როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი - გზაპრესი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

თამარ ცანავა ერთ-ერთი პირველი იყო იმ ექიმებს შორის, რომლებმაც პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციები შესთავაზეს. როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა და ააფორიაქა? - ამის თაობაზე ქალბატონი თამარი დაწვრილებით გვესაუბრება.

- კორონავირუსი ამას წინათ 102 წლის ქალმა დაამარცხა. ის დასძლიეს სხვა ასაკოვანმა პაციენტებმაც. როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ისე, რომ ვირუსი ვერ მოგვერიოს?

- იმუნიტეტის გაძლიერება რამდენიმე დღეში ან 2-3 კვირაში ვერ ხერხდება, რადგან ჩვენს იმუნიტეტს ჩვენივე ცხოვრების წესი ქმნის. ამიტომ უჭირთ "კოვიდ-19"-ის გადალახვა იმათ, ვისაც მავნე ჩვევები აქვთ ან ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. მავნე ჩვევებში ვგულისხმობ ნარკოტიკებს, ალკოჰოლს და თამბაქოს მოწევას, რადგან ამ ადამიანების იმუნიტეტი ძალიან დაქვეითებულია.

- რისკ-ჯგუფში შედის ის ხალხიც, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აქვს. რა შემთხვევაშია ეს ფაქტორი საგულისხმო?

- როცა დაავადებას ყურადღებას არ აქცევენ და არ მართავენ: დიაბეტიან პაციენტს შაქარი არა აქვს მოწესრიგებული, წნევიანს - წნევა და ა.შ. თუ პაციენტი ამას სათანადოდ აკონტროლებს, "კოვიდ-19"-ს იოლად გადაიტანს. იგივე უნდა ვთქვა წნევაზე ან ონკოლოგიურ დაავადებებზე. ისიც ცნობილია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ვირუსი მსუბუქი ფორმით ხვდება. ჯანმრთელი ორგანიზმის მქონე ადამიანს სიმპტომები აქვს, მაგრამ ამ სიმპტომებს გაცილებით იოლად ერევა.

- გარდა პირბადისა და დისტანციისა, როგორ დავიცვათ თავი ამ ვირუსისგან?

- როცა ადამიანს ჯანსაღი ცხოვრების წესი აქვს, ხშირად არის სუფთა ჰაერზე და სწორად იკვებება, მისი ორგანიზმი უფრო გამძლეა. სწორედ ამის გამო, კორონავირუსს ხშირად 90-100 წლის ადამიანებიც კი ამარცხებენ. ისინი, ძირითადად, სოფელში ცხოვრობენ, ნატურალურ პროდუქტს მიირთმევენ და მთელი ცხოვრება სუფთა ჰაერზე აქვთ გატარებული. ამიტომ, ვინც ქალაქში ცხოვრობს, ჰაერზე დილით ადრე ან საღამოს უნდა გამოვიდეს, როცა გამონაბოლქვი ნაკლებია. სოფლებსა და პატარა ქალაქებში კი ადამიანებმა გარეთ ბევრი დრო უნდა გაატარონ, რადგან ჟანგბადის აქტიური მიწოდება ნიშნავს, რომ ორგანიზმში თვითგაჯანსაღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

- აუცილებელია სითხის მიღება. რატომ?

- სითხის მიღებას თავისი წესები აქვს და ადამიანის წონის მიხედვით განისაზღვრება: თუ 60 კილოგრამს იწონის, 2 ლიტრამდე წყალი უნდა მიიღოს, ხოლო ვინც 100 კილოგრამს იწონის - 3 ლიტრამდე. ოღონდ ეს უნდა იყოს სუფთა წყალი. ბევრი სითხის მიღებისას ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ: როგორ მუშაობს თირკმელები, გული და სხვა ორგანოები, რათა პირიქით, არ დავაზიანოთ ჩვენი ჯანმრთელობა. რისთვის არის საჭირო წყლის მიღება?.. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმი სათანადოდაა სითხით უზრუნველყოფილი და ტოქსინები, რომლებიც მასში საკვებიდან და ჰაერიდან შედის, ნეიტრალდება და გამოიყოფა. ჩვენს ორგანიზმში ჰაერიდან და საკვებიდან უამრავი ნივთიერება ხვდება, რომლებიც მისთვის უცხოა, მერე ეს ნივთიერებები სისხლში გადადის და ხელს უწყობს ჩვენი იმუნიტეტის დასუსტებას.

- ერთ-ერთი პაციენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, ამბობდა, რომ დღეში 4-5 ლიტრ წყალს სვამდა, ეს გამართლებულია?

- არავითარ შემთხვევაში: მეც დამირეკა ერთმა ადამიანმა და მითხრა, შეშუპება მაქვსო. რომ გამოვკითხე, თურმე ადრე მცირე რაოდენობით წყალს სვამდა და ერთბაშად ბევრი სითხე რომ მიიღო, ფეხები და სხეული შეუშუპდა. ამიტომ საკუთარი ორგანიზმისთვის ყურისგდებაა საჭირო. სერიოზული რისკ-ფაქტორია ჭარბი წონა, რომელიც სიმსუქნეშია გადასული. ცხიმი მარტო კუნთებში ხომ არ არის - ის სისხლძარღვებშიც გროვდება და ადამიანი თრომბოზისკენ მიდრეკილი ხდება. ამდენად, ზედმეტი კილოგრამები დაბალანსებული, სწორი კვებით უნდა დააგდოთ.

- მოკლედ, სუფთა ჰაერი, წყალი, მოძრაობა, სწორი კვება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა - ეს არის ყველაზე საიმედო გზა იმუნიტეტის გასაკაჟებლად. რას გვეტყვით სტრესზე, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია?

- სტრესი პირდაპირი დარტყმაა ჩვენს იმუნურ სისტემაზე. სრულ იზოლირებას ვერ შევძლებთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ირგვლივ დადებითი გარემო შევქმნათ. დღის განმავლობაში იმდენად ნეგატიური ამბავი გვესმის, რომ ეს ადამიანის იმუნურ სისტემაზე ცუდად აისახება. ამიტომ პროცესი როგორმე უნდა ვმართოთ: როცა ნეგატიურ ინფორმაციას უსმენთ, გადართეთ კარგ მუსიკაზე, ლექსებზე, სასიამოვნო ამბებზე, რომლებიც სიხარულს მოგანიჭებთ - ეს არის ზოგადი რჩევები, რომლებიც უნდა შევასრულოთ.

GzaPress

- საზოგადოება ხშირად ჩივის: კოვიდიანი ავადმყოფები ქუჩაში დადიანო... რამდენად საშიშია ეს?

- ალბათ მათ ყველა ექიმი ურჩევს და მეც ვეუბნები: თუ სუსტად არ ხართ, ფეხზე უნდა იდგეთ და ჰაერზე გახვიდეთ, ოღონდ - იზოლირებულად-მეთქი. ამ დროს მოძრაობაა საჭირო, რომ სისხლმა იმოძრაოს, ერთ ადგილას არ გაჩერდეს და შედედების პროცესს არ შეუწყოს ხელი. ცხადია, ქუჩაში და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა სასურველი არ არის - რაც უნდა პირბადით იყოს, მაინც არის საშიშროება, რომ ვირუსი სხვას გადაედოს. ამიტომ, თუ პაციენტი კორპუსში ცხოვრობს, ვეუბნები, აივანზე გადით და იმოძრავეთ-მეთქი, და თუ ეზო აქვს, მთლად უკეთესი. ქუჩაში გასვლაც შეიძლება, ოღონდ - დილით ადრე ან გვიან საღამოს, როცა იქ ხალხი არ არის. 30-40 წუთით სეირნობა პრობლემა არაა. ვინც მსუბუქ ვარჯიშებს ადრე სახლში აკეთებდა, მათთვის ახალ რეჟიმზე გადასვლა უფრო იოლია. დიასახლისები შეიძლება მსუბუქი საოჯახო საქმეებითაც დაკავდნენ, რომ მეტი იმოძრაონ და ენერგია დახარჯონ, რადგან მოძრაობაში კოვიდი უფრო ადვილი გადასატანია.

- ალბათ ჩვენს მკითხველსაც აინტერესებს, როგორ შევძლოთ ვიტამინების მარაგის შევსება?

- ჩვენ არ ვცხოვრობთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და არც ეკოლოგიურად სუფთა საკვებს მივირთმევთ, რის გამოც ორგანიზმს ყოველთვის სჭირდება დახმარება. ამიტომ შეიძლება ვიტამინებისა და საკვები დანამატების მიღება. ასეთი პროდუქტები ჩვენს აფთიაქებშიც არის და ინტერნეტსივრცეშიც. თუ მზიან ამინდში გარეთ გახვალთ, D ვიტამინის დანაკლისსაც შეივსებთ. ძალიან კარგია ახალი ხილი და ბოსტნეული. "კოვიდ-19"-ის დროს პაციენტის ორგანიზმი ბოლომდე იხარჯება, რომ ვირუსს ებრძოლოს, ამიტომ უკვე განკურნებულს, რეაბილიტაციის პროცესშიც სჭირდება დახარჯული რესურსების აღდგენა. დაავადების მართვა ჩვენ, ოჯახის ექიმებმა უნდა ვიტვირთოთ. კარგია, რომ შეიქმნა ვებგვერდი, სადაც მსუბუქ პაციენტებს შეუძლიათ, პირადი ნომერი შეიყვანონ და იმ ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი დაადგინონ, რომელიც მასზეა მიმაგრებული. თუ კერძო დაზღვევა გაქვთ, კომპანიაში უნდა დარეკოთ.

- რამდენად ეფექტიანია კოვიდის საწინააღმდეგოდ ნიორი, ლიმონი და მათგან დამზადებული ხალხური რეცეპტების გამოყენება?

- ზომიერად ყველაფერი კარგია, მაგრამ ზოგჯერ იმდენ ლიმონიან ჩაის სვამენ, რომ ნაღვლის ბუშტი ან კუჭი უღიზიანდებათ. დღეში 1-2 ჭიქა ლიმონიანი ჩაი კარგია, მაგრამ დიდი რაოდენობით მისი მიღება მჟავიანობის მომატებას იწვევს. იგივე უნდა ითქვას არაყზე, ნიორსა და სხვა საშუალებებზე. კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიტეტს ასე უცბად ვერავინ გამოიმუშავებს. ასე ადვილი რომ იყოს, ვაქცინაზე მილიონებს არ დახარჯავდნენ.

- რამდენად სასურველია კოვიდის მსუბუქი ფორმის დროს მედიკამენტების მიღება?

- ეს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა: ხშირად არანაირი ანტიბიოტიკი არ სჭირდებათ, მაგრამ მირეკავენ და უკვე ანტიბიოტიკები აქვთ დალეული. ვეხვეწები, არ გინდათ მედიკამენტების მიღება-მეთქი, მაგრამ ვერ ვახერხებ დავარწმუნო. ძალიან უნდათ, წამალი დავუნიშნო. მსუბუქ მედიკამენტს ან ვიტამინს რომ დავუნიშნავ, მაინც კმაყოფილები არიან. დაწვრილებით ვუხსნი, რატომ უნდა დალიონ წყალი, რატომ არ სჭირდებათ ანტიბიოტიკები და სიცხის დამწევი წამლები, სანამ სიცხე 38,5 გრადუსამდე აქვთ. ზოგჯერ ასპირინსაც სვამენ ისე, რომ არ სჭირდებათ. საქმე ის არის, რომ "კოვიდ-19" ვირუსია, რომელიც ორგანიზმმა უნდა დაამარცხოს, მაგრამ თუ სუნთქვის გაძნელება ან სხვა ნიშნები გაჩნდება, ოჯახის ექიმმა უნდა იზრუნოს და პაციენტი კლინიკაში გაუშვას. ასეთ შემთხვევებს მე ვეღარ ვმართავ.

- ინტერნეტში ბევრი ცრუ ინფორმაცია იბეჭდება, სადაც წერია, რომ კოვიდის დროს არ არის სასურველი კარტოფილის, რძის პროდუქტების, შოკოლადისა თუ სხვა საკვების მიღება. ამის თაობაზე რას გვეტყვით?

- პირიქით, სრულფასოვანი კვებაა საჭირო, ოღონდ - ხშირად და მცირე ულუფებად. კოვიდამდეც ადამიანმა საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოს ცილებიც, ცხიმებიც და ნახშირწყლებიც. იგივე წესი მოქმედებს ვირუსიან პაციენტებზეც. ბოლოს კი გეტყვით, რომ "კოვიდ-19"-ს ხშირად ახლავს შემაწუხებელი ხველა, რომლის წინააღმდეგ ერთი უებარი რეცეპტი უნდა გაგიმხილოთ. ამ რეცეპტს ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ - ეს არის მიხაკის ნახარში, რომელიც ძალიან უხდება ორგანიზმს: 15 ცალი მიხაკის მარცვალი დატეხეთ ან დაჩეჩქვეთ, დაასხით 250 გრამი წყალი და 70 გრამი შაქარი (ვისაც დიაბეტი აქვს, შაქრის შემცვლელი), წამოდუღებიდან 10 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე; გაწურეთ და მიღებული სიროფი მიიღეთ სუფრის კოვზით, 2 საათში ერთხელ. ბავშვებს ჩაის კოვზით დაალევინეთ. თავად დარწმუნდებით, რომ ეს ნახარში უებარია ნებისმიერი სირთულის ხველის წინააღმდეგ.

P.S. ქალბატონმა თამარმა გამოიჩინა კეთილი ნება და უფლება მოგვცა, ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის გაგვენდო მისი ტელეფონის ნომერი, რათა გადაუდებელი საჭიროების დროს შეძლონ ექიმთან დაკავშირება: 5(99) 10.66.29. რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.

ხათუნა ჩიგოგიძე