"სახეზეა უმძიმესი დანაშაული, რომლის ანალოგი არ მეგულება უახლეს ისტორიაში" - გზაპრესი

"სახეზეა უმძიმესი დანაშაული, რომლის ანალოგი არ მეგულება უახლეს ისტორიაში"

უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, 8 შვილის მამამ, ამ ზაფხულს სოლიდარობა გამოუცხადა ხელვაჩაურში მცხოვრებ ფუტკარაძეების 9-შვილიან ოჯახს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სოფელ თხილნარში მცხოვრებ მადონა და გელა ფუტკარაძეებს ჩამორთმეული 9 შვილი უკან დაებრუნებინათ: ბავშვები სოციალური პირობების გამო მინდობით აღზრდაში იყვნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის ბავშვების კეთილდღეობისა და უფლებების დაცვის თემა განსაკუთრებით აქტუალურია...

- დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრით კენჭს, თუმცა ბოლო წლები, როგორც უფლებადამცველი საქმიანობდით. რატომ გადაწყვიტეთ ისევ პოლიტიკაში დაბრუნება?

- ბოლო სამი წელია, სამოქალაქო აქტივობის სფეროში ვარ. სამოქალაქო ცენტრი "საზოგადოებრივი ცენტრის" სახელწოდებით ჩამოვაყალიბეთ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობებს ამყარებს. რუსეთის ფედერაციაში გვყავს მილიონიანი დიასპორა, ისინი თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან და ბევრი მათგანის უშუალო ძალისხმევით, საქართველოში არაერთ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ამავე დროს, ეს პერიოდი პოლიტიკური კლასის ზრდას მოხმარდა...

საინიციატივო ჯგუფის მიერ ვარ წარდგენილი მაჟორიტარ კანდიდატად და ინტენსიურ საარჩევნო კამპანიას ვეწევი საარჩევნო ოლქში, მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო მედიასაშუალებებმა აბსოლუტურად დამბლოკეს. ვფიქრობ, კამპანიამ, რომელსაც მედია ჩემს წინააღმდეგ ეწევა, მიაღწია იმას, რომ ეს გახდა ჩემი რეკლამის საფუძველი. როდესაც საზოგადოება ხედავს, 5-6-7 მაჟორიტარობის კანდიდატი მოჰყავთ ეთერში და მათ შორის არ არის დიმიტრი ლორთქიფანიძე, ხვდება, რომ ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა, რათა საზოგადოებას დაუმალონ კონკურენტი კანდიდატი, რომელსაც მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვს რიგ საკითხებზე, რომლის მოსმენა და გაჟღერება პროდასავლურ სისტემას არ სურს. ვცდილობ, პრესის ფურცლებიდან მივაწვდინო ხმა ამომრჩეველს. აქტიურობს ჩემი სოციალური მედია, "ფეისბუკი", გავაკეთე "ფეიჯი", ყველა ოჯახს ურიგდება ბეჭდური მასალა, რომ გაეცნონ ამომრჩევლები. ჩემი ამოცანაა, ყოველ ოჯახამდე მივიდე.

GzaPress- განსხვავებულს რას ჰპირდებით თქვენს ამომრჩეველს?

- ჩემს ამომრჩეველს ვპირდები, პირუთვნელად გავატარო ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელი საკანონმდებლო დებულებები ცხოვრებაში და ისეთი დებულებების ინიციატორი გავხდე, რომლებიც პირდაპირ დემოკრატიის ინსტრუმენტებს შექმნის საქართველოს პარლამენტში. მაგალითად, რეფერენდუმის გზით საკანონმდებლო ბაზის ცვლილება იყოს შესაძლებელი, რაც აკრძალულია ჩვენი კონსტიტუციით და ამის ინიციატორები თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები არიან. ჩემი აზრით, მთავარი ამოცანაა შეიქმნას ეფექტური ინსტრუმენტები პირდაპირ დემოკრატიის განხორციელებისთვის, შემდგომში ჩამოყალიბდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და საერთოდ, ეროვნული იდეოლოგია განისაზღვროს როგორც მთავარი თეორიული ბაზა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია საგარეო-პოლიტიკური კურსის განსაზღვრაც. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სწორად და არა ისე, როგორც დღეს ცდილობენ, რუსეთუმეობის იარლიყის ქვეშ გაამარგინალონ განსხვავებული აზრი. საქართველო ცივილიზაციათა გზაჯვარედინი ქვეყანაა და რეგიონი მთლიანად უნდა განიხილებოდეს, როგორც მყარი ხიდის ფუნქციის შემსრულებელი გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის. საქართველოს მიზანი არ უნდა იყოს რომელიმე სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის მყარი ხიდის ფუნქციის შესრულება, ის უნდა იყოს ფინანსური და სატრანსპორტო ჰაბი, განათლებისა და მეცნიერების ცენტრი, უნდა იყოს უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ დასავლური რაციონალიზმი და აღმოსავლური სიბრძნე ერთმანეთში გადაიკვეთოს.

- თქვენ ხართ მრავალშვილიანი მამა, გვიამბეთ თქვენს ოჯახზეც...

- მყავს ერთადერთი მეუღლე, ხათუნა კეკელია. 31 წელია, ერთად ვართ და გვყავს 8 შვილი და 4 შვილიშვილი. ჩვენი ოჯახი 9 აპრილის მძაფრი მოტივაციით შეიქმნა, რომ გვყოლოდა ბევრი შვილი და ეს რევანშის აღების შესაძლებლობა ყოფილიყო ხილულ და უხილავ მტერზე, რომ საქართველო გაძლიერებულიყო, რისთვისაც სწორედ დემოგრაფიული პოლიტიკა იყო განმსაზღვრელი. მაშინ ჩემი თაობის ბევრი ახალგაზრდა ფიქრობდა ასე და სტატისტიკურ მონაცემს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ 1990 წელს შობადობა მკვეთრად გაიზარდა. 22 წლის ვიყავი, ხათუნა - 18-ის, როცა სტუდენტური ოჯახი შევქმენით. შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, რადგან აირ-დაირია ყველაფერი: სამოქალაქო ომები და წარმოუდგენელი სიდუხჭირე, ანარქია მივიღეთ ეროვნული ხელისუფლების დამხობის შედეგად. საბოლოოდ, ბევრი შრომით მაინც გავუძელით ამ ყველაფერს. რამდენიმე სამსახურში მიწევდა მუშაობა, ვცდილობდი, დამატებითი შემოსავლის წყაროებზე მეფიქრა. ბავშვებზე ზრუნვის მხრივ ძალიან გვეხმარებოდნენ მშობლები, დედა და სიდედრი. მათ გარეშე დამოუკიდებლად ალბათ ვერ შევძლებდით ამდენს. იმ მძიმე წლებში შეგვეძინა 4 შვილი და საბოლოოდ, 8-მდე ავედით. პარადოქსია, მაგრამ რაც მეტი შვილი მოგვეცა, მეტად შემსუბუქდა ჩვენი მატერიალური მდგომარეობა. ჩემი მეუღლე არის ექიმი ნეონატოლოგი, მაგრამ ამჟამად საჯარო მოხელეა და თავის საქმეს საკმაოდ კარგად უძღვება. 31 წელია, ერთად მოვდივართ და ეს უსაზღვრო სიყვარულია. ჩვენ ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ, ცხოვრებამ ბევრი ქარტეხილი გადაგვატარა, მაგრამ სიყვარულით, სიძლიერით, ქართველობით - ამ ურთიერთობამ ყველაფერს გაუძლო, მადლობა უფალს!

- დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ყველაზე მტკივნეული ამბავი, რომელიც დღეს ყველა ქართველს აწუხებს. ამ თემაზე რას ფიქრობთ?

- ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე მწვავედ დადგებოდა ეს საკითხი და რომ საუკუნის დანაშაულთან გვექნებოდა საქმე. ფაქტია, საზღვრების სადემარკაციო ზოლების ფალსიფიკაცია გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა და დღეს ამ მწარე რეალობის წინაშე დავდექით. იკრიბება მტკიცებულებები და ჩანს, რომ სააკაშვილის დროს, 2006-2007 წლებში, კონკრეტული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისეთი ტიპის ინტერესების დასაკმაყოფილებლად აზერბაიჯანული მხარისთვის, როგორიც არის, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის მითის შექმნა და მეორე მხრივ, სტრატეგიული სიმაღლეების გადაცემა, გადაწყდა შემდგარიყო შეთანხმება, რომ საქართველოსთვის მთავარი დივიდენდი ყოფილიყო მატერიალური კეთილდღეობა, პოლიტიკური პრეფერენციები და მხარდაჭერა სხვადასხვა პროექტში. ვხედავთ, რომ სააკაშვილისთვის, როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკის ერთპიროვნული მმართველისთვის, სულაც არ აღმოჩნდა ამის ხორცშესხმა შეუძლებელი და მან ეს გააკეთა. საბედნიეროდ, საბოლოოდ ამის დამტკიცება ვერ მოხერხდა. დღეს მივდივარ ერთ ორგანიზაციაში, სადაც უნდა მოვიპოვო უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში ინახებოდა სწორედ ის რუკები, რომლებიც სტალინური კონსტიტუციის შედეგად, საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკებს შორის დემარკირებულ ტერიტორიებს მოიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის გამიჯვნა გაკეთებული იყო შესაბამისი დადგენილებების საფუძველზე და არავითარი აუცილებლობა არ გახლდათ 1929 წლამდე არსებული რუკების გამოყენების.

GzaPress

- რას გულისხმობთ?

- ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს 20-30-იანი წლების შეთანხმებები. 20-იან წლებში ორივე რესპუბლიკა ერთ ფედერალურ რესპუბლიკას წარმოადგენდა, მაშინ ამიერკავკასიის ფედერაციის რესპუბლიკამ სულ 8 თვე გასტანა, 1922 წლის განმავლობაში. შემდეგ საბჭოთა კავშირმა მიიღო კონსტიტუცია, რომელიც სტალინური კონსტიტუციის სახელით არის ცნობილი. პირველი სადემარკაციო ხაზი ამ ორ რესპუბლიკას შორის 1936 წლის 5 მარტისა და 21 ივლისის დადგენილებების საფუძველზე გაივლო და მას ხელს აწერდა, ერთი მხრივ, ფილიპე მახარაძე და მეორე მხრივ, ნარიმან ნარიმანოვი. შემდეგ ამის საფუძველზე, 1938 წელს გამოიცა რუკა და საზღვარი საბოლოოდ დადგენილი იქნა ჩიჩხიტურის თხემიდან აზერბაიჯანის სიღრმეში 600 მეტრზე და არა ჩიჩხიტურის თხემზე, როგორც ეს უნდოდა წარმოეჩინა წინა ხელისუფლებას. 2012 წლის 14 მაისს სკანდალურ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, თქვა, რომ ჩიჩხიტურის საკითხი არ განიხილებოდა, ვინაიდან ძველი საბჭოთა კავშირის რუკებიდან გამომდინარე, ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ხოლო დანარჩენ სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით სადემარკაციო კომისიის მუშაობა გაგრძელდებაო. პირდაპირი პასუხისმგებლობა ამ განცხადებაზე ეკისრებოდა მაშინდელ ხელისუფლებას, სს და შს სამინისტროს. სწორედ ამ უწყებებში იმალება ძაღლის თავი. ანუ მაშინ განაჩენი გამოუტანა წინა ხელისუფლებამ დავითგარეჯას. ყველამ იცის, კალანდაძე იყო მიხეილ სააკაშვილის სპიკერი. წარმოიდგინეთ, მათ ეს განცხადებები გააკეთეს მაშინ, როდესაც უკვე არსებობდა მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური საერთაშორისო სამართალსუბიექტის მიერ გავლებული საზღვრები, მაგრამ ამ ხალხმა ეს ყველაფერი დაივიწყა, ჩააბარეს ისტორიას და მოსპეს, გაანადგურეს ყველანაირი კვალი ამ რუკების არსებობის. ახლა ივერი მელაშვილის მეუღლე გამოდის და ამბობს, თითქოს ყველაფერი რუსეთმა გაიტანა საქართველოდან და სპეციალურად წაშალა კვალიო. სინამდვილეში კი ცენტრალური და სხვა არქივებიდან, მათ შორის მიწათმოწყობის საპროექტო ინსტიტუტის არქივიდან, რომელთან დაკავშირებითაც ვაპირებ მთელი მოკვლევა ჩავატარო, რადგან ცოცხლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მაშინ იქ მუშაობდნენ და კარგად იციან, რაც მოხდა. არათუ 1900-იანი წლების, არამედ სამაზრო რუკებიც ინახებოდა იქ, მაგრამ 2006-2007 წლებში, როდესაც კომისიამ დაიწყო მუშაობა, სწორედ იმ დროს პარალელურად გაანადგურეს ეს უმნიშვნელოვანესი მასალა. დარჩა მხოლოდ 5 პროცენტი რუკების, რომელიც იყო წყალში და გატანილია საჯარო რეესტრში და იქიდან - ცენტრალურ არქივში. ამ ყველაფრის დოკუმენტაცია არსებობს. ყველაზე სავალალო ის არის, როდესაც უკვე განზრახვის სისრულეში მოყვანა დაიწყეს, რათა მტკიცებულებები გაექროთ, 2005 წელს, მიწათმოწყობის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა საერთოდ შეწყვიტა არსებობა. 2006-2007 წლებში კი გაიძარცვა და განადგურდა უამრავი მასალა. ამის მოწმეები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამას მაშინაც აპროტესტებდნენ, მათი პროტესტის ხმა არ სწვდებოდა მაღალ ეშელონებს. თუ გამოძიება მოინდომებს, ყველაფერი დეტალურად გაირკვევა. მარტო ამ ორ ადამიანზე არ არის აქ საუბარი. ისიც უდავოა, რომ ესენი "მეისრეები", უბრალოდ აღმსრულებლები არიან, მაგრამ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ისინი, ვინც მათ გარკვეულ მითითებებს და დავალებებს აძლევდა, რომ არ გამოეყენებინათ 1938 წლის რუკა.

რა კავშირი აქვს ამასთან მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ეკა გიგაურს, რომელიც იმ დროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო და პირადად კურირებდა ნატალია ილიჩოვას, ესეც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ან საერთოდ როგორ აღმოჩნდა ილიჩოვა, რომელმაც ქართული ენა არ იცის, ამხელა ლეგიტიმაციის ეროვნული მნიშვნელობის კომისიაში? ნუთუ ქვეყანაში სხვა სპეციალისტი არ გვყავდა?! ან რატომ ატყდა ასეთი ხმაური მათ დასაცავად დღეს? ვის რაში დასჭირდა ტყუილი, თითქოს მელაშვილი სამეცნიერო აკადემიური წრის წარმომადგენელია, როცა მას სამეცნიერო ხარისხიც კი არა აქვს?! რატომ უწოდებენ ამ საქმეს "კარტოგრაფების საქმეს", როცა მელაშვილი მიწათმომწყობია და არანაირი შეხება კარტოგრაფიასთან არა აქვს? ვის სჭირდება ასეთი მითების შექმნა? აშკარაა, სახეზეა უმძიმე დანაშაული, რომლის ანალოგი უბრალოდ, არ მეგულება საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დანაშაულის მოტივი კი არის უზარმაზარი თანხები. მერწმუნეთ, მატერიალური ინტერესი დგას ამ ყველაფრის უკან და ეს ყველაფერი სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობის პერიოდში იმ იმედით იქნა მიღებული, რომ ისინი იქნებოდნენ მუდმივად ხელისუფლებაში, არ შეიცვლებოდნენ და საბოლოოდ, ეს ყველაფერი მიეცემოდა დავიწყებას. არავის ეგონოს, რომ საზოგადოება ამას "გაგიტარებთ". ეს არის საუკუნის დანაშაული, რომელსაც არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა და ნებისმიერი პოლიტიკური პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. ვერ გამიგია, რატომ არ არის სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ფორმები დაწყებული იმ სახელმწიფო პოლიტიკური პირების მიმართ, ვინც მაშინ საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ, თუნდაც ნინო კალანდაძის მიმართ.

2012 წელს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადაკეტეს საქართველოს ტერიტორია და ჩვენს მომლოცველებსა და სასულიერო პირებს იქ გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ამას დიდი ხმაური მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და როგორც ჩანს, აზერბაიჯანელებმა მოსთხოვეს ქართულ მხარეს ამაზე საჯარო განცხადების გაკეთება და მაშინ მოვისმინეთ ცნობილი სკანდალური განცხადება. სახეზეა მოღალატეობრივი აქტი და ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

თეა ხურცილავა