იაკუტიელი ქალი "სიცივის პოლუსიდან" სიყვარულს გვიხსნის - გზაპრესი

იაკუტიელი ქალი "სიცივის პოლუსიდან" სიყვარულს გვიხსნის

რამდენიმე წლის წინ, იაკუტიაში ჩასულმა ერთ-ერთ საკონცერტო პროგრამაში ქართული ცეკვა ნახა და ბავშვობაში საქართველოზე მოსმენილის საკუთარი თვალით ნახვა მოუნდა. ამის შემდეგ ტატიანა ლეპსოვამ საახალწლოდ დაგეგმილი მარშრუტი შეცვალა, საქართველოში ჩამოვიდა და "მოიწამლა" კიდეც, ამიტომ აქ საცხოვრებლად გადმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. დროებით სამშობლოში დაბრუნებულ იაკუტიელს ინტერნეტით დავუკავშირდით.

- ერთ-ერთ კონცერტზე ქართველების მიერ შესრულებული ფოლკლორული შედევრი - რამდენიმე ცეცხლოვანი ცეკვა ვნახე. ამავე კონცერტზე მოვისმინე უკვდავი სიმღერა "სულიკო". მივხვდი, რომ ეს ქვეყანა ახლოს უნდა გამეცნო... ბებიისგან ბევრი რამ მქონდა თქვენს ქვეყანაზე მოსმენილი, ჩემი დიდი ბაბუა წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. გავარკვიე, რომ ჩემი დიდი ბაბუა, სამი თაობის წინა წინაპარი, რომელმაც იაკუტსკის სასულიერო სემინარია დაამთავრა, საქართველოში წასულა, იქაური გოგო შეირთო ცოლად, სამშობლოში, სახას რესპუბლიკაში დაბრუნდა, სადაც საკვირაო სასულიერო სკოლა დააარსა, ნათლავდა ბავშვებს, ასწავლიდა მათ და დიდი პატივისცემით სარგებლობდა. მისმა საშინაო სკოლამ გასაბჭოებამდე იარსება. წინაპრების გადმოცემით, ერთ დღეს თუ მის სახლს ნამდვილი ყაჩაღები ძარცვავდნენ, მეორე დღეს ბოლშევიკები არბევდნენ. წაიღეს საეკლესიო წიგნები, ნივთები, სამოსი. არავინ იცის, ცოლ-ქმარი სად გააქრეს... დიდი ბებია რელიგიური ოჯახის გამო, მთელი ცხოვრება ისჯებოდა, არ იღებდნენ კომუნისტურ პარტიაში, დევნიდნენ და ავიწროებდნენ... როგორც გითხარით, მისი წყალობით ქართული სისხლიც გვირევია... ბებიის პატივსაცემად, რომელიც საქართველოზე ხშირად საუბრობდა, ვისწავლე "სულიკო", რომელსაც რუსულად ვმღეროდი, რადგან მაშინ ქართული არ ვიცოდი... ჩემი ხალხი ლაღი, მხიარული და ემოციური ქართველებისგან სრულიად განსხვავებულია - ჩაკეტილი, ჩუმად მოსაუბრე და მშვიდები არიან. ემოციას არასდროს გამოხატავენ, ამიტომ ქართული ტემპერამენტი განსაკუთრებით გამორჩეულად ვიგრძენი. ერთი სიტყვით, საახალწლოდ ინდოეთში, კუნძულ გოაზე გამგზავრებას ვაპირებდი, მაგრამ ბილეთი საქართველოს მიმართულებით გადავცვალე და იმ ერთმა კვირამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ახალი წლის დღეებში დაუვიწყარი კვირა გავატარე, მოვინახულე თბილისი, კახეთი, ყაზბეგი, ბორჯომი... საქართველო კი არ შემიყვარდა, გადავირიე იქაურობაზე. ყველგან, სადაც კი მივდიოდი, ქართულ სიმღერებს ვუსმენდი, ქალაქურს, ფოლკლორს... ამდენი უძველესი ეკლესია-მონასტერი მანამდე არასდროს მენახა. ბევრი მიზეზი მქონდა და ვირწმუნე, რომ საქართველოში ჩემი ჩამოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა. სამშობლოში დაბრუნებისას, თვითმფრინავი რომ აფრინდა და საქართველო ზემოდან დავინახე, ისე დამენანა, ხმამაღლა ავტირდი. ერთი სიტყვით, დაბრუნებიდან ერთ კვირაში მივხვდი, რომ სულ იქაურობაზე მეფიქრებოდა, ავიღე ბილეთი და უკან დავბრუნდი.

GzaPress

- უკვე არა ტურისტის სტატუსით, არა?

- დიახ, მინდოდა, იქ უფრო შინაურად მეგრძნო თავი. მეგობრები ჩამყავდა საქართველოში, ვუყვებოდი ამ ზღაპრულ მხარეზე; ვეუბნებოდი, რომ სინამდვილეში იმაზე ლამაზია, ვიდრე ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს. ჩავუჯექი მის ისტორიას, ოღონდ - არა ზოგადად, კუთხეებსა და რეგიონებს კი არა, - ტრადიციებზე, ადათ-წესებზე დავიწყე ინფორმაციის მოძიება. თავადაც ვაკეთებდი ვიდეორგოლებს, ფოტოკოლაჟებს, ასევე დავიწყე ქართულის სწავლა, რომელიც საყველპურო დონეზე ვისწავლე და სადაც კი მოვხვდებოდი, ონლაინჩართვებს ვაკეთებდი. გავიცანი და დავიმეგობრე უამრავი ადგილობრივი და მათთან ვმღეროდი "თბილისოს"... თუ იაკუტიაში ჩავდივარ, თან მიმაქვს ქართული სასუსნავები: ჩურჩხელა, გოზინაყი, ჩირები, ტყემალი, ღვინო, ჭაჭა... ტიპური, სიტყვაძვირი იაკუტიელი არასდროს ვყოფილვარ. სულ მეუბნებოდნენ, - რამდენს და რა ხმამაღლა საუბრობო! - ალბათ იმიტომ, ქართული სისხლი მირევია. ამიტომაც, საქართველოში იმაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე საკუთარ სახლში.

- რას საქმიანობთ?

- ორი პროფესია მაქვს, მათემატიკოსი და ფინანსისტ-ეკონომისტი ვარ. ახლა უკვე ვხუმრობ, რომ - "საქართველოისტიც". რახან დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა მაქვს, თვეების განმავლობაში საქართველოში ვრჩები, ხან მარტო, ხან იქაურ მეგობრებთან ერთად ფეხით ან ტრანსპორტით დავდივარ... გამოვარჩევ სვანეთს, რომელიც მართლაც ზღაპრული მხარეა. ეს არის ადგილი, სადაც დარჩენილ ცხოვრებას სიამოვნებით გავატარებდი და მაქვს კიდეც გეგმაში. იქ, ჩემს მასპინძლებთან, რომლებიც უკვე ჩემი ოჯახივითაა, მეგობრებიც ჩამყავს და ვცდილობ, ტურიზმის განვითარებაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო. წელს პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა. იმედია, ყველაფერი მალე გაივლის... ჩემი ქალიშვილი მეუბნება, საქართველო უფრო კარგად იცი, ვიდრე შენი ქვეყანაო. ნამდვილად ასეა - სვანეთი ნაბიჯ-ნაბიჯ შემოვიარე სხვადასხვა სეზონზე. ისიც ჩამყავს, როცა სცალია და ჩემსავით გიჟდება იქაურობაზე. ძალიან მიყვარს მთები. როდესაც მთებს ვხედავ, ყველანაირი ცუდი ემოცია ქრება. ჩემს ყველა მეგობარს ვეუბნები - თქვენ არ იცით, რა ზღაპრულ ქვეყანაში ცხოვრობთ-მეთქი... როდესაც ჩემს ქვეყანაში ვარ, ვცდილობ, ქართველებთან მუდმივი კონტაქტი მქონდეს. იაკუტსკში ექვსი ქართველი ვიპოვე, ერთმანეთი გავიცანით და საქართველოზე ვსაუბრობთ ხოლმე. ფრენები რომ იზღუდება, ლარსის გზით ჩავდივარ. ყოფილა შემთხვევა, 48 საათი გზაში ვყოფილვარ, მაგრამ როგორც კი იმ მიწაზე ფეხს დავადგამ, ვხვდები, რომ მიღირს.

- თქვენს ქვეყანაზეც გვიამბეთ.

- სახას რესპუბლიკა არის ქვეყანა, სადაც უზარმაზარი ტერიტორია ტუნდრასა და ტაიგას უკავია. არის ადგილები, სადაც ცხოვრება არ შეიძლება, ამიტომ ცივილიზაციის ნიშნებსაც ვერ ნახავთ. ზამთარში ტემპერატურა მინუს 72-მდე ეცემა, ამიტომ უამრავი დასახლებული პუნქტი იცლება, - მოსახლეობა ვერ ძლებს. მოქმედებს შეზღუდვა. სპეციალური ტანსაცმლით ვიმოსებით, ბეწვიანი, ყელიანი ფეხსაცმლით, ლაბადითა და ქუდით, რომ ქუჩაში გამოსვლისთანავე არ გავიყინოთ. არც ისე დიდი ხნის წინ ვიყავი დედამიწის ე.წ. სიცივის პოლუსზე, სოფელ ოიმიაკონში, რომელიც ბევრისთვის გაუსაძლისი ადგილია, თუმცა უკაცრიელი არ არის. 2016 წელთან შედარებით, მოსახლეობა შემცირდა, მაგრამ არ დაცარიელებულა. ადამიანები სამსახურებში, ბავშვები სკოლაში მინუს 50 გრადუსზე დადიან. უფრო დაბალ ტემპერატურაზე კი ყველა დაწესებულება იკეტება, რადგან შეიძლება, ადამიანს ცივი ჰაერის მხოლოდ ერთი შესუნთქვით ფილტვები გაეყინოს.

ოიმიაკონში ძირითადად, რუსები და იაკუტები ცხოვრობენ, ასევე, მცირე რაოდენობით უკრაინელები. ტურისტებიც ხშირად ჩადიან. ადგილობრივები გადაადგილებისთვის იყენებენ ირმებს, რომლებიც მარხილში ჰყავთ ჩაბმული. ცხოველებს იაკუტები თავად მოაშენებენ... მანქანებს სოფლებში ფაქტობრივად ვერ იყენებენ... საბჭოთა წლებში იქ ციხეც იყო, სადაც განსაკუთრებით საშიშ ან ასევე სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით არასასურველ პერსონებს გზავნიდნენ. ბევრმა იქაურ პირობებს ვერ გაუძლო... არსებობს მუზეუმი, სადაც თავმოყრილია იმ მწერლების, პოეტების, მხატვრებისა და დისიდენტების ნამუშევრები, რომლებიც სტალინის რეპრესიების წლებში იმ ტერიტორიაზე იხდიდნენ სასჯელს...

GzaPress

- საინტერესოა, ქართული კვალი არის?

- ჯერჯერობით ვერ ვიპოვე, როგორც კი შესაძლებლობა მექნება, ვაპირებ, უფრო საფუძვლიანად მოვძებნო. ამას დრო უნდა, მე კი, დრო გამომიჩნდება თუ არა, საქართველოში გამოვრბივარ.

- ახლა თქვენთან როგორი ამინდია?

- ახლა ჩვენთან მინუს 25 გრადუსამდეა ტემპერატურა, ზამთარში კი, ველით, რომ 45-47-მდე დაეცემა. მანქანები რომ ჩაივლიან, ბოლი სიცივეში ზოლს ტოვებს. სახლები პირდაპირ მიწაზე არ შენდება, რადგან ბინადრები გაიყინებიან, გზებიც სპეციფიკური წესებით შენდება, ისევე, როგორც წყლისა და საკანალიზაციო მილები, რათა წყალი არ გაიყინოს...

- როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები, რა არის შემოსავლის ძირითადი წყარო?

- ვერ ვიტყვი, რომ ღარიბი რეგიონია. უამრავი სახეობის ლითონი მოიპოვება და ადამიანები დასაქმებული არიან. ასევე მისდევენ სოფლის მეურნეობას, ამზადებენ და ყიდიან რძის პროდუქტებს, გამოყვანილ თევზეულსა და ხორც-პროდუქტს. ბეწვის სამოსში შეფუთნულები დადიან სამსახურებში. ძალიან მრავალფეროვანი ზღვის პროდუქტები გვაქვს, განსაკუთრებით გამოვარჩევ თევზს.

ქართული კერძები მიყვარს და ვცდილობ, ჩემს ქვეყანაშიც მოვამზადო, განსაკუთრებით - ხაჭაპური, რაზეც ჩემს აქაურ მეგობრებს ვეპატიჟები ხოლმე, ჩვენებურ რძიან ჩაისთან ერთად მივირთმევთ. ბევრი მათგანი უკვე ნამყოფია საქართველოში და იქაურ ამბებს ვიხსენებთ ხოლმე... ძალიან მომეწონა ქართული კალმახი, მაგრამ იქ სულ მაკლდა ჩვენებური თევზი და მისგან მომზადებული კერძები. ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ძირითადად, ტრადიციული ცხელი წვნიანი საკვები გვაქვს, რომელიც ხორცეულით და ზღვის პროდუქტებით მზადდება. ჩემთვის ბედნიერებაა, როდესაც მე და ჩემი ქართველი მეგობრები ონლაინ ვამზადებთ ერთმანეთის ტრადიციულ კერძებს... როგორც კი აქაურ საქმეებს მოვილევ, აუცილებლად გავეშურები საქართველოსკენ, ოღონდ რამდენი ხნით, ეს წინასწარ არასდროს ვიცი, - ზოგჯერ ორი კვირით ჩასული 5-6 თვეს დავრჩენილვარ. ჩემი სიბერის წლები აუცილებლად საქართველოში წარმომიდგენია, რომელიმე სოფელში, ჩემს ქართველ მეგობრებთან, ბუხრიან სახლში, ჩაისა და გემრიელი ქართული კერძების თანხლებით... ასე რომ, დროებით გემშვიდობებით, ჩემო საყვარელო საქართველო, აუცილებლად დავბრუნდები.

ლალი პაპასკირი