როგორ ახერხებენ ევროპელები "კოვიდ-19"-ით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას - გზაპრესი

როგორ ახერხებენ ევროპელები "კოვიდ-19"-ით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას

წლებია ქართველები არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ, არიან ძიძები, ე.წ. ოპერები, მომვლელები, მიმტანები, მშენებლები... პანდემიის გამო ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა, ზოგს შრომის ანაზღაურება შეუმცირდა, თუმცა გამონაკლისებს ეს არ შეხებიათ...

ქართველი ემიგრანტები "გზასთან" საუბრისას ჰყვებიან, როგორ ცხოვრობენ მათი მასპინძლები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში და რა შეიცვალა მათთვის.

ანა კორკელია, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი:

- ოჯახს, სადაც ვმუშაობ, მცირე ბიზნესი აქვს, შოკოლადების მაღაზია, პატარა კაფეთი... მე მათი შვილის მეთვალყურეობა მევალება, ოღონდ 5 საათის შემდეგ: გამომყავს სკოლიდან, ვასადილებ, 45 წუთით გავასეირნებ და შინ მომყავს. მანამდე, დილის 9-დან 14:00-მდე შოკოლადის მაღაზიაში ვმუშაობ. შეიძლება ითქვას, მათთვის ოჯახის წევრივით ვარ. ფრანგები დიდი ხელგაშლილობით არ გამოირჩევიან, გულუხვობას მხოლოდ იმის მიმართ გამოხატავენ, ვინც თავისიანად მიაჩნიათ, ოღონდ - დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ... ყოველთვის, როდესაც ოჯახი საყიდლებზე მიდიოდა, აუცილებლად თან მივყავდი, ან წასვლას თუ ვერ ვახერხებდი, თავად მოჰქონდათ რამე, თუნდაც თმის მოვლის საშუალება ან პომადა... ფულსაც მჩუქნიდნენ. ახალი რეგულაციების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები მძიმედ აისახა მათ ბიზნესზე. ამას დაემატა ისიც, რომ ორივე მათგანი შეზღუდვების წინააღმდეგ დაწესებულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, რის შედეგადაც, 24 საათით დააკავეს და ფინანსური სანქციებიც დააკისრეს. ერთი სიტყვით, ეს ძალიან საქმიანი, გონიერი და საინტერესო წყვილი, რომელმაც ყოველი წუთის ფასი კარგად იცოდა, კალაპოტიდან ამოვარდა. შეზღუდვებმა სერიოზულად დაარტყა მათ ბიზნესს, შემოსავალი შეუმცირდათ და ეს მათ განწყობაზეც აისახა. ჯერ ერთმანეთთან დაეძაბათ ურთიერთობა, ბევრს კამათობდნენ წვრილმანებზე, ხან ერთი და ხან მეორე სახლიდან გარბოდა და რამდენიმე დღის შემდეგ ბრუნდებოდა; ამის შემყურე ბავშვიც ძალიან დაიძაბა... თავაზიანი ახალგაზრდები სრულიად სხვა ადამიანებად იქცნენ და უბოდიშოდ გამომიცხადეს - ხარჯი უნდა შევამციროთ და ეს შენს გასამრჯელოზეც აისახება, თუ გიღირს, დარჩი, თუ არადა, პრეტენზიებს ვერ მივიღებთო... გავშრი. 100 ევროს დაკლება ისე არ მწყენია, როგორც უხეში ტონი. ძლივს ამოვღერღე, - ასე სწრაფად წასასვლელი არსად მაქვს და ცოტა ხანს დავრჩები-მეთქი. ამის შემდეგ დაიწყო ტოტალური კონტროლი - დენზე, წყალზე, საკვებზე... ბევრი პური იხარჯება, ყოველდღე ბანაობა რა საჭიროა, ამდენი შაქარი, მარილი, ყავა - კუდში დამყვებოდა ჩემი ტოლი გოგონა, დიასახლისი, რომლის შვილსაც მართლა შვილივით ვუვლიდი. მაშინ მივხვდი, რომ ჩემთან კომფორტულად იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საიმედო ვიყავი მათთვის, როგორც კი დისკომფორტი შეექმნათ, მაშინვე ისეთები გახდნენ, როგორიც სინამდვილეში არიან... ერთხელ ჩემმა 11 წლის "შვილობილმა" მითხრა, - ძალიან ბევრ ყავას სვამ და ბევრი შაქარი იხარჯებაო. ამ კრიზისის დროს გადავეჩვიე შაქრიან ჩაის, ყავას, კაკაოს. ამას ერთი პლუსი აქვს - თუ აქამდე ტანჯვით, 2-3 თვეში 2 კგ-ს ძლივს ვიკლებდი, ორთვე-ნახევარში 15 კგ-მდე დავიკელი. წნეხი იმდენად დიდი იყო, ვერ გავუძელი. ახლა დროებით უმუშევარი ვარ.

გიო კევლიშვილი, იტალიაში მცხოვრები ქართველი:

- 15 წელია, იტალიაში ვცხოვრობ. იმდენნაირ ოჯახში, რესტორანში, კაფე-ბარში, ღამის კლუბში, ძაღლების კლუბში, მაღაზიასა და სხვა დაწესებულებაში მიმუშავია, მეგონა, არაფერი გამაკვირვებდა. მიცხოვრია საკუჭნაოში, როდესაც ერთ-ერთ ოჯახში ძაღლებს ვუვლიდი; სათავსში, სადაც ათასი ხარახურა ეყარა, მაგრამ კომფორტიც შეუქმნიათ. გრამობითაც დაუთვლიათ საკვები და ისეთი სიტუაციაც ყოფილა, კვირების განმავლობაში მხოლოდ პასტასა და ყავას მიირთმევდნენ... ბოლო წელია იმდენად კარგ ოჯახში ვარ, ასე მგონია, რამდენიმეწლიანი წვალებისთვის ღმერთმა კეთილი თვალით გადმომხედა. ქალაქის გარეუბანში მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს ვუვლი, უფრო სწორად, ყველა ერთმანეთს ვუვლით, ვამხიარულებთ და ვახალისებთ. კვირაში ორ-სამჯერ ოჯახის კუთვნილი მანქანით მივდივართ საყიდლებზე, დაბადების დღეებზე, მხიარულ ღონისძიებებზე. ახლა გაუჭირდათ, მაგრამ თავადაც ბევრს იკლებენ და მეც არ შემიძლია, ისე ვიცხოვრო, თითქოს ეს ყველაფერი არ მეხება, რაც ძალიან უკვირთ. სულ მეუბნებიან, - შენ რა შუაში ხარ, თავს ნუ შეიზღუდავო, - მაგრამ არ ვკადრულობ... მგონი, უფრო ძვირფასი და ახლობელი გავხდი მათთვის. შეზღუდვების გამო გასვლით ღონისძიებებს ვეღარ ვგეგმავთ, ამიტომ შინ, სახლის კინოთეატრში ვუყურებთ ძველ ფილმებს, კონცერტებს, ტელეგადაცემებს. ამას წინათ მთხოვეს, ჩემ შესახებ მეტი მომეყოლა... ისეთი რამეები გამახსენდა, რის დავიწყებასაც ვცდილობდი. დაძაბული მისმენდნენ. შევამჩნიე, ჩემმა ქალბატონმა როგორ შეიკავა ცრემლები... რამდენიმე კვირის წინ დაბადების დღე მქონდა და მკითხეს, რა გამახარებდა? ვიუარე, არაფერი-მეთქი... ღვინის ჭიქაში, თავიანთი დანაზოგიდან 400 ევრო დამახვედრეს. დამამშვიდეს, ყველაფერი ჩაივლის, მთავარია, განწყობა არ დავკარგოთო. ახლახან ყური მოვკარი, რაღაცაზე მსჯელობდნენ. თურმე ქალბატონის დის ოჯახი დაინფიცირდა და თანხაზე საუბრობდნენ. ოჯახის უფროს მამაკაცს მეგობრულად ვთხოვე, ჩემგან 200 ევრო უნდა აიღოთ, ქალბატონს რომ არ უთხრათ, ისე-მეთქი. ვფიქრობ, მაინც უთხრა. ამათ რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რა ვითარებაში აღმოვჩნდებოდი, ამ კრიზისის დროს სხვანაირ ოჯახში რომ ვყოფილიყავი?.. მზად ვარ, ამ ხალხთან ერთად შავი პური გავიყო, რადგან თავისიანად მიმიჩნევენ.

ნანო, ემიგრანტი, 32 წლის:

- ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუცს ვუვლი. ადრე დიდ სახლში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, ახლა მისი ნათესავები, ცოლ-ქმარი ჩვენთან გადმოვიდნენ, თავიანთი სახლი გააქირავეს, რადგან ფინანსურად "გაიჭედნენ". ცოლს მანამდეც არ მოსწონდა, ამხელა სახლში ეს მოხუცი მომვლელთან ერთად რომ ცხოვრობდა, მაგრამ ქმრის ხათრით ხმას არ იღებდა. ახლა უკვე თავს აღარ იკავებს - 2 ოთახი გამოგვიყო და წარამარა მაფრთხილებს - კომუნალურების თანხამ მოიმატაო. ამას წინათ გამომიცხადა, მოხუცი თავის მოვლის საშუალებებში ძვირს იხდის, შედარებით იაფფასიანი უყიდეო. არადა, მისი პენსიიდან ყიდულობენ და ჩემთვის გადასახდელ თანხასაც მას ართმევენ, მისი დანაზოგიდან. მიუხედავად ამისა, მომთხოვა მისთვის შემეცვალა სტილისტი, მანიკიურისა და პედიკიურის ოსტატი, რომელსაც რეგულაციების დაცვით შინ ვიბარებდით. ვუხსნიდი, - სხვას არ მიიღებს, ასე აქვს გონებაში ჩაბეჭდილი-მეთქი. მიპასუხა, - მაშინ საერთოდ არავინ მოვიყვანოთო... დღეში ასჯერ მაინც გვახსენებს - ნათურები გამორთეთ, ტელევიზორი დიდხანს არ ჩართოთ, სააბაზანოში ამდენ ხანს რას აკეთებთ, წყალი ძვირიაო... იცის, რომ მოხუცთან ჩხუბს აზრი არა აქვს და მე მომვარდება ხოლმე, როცა ბებია სააბაზანოშია, - ამ დროს ისვენებ და ამიტომ ცდილობ, მოხუცი წყალში რაც შეიძლება მეტხანს იყოსო...

როდესაც ცოლ-ქმარი პრობლემებზე კამათობს, ქალი სთავაზობს, მოხუცი თავშესაფარში გაამწესონ და ამით ჩემი ხელფასის თანხა, 800 ევრო დაზოგონ... მოხუცს ხანდახან მეგობრები აკითხავენ, რაც რძალს პირდაპირ აცოფებს, ვითომ ვირუსის შემოტანის ეშინია, სინამდვილეში, იმ სტუმრების მოსვლით გაწეულ ხარჯს ითვლის... ეს ალცჰაიმერიანი ქალი ძალიან კეთილია და მეგობრებს უყვართ. თუმცა, ვერც ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ვამტყუნებ, შემოსავალი საგრძნობლად შეუმცირდათ, რაც მათი ცხოვრების წესს, კვებას, მაცივარსაც კი დაეტყო... ახალგაზრდა დიასახლისმა ამას წინათ მითხრა, - 7 ვაშლი გიყიდეთ, 5 დღის მარაგია, ფორთოხალი გაძვირდა, მისი წვენი შენ არ დალიო, მოხუცისას კი წყალი გაურიეო. ყავას ხშირად სვამთო, - არადა, ბებიას ძალიან უყვარს და სულ მთხოვს, დავლიოთო. ქმარს ეუბნებოდა, კიდევ კარგი, არ დაგიჯერე და შვილი ჯერ არ გავაჩინეთ, ახლა რა უნდა გვექნაო?!. ულუფები შევამცირეთ, პურს თხლად ვჭრით... მაინც მსაყვედურობს, - ლეპტოპს რა ხშირად ტენი, რას მუშაობ ამდენსო...

ანა, გერმანიაში მცხოვრები ქართველი, 32 წლის:

- ქალმა, რომლის შვილსაც ვუვლი, მეც და მის გოგონასაც თმა შეგვაჭრევინა, - ძალიან გრძელი თმა გაქვთ და ბევრი წყალი იხარჯება, გაშრობისას ფენი დიდხანს გაქვთ ჩართულიო... ამათი წუწურაქობის ამბავი მოვუყევი ოჯახს, სადაც აქამდე ვმუშაობდი და მართლა შვილივით მიმიღო; ჰოდა, "დედობილმა" მითხრა, ახლავე ჩაალაგე ბარგი და ჩვენთან წამოდი, აქ, ახლოს იპოვე რამე სამსახურიო. თვის დასაწყისში ვიღებ ხელფასს, რომელსაც იმედია, მომცემენ და მაშინვე წამოვალ... საქართველოში დაბადებულ-გაზრდილს აქ საკვები ყოველთვის მეცოტავებოდა, მაგრამ ახლა ფაქტობრივად გაანახევრეს კვების რაციონი... ვნატრობდი, ახალი შეზღუდვები არ დაეწესებინათ, სამსახურში გასულიყვნენ, მაგრამ თავად დარჩნენ შინ. ყოველკვირა მოაქვთ იმდენი პური, წყალი, საპონი და სხვა ნივთები, რამდენიც ოთხ სულს გვჭირდება. ჩაის ან ყავის დალევისას ლანგარზე დევს იმდენი ცალი ნამცხვარი, შოკოლადი ან ხილი, რამდენიც ვართ... დეტალებში აქვთ ყველაფერი გათვლილი. მათგან სრულიად განსხვავებული იყო წინა ოჯახი, რომელთანაც 7 წელი ვიცხოვრე და მსგავსი არაფერი მახსენდება. მეტიც, ტანსაცმელს სულ ისინი ყიდულობდნენ. ახლაც მჩუქნიან რაღაცებს, ფულსაც. მათი შვილი, რომელსაც ვუვლიდი, გაიზარდა და ჩემი დახმარება აღარ სჭირდებათ.

GzaPress

ლადო წითაშვილი, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი:

- ნიუ-იორკში ვარ, რამდენიმე თვეა. სწორედ ამ კრიზისის პერიოდი დამემთხვა. დამსაქმებელი ჩემი ახლობელია და არაფერი შემხებია, მაგრამ ბევრ ქართველს გაუჭირდა, სამსახურები დაკარგეს. ვისაც გაუმართლა, სამსახურში მაინც დაიტოვეს, ზოგი - კანონის ძალით, ზოგიც - ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით... კრიზისიაო, ამბობენ, მაგრამ ქუჩები, სკვერები და პარკები სავსეა ხალხით, პირბადე თითქმის არავის უკეთია. ზოგი დემონსტრაციულად არ აღიარებს ვირუსის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, ზოგს უბრალოდ არ უნდა. ამერიკა ხომ ჭრელი ქვეყანაა.

ლალი პაპასკირი