ექიმი, რომელიც კოვიდპაციენტებს სატელეფონო კონსულტაციას სთავაზობს - გზაპრესი

ექიმი, რომელიც კოვიდპაციენტებს სატელეფონო კონსულტაციას სთავაზობს

ჩემი ყურადღება, თავდაპირველად, მისმა პოსტმა მიიპყრო და მაფიქრებინა, რომ საქართველო სწორედ ასეთმა - უანგარო და უპირობო სიყვარულმა გადაარჩინა... აი, ტექსტი, რომელიც სოციალური ქსელით სწრაფად გავრცელდა: "ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები კოვიდთან დაკავშირებით! გულს მტკენს, როცა მესმის, რომ ავადმყოფები ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, ვერ რეკავენ ცხელ ხაზზე... ვფიქრობ, შევძლებ ზოგიერთი თქვენგანის დახმარებას დროული რეკომენდაციებით. ვარ სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი და 35-წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი. იქნებ სხვებმაც მომბაძონ და დავეხმაროთ საჭიროების მქონე პაციენტებს".

გადავწყვიტე, მკითხველისთვის გამეცნო თამარ ცანავა - ძალიან სათნო, სიმპათიური ქალბატონი, რომლის წამოწყება სხვა ექიმებმაც აიტაცეს.

- კონკრეტულად, რამ გიბიძგათ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ?

- ეს პოსტი ჩემი გულის ამოძახილი იყო. ძალიან განვიცდიდი, რომ ხალხი ჩიოდა, ექიმს ვერ ვუკავშირდებითო, რომ ვიღაცას უჭირდა და დახმარება უგვიანდებოდა. ჯერ ჩემი ახლობლები და ნაცნობები მირეკავდნენ და მათ ვუწევდი კონსულტაციას, მაგრამ მერე უცნობებმაც რომ დარეკეს, უცებ გადავწყვიტე, "ფეისბუკზე" დამეწერა. მეგონა, მარტო "ფეისბუკ"-მეგობრებს დავეხმარებოდი და არც მიფიქრია, ჩემი წამოწყება ასე თუ გახმაურდებოდა. პოსტი ბევრმა გააზიარა... დღის საათებში დავდე ეს პოსტი და ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა ღამის 2 საათამდე არ შეწყვეტილა. ასზე მეტმა ადამიანმა დამირეკა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა: ერთი ზარიდან მეორეზე გადავდიოდი... ახლაც, ჩვენ რომ ვსაუბრობთ, 5-6 კაცი ელოდება ჩემს პასუხს.

- ალბათ, ამ ადამიანებს პირველ რიგში, ექიმის თბილი სიტყვა სჭირდებათ - ამბობენ, კარგი ექიმი ავადმყოფს სიტყვითაც მოარჩენსო...

- ვწუხვარ, რომ ბევრი რეკავს და ყველას დახმარებას ბოლომდე ვერ ვასწრებ. დღეში 100-120 ზარი შემოდის, იმდენი გაჭირვებული მირეკავს და იმხელა შვებაა მათთვის ექიმთან საუბარი!.. გეთანხმებით, მათ პირველ რიგში, დამშვიდება და გამხნევება სჭირდებათ. ზოგჯერ ცრუპანიკასაც ვაწყდები, მაგრამ უფრო მეტად გაცივებული ადამიანები მირეკავენ, რომლებსაც "კოვიდ 19"-ის ანალოგიური სიმპტომები აქვთ. ვცდილობ გავარჩიო, მართლა აქვს თუ არა კორონავირუსი. ბევრს ვამშვიდებ, ზოგს ვაფრთხილებ, რომ ეს შეიძლება კოვიდი იყოს და ვარიგებ, როგორ მოიქცეს. ყველაზე მეტი ზარი თბილისიდან და ბათუმიდანაა, სხვა რაიონებში ექიმები უფრო ახერხებენ პაციენტების მიღებასა და მათ მოვლა-პატრონობას. ქუთაისიდანაც ბევრი რეკავს, რუსთავიდანაც, ზარებია გურიიდან, კახეთიდან, ქართლიდან...

- ინფიცირებული პაციენტებიც გირეკავენ?

- რა თქმა უნდა. ზარების ნახევარი იმათ ეკუთვნის, ვისაც "კოვიდ 19" უკვე დაუდასტურდათ, მაგრამ 2-3 დღეა, ოჯახის ექიმს ვერ უკავშირდებიან. ზოგჯერ ერთი ოჯახის წევრია ინფიცირებული და იგივე სიმპტომები სხვა წევრებსაც აქვთ. ასეთ დროს ტესტის გაკეთებას აზრი აღარ აქვს და ექიმმა შეიძლება ივარაუდოს, რომ ყველას კორონავირუსი აქვს. მათმა უმრავლესობამ კარგად იცის, თავს როგორ მიხედოს. ადამიანებს ბევრი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ ექიმთან გასაუბრება მათთვის შვებაა. ზოგჯერ იმავეს ვეუბნები, რაც უკვე იცის, მაგრამ როცა ამშვიდებ და სთხოვ, პანიკაში არ ჩავარდეს, რომ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, ეს ყველას ამშვიდებს.

- ცუდია, რომ ამას ოჯახის ექიმები ვერ ახერხებენ!

- ვერ ვეგუები, როცა ოჯახის ექიმებზე ცუდს ამბობენ, რადგან ისინი მინიმალური ანაზღაურებით მუშაობენ და ამდენ პაციენტს ვეღარ სწვდებიან. მიმაჩნია, რომ ექიმის პროფესია საქართველოში დაფასებული არ არის და სახელმწიფომ მათთან დამოკიდებულებაში ბევრი რამ უნდა შეცვალოს. ახლა, პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ ექიმის შრომა თურმე, საჭირო ყოფილა. მათი გადამზადებაც აუცილებელია. მე თვითონ, რაც პანდემია დაიწყო, სულ ვცდილობ, ყველას მოვუსმინო, ბევრი წავიკითხო და უახლესი ინფორმაცია მოვიპოვო. ამაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს.

GzaPress

- მოგვიყევით თქვენ შესახებ - სად დაამთავრეთ სკოლა, სად სწავლობდით?

- ზუგდიდის მე-3 საშუალო სკოლა დავამთავრე. ბავშვობა და სიყმაწვილე იქ გავატარე, მერე კი სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. აქ ვცხოვრობ, მაგრამ ზუგდიდი ძალიან მიყვარს: ამ ქალაქთან ბავშვობის უტკბილესი ხანა და მოგონებები მაკავშირებს. მამაჩემი - ბუხუტი ცანავა ძალიან მშრომელი ადამიანი იყო, დედა - ნინა ჭკადუა, პროფესიით ექთანი გახლდათ, მაგრამ არ უმუშავია, შვილებს უვლიდა და მამას ეხმარებოდა. 5 შვილი გაზარდეს და ყველას კარგი განათლება მოგვცეს. მე მეოთხე ვიყავი და რადგან პროფესიად ექიმობა ავირჩიე, მამა ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ მესწავლა. მეც, იმედი არ გავუცრუე და სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ინსტიტუტშიც კარგად ვსწავლობდი. მართალია, პირველი კურსი რომ დავასრულე, გავთხოვდი და ბავშვი გამიჩნდა, მაგრამ დედა ხელს მიწყობდა და მაინც კარგად ვსწავლობდი.

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

- ჩემი მეუღლე - ანზორ წურწუმია ცოცხალი აღარ არის. ის ჩემი კლასელი იყო, ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით. სამი ვაჟიშვილი მყავს და ჩემს თვალხატულა შვილიშვილებს რომ დავინახავ, ყველანაირი დარდი მავიწყდება. ჩემი რძლებითა და შვილებით ვამაყობ.

- პედიატრად სად მუშაობდით?

- სამედიცინო ინსტიტუტი რომ დავამთავრე, პეკინის ქუჩაზე, მე-18 ბავშვთა პოლიკლინიკაში დავიწყე მუშაობა. იქ არაჩვეულებრივ კოლექტივში მოვხვდი და ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი პაციენტები ძალიან მიყვარდა და ისინიც აღიარებდნენ, რომ თავგადადებული ექიმი ვიყავი. იმ დროს ჩემი ტელეფონი 24 საათის განმავლობაში არ ჩერდებოდა. ყველას ვაფრთხილებდი, რომ შეეძლოთ, ღამითაც დაერეკათ და იშვიათი იყო ღამე, როცა ნორმალურად მეძინა. მერე პოლიკლინიკები გააერთიანეს და სამუშაოდ "მედკაპიტალში" გადავედი. ჩემი უბანი დოლიძის ქუჩაზე იყო, მაგრამ მთელ თბილისში მყავდა პაციენტები, რომლებიც ჩემთან სხვადასხვა უბნიდან მოდიოდნენ. როგორი პედიატრი ვარ, ამაზე ისინი უკეთ ისაუბრებენ... როგორც კი ოჯახის ექიმის ინსტიტუტი შემოიღეს, პრაქტიკა გავიარე და 2013 წლამდე, ერთდროულად, პედიატრადაც ვმუშაობდი და ოჯახის ექიმადაც. მერე კი ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა: დავუკავშირდი ერთ-ერთ ცნობილ სამედიცინო კომპანიას და სამსახურიდან წამოსვლა გადავწყვიტე. მსხვილ ამერიკულ კომპანიაში ადამიანების ჯანმრთელობას ვემსახურები. მოკლედ, შეჩვეული ვარ, რომ ადამიანებს უნდა დავეხმარო და ეს პოსტიც ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

- ხომ არ ჯობს, მკითხველი დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ ეს ვირუსი ათასობით ადამიანმა გადაიტანა, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ?

- ვფიქრობ, სიფრთხილე აუცილებელია. მცდარია მოსაზრება, რომ ეს ვირუსი მოგონილია და არ არსებობს. "კოვიდ 19" საკმაოდ სერიოზული ვირუსული ინფექციაა, რადგან უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა გრიპები. ამიტომ ინფიცირდება ამდენი ხალხი, თანაც, ეს ვერაგი ინფექციაა, გართულება შეიძლება უეცრად დაიწყოს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

- სატელეფონო საუბრების დროს თუ შეგხვდათ პაციენტები გართულებული სიმპტომებით?

- დიახ, რამდენიმე პაციენტი ექიმთან არ ყოფილა და დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან ვირუსის საკმაოდ მძიმე ფორმა აქვთ. მათ მოვთხოვე, სასწრაფოდ დაიწყონ რეკვა "112"-ში და კლინიკაში გადაყვანა მოითხოვონ. ახლა ყველა საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული, ექიმებს რესურსი არ ჰყოფნით და ჩვენი ჯანდაცვა ამდენ პაციენტს ვეღარ სწვდება, ამიტომ მსუბუქი ფორმის შემთხვევაში "112"-ში დარეკვისგან თავი უნდა შევიკავოთ და უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ სიმპტომები არ გამოგვეპაროს. ვირუსის გავრცელებაც ჩვენზეა დამოკიდებული: ამ ვირუსს ჩვენი უპასუხისმგებლობით თუ გავავრცელებთ, ვერ გავუმკლავდებით.

- ახლა, როცა ინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია, რით შეიძლება მოსახლეობის დამშვიდება?

- ალბათ იმით, რომ "კოვიდ 19" ბავშვებს მსუბუქი ფორმით გადააქვთ. ეს ჩემი სატელეფონო საუბრებითაც დასტურდება: მათ მსუბუქი სიმპტომები აქვთ და ეს სიმპტომები უცბად, რამდენიმე დღეში ალაგდება ხოლმე. უბრალოდ, ისინი გადამტანები არიან და ამ მხრივ არის საჭირო სიფრთხილე. ვირუსს ახალგაზრდების დიდი ნაწილიც მსუბუქად იტანს, 40-50 წლის ხალხიც ყოჩაღადაა, მისი გადატანა ასაკოვნებს უჭირს, რადგან მათთან დაავადება ცოტა უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

- ამბობენ, რომ სიკვდილიანობა ე.წ. ღორის ან ქათმის გრიპის დროს უფრო მაღალი იყო...

- როცა ეს გრიპები გავრცელდა, მაშინ მოქმედი ექიმი ვიყავი და ყველას 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი გვქონდა. დღეში 30-35 გამოძახებაზე მივდიოდით, გრიპს გადავიტანდით და მერე ჩვეულებრივად ვმუშაობდით. ახლა ეს სიტუაცია აღარ არის. შესაძლოა, ღორის ან ქათმის გრიპის დროს უფრო მეტი ადამიანი კვდებოდა, მაგრამ "კოვიდ 19" უფრო იოლად ვრცელდება, თანაც, სასუნთქ სისტემას ურტყამს. ადრე გრიპს გადაიტანდი და ორგანიზმში არაფერი გრჩებოდა, ახლა კი, 14 დღე შეიძლება ვირუსის მატარებელი და გადამტანი იყო - ეს არის მთავარი სირთულე. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც ამ ყველაფერს აგდებულად უყურებს, ვეტყვი: ეს არის დანაშაული საკუთარი თავისა და სხვების წინაშე. ყველა რეკომენდაცია, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, უნდა შევასრულოთ.

- ვაქცინის შესახებაც ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება. ამაზე რას გვეტყვით?

- ცუდი ტენდენციაა მოდებული სოციალურ ქსელებში: ამბობენ, რომ ეს იქნება მასონური ვაქცინა, რომ ის საშიშია. პირდაპირ ვიტყვი: ვლოცულობ, ეს ვაქცინა მალე შემოვიდეს და პირველი ვიქნები, ვინც მას გაიკეთებს. წარმოგიდგენიათ, თავის დროზე წითელას, დიფთერიის ან პოლიომიელიტის ვაქცინა რომ არ გამოსულიყო?!. რაც დღეს ვართ, იმის ნახევარიც აღარ ვიქნებოდით. მე ბიძაშვილი მყავს, რომელიც პოლიომიელიტზე აცრილი რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება ინვალიდი არ იქნებოდა. რამდენი ადამიანი დაიცვა აცრებმა ხეიბრობისა და სიკვდილისგან, ამაზე რატომ არ ვფიქრობთ?!

- დაბოლოს: თქვენს წამოწყებას სხვა ექიმებმაც მიჰბაძეს - "ფეისბუკში" უკვე რამდენიმე პოსტი გავრცელდა, რომლითაც ისინი პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციებს სთავაზობენ.

- მიხარია, რომ სხვა ექიმებმაც მომბაძეს. ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეგობარი და ახლობელი, შესანიშნავი ექიმი ლელა ჯღამაძეა. ახლა, როცა ოჯახის ექიმებს შეუდარებელი დატვირთვა აქვთ, ყველას მიღება გაუჭირდებათ. ამიტომ, ვისაც მეტი დრო გვაქვს, ვინც შინ ვმუშაობთ, ერთმანეთს უნდა შევეშველოთ. იმედია, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ეს ჩვენი გასავლელი გზაა, რომელიც ყველამ ერთად, ერთმანეთის სიყვარულით და მხარში დგომით უნდა გავიაროთ!

ხათუნა ჩიგოგიძე