"შავი ოქრო" ყველგან იაფდება - გზაპრესი

"შავი ოქრო" ყველგან იაფდება

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ნავთობიმპორტიორებს ხშირად საყვედურობს იმის გამო, რომ "შავი ოქრო" ყველგან იაფდება, საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიები კი, ფასების მიზერული შემცირებით კმაყოფილდებიან. ზოგიერთი გაანგარიშებით, ისინი მოგების 60-63-თეთრიან მარჟაზე მუშაობენ - ამხელა მოგება მათ არასდროს მიუღიათ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასის დაცემით მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციები ხეირობენ: მათთვის 1 ლიტრი "პრემიუმის" ტიპის ბენზინის ღირებულება 1,55 ლარია, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი, რიგითი მომხმარებელი უფრო დაბალი ხარისხის "რეგულარის" ტიპის ბენზინს 40-45 თეთრით ძვირად ყიდულობს. ცნობილია ისიც, რომ საქართველოში საწვავის საბითუმო ფასი 1,36 ლარს არ აღემატება. აქედან გამომდინარე, ნავთობიმპორტიორები მოსახლეობის ხარჯზე არნახულ მოგებას იღებენ. ისიც ფაქტია, რომ "პლატცის" მიხედვით, საერთაშორისო ბაზარზე ივლისის შემდეგ ბენზინი 36%-ით გაიაფდა, დიზელი - 31%-ით, საქართველოში კი საწვავის ღირებულება მხოლოდ 7%-ით შემცირდა. ექსპერტები ამას კარტელური შეთანხმებითა და დაბალი კონკურენციით ხსნიან, ხოლო ნავთობიმპორტიორები ამტკიცებენ, რომ ფასი მცირდება, ოღონდ ეტაპობრივად.

ვანო მთვრალაშვილი, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე:

GzaPress- დღეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის რაოდენობა მასზე მოთხოვნას აჭარბებს, რამაც მისი გაიაფება გამოიწვია. მესმის, რომ ფასის გამო ჩვენს ნავთობკომპანიებს ბევრი აკრიტიკებს, თუმცა, ხშირად ეს კრიტიკა არგუმენტირებული არ არის. პირველ რიგში, თქვენს მკითხველს შევეკითხები - ბოლო თვეებში საწვავის გარდა საქართველოში რამე გაიაფდა საერთოდ? მსოფლიოში ნავთობის ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ჩამოსული, ამიტომ ფასი უნდა შემცირდეს და ეს ჩვენს ბაზარზეც უნდა აისახოს, რაც ხდება კიდეც. დავიწყოთ იმით, რომ აგვისტოდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში საწვავის ფასი თანდათან მცირდება. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავი დაახლოებით 25 თეთრით გაიაფდა. დღეს "რეგულარის" ტიპის საწვავი ბრენდირებულ ქსელში შეგვიძლია შევიძინოთ 1,89 ლარად, ხოლო არაბრენდირებულ ავტოსადგურებში ბენზინი კიდევ უფრო იაფი ღირს.

ძალზე მნიშვნელოვანია ლარის გაცვლითი კურსიც. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ სერიოზული გავლენა იქონია ამ პროცესზე. ყველამ იცის, რომ ლარის კურსი დოლართან შედარებით საგრძნობლად დაეცა და ამან სულ მცირე, 10 თეთრით მაინც გააძვირა საწვავის თვითღირებულება. მიუხედავად ამისა, ფასის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო არ არის ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, ამიტომ ნავთობით მდიდარ ქვეყნებს ჩვენ მხარს ვერ ავუბამთ. მართალია, საწვავის ფასის შემცირება გაგრძელდება, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ლარი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყოს, რადგან ეროვნულ ვალუტაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გასაგებია, რომ ქვეყანაში რთული სოციალური ფონია და ხალხი საწვავის გაიაფებას ელის, მაგრამ მოწინავე ქვეყნებიც რომ ნახოთ, იქაც ასეთივე საყვედურები ისმის ნავთობკომპანიების მიმართ. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი ჩვენი მოსახლეობის ამჟამინდელი განწყობა. დღეს ბევრს ლაპარაკობენ კარტელურ გარიგებებზეც, მაგრამ შესაბამისი სამსახური შეისწავლის კარტელური გარიგებების თემას და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხის ირგვლივ ობიექტური დასკვნა გაკეთდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში არსებული საწვავის საცალო ფასი მნიშვნელოვნად იაფია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით; ასევე, პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ნავთობპროდუქტების იმპორტზე არიან დამოკიდებული. მაგალითად, აზერბაიჯანში "პრემიუმისა" და "სუპერის" ტიპის ბენზინის ფასი ჩვენთან არსებულ ფასზე მაღალია, რადგან ეს პროდუქტი ამ ქვეყანაში არ იწარმოება. აქვე უნდა ვთქვა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ყველა კატეგორიის საწვავი ჩვენს საცალო ქსელშიც გაიაფდა - დაახლოებით 3-6 თეთრით ერთ ლიტრზე.

ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკის ექსპერტი, "ჯორჯიან ბიზნესი ინსაიტის" გენერალური დირექტორი:

- საწვავის ქართულ ბაზარზე ნებისმიერი დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ სფეროში კარტელური შეთანხმების ყველა ნიშანი იკვეთება. ამის დამტკიცება ცოტა რთულია, მაგრამ ის ნიშნები, რომლებიც ახასიათებს კარტელურ შეთანხმებას, ახასიათებს ქართულ ბაზარსაც. აქ სიტუაციას აკონტროლებს 5 კომპანია - "ვისოლი", "სოკარი", "ლუკოილი", "გალფი" და "რომპეტროლი". როგორც ჩანს, ყველა ეს კომპანია ერთნაირი წესებით მოქმედებს და ფასებსაც ერთობლივად აკონტროლებს. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში ლარის კურსიც გაუფასურდა, ეს ფასების შემცირებას შეაფერხებს, თუმცა, მთლიანობაში სხვაობა საცალო ფასსა და სახელმწიფოსთვის მისაყიდ ფასს შორის საკმაოდ სოლიდურია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ. მართალია, ისინი ზოგჯერ ფასს ამცირებენ 2-3 ან 5 თეთრითაც, მაგრამ ეს საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის გამო ხდება. თუ ეს ზეგავლენა აქტიური არ არის, არავის ახსენდება, რომ საწვავის ფასი უნდა შეამციროს. ეს სიტუაცია შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როცა ამ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იქნება.

ნოდარ ჭიჭინაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე:

GzaPress- ამ საკითხზე ჩემი პოზიცია უცვლელია: საქართველოში აშკარად შეიმჩნევა კარტელური შეთანხმების ნიშნები და ფასებიც ასე ყალიბდება. გავიხსენოთ, 2-3 წლის წინ რა პრეტენზიებიც ჰქონდა საზოგადოებას ნავთობკომპანიების მიმართ. იგივე დარჩა, აბსოლუტურად უცვლელი სურათი გვაქვს. მთელ მსოფლიოში ნავთობი საგრძნობლად გაიაფდა, საქართველოში კი ფასები მიზერულად შემცირდა. სხვათა შორის, ოციოდე დღის წინ გავაკეთე გათვლა და მაშინდელი მდგომარეობით, საქართველოში ფასები 7 პროცენტითაც კი არ იყო შემცირებული, როცა მსოფლიოში 36%-ით და მეტად შემცირდა. აშშ-ში საწვავი 22 პროცენტით გაიაფდა, ეს დაახლოებით 15 ცენტია - ანუ 25 თეთრზე მეტი. მართალია, იმპორტიორებს თავისი არგუმენტები აქვთ იმის ასახსნელად, თუ რატომ არ იაფდება საქართველოში საწვავი, მაგრამ მათი არგუმენტები ყოველდღიურად კარგავს ძალას. ჩემთვის პირადად შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ საქართველოში საწვავის ფასი საერთაშორისო ფასების მიხედვით დგინდება. ეს არის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა. უფრო მეტიც, ეს - დანაშაულია. ხშირად ამტკიცებენ, როცა ძვირი იყო, საწვავი მაშინ ვიყიდეთ და შემოვიტანეთო. მაინც რა მარაგი აქვთ ამდენი, რომ ვეღარ გამოლიეს და ასე ძვირად ყიდიან? ის, რაც ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე ხდება, არც მორალურ ჩარჩოებში ჯდება და არც - ადამიანურში. ვფიქრობ, იმპორტიორებს რეალური არგუმენტები აღარ აქვთ. რაც იყო "ნაციონალების" დროს, იგივე გრძელდება დღესაც და ახლო მომავალშიც ასე იქნება. თუ კანონმდებლობა არ იქნება, ხელისუფლება ნავთობკომპანიებს ოფისში ვერ შეუვარდება და ვერ უბრძანებს, რომ ფასი დასწიონ. ამას სჭირდება კანონი და კომპეტენტური ორგანოს მიერ შემუშავებული დასკვნა, რომელიც დააფიქსირებს, რომ ქვეყანაში კანონი ირღვევა. უნდა განისაზღვროს შესაბამისი სასჯელი და მერე ვნახავთ, კიდევ გაუჩნდებათ თუ არა ამ კომპანიებს კანონის დარღვევის სურვილი. კომპანიების მოგების ზუსტ ციფრებზე ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან ეს ძალზე დახურული სფეროა. არავინ იცის, როგორია ამ კომპანიების ხარჯების სტრუქტურა, მაშინ, როცა აშშ-ში ყველასათვის ცნობილია, თუ რისგან შედგება საწვავის ფასი - რამდენია მასში ნედლი ნავთობის ფასი, რა თანხა მიდის გადასახადებზე, ტრანსპორტირებაზე და ა.შ. ჩვენთან მსგავსი მონაცემები არ არსებობს და ამიტომაც ვერ ვამბობთ, რისგან შედგება ბენზინის ფასი, რამდენია მასში ადმინისტრირების, ტრანსპორტირების ხარჯი ან სხვა ტიპის ხარჯები. იმედია, რომ კონკურენციის სააგენტო ამ ყველაფერს შეისწავლის და ჩვენთვის ცნობილი გახდება, რაში ვიხდით 2 ლარს. გამორიცხული არ არის, ამ ყველაფრის უკან სერიოზული დანაშაული იმალებოდეს, რომლის გამოც ნავთობკომპანიები შეიძლება კიდეც დააჯარიმონ. მით უმეტეს, კარტელური შეთანხმება სისხლის სამართლის დანაშაულად არის მიჩნეული.

ხათუნა ჩიგოგიძე