"თითქმის ბოლომდე დაცლილი სოფელი, ყველა სეზონზე მიმზიდველია" - გზაპრესი

"თითქმის ბოლომდე დაცლილი სოფელი, ყველა სეზონზე მიმზიდველია"

"ყოველთვის უნდა ეცადო და გააგრძელო ბრძოლა. ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე საკუთარი თავის პოვნა და იმის გარკვევაა, თუ სადაა ჩემი ადგილი ამ სამყაროში", - ამბობს ნათელა გრიგალაშვილი, რომლის ფოტოები განსხვავებულ ისტორიას გვიყვება. ნისლიანი პეიზაჟების, თოვლიანი ხედებისა თუ შორიდან მომზირალი მთების უკან ყოველთვის იმალება ამბავი მოხუცი დედის ხელების, მინდროში მომუშავე გლეხისა თუ შეშის მოსატანად ტყეში წასული ბიჭის შესახებ. ყველაფერი კი მაინც ტყის პირას მდგარი მშობლიური სახლით იწყება:

- თაგვეთი ჩემი სოფელია და მასთან დიდი ემოციური კავშირი მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, ობიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ის საოცრად ლამაზი და მყუდრო ადგილია. უზარმაზარი მთების კალთებქვეშ შეყუჟული ეს თითქმის ბოლომდე დაცლილი სოფელი, ყველა სეზონზე მიმზიდველია. აქ მუდამ საოცარი სიმშვიდე სუფევს. სოფლის ორი უმთავრესი პრობლემა, რაც სხვა, დამატებითი პრობლემების გამომწვევია, უგზოობა და უხიდობაა. ქალაქ ხაშურთან სოფლის დამაკავშირებელი ხიდი და გზა ძალიან დაზიანებულია, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში "სასწრაფოს" მანქანა გამოსვლას ვერ ახერხებდა, სოფელში მცხოვრებ ბავშვებს კი რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, ხიდამდე რომ ჩააღწიონ, გადაკვეთონ მდინარე და მათთვის მომლოდინე ავტობუსს სკოლამდე გაჰყვნენ. გარდა ამისა, სოფელში არც მაღაზიაა და არც აფთიაქი. ტაქსით გასვლა კი ცუდი გზისა და დაზიანებული ხიდის გამო, თითქმის შეუძლებელია, რადგან მძღოლების უმეტესობა არ თანხმდება სოფელში მგზავრის გაყვანას. სამწუხაროდ, ჩემ მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, რასაც ველოდი კიდეც, რადგან ადგილობრივი ჩინოვნიკებისათვის ძალიან კარგადაა ცნობილი ყველა ის პრობლემა, რაც სოფელს აქვს. ნაკლებად ადარდებთ მათ ამ სოფელში მცხოვრები ადამიანების ბედი და მათ მოთხოვნებს ხიდისა და გზის შეკეთებაზე, იგნორითა და აგრესიით პასუხობენ.

- სწორედ სოფელს უკავშირდება თქვენი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოპროექტი, რომელსაც სახელიც შესაბამისი აქვს - "ფოტოკლუბები სოფლად". მიგაჩნიათ, რომ ეს პროექტი შედგა?

- ამ პროექტს უკვე რამდენიმე წელია ვახორციელებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თავდაპირველად ფოტოკლუბის დაარსების იდეა ჯავახეთში მუშაობისას გამიჩნდა. ვფიქრობ, პროექტი წარმატებული გამოდგა, რადგან ადგილობრივთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. კლუბში გაწევრების სურვილი ყველა ასაკის ადამიანმა გამოთქვა, ყველაზე პატარა 15 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი - 64-ის. ამის შემდეგ იგივე პროექტი გავაგრძელე პანკისის ხეობის სოფლებსა და მაღალმთიან აჭარაშიც, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით. პირადად ჩემთვის, ფოტოკლუბების პროექტი განსაკუთრებულია, რადგან თავადაც სოფელში ვარ დაბადებულ-გაზრდილი და ვიცი, რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა ჩემთვის, რომ ერთ დღეს მოსულიყო ვინმე და მსგავსი რამ ესწავლებინა. სამწუხაროდ, საქართველოს სოფლებში ჩემი ბავშვობის შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა. ახალგაზრდობას ისევ არ მიუწვდება ხელი სრულფასოვან ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე. ამიტომ, ძალიან მიხარია, ამგვარი პროექტის განხორციელების საშუალება რომ მაქვს.

GzaPress

- "დედაჩემის წიგნი" თქვენი კიდევ ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია. როგორ მიხვედით ამ იდეამდე?

- დედაჩემს იმ დროიდან ვიღებ, რაც ფოტოაპარატი ავიღე ხელში, ანუ 30 წელზე მეტია. თბილისში სწავლის გასაგრძელებლად 16 წლისა ჩამოვედი, სრულიად მარტო, რამდენიმე წელში კი გადაღება დავიწყე. თავიდან დედას და ჩემს სოფელსაც მხოლოდ იმიტომ ვიღებდი, რომ ქალაქში დაბრუნებულს, იმ ადამიანებისა და ადგილების ფოტოები მქონოდა, რომლებიც მუდმივად მენატრებოდა. სწორედ ამ არქივიდან შეიქმნა ჩემი ორი პროექტი: "თაგვების სოფელი" და "დედაჩემის წიგნი". ეს უკანასკნელი ჩვენს რთულ და ტკბილ-მწარე მოგონებებით სავსე ურთიერთობას ეძღვნება.

- ფოტორეპორტიორად მუშაობდით. როგორი იყო ეს გზა?

- რედაქციაში მუშაობის დაწყებიდან მალევე მივხვდი, რომ რეპორტიორობა ჩემთვის სასურველ მიმართულებას არ წარმოადგენდა ფოტოგრაფიაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც დიდხანს მომიწია ჟურნალ-გაზეთებზე მუშაობამ, რადგან ეს თავის რჩენის ერთადერთი საშუალება იყო. იმ პერიოდში პერსონალური პროექტების გადაღებისთვის, ძალზე ცოტა დრო მქონდა და შემოქმედებით მუშაობას თითქმის ვერ ვახერხებდი. ამგვარი თემებით არც მაშინდელი ჟურნალ-გაზეთები ინტერესდებოდნენ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ გზაზე დიდი გამოცდილება დამიგროვდა, რასაც ძალიან ვაფასებ.

- თქვენს შვილს ფოტოგრაფიასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ეს თქვენი გავლენაა?

- ჩემი შვილი ფოტოგრაფიის კურატორი და კულტურის მენეჯერია - ფოტოგამოფენებსა და ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს აორგანიზებს. ვფიქრობ, პროფესიის არჩევისას მასზე, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი გავლენა მქონდა. იგი ფოტოგრაფიის "გარემოცვაში" გაიზარდა, რის გამოც ამ მედიუმისადმი განსაკუთრებული სიყვარული აქვს. გარდა ამისა, მოგვიანებით, პირდაპირ ვურჩიე, ამ სფეროში მუშაობაზე დაფიქრებულიყო.

- თავად როგორი ბავშვი იყავით? რა იყო თქვენი ოცნებები, გატაცებები?

- როგორც გითხარით, მაღალმთიან სოფელში გავიზარდე, ტყის პირას, ამიტომ პატარაობიდანვე ძალზე ახლოს ვიყავი ბუნებასთან. გულჩათხრობილი და მარტოსული გახლდით, მიყვარდა ხატვა და კითხვა. დროის უმეტეს ნაწილს მარტო ვატარებდი. ვოცნებობდი დოკუმენტური კინოს ოპერატორი გამოვსულიყავი და ბევრი მემოგზაურა.

- ერთია, როგორ აღიქვამს ფოტოებს მნახველი და მეორე - როგორ ხედავს მათ თავად ავტორი; როგორ ფიქრობთ, ჩანს თქვენი პიროვნება თქვენს ფოტოებში?

- თუკი იმ ადამიანებს ვენდობით, ვინც ჯერ ჩემი ფოტოები ნახეს, ხოლო პიროვნულად მოგვიანებით გამიცნეს, ალბათ, კი, რადგან არაერთ მათგანს უთქვამს ასე...

თაკო ძიძიკაშვილი