია, ყველაფერს გააკეთებ, მშენებელი დედაო ხარო. რაღას ვიზამდი, - დამლოცეთ-მეთქი და წამოვედი. შიშთან ერთად, ღვთის დიდი იმედი მქონდა. ვიცოდი, ჩემი მამა გაბრიელი და დედა ღვთისა არ მიმატოვებდნენ. ემიგრანტობაში დაგროვილი დანაზოგით, რომელიც წამლისა და გაუთვალისწინებელი ავადმყოფობისთვის მქონდა გადანახული, გალავანი გავაკეთე, ეზოში ცხოველები რომ არ შემოსულიყვნენ და დაცული ყოფილიყო. კელიებისთვის საძირკველი ჩავყარეთ და შევჩერდით... აწი რა იქნება და როგორ, ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, უფლის წყალობით, ამ ადგილას სამონასტრო საქმიანობასაც შევძლებთ...

- როგორც მითხრეს, სურვილი გაქვთ, აქ მზრუნველობამოკლებული ბავშვები მოიყვანოთ და მათ უპატრონოთ....

- სანამ მონაზონი გავხდებოდი, მეუფეს ვუთხარი (მაშინ მის რეზიდენციაში სტუმრად, ტრაპეზრად ვიყავი): მზრუნველობამოკლებული პატარები მოვიყვანოთ და დავეხმაროთ-მეთქი. 10-დან ორი ხომ ივარგებს? დღეს ქალი ქალს აღარ ჰგავს, კაცი - კაცს, ხომ უნდა ვიზრუნოთ მომავალ ჯანსაღ თაობაზე. არ ვამბობ, რომ ეკლესიის მსახურები უნდა გახდნენ, იყვნენ უბრალოდ კარგი ადამიანები, რომლებსაც ეცოდინებათ რაღაც საქმე, რითაც თავს გაიტანენ. სკოლა დაამთავრონ და მერე თუ უნდათ, ერში დარჩნენ და თუ უნდათ, მონასტერში. მეუფეს მოეწონა ჩემი წინადადება და კურთხევა მომცა. აქვეა სკოლა, ამბულატორია. დედაოები მიმაგრებულები იქნებიან ბავშვებზე, ყურადღებას მიაქცევენ. მარტო ჩემი ხომ არ იქნებიან ეს ბავშვები, ისინი საქართველოს მომავალი, იმედი არიან და დარწმუნებული ვარ, მათ ღირსეულად აღზრდაში, სწორ გზაზე დაყენებაში, ამ დიდ საღვთო საქმეში ჩვენი ეპარქიის ყველა ეკლესია-მონასტერი დაგვეხმარება. ეს არის სამომავლო გეგმა, მაგრამ მანამდე მონასტერი უნდა ავაშენოთ, მოვაწყოთ. თანაც, ის შენობა, რომელიც შესაძლოა ბავშვების საცხოვრებლად გამოდგეს, მერიის ბალანსზეა და არ ვიცით, დაგვითმობენ თუ არა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ნელი ტემპით მიდის ეს საქმე...

ტაძარი, სადაც ახლა ვართ, ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მეხუთე-მეექვსე საუკუნის გახლავთ, ნახევრად მიწაში ყოფილა აქაურობა, კარიც კი არ ჩანდა. მერე გაათავისუფლეს და მამაომ აღადგინა... მეორე ტაძარი, რომლის ნანგრევებსაც ხედავთ, დაახლოებით მეცხრე საუკუნის უნდა იყოს და XI საუკუნეში აღუდგენიათ, მაგრამ მერე ისევ დანგრეულა. სოფელში ამბობენ, - წმინდა გიორგის სახელობის იყოო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც: ნანგრევებში უპოვიათ წარწერა: სტეფან პირველმოწამის სახელობის ტაძარი. აქ გვირაბიც არის, რომელიც ნამდვილად არ ვიცი, სად გადის. ამბობენ, როცა აქ ადრე სამუშაოები ჩატარდა, ბრიჯნაოს ქანდაკებები, ძვირად ღირებული ნივთები იპოვესო.

ეზოში ტაძრის ნანგრევები, უზარმაზარი ქვებია მიმოფანტული... იმედია, მისი აღდგენა შესაძლებელი გახდება. ასეთი ისტორიის მქონე ტაძრები ხომ ჩვენი ერის საგანძურია.

როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, დედა პოტამიას კარგა ხანს თბილისიდან ზღუდერში ყოველდღიურად უწევდა სიარული, რადგან ვერ იპოვა სოფელში თავშესაფარი, არც კელიაა ტაძრის ეზოში, სადაც თავს შეაფარებდა. ზამთარში, პარასკევ დღეს, აქ, ტაძარში რჩებოდა და სკამზე ათენებდა თურმე ღამეს, შაბათს კი სიცივისგან გაყინული, წირვას ესწრებოდაო...

- არა, ასე აღარ ხდება, მადლობა უფალს. ტაძრის ახლოს მცხოვრებმა ირაკლი გაგლოშვილმა უანგაროდ დამითმო საცხოვრებელი სახლი. მანამდეც, მის სახლში მამები ცხოვრობდნენ. შეუწიროს ღმერთმა. გულს უხარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, - ამბობს დედა პოტამია და ვინ იცის, უკვე მერამდენედ ლოცავს კეთილი ადამიანის ოჯახს...

- ერთმა ქალბატონმა თქვენზე მითხრა, წამლებს ამზადებსო...

- (იცინის) მხოლოდ ჩემთვის ვამზადებ მცენარეულ წამლებს, ამ საქმით დაინტერესებული ვარ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. არ მსურს ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს სასწაულების მოხდენა შემიძლია. უბრალოდ, დაემთხვა, ჩემთვის ნივრითა და ლიმონით მომზადებული ნახარში, პატივისცემის ნიშნად, ჩემს ექიმს მივეცი. მას ნახევარი ნათესავისთვის უწილადებია, რომელსაც ქალური პრობლემები, დიაბეტი და სისხლში მაღალი ქოლესტერინი ჰქონია... რაღაც პერიოდის შემდეგ, ამ ქალმა მომაკითხა: ძლივს მოგაგენით. თქვენმა დამზადებულმა წამალმა მიშველაო. გავოგნდი. წარმოიდგინეთ, ფულიც კი შემომთავაზა, უარი ვუთხარი, - არაფერს ვყიდი-მეთქი. მიმტკიცებდა, ქოლესტერინი და ქალური პრობლემები მომიწესრიგდაო. ჩემთვის რაც მქონდა მომზადებული, კიდევ ვაჩუქე... არ ვიცი, რა რწმენით მიიღო, მაგრამ ასე გახლდათ.

GzaPress

- ერში როცა იყავით, რწმენის ძალა ოდესმე თქვენც გიგრძნიათ?

- სასწაულები ეშვებოდა, თანაც ძალიან ბევრი. მეათე კლასში ვიყავი, სახლიდან ქარელში რომ წავედი და იქიდან დაკოჭლებული დავბრუნდი ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაშინ მამა გაბრიელთან ხშირად მივდიოდი და შევჩივლე, - ასე რატომ დამემართა-მეთქი? - ღვთის შვილი ხარო. ისიც მითხრა: წარამარა ნუ აწუხებ უფალს. აბა, მეზობელთან მიდი და ყოველდღე საცერი სთხოვე, ხომ გაგაგდებსო? საოცარი ვინმე იყო, მართლაც წმინდანი. ახლაც, როცა რაიმე მიჭირს, მას ვესაუბრები, ვაწუხებ. ერთხელ მითხრა, ქადაგად დაეცემიო. არ უთქვამს, რომ მონაზონი გავხდებოდი. ვიფიქრე, - კაცი არ ვარ, რომ მღვდელი გავხდე და რა ქადაგად დაცემა-მეთქი? მან კი ჩემს ჯვარს მოჰკიდა ხელი და, - ამ ჯვრის ტარება როგორ გიხდებაო. წლები რომ გავიდა, მერე მივხვდი, რომ იმ ჯვარზე არ საუბრობდა, რომელიც ყელზე მქონდა, ეს ალბათ მონაზვნის ჯვარი იყო. საერთოდ, მინიშნებებით საუბრობდა.

ერთხელ ისიც მითხრა: განიძარცვები და სიბრძნით შეიმოსებიო. ეს რომ მეუფე ილარიონს (სამხარაძეს) ვუთხარი (იმ პერიოდში მასაც ხშირად ვსტუმრობდი), იქვე დავძინე: სიბრძნეს ჩემთან რა უნდა, ეს რა მითხრა-მეთქი? მიპასუხა: ანუ მადლით შეიმოსებიო. იცით, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე მეუფე ილარიონი ჰაერში აწეული და რაღაცნაირად დაგრძელებული. ამ ყველაფერმა გამაოცა და ცოტა არ იყოს, შემაშინა კიდეც, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, ის ვინ იყო...

- შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვიამბოთ?

- ავტობუსში ამოვიდა, მოწყალების მთხოვნელი მეგონა, რადგან შევნიშნე დახეული წინდები ეცვა. სულ 5 მანეთი მქონდა ჩანთაში. ვიფიქრე, ჩავალ და წინდებს ვუყიდი-მეთქი, მაგრამ შემეშინდა, ავტობუსს არ გაესწრო. ჩასვლისას ვერ მოვითმინე და ხელში ჩავუდე ფული. რომ შევხედე, ჰაერში იყო აწეული, ძალიან შემეშინდა.

მერე ერთ გოგოს მოვუყევი ეს ამბავი, შენ ეტყობა, მეუფე ილარიონი ნახეო, არ გაჰკვირვებია.

ერთხელ გავიგე, - მეუფე ილარიონი საავადმყოფოში წევს და უამრავი მნახველი ჰყავსო. ვაშლი მქონდა, სხვა არაფერი, მაშინ თვითონაც ნახევრად მშიერი ვიყავი. წინდებიც მქონდა, რომელიც ჩანთაში ჩავდე. საავადმყოფოს ეზოში არავინ იყო, არც შენობაში დამინახავს ვინმე. მივადექი ერთ კარს და მორიდებით დავაკაკუნე. გამოვიდა ქალი. ვკითხე, - ხომ არ იცით, ესა და ეს ბერი სად წევს-მეთქი? - ვინ ხარო? - მრევლი-მეთქი. ილარიონი მაშინ მდუმარებაში იყო და ანიშნა, შემოუშვიო. რომ შევხედე, ვიცანი. ვუთხარი, საიდანაც ვიცნობდი. ზეთი გადმოიღო და ოთხგზის მაცხო. ვიფიქრე, შვიდგზის გამიგია და ეს ოთხგზის რა არის-მეთქი? მაგრამ ვერაფერი ვკითხე.

გარკვეული პერიოდის მერე, როცა კიდევ ერთხელ ვნახე, ოთხი კაკალი მომცა. ვკითხე, რა გავაკეთო ამით-მეთქი? დამიწერა, შეჭამეო. მერე წავიდე, მოიტანა 5 კაკალი და, - ეს მამა ნიკოლოზს (მაქარაშვილს) წაუღეო. წავედი მამა ნიკოლოზთან. ვუთხარი, - მეუფესთან ვიყავი, ეს გამომატანა. ვხვდები, რაღაცას ნიშნავს და მაინტერესებს - რას? მე 4 მომცა და მითხრა, რომ უნდა შემეჭამა-მეთქი. ფერი წაუვიდა, - შენ 4 და მე ხუთი? როგორ, ვინ ხარო? - სხვა არაფერი მითხრა... რამდენიმე დღეში მივედი მეუფესთან, რას ნიშნავს ეს კაკლები-მეთქი? დამიწერა: 4-ს პლუს 5, უდრის ცხრას.

მამა გაბრიელს ჰყავდა სულიერი შვილი - თამარი, რომელსაც "ჩემს თამარის" ეძახდა. მასთან მივედი და ვუამბე ყველაფერი. - შენ არ იცი, რისი ღირსი გაგხადა. ბერმონაზვნები მთელი ცხოვრება იღვწიან და ერთ ნეტარებს ძლივს ეღირსებიან, შენ 4 ნეტარების ღირსი გაგხადაო. ვერც მაშინ მივხვდი ვერაფერს... როცა მეუფე ილარიონს კიდევ ერთხელ შევხვდი, გულწრფელად ვუთხარი, - ეს კოჭლი ქალი რისი ღირსი გამხადე, ვინ ვარ-მეთქი? მიპასუხა: რომ მიაღწევ, სამი გაეცი, ერთი დაიტოვეო. რა ვიცი, რას მივაღწევ, მაგრამ ამაზე ხშირად მეფიქრება...

- საქართველოზე რას ამბობდა მამა გაბრიელი?

- საქართველოზე ბევრი რამ მითხრა. ამ მოვლენებს ვერც დააჩქარებ, ვერ შეაჩერებ. თქვა, ბათუმამდე მიწას თურქეთი წაიღებს, რუსთავამდე - აზერბაიჯანი, ბორჯომამდე - სომხეთი, ახალგორამდე - რუსები, საქართველო იქნება მარტო თბილისიო. ამის მერე ქუდზე კაცი გამოვა, ერი და ბერი აღდგება და დაიწყება ბრძოლა მამულისთვის კი არა, სიცოცხლისა და გადარჩენისთვისო. ისიც თქვა, ძველ თბილისს არ გაეკაროთ, გადამწვარ-გადაბუგული იქნება იქაურობა და თბილისიდან დაიძვრება ლტოლვილების ნაკადი. იცოდეთ, ტყეს შეაფარეთ თავი და 13-ზე ნაკლები არ იყოთო. ვკითხე, - მე მოვესწრები ამას-მეთქი? - კიო. ვილოცოთ ბევრი და მჯერა, საქართველო გადარჩება...

ერთმა ადგილობრივმა დედა პოტამიაზე მიამბო: ძალიან ძლიერ ოჯახში დაიბადა, მაგრამ ქალაქი არ უყვარდათ მის მშობლებს და ვინაიდან ის თბილისში მუშაობდა, არჩევანი დედაქალაქზე გააკეთა, მის დახმარებზე უარი თქვეს. ჰოდა, 90-იან წლებში, როცა ქვეყანა აირია, ვიცი, რომ ძალიან უჭირდაო. დედა პოტამიას ამ პერიოდზეც ვკითხე:

- ბუნკერიდან კი ამომიღია პური და ის მიჭამია. რაფაზე რომ ტოვებდნენ ჩიტებისთვის გამხმარ პურს, ისიც მიჭამია, გარკვეული წლები ვშიმშილობდი... ვფიქრობ, ამაში სამარცხვინო არაფერია...

GzaPress

- როგორ გაძლიერდით?

- ხომ არის მომენტი, როცა გიჭირს, განრისხებული დგახარ და უფალს საყვედურობ. მე პირიქით, უფრო ჩავეხუტე. მეუბნებოდნენ, ამ ეკლესიაში რას დადიხარო? თუმცა არავის ვაქცევდი ყურადღებას. ძალიან მიყვარს დიდუბეში არსებული ტაძარი, სადაც ხშირად მივდიოდი, დედა ღვთისმშობლის ხატთან ვდგებოდი და ვეჩურჩულებოდი, - დედაო, დედაც მყავს და მამაც, მაგრამ მაინც ობოლი ვარ. შენ ხომ გაქვს სახლი, გთხოვ, მეც მომეცი თავშესაფარი და სამუშაო. ხომ იცი რომ ფეხი მტკივა და კუჭიც ცარიელი მაქვს. იმდენი თანხა მინდა მქონდეს, რომ პური ბუნკერიდან არ ამოვიღო-მეთქი. ამის მერე, მალევე მოხდა სასწაული: ჩემს ოთახში 9 ხატს მირონი წამოუვიდა, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რა ხდებოდა და ვბრაზობდი, - ვინ მისვრის ამ ხატებს, ღმერთი არ სწამთ-მეთქი? და ვწმინდავდი გულმოდგინედ, მაგრამ მეორე დღესაც სველი მხვდებოდა. ძალიან ვნერვიულობდი. ამის მერე მალევე მოხდა სასწაული და ჩემი მდგომარეობა გამოსწორდა. დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მერწმუნეთ, წვალების შემდეგ ძალიან გამიმართლა და მივხვდი, ეს არ იყო უბრალოდ გამართლება, ეს უფლის საჩუქარი გახლდათ... იწამეთ და თქვენს ცხოვრებაშიც აუცილებლად მოხდება სასწაულები...

როგორც ამბობს, გაჭირვებამ ასწავლა ხელსაქმე და მისი ნამუშევრებით სხვების გახარება სიამოვნებდა... როცა მატერიალურად წელში გაიმართა, მიხვდა, რაღაც უფრო ღირებული აკლდა და ალბათ ამანაც მიიყვანა მონაზვნობამდე:

- ახლა ბედნიერი ვარ. ვქარგავ, ვკერავ, ვქსოვ. ერთადერთი, რაც ვერ ვისწავლე, ფეხსაცმლის შეკერვაა. მინდა, რაც ვიცი, ყველაფერი ბავშვებს ვასწავლო, ქართული ტრადიციების პატივისცემა ჩავუნერგო. უფლის წყალობით, იმედია, ამას შევძლებ.

P.S. დედა პოტამიამ საუბრის შემდეგ სატრაპეზოდ მიგვიპატიჟა, მერე კი თბილად დაგვემშვიდობა და დაგვლოცა. ლოცვა ჩვენი ჟურნალის მკითხველებისთვისაც გამოგვაყოლა. იმედია, მალე ისევ მოვხვდებით სოფელ ზღუდერში, სადაც ეს ისტორიული ადგილი კიდევ უფრო გალამაზებული დაგვხვდება.

თუ გაქვთ სურვილი, უფლის სახლის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღოთ და კიდევ ერთი საგანძური გადაარჩინოთ, სადაც მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზეც იზრუნებენ და მათ ხელსაქმესაც შეასწავლიან, რათა მომავალში თავის გატანა შეძლონ, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ თი-ბი-სი ბანკში, მაგული ლომიტაშვილის სახელზე გახსნილ ანგარიშზე: GE06TB7682745061100105 ან საქართველოს ბანკის ანგარიშზე: GE21BG0000000160979498.

მადლობას გიხდით წინასწარ.

ლიკა ქაჯაია