"ჭაობში ვართ და მასში ყოველდღიურად უფრო და უფრო ვიძირებით" - გზაპრესი

"ჭაობში ვართ და მასში ყოველდღიურად უფრო და უფრო ვიძირებით"

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო ე.წ. კატალუნიის ჟენერალიტეტისგან ოფიციალური თანხმობა აქციის გამართვის თაობაზე და საქართველოში მიმდინარე აქციის პარალელურად, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაშიც გაიმართა საპროტესტო აქცია "ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით". აქ შეკრებილი ემიგრანტები ამბობდნენ, რომ აპროტესტებდნენ ხმებისა და მათი მომავალი თაობებისთვის მომავლის მოპარვას.

ემიგრანტები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მშვიდობიანი გზით გადააბარონ სადავეები იმ ადამიანებს, რომლებსაც ხალხი რეალურად ირჩევს.

"ემიგრანტები დიდი ძალაა და ნურავინ გამოცდის ჩვენს ნერვებს. ნუ გაგვამწარებენ. საქართველო ჩვენზე დგას და ნუ გვაიძულებენ, ყველა ერთად დავირაზმოთ ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ყველა გოჯი მიწა გვიყვარს და არ დავუთმობთ ყორნებს საძიძგნად", - გვეუბნება აქციაზე საკუთარი არჩევანის დასაცავად მისული ემიგრანტი...

აქციის ორგანიზატორი იყო ენმ-ის წევრი გიორგი ნოზაძე, რომელმაც გვითხრა, რომ ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი და იქამდე დადგებიან ერთ მუშტად შეკრულები, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება. მიუხედავად იმისა, როგორც თვითონ ამბობს, ვიღაცები ემუქრებიან, მაინც არ შეჩერდება.

- ყოველთვის შევიკრიბებით ჩვენი სამშობლოსა და ახალი თაობების მომავლის დასაცავად. ივანიშვილის მონური რეჟიმი უნდა დასრულდეს; უნდა შეიგნოს ამ ადამიანმა, რომ საქართველო გვეკუთვნის ჩვენ, ხალხს და არა მას, ერთ ადამიანს.

- ოპოზიცია უკვე ზედიზედ, მესამე არჩევნებს იგებს ბარსელონაში. როგორ გგონიათ, რატომ?

- რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი მესიჯია საკონსულოსა და საელჩოების მიმართ. არჩევნებზე მოსული ემიგრანტები, საკონსულოებსა და საელჩოებს ამით ეუბნებიან, რომ ისინი მათი მუშაობითაც უკმაყოფილოები არიან. არ შეიძლება ჩინოვნიკმა ხალხზე არ იზრუნოს. ისინი ჩვენი კეთილდღეობისთვის უნდა მუშაობდნენ. კარგი იქნება, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბატონი ელჩი თუ დაინტერესდება ბარსელონის საკონსულოს მუშაობით...

- თქვენ მიმართ არაერთხელ გაისმა მუქარა და ბოლოს გთავაზობდნენ "ერთი ერთზე" შეხვედრას. ვინ არიან ეს ადამიანები და რას აპირებთ? განაცხადეთ თუ არა პოლიციაში თქვენზე განხორციელებული მუქარის შესახებ?

- არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ არაერთხელ დამემუქრნენ და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასაც მაბრალებდნენ. ალბათ გახსოვთ ის ჩანაწერები, რომელიც ჩემი სახელით გამოქვეყნდა... ამის შემდეგ, რატომღაც აღარაფერი მიკვირს. მუქარის მიუხედავად, ვაგრძელებ ბრძოლას ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და მზად ვარ, საქართველოშიც დავბრუნდე, თუ ეს საჭირო გახდება და ჩემი ხალხის გვერდით დავდგე.

ემიგრანტების განწყობა წარმოუდგენლად ოპტიმისტურია. ისინი მზად არიან, თუნდაც სამშობლოში დაბრუნებით დაიცვან საკუთარი არჩევანი:

- აქციაზე ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მოვედით. ამ ხელისუფლებამ და პირადად ივანიშვილმა უნდა შეიგნოს, რომ საქართველო ჩვენია და არა მისი. დასრულდა მისი მმართველობა და უნდა წაბრძანდეს იქ, საიდანაც მოვიდა.

- ხშირად ემიგრანტების მიმართ კრიტიკული შეფასებები ისმის. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- ჩვენ, ემიგრანტებს დიდი ძალა გვაქვს. აბა, გვიპასუხოს ამ მთავრობის წევრებმა და იმ ადამიანებმაც, რომლებიც გვაკრიტიკებენ და გვეუბნებიან, - აქ ჩამოდით, მანდედან რომ ყვირითო, - მართლა ყველა რომ დავბრუნდეთ უკან, რას აპირებენ მერე?! ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე უარი არ გვითქვამს და ისედაც დაჩაგრულ ემიგრანტს წიხლის დაჭერა აღარ სჭირდება.

- აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

- ყველა ემიგრანტი ფიქრობს და ოცნებობს საქართველოში დაბრუნდეს, მაგრამ როდესაც ემიგრაციაში მიდიხარ, ვერ აცნობიერებ, რამდენად არასწორ გადაწყვეტილებას იღებ. ჩვენ ყველა ერთად, ერთ დიდ ჭაობში ვართ და მასში ყოველდღიურად უფრო და უფრო ვიძირებით, დამხმარე არავინ გვყავს. არც ერთმა ხელისუფლებამ არ გამოგვიწოდა ხელი ემიგრანტებს, ამ ჭაობიდან რომ ამოვეყვანეთ. ემიგრანტობა ცოცხლად დამარხვას ნიშნავს და ეს ადამიანები, ვინც ტალახს გვესვრიან, მათი არასწორი განცხადებებით უფრო ღრმად გვმარხავენ.

- რა სჭირდება ემიგრანტს სამშობლოში დასაბრუნებლად?

- იაფი კრედიტი სახლების შესაძენად. ასევე სტუდენტებზე შეღავათები, რომ ჩვენ, დედებმა შევძლოთ ჩვენს ოჯახში დაბრუნება. თუმცა, ამაზე არავინ ზრუნავს. პირადად მე, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გავხდი ემიგრანტი, არც იმას ვიტყვი, რომ მაშინ კარგი ცხოვრება გვქონდა. არა, მაგრამ ახლა უარესია და ამის შეცვლას ვითხოვთ.

ფიქრია რობაქიძე

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან