ემუქრება თუ არა ქართულ სახელმწიფოს დეფოლტის საფრთხე? - გზაპრესი

ემუქრება თუ არა ქართულ სახელმწიფოს დეფოლტის საფრთხე?

წელს ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი ძალიან გაიზარდა, რის გამოც შეშფოთებას გამოთქვამენ არა მარტო ქართველი ეკონომისტები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები. შემაშფოთებელია ის, რომ 2021 წელს საქართველოს მთავრობის ვალი კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს უფრო მიუახლოვდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 58.79%-ს მიაღწევს, რაც კრიტიკული მაჩვენებელია.

სრულიად განსხვავებული მოლოდინი აქვს საქართველოს მთავრობას, რომელიც გაისად ვალის კლებას პროგნოზირებს: "ქართული ოცნების" მთავრობას იმედი აქვს, რომ წელს, მშპ-თან მიმართებით, ვალის ნიშნული 57.9% იქნება, 2021 წელს კი - 55.9%-მდე შემცირდება. მთავრობაში მომდევნო წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდასაც ელიან.

ციფრებში ასახული რეალობა ასე გამოიყურება: 2020 წლის სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალი 22 მილიარდ ლარზე მეტია, რაც შეეხება ვალის აბსოლუტურ მაჩვენებელს - 2020 წელს ქვეყნის ვალი 8 მილიარდი ლარით გაიზარდა და 29.26 მილიარდ ლარს მიაღწია. სავალუტო ფონდის შეფასებით, მთავრობის ვალის მოცულობა 2021 წლისთვის 31.75 მილიარდამდე გაიზრდება. ფინანსთა სამინისტროშიც ოფიციალურად აღიარებენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს დიდი რაოდენობით ვალის აღება მოუხდა.

რამდენად საგანგაშოა ეს ციფრები სახელმწიფოსთვის? - ამის თაობაზე მკითხველს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე ესაუბრება:

- შევეცდები, ეს პრობლემა რაციონალურად, ემოციების გარეშე განვიხილო. დიახ, საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მრავალი ქვეყნის ვალი აქვს - ამერიკით და გერმანიით დაწყებული, იაპონიით, რუსეთითა და ჩინეთით დამთავრებული. გააჩნია, როდის და რა მიზნით აიღო ეს ვალი ქართულმა სახელმწიფომ. შარშანდელი მდგომარეობით, საშინაო და საგარეო ვალის ჯამური სიდიდე მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) 45 პროცენტის ფარგლებში იყო, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი არია: მშპ შეგვიმცირდა, სამაგიეროდ, სახელმწიფოს მიერ სოციალური ხარჯების გაღების აუცილებლობა გაიზარდა. როცა შემოსავალი მცირდება და ხარჯები იზრდება, სახელმწიფო იძულებული ხდება, სესხი აიღოს. მარტივად აგიხსნით: გავიხსენოთ "მე ბებია, ილიკო და ილარიონი": როცა დაინახეს, რომ ზურიკელას სწავლისთვის ფული არ ჰყოფნიდათ, მისმა უახლოესმა ადამიანებმა ფაქიზოს გაყიდვა გადაწყვიტეს... როდესაც ოჯახს საშინაო ხარჯისთვის ფული აღარ ჰყოფნის, რომელიმე მეზობლისგან სესხულობს. ასევე იქცევა სახელმწიფოც: ის ვალს შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით იღებს და მსესხებელს უმტკიცებს, რისთვის სჭირდება ეს თანხა და როგორ აპირებს მის უკან დაბრუნებას. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც საერთაშორისო ინსტიტუტებმა, და მათ შორის სავალუტო ფონდმა, ხელი გაუმართეს.

GzaPress

- ოპონენტები "ქართული ოცნების" მთავრობას ვალის აღების გამო ხშირად აკრიტიკებენ, რადგან მოსახლეობას ამით შვება არ უგრძნია. რამდენად საფუძვლიანია ეს კრიტიკა?

- ჯერ ერთი, ისინი გადაჭარბებულ რიცხვებს ასახელებენ, მაგრამ მოდი, ვაღიაროთ: ბოლო თვეებში ჩვენს მოსახლეობაში სოლიდური თანხა დაიხარჯა. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? - სოციალური დახმარებები, ექიმებისთვის ფულის ჩარიცხვა და სხვა სამედიცინო ხარჯები, თვითიზოლაციისა და კარანტინისთვის აუცილებელი თანხა. თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკა აპრილში თითქმის 17%-ით შემცირდა და ეს ძალიან დიდი ვარდნა იყო, ნათელი ხდება, რისთვის დაგვჭირდა დამატებითი სახსრების მოზიდვა. კარგია, რომ გაზაფხულზე "კოვიდ 19"-ისგან მოსახლეობის დაცვა შევძელით, მაგრამ მკაცრმა კარანტინმა საქართველოს ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიაყენა. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ კარანტინმა მაინც დადებითი შედეგი მოგვიტანა.

- რატომ?

- გადავხედოთ ჩვენს სამეზობლოს: სომხეთში კორონავირუსის გამო დაღუპულთა რაოდენობა 1300-ია, აზერბაიჯანში - თითქმის 750, ჯერჯერობით ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ექიმების პირვანდელ პროგნოზთან შედარებით შევძელით, 1000-1200-ის სიცოცხლე მაინც გადაგვერჩინა. ალბათ ყველას გვახსოვს, რა უსიამოვნო პროგნოზს აკეთებდნენ ექიმები პანდემიის პირველი ტალღის დროს. ახლა მსოფლიოს უკვე აქვს რაღაც გამოცდილება, რომ ამ დაავადებას ებრძოლოს, შემუშავებულია კოვიდთან ბრძოლის ხერხები და მეთოდები. ჩვენ გაზაფხულზე მოვიგეთ დრო, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ამის გამო ეკონომიკა ძალიან დავაზიანეთ.

- და მაინც, საჭირო იყო ამხელა ვალის აღება?

- შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იყო ამ თანხის გამოყენება, მაგრამ სესხის აღება რომ აუცილებელი იყო, ცხადია. ის მოხმარდა ღონისძიებებს, რომლის გარეშეც ჩვენი საზოგადოება კოვიდისგან დაუცველი დარჩებოდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს თანხა მკაცრი მონიტორინგის საფუძველზე იხარჯება, ამ მონიტორინგს საერთაშორისო ორგანიზაციები და თავად კრედიტორები ახორციელებენ. ვერ დავეთანხმები ბრალდებას, რომ ეს თანხები უაზროდ და უმიზნოდ იხარჯება. ამის საილუსტრაციოდ, წინა ხელისუფლების დროს მომხდარ ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2008 წელს დონორებმა საქართველოს 4,5 მილიარდი დოლარი გამოუყვეს. ამ თანხიდან დევნილთა დაბინავებაზე დაახლოებით 20% გამოიყენეს, დანარჩენი ფული ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, ხოლო ერთი ნაწილი - ვალუტის გასამყარებლად. მიდგომა, რომ სესხად აღებული თანხა ზედაპირულად იხარჯება, დილეტანტურია, უფრო მეტიც, ეს განაწყენებული კაცის პოზიციაა. ფულის ხარჯვის კონტროლის მრავალი გზა და მეთოდი არსებობს, თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფული ხშირად ფორსმაჟორის დროს იხარჯება. ამის კარგი მაგალითია გაზსაცავისთვის აღებული სესხი.

- სესხი ავიღეთ და გაზსაცავი ჯერ კიდევ არ გვაქვს - ამას გულისხმობთ?

- დიახ, სამწუხაროდ, ასეა. ჩვენს მეზობელ სომხეთს ერთი გაზსაცავი აქვს, აზერბაიჯანს - ორი, საქართველოს - არც ერთი. 2008 წლის გაზაფხულზე 500 მილიონი დოლარი ვისესხეთ გაზსაცავის მშენებლობისთვის, მაგრამ მერე აგვისტოს ომი დაიწყო, ეს ფული დაიხარჯა, ვალდებულება კი დარჩა და ახლა იძულებული ვართ, იმ სესხის პროცენტი ვიხადოთ. დაახლოებით იგივე განმეორდა შარშან, როცა ჩვენთან ანგელა მერკელი იყო ჩამოსული. მან საქართველოს გამოუყო 240 მილიონი ევრო გაზსაცავის მშენებლობისთვის, მაგრამ მალე პანდემია დაიწყო და საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ფული აუცილებელი ხარჯების დაფარვას მოხმარდებოდა. სამწუხაროდ, მეორე მცდელობა საქართველოში გაზსაცავის მშენებლობისა წარუმატებლად დასრულდა. ალბათ მომავალში ერთი სესხის აღება კიდევ დაგვჭირდება, რომ გაზსაცავის მშენებლობა ბოლომდე მივიყვანოთ. რა დიდი მნიშვნელობა აქვს გაზსაცავს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ამის ახსნას აღარ დავიწყებ.

GzaPress

- 2021 წელს სახელმწიფო ვალი 60%-იან ნიშნულს მიუახლოვდება. რამ გამოიწვია ეს?

- მე სხვა ციფრსაც დაგისახელებთ: მომავალ წელს ჩვენი ჯამური - ანუ საშინაო და საგარეო ვალი ერთად, 32 მილიარდ ლარს მიაღწევს. ცხადია, აქ წინა წლებში აღებული ვალებიც შედის. ეს ციფრი მეტია, ვიდრე საქართველოს 2014 წლის მთელი მშპ-ი. საგარეო ვალის მომსახურების სიმძიმე იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის იწყება აღებული ვალის მომსახურების დრო. ბევრი არსებული ვალის გადახდის დრო სწორედ 2021 წელს ემთხვევა, მაგალითად: გაზსაცავის მშენებლობისთვის აღებული სესხის გადახდის ვადა 2013 წელი იყო, მერე მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას და ეს თარიღი 2021 წლისთვის გადაიდო. მაშინ სესხად ავიღეთ 500 მილიონი დოლარი და ახლა 900 მილიონი დოლარი გვაქვს გასასტუმრებელი. ვალის გაზრდა დიდწილად დამოკიდებულია ლარის კურსზეც: როდესაც ლარი უცხოურ ვალუტასთან შედარებით უფასურდება, ჩვენ უფრო გვიმძიმდება ვალების მომსახურება, რადგან ისინი დოლარში გვაქვს აღებული. ამიტომ, გაისად ვალების მომსახურებისთვის 2 მილიარდ 640 მილიონი ლარის წარმართვა მოგვიწევს, რაც საბიუჯეტო შემოსავლების მეოთხედზე მეტია და სულაც არ არის ცოტა. თქვენ მეკითხებით - არის თუ არა საგანგაშო ეს ციფრები? ცხადია, რაც უფრო მეტია ვალი, მით უფრო ძნელია მისი მომსახურება. როცა ადამიანს ფეხსაცმელში კენჭი აქვს ჩავარდნილი, რაც უფრო დიდია ეს კენჭი, მით მეტ დისკომფორტს უქმნის სიარულის დროს.

- რითი შეიძლება თავის დამშვიდება ამ სიტუაციაში?

- მსოფლიოში სახელმწიფო არ არსებობს, რომელსაც ვალი არა აქვს, ამიტომ, მთავარი ვალის სიდიდე კი არა, მისი მომსახურების უნარია. აშშ-ისა და სხვა მოწინავე სახელმწიფოების ვალის სიდიდე საათობრივად იზრდება, უბრალოდ, ამ ქვეყნებს ძლიერი ეკონომიკა აქვთ. ოპოზიციის მხარდამჭერი ექსპერტები ამბობენ, ბოლო წლებში ჩვენი ვალის სიდიდემ 3-ჯერ და მეტად მოიმატაო. ეს სწორია, მაგრამ თუ ამ ვალებს ლარში ვიანგარიშებთ. დოლარში ჩვენი სახელმწიფოს ვალი საგანგაშოდ არ არის გაზრდილი, თანაც, ამ ხნის განმავლობაში მარტო ვალი კი არა, ჩვენი მშპ-იც გაიზარდა: როცა ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, მშპ 26 მილიარდამდე იყო, ახლა კი ვვარაუდობთ, რომ 34 მილიარდზე მეტი იქნება, მომავალში უფრო მეტია ნავარაუდევი. ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გაიზარდა. ისიც ცნობილია, რომ ვალის სიდიდემ მშპ-ის 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ჩვენ ჯერ კრიტიკულ ზღვრამდე არ მიგვიღწევია. თანაც, მსოფლიო ბანკმა დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთა და თქვა, რომ საქართველო ამ ვალის თანაფარდობას მშპ-თან წლიდან წლამდე შეამცირებს, რომ ეს ეკონომიკის ზრდის გამო მოხდება. წელს, სექტემბერში, 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ატიპური წელი იყო - პანდემია ჩვენს პრობლემებს ისე დაემატა, როგორც დამწვარს - მდუღარე.

- თუ ლარი უფრო მეტად გაუფასურდება, ალბათ ჩვენი სახელმწიფოს ვალი კიდევ გაიზრდება...

- რა თქმა უნდა, იმის გარანტიას ვერავინ მოგვცემს, რომ ლარი სტაბილური იქნება და არ გაუფასურდება. ამას პოზიტიური ფაქტორები სჭირდება. ასეთ ფაქტორად მე ექსპორტის ზრდა მიმაჩნია: სექტემბერში ჩვენი ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. მარტო თხილის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 75%-ითაა მომატებული. სხვათა შორის, სექტემბერში ფულადმა გზავნილებმაც მოიმატა. ეს პოზიტიური შედეგების კრიალოსანია, რომელმაც არ შეიძლება, ეკონომიკაზე კეთილისმყოფელი გავლენა არ იქონიოს.

- ამ ფონზე, აქვს თუ არა საქართველოს გაკოტრების საფრთხე?

- გაკოტრების და დეფოლტის საფრთხე სხვადასხვა პერიოდში მრავალ ქვეყანას ჰქონია: არგენტინას, რუსეთს, მექსიკას... დღეის მდგომარეობით, საქართველოს დეფოლტის საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ გვაქვს საკმარისი პოტენციალი, რომლის გამო საქართველოს მომავალს ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ. მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ ტრაგიკული ჯერ კიდევ არ არის, რადგან ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები და პერსპექტივა ჩანს. ეკონიმიკის ზრდა და ქვეყნის წინსვლა - აი, ეს არის უტყუარი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ეკონომისტები მომავალ წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ვარაუდობენ, მომდევნო წლებში - 5,5%. ეს იმხელა ციფრი არ არის, რომელსაც საქართველო ვერ შესწვდება. მეც სწორედ ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.

ხათუნა ჩიგოგიძე