დიდი ტანჯვით მოპოვებული მართვის მოწმობები - გზაპრესი

დიდი ტანჯვით მოპოვებული მართვის მოწმობები

ამ ფაქტმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უკვე მერამდენე დღეა, მომსახურების სააგენტოს ათასობით ადამიანი მიაწყდა. ისინი თითქმის მთელი დღე სიცივეში დგანან და გათოშილები მოუთმენლად ელიან რიგს. მართალია, მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა მუდმივად აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და გამოცდის ჩაბარება არ რთულდება, მაგრამ ამ მტკიცების რატომღაც არ სჯერა ხალხს. ზოგს უმართლებს და გახარებული გამოდის საგამოცდო ოთახიდან, ზოგი კი იმედგაცრუებული ტოვებს იქაურობას.

რეალური ვითარების გასარკვევად რუსთავში წავედი. გზაში ახალგაზრდა გოგონა დამემგზავრა. მითხრა, - აქ მეორედ მოვდივარო. "ერთი კვირის წინ ვიყავი, 7 საათი საშინელ რიგში ვიდექი. როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, მეგონა მეშველა, მაგრამ მითხრეს, საბუთებში ხარვეზიაო და ჩემი საბუთები უკან მომცეს. ქუჩას, სადაც ვცხოვრობ, სახელი შეეცვალა, ამიტომ დამიწუნეს პირადობის მოწმობა და ახალი მოწმობის აღება მომთხოვეს. ასე დავკარგე მთელი დღე ტყუილად. ცალკე თემაა იუსტიციის მომსახურების სააგენტოში არსებული რიგები. ახლა ისევ მომიწევს ამ საშინელ რიგში დგომა", - მითხრა მან და დრო რომ არ დაეკარგა, უშველებელი რიგისკენ გაემართა.

შენობის მთელი პერიმეტრი ხალხით იყო გადაჭედილი. წესრიგს სააგენტოს თანამშრომლები იცავდნენ.

- გაყინული ვარ, 6 საათზე აქ ვიყავი და ხედავთ, ჯერ სად ვდგავარ? ვინ იცის, კიდევ რამდენი საათი მომიწევს აქ ყოფნა. სიცივისგან გრძნობა ისე დავკარგე, მგონი, ჩემი სახელი და გვარი დამავიწყდა. არ ვიცი, იქ რომ მივალ, რა უნდა ჩავაბარო ასე გაყინულმა. ავტოსკოლაში დავდიოდი, მომზადებული მქონდა ბილეთები, მაგრამ არ გამიმართლა და პირველ გასვლაზე თეორიაში ჩავიჭერი. პარასკევსაც ვიყავი მოსული, ისეთ საშინელ რიგში ვიდექი დილის 8 საათიდან 4 საათამდე, მაგრამ რეგისტრაციაც ვერ გავიარე, ისე დავბრუნდი სახლში. ახალგაზრდა გოგო ცუდად გახდა, ამან ხალხში პანიკა გამოიწვია, გაღიზიანებულებიც იყვნენ და ისეთი უკონტროლო სიტუაცია შეიქნა, საბუთების მიღება შეწყდა. ამიტომ დღეს ადრე წამოვედი, მაგრამ აქ იმდენი ადამიანი დამხვდა, ნუ იტყვით. დღეს რიგი ძალიან მოწესრიგებულია, თორემ ვეღარ ვსუნთქავდით, ისეთი ჭყლეტა იყო. ხალხი ურიგოდ მიდიოდა, ხოცავდნენ ერთმანეთს. ახლა მეორედ გავდივარ თეორიის გამოცდაზე. სიცივის მიუხედავად, უნდა გავძლო. თან იმას ვნერვიულობ, ბავშვი ბაღში მყავს და მინდა, მოვასწრო თეორიის ჩაბარება, რომ შვილი გამოვიყვანო. თუUიმ დრომდე კიდევ აქ მომიწია ყოფნამ, მეზობელს დავურეკავ ან პედაგოგი წაიყვანს სახლში ბავშვს და იქ მივაკითხავ. სხვა გზა არა მაქვს, ყველაფერი წყალში ჩამეყრება. რაც შეეხება პრაქტიკულს, აუცილებელია იმავე დღესვე გასვლა, თუ არადა, ერთი გასვლა მეკარგება, მაგრამ იქ ახალ რიგში ვერ დავდგები, მირჩევნია, პრაქტიკულის ერთი გასვლა დავკარგო და ჩემს შვილთან გავიქცე, - მითხრა ლელა ნარიმანაშვილმა. მას წარმატება ვუსურვე და იქვე ახლოს მდგარ ახალგაზრდას გავესაუბრე.

GzaPress- ამას წინათაც ვიყავი მოსული, მაგრამ მაშინ ჩემს ძმაკაცს გამოვყევი. უფრო უარესი სიტუაცია იყო, ახლა ნორმალურად რიგში მაინც ვდგავართ. სიბნელე იყო, რომ მოვედით, მაგრამ აქ 200-300 ადამიანი მაინც დაგვხვდა. რახან ბილეთები ნასწავლი მაქვს, არ მინდა, შრომა წყალში ჩამეყაროს. დილით ძალიან ციოდა, მაგრამ გავუძლებთ. თეორია თუ ერთხელ ვერ ჩააბარე, მეორედ 7 დღის შემდეგ შეგიძლია ისევ გასვლა, მაგრამ ერთ კვირაში ახალი ბილეთები იქნება და დღეს ვინც აბარებს, მათთვის გადამწყვეტი დღეა. ამიტომ ყველა ძალიან ნერვიულობს", - მითხრა 18 წლის გიგა გიორგაძემ.

როგორც გავარკვიე, ჯანმრთელობის ცნობის აღება 5 ლარით გააძვირეს თურმე პოლიკლინიკებმა. თუ ადრე 30 ლარი ღირდა, ახლა ხალხს 35 ლარს ახდევინებენ.

საზოგადოების პანიკა ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ ავტოსკოლების თანამშრომლები ახალ ბილეთებში არსებულ შეცდომებზე ალაპარაკდნენ. მათი მტკიცებით, ბევრი შეცდომაა აღმოჩენილი და მათ აღმოფხვრამდე ახალი ბილეთების შემოღება გამართლებულად არ მიაჩნიათ. თუმცა, ამას არ ეთანხმებიან მომსახურების სააგენტოში.

ზურაბ ზუბადალაშვილი, მომსახურების სააგენტოს დირექტორი:

- მართლა არაფერი რთულდება მათთვის, ვინც სწავლობს ბილეთებს. მერწმუნეთ, აღსაქმელად უფრო ადვილია ახალი ბილეთები. ვისაც დაზეპირებული აქვს, იმას ექმნება პრობლემები. უსაფუძვლო პანიკაა ატეხილი. ყველგან ვაცხადებთ, რომ არ რთულდება, ვინც ნახა ახალი ბილეთები, ამაში დარწმუნდა. ისწავლონ, კარგად უნდა ჩააბარონ და კვალიფიციური მძღოლებიც იქნებიან.

- ბატონო ზურაბ, ამბობენ, ბილეთებში თურმე ბევრი უზუსტობაა და ეს შექმნის პრობლემას.

- ყველაფერი წესრიგშია. ერთი შენიშვნა მივიღეთ და ეს უკვე გამოსწორდა. ახალი საგზაო კანონის მიხედვით (რომელიც 2012 წელს ამოქმედდა) არის ბილეთები შედგენილი. ვინც არ იცის ახალი კანონი, ის ამბობს, რომ შეცდომაა. კანონმდებლობით ვსარგებლობთ. არ უარვყოფთ, რომ ტექნიკური ხასიათის შეცდომები იყო. სულ 15 ბილეთში დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა, ეს გამოსწორდა. თუ რამე კიდევ გამოჩნდა, ისიც გამოსწორდება. რიგები ძალიან მოწესრიგებულია. ამას თქვენც ხედავთ. ვისაც საკითხები დაზეპირებული აქვს, ისინი ცდილობენ, ახლა მოასწრონ.

- ამბობენ, პრაქტიკული გამოცდა გართულდებაო, ეს სიმართლეა?

- ამ ეტაპზე არაფერი იცვლება, მაგრამ სამომავლოდ ესეც იგეგმება. ვადებს ჯერ ვერ გეტყვით. პრაქტიკული გამოცდის გატანა ქუჩაში მოხდება. პრაქტიკულსაც იზეპირებდნენ, მერე ქუჩაში ვერ ატარებდნენ მანქანას. ვინც აიღებს მართვის მოწმობას, მან მართლა უნდა იცოდეს მანქანის კარგად მართვა... დღეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვმუშაობთ. 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიყვანეთ თანამშრომლები, რადგან ამხელა რიგებია. არ გვინდა, ხალხი უკმაყოფილო იყოს. 15 დეკემბრამდე არასამუშაო დროსაც მოვემსახურებით. მართალია, ხალხი პანიკას აჰყვა, მაგრამ ჩვენ მაინც ვემსახურებით. ხედავთ, რამხელა ცოცხალი რიგია? ბევრი ვერ ახერხებს რიგში დგომას, მათთვის წინასწარ ჩაწერები გავაკეთეთ.

- რამდენად მომზადებულები არიან, ბევრი იჭრება თეორიულ გამოცდაზე?

- ბევრი იჭრება. იცით, ფიზიკურად ჩარევა გამორიცხულია. სისტემა არეგულირებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდას. ვიდეოთვალი ყველგან აყენია. მოქალაქეებს ვურჩევ, ახალი ბილეთები ნახონ ჩვენს საიტზე და ნუ იჩქარებენ, თავისუფლად ჩააბარონ მომავალშიც. არანაირი შეფერხება არ არის. დღეში დაახლოებით 650-700 ადამიანი გადის თეორიის გამოცდაზე, მერე გადიან ისინი პრაქტიკაზეც. ერთი თვის განმავლობაში პრაქტიკულზე უფასოდ 5 გასვლის უფლება აქვს მოქალაქეს. ხშირად ხუთივე გასვლას იყენებენ. სამუშაო საათები ასე იმიტომ გავზარდეთ, რომ უკმაყოფილო არ იყოს ხალხი. 5-ის ნახევრამდე არის საბუთების მიღება თეორიაზე. თეორიის შემდეგ პრაქტიკულზე გასვლას ბევრი ვერ ახერხებდა, ამიტომ ერთი გასვლა ეკარგებოდათ. ეს რომ არ მომხდარიყო, ვინც თეორიას ჩააბარებს, მას იმავე დღეს შეუძლია პრაქტიკულის გამოცდაზე გასვლა. სანამ ბოლო მსურველი არ გაივლის პრაქტიკას, მანამდე მიიღებენ მას გამოცდაზე. თანამშრომლები გარეთაც არეგულირებენ სიტუაციას, რიგებიც მოწესრიგებულია და ერთმანეთსაც აღარ ხოცავენ. წინა კვირას კატასტროფული მდგომარეობა იყო. ეს კი ყველამ იცოდეს, თუ გააზრებულად არ ეცოდინებათ ახალი ბილეთები, მაშინ გამოცდაზე გასვლას აზრი არ ექნება.

P.S. პრაქტიკული გამოცდიდან ბევრი ყურებჩამოყრილი გამოდიოდა, რადგან იჭრებოდნენ. ვინც აბარებდა, მათ ხალხი ოვაციებით ხვდებოდა და გახარებული ტოვებდნენ იქაურობას, რადგან დიდი ტანჯვის შემდეგ ნანატრი მართვის მოწმობა აიღეს.

თეა ხურცილავა