გრანდიოზული მუსიკალური პროექტი და წარმატებული მომავლის გარანტი - გზაპრესი

გრანდიოზული მუსიკალური პროექტი და წარმატებული მომავლის გარანტი

კახელი ბიჭის ზღაპარი არცთუ ისე ფერადია, როგორც ჩვეულებრივ ზღაპრებში ხდება ხოლმე. ბექა გოგინაშვილი ოპერის მომღერალია. კახეთიდან თბილისში დადიოდა პედაგოგთან, ოცნება რომ აეხდინა და სცენაზე დამდგარიყო. მერე თბილისიდან იტალიაში და იტალიიდან ამერიკაში აღმოჩნდა. სადაც უნდა იყოს, არასდროს არ უშვებს შანსს ხელიდან, უცხოელებს საკუთარი ქვეყანა გააცნოს და იქ მოგზაურობის სურვილი გაუჩინოს. სამშობლოს მონატრებას იმით იმსუბუქებს, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წელიწადში სამჯერ მაინც ახერხებს საქართველოში ჩასვლას.

- რამდენი წელია, ამერიკაში ცხოვრობთ. დაგხვდათ თუ არა ის გარემო, რასაც ელოდით?

- მეხუთე წელია ამერიკაში ვცხოვრობ. მართლაც, რომ ოცნებების ასრულების ქვეყანაა, გაძლევს საშუალებას, შენი ნიჭი გამოიყენო. რა თქმა უნდა, იყო რთული დღეები, იოლი არ არის უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება. ძალიან დამეხმარა ის, რომ სოფელში გავიზარდე და ფიზიკურად შრომა შემეძლო. 11-ჯერ შევიცვალე სამსახური. ვმუშაობდი ტაქსის მძღოლად, ვავარჯიშებდი ბავშვებს სპორტის ერთ-ერთ სახეობაში, თუმცა შევძელი და თავი დავიმკვიდრე. ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც მნიშვნელობა არა აქვს შენს წარმომავლობას და მატერიალურ მდგომარეობას - თუ ნიჭიერი ხარ, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. მე მაჩუქეს მწვანე ბარათი (მუდმივი) და მალე შემიძლია მოქალაქეც გავხდე. ამ ქვეყანამ მომცა შესაძლებლობა, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო და ჩემი ნიჭი მასაც მოვახმარო.

- მანდ მყოფი ქართველები თუ დაგეხმარნენ?

- დიახ, მაგრამ ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ბევრი დამეხმარა და ნამდვილი ოჯახის წევრივით მიმიღო. რომ არა ეს ადამიანები და მათი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა.

- კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ სცენაზე ამერიკის სახელით გამოხვიდეთ?

- არა, მსგავსი კონტრაქტი არ არსებობს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამერიკამ მაჩუქა მწვანე ბარათი და ნიჭის რეალიზების საშუალება მომცა, თავს ვალდებულად ვგრძნობ ამ ქვეყნის წინაშე.

- თქვენი პროექტის შესახებ მოგვიყევით.

- 15 ნოემბრიდან ფონდ "თამარიანის" მხარდაჭერით ჩატარდება სიმღერის კონკურსი "ემიგრანტების სითბო საქართველოს", რომელშიც თვრამეტ წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსის გამოცხადების შემდეგ, მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კონკურსის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან ჩიტაურს, ნომერზე: 5(99) 700 176.

GzaPress

- რა გახდა ფონდ "თამარიანის" შექმნის მიზეზი?

- მე არ გავზრდილვარ მდიდარ ოჯახში და ხშირად, მასწავლებელთან მისასვლელად საჭირო ფულიც არ მქონია. ჩემი პედაგოგი უფასოდ მამზადებდა, მაგრამ მასთან მისასვლელად ხომ მჭირდებოდა თანხა!.. ეს ფონდი დაეხმარება ნიჭიერ ბავშვებს გაჭირვებული ოჯახებიდან, თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენასა და რეალიზებაში. მათ სრულიად უფასოდ შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა, გამარჯვებულები კი ფულად ჯილდოს მიიღებენ.

- რას გვეტყვით მეორე კონკურსზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდება?

- ეს ნამდვილად, გრანდიოზული მუსიკალური პროექტია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მსოფლიო მასშტაბით ყველა ქვეყნის ემიგრანტს. ბოლო, დასკვნითი კონცერტი გაიმართება ამერიკაში, ნიუ-იორკის შტატში. მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე, რომლის მისამართსაც მალე გამოვაცხადებთ. უნდა გამოგვიგზავნონ ორი სიმღერის ვიდეო. ჟიური მოისმენს და აირჩევს კონკურსანტებს. მონაწილეები ჟიურის შეფასებასა და რჩევებსაც მიიღებენ ელექტრონული ფოსტით.

- ვინ იქნება ჟიურიში?

- ჟიურიში იქნებიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები და დირიჟორები: ჯეფრი გოლდბერგი, მარკ ოსვალდი, ალესანდრო ბენიგნი, იანის ხილასი, ანა სიმონიშვილი, გიორგი გოგიძე, ნონა ბერაძე. უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ სპეციალურად ამ კონკურსისთვის ნიუ-იორკში ჩამოვა კრისტინა ბუკი. სწორედ ის იქნება ჟიურის თავმჯდომარე.

- რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც იმ გზას გადიან, რაც თქვენ უკვე გაიარეთ, რა არის წარმატების ფორმულა?

- მნიშვნელოვანია, არასოდეს დანებდნენ და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. ბევრი შრომა და ნიჭი - ეს წარმატებული მომავლის გარანტიაა.

ფიქრია რობაქიძე