ცხოვრება პანდემიის პირობებში - გზაპრესი

ცხოვრება პანდემიის პირობებში

კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში ადამიანებში დაბნეულობისა და დაუცველობის განცდა წარმოშვა. ფანტასტიკური ჟანრის ფილმები მომაკვდინებელ და სიცოცხლისთვის საშიშ ვირუსზე რეალობად რომ გვექცა, ბუნებრივია, შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ყველასთვის. რთულია იმის თქმა, თუ რა შედეგებს მივიღებთ მომავალში, ვინაიდან დღემდე მსგავსი გამოცდილება არ მიგვიღია. სწორედ ამიტომ, ამ თემას ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტ ნინო ჭარხალაშვილთან ერთად განვიხილავთ.

- ქალბატონო ნინო, ვფიქრობ, პანდემიამ ორი მთავარი პრობლემა გამოკვეთა: გაურკვეველი აწმყო-მომავალი და ვირუსის შეყრის შიში. კიდევ რა განცდები გამოიწვია ვირუსის გავრცელებამ ადამიანებში?

- მართალი ხართ, სწორად დაყავით. ფაქტია, პანდემიით გამოწვეული სტრესი აშკარად გვაქვს, რასაც ბევრი კვლევაც ადასტურებს. მოდი, თავიდან მივყვეთ: პანდემია - ეს გაურკვეველი, თავს დამტყდარი შემარყეველი გამოცდილება ადამიანისთვის გაზაფხულზე დაიწყო და დღემდე გრძელდება. საერთოდ, ყველას ესაჭიროება იმის განცდა, რომ ჩვენ მეტ-ნაკლებად ვაკონტროლებთ მოვლენებს, ვიცით, რას რა მოჰყვება და შესაბამისად, შეგვიძლია განვსაზღვროთ, მომავალში რას შეიძლება ველოდოთ. ამ პროგნოზირებისთვის ჩვენი ფსიქიკა გაუცნობიერებლად, დიდ ენერგიას ხარჯავს. პანდემიამ, პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებით განახორციელა დარტყმა - განსაზღვრულობისა და დაცულობის განცდა სრულიად შეირყა. ამ სიტუაციაში საქართველო მარტო არ აღმოჩნდა. დაცულობისა და კეთილდღეობის საკითხში სწორება გვაქვს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებზე, იმედის თვალით შევყურებთ მათ და მათი გამოცდილების გაზიარებისკენ მივისწრაფვით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა, მთელი მსოფლიო ერთნაირად დაუცველი აღმოჩნდა. ზესახელმწიფოების "გატეხამ" კიდევ უფრო გამოკვეთა ადამიანებში უსუსურობის განცდა. პირველი რიგის სტრესად ეს უნდა ჩავთვალოთ, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გაზაფხულზე ჩვენმა ქვეყანამ ვირუსს კარგად აუღო ალღო, დღეში 30-40 კაცი ხდებოდა ავად და ინფიცირებულთა რაოდენობაც არ იყო მკვეთრად მზარდი. იმ მომენტში სიამაყის განცდაც გაგვიჩნდა და - არცთუ ისე უსაფუძვლოდ. საფრთხის შეგრძნება მეტ-ნაკლებად გაგვიქრა, მაგრამ ახლა, ბოლო კვირების განმავლობაში, როცა დღეში 5 000-მდე შემთხვევაა და გაჩნდა ალბათობა, რომ ვირუსი შეიძლება, მე ან ჩემი ოჯახის წევრს დაემართოს და ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, სხვა სიტუაციაა. ჩემი დაკვირვებით, ეს არის კონკრეტული საფრთხე, რომელმაც შედარებით ნაკლები კონტურების მქონე შფოთვები ჩაანაცვლა. ფსიქოლოგიაში შფოთვასა და შიშს შორის განსხვავებაა: შფოთვას ობიექტი არა აქვს; იქ, სადაც ობიექტი ჩნდება, უკვე შიშია. ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ, შფოთვამ კონკრეტული სახე მიიღო, თუმცა, ისევე როგორც ყველაფერს, ამასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. დადებითი ისაა, რომ მსგავსი ტიპის კონკრეტული შიში ჯანსაღი ძალების მობილიზებას ახდენს ფსიქიკაში. ადამიანებში, რომლებიც ჩემთან ფსიქოთერაპიას გადიან, დიდი ხნის ნევროზული ხასიათის სიმპტომებმა, ალბათ დროებით, მეორე პლანზე გადაიწია. ამ კონკრეტული საფრთხისას თითქოს უპირატესი აღმოჩნდა გადარჩენა და მან სხვა რამისთვის ადგილი აღარ დატოვა.

- ანუ შეიძლება ითქვას, რომ მასობრივმა საფრთხემ ადამიანებს გარკვეულწილად დაავიწყა პირადი და ცალკეული ინდივიდების შიშები მეორე პლანზე გადავიდა?

- ასეც ვერ ვიტყვით. მასობრივი საფრთხე კონკრეტული გახდა, რადგან დღეში 5000-მდე შემთხვევიდან თავისუფლად შეიძლება ერთ-ერთი შენც აღმოჩნდე. ამ ეტაპზე, წარსულსა და მომავალზე ფიქრის დრო არ არის, ახლა უნდა გამოიჩინო გონიერება და აჯობო ემოციებს, უნდა დაიცვა ყველა წესი, რასაც საქმეში გამოცდილი ადამიანები გირჩევენ, რადგან ამ ეტაპზე ეს ერთადერთი გადარჩენის გზაა. ჩემი დაკვირვებით, ნევროზული სიმპტომატიკის ადამიანებში ასეთმა მიდგომამ საფრთხესთან წარმატებით გამკლავების ცალკეული პრეცედენტი შექმნა.

GzaPress

- სოციუმთან დისტანცირება ბავშვებში ცალკე და განსხვავებული საუბრის თემა მგონია, ამიტომ მხოლოდ ზრდასრულებზე ვისაუბროთ. როგორ მოქმედებს ფსიქიკაზე ჩვეული რიტმის რადიკალური შეცვლა?

- კვლევებს თუ გადავხედავთ, ძალიან მოიმატა შფოთის მაჩვენებელმა და დეპრესიამ, მაგრამ საინტერესოა მიზეზი. ის ადამიანები, ვინც პანდემიამდე წუხილს გამოთქვამდნენ თავიანთი გადატვირთული დღის რეჟიმის გამო, მუშაობდნენ 2 სამსახურში და შინ დაბრუნებული, საოჯახო საქმით კიდევ უფრო იღლებოდნენ, დღეს იმ ცხოვრების რეჟიმს ამჯობინებენ, რაც უწინ ჰქონდათ. საქმე ისაა, რომ ადამიანებისთვის დიდი გამოწვევაა თავისუფალი დრო. ამაზე ბევრი ფსიქოლოგი წერს, მათ შორის ერიხ ფრომი თავის ნაშრომში "სიყვარულის ხელოვნება" აღნიშნავს, რომ ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა გაიზარდოს ცხოვრების ტემპი, სიჩქარე - მაგალითად, როცა ახალ მანქანასა თუ ტექნიკაზე მუშაობენ, ხარისხი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა სიჩქარეს ავითარებს ახალი წინამორბედისგან განსხვავებით. ამგვარად, ადამიანი ყველაფერს აკეთებს დროის მოსაგებად, მაგრამ როცა სასურველ შედეგს აღწევს, არ იცის, როგორ მოექცეს დროს და როგორც წესი, მას "კლავს". ვფიქრობ, ეს მოსაზრება ძალიან კარგად ხსნის, თუ რა ემართებათ ადამიანებს იზოლაციაში სოციალური აქტივობების შემცირების გამო. გამოდის, რომ სოციალური აქტივობები დროის შესავსები საშუალებები ყოფილა. ფაქტობრივად, მთელი ჩვენი ცხოვრება განსაზღვრულია შაბლონით, რომელსაც დაწერილი თუ დაუწერელი კანონები აქვს. სოციალური ინსტიტუტები - ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, დოქტორანტურა და ა.შ. - ადამიანს იმთავითვე განსაზღვრულ სოციალურ აქტივობებს სთავაზობს, რომელსაც ის ხშირად "ავტომატის რეჟიმში" მოიხმარს. იზოლაციამ ეს განსაზღვრულობა გამოაცალა. პანდემიამდე ადამიანის ცხოვრება ასეთი იყო: გათენდა, ადგა, წავიდა სამსახურში, 6 საათზე მუშაობა დაასრულა, შინ დაბრუნდა, დაწვა, დაიძინა და მეორე დღეს - იგივე. ეს დამღლელი და მოსაბეზრებელი იყო, მაგრამ ამაზე უფრო შემაწუხებელი თავისუფალი დრო აღმოჩნდა და ვინაიდან ადამიანს არა აქვს გამოცდილება, თუ როგორ შეავსოს ეს დრო, ვერ გრძნობს თავს კარგად, რაც მომატებული შფოთვითა და დეპრესიით გამოიხატება.

- ამ ყველაფერს უძილობაც ემატა. ონლაინმუშაობისას შინ იმდენ ენერგიას ვერ ხარჯავ, ფიზიკურად ვერ იღლები და ალბათ, სხვა მრავალთაგან ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს, არა?

- უძილობა შფოთვისა და დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, მაგრამ საერთოდ, ადამიანს მაშინ სძინავს კარგად, როცა იღლება, იხარჯება და აქვს განცდა, რომ საქმე შეასრულა. სხვათა შორის, ადამიანებს პანდემიამდეც უჭირდათ იმის თქმა, დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე პერიოდში სამსახურში მართლა რამე გააკეთეს თუ უბრალოდ დაიქანცნენ. დაღლილობას მაინც მოსდევს ძილი, მაგრამ როცა ისე მუშაობ, რომ ბოლომდე იხარჯები არა ვალდებულების გამო, არამედ სიამოვნებით აკეთებ რამეს და ამის ხელშესახებ ნაყოფს ხედავ, მაშინ ტკბილად გძინავს. აქედან გამომდინარე, როცა შინ ხარ, არ გაქვს უწინდელი ფორმალური ვალდებულებები და ჩარჩოები, არ იცი როგორ დაიხარჯო, ცხადია, ძილი სტაბილური ვერ იქნება.

- ზუსტად არ ვიცით, როდის დასრულდება პანდემია და ეს ალბათ, კიდევ უფრო რთულია ადამიანებისთვის...

- რა თქმა უნდა. ყველა რესურსი ამოწურვადია, ვგულისხმობ თვითიზოლაციასა თუ სოციალური აქტივობების შეზღუდვას, - ამას უნდა ჰქონდეს დასასრული. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს მატერიალური რესურსიც: ადამიანთა შფოთვა ასევე უკავშირდება ფინანსურ მდგომარეობას, რადგან საბოლოოდ, როცა ფიზიკურ გადარჩენაზე ვსაუბრობთ, თავისთავად გულისხმობს ეს შემოსავალს. პანდემიის დროს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კიდევ შეიძლება გადარჩე, გადაეწყო და გარკვეული დროით მოერგო რეალობას, მაგრამ ამავდროულად, მატერიალური რესურსი გაფიქრებს, რაც არსებობისთვის გადამწყვეტია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმედი მაქვს, მალე შემოგვეშველება ვაქცინა.

- ამ პრობლემის წინაშე მთელი მსოფლიო ერთნაირ სიტუაციაში ვართ, თითქოს ერთ ქვაბში ვიხარშებით...

- თანაბარ მდგომარეობაში ყოფნას, შესაძლებელია შევხედოთ, როგორც შესაძლებლობას და ვიყოთ არა მხოლოდ სხვისგან დახმარების მიღების მოლოდინში, არამედ თავადაც გავცეთ და ვიზრუნოთ სხვებზე. კვლევებითაც დასტურება, რომ ეს ბედნიერების განცდას ერთიორად ზრდის. გამოსავალი, რათა იზოლაციასა და სოციალური აქტივობების შეზღუდვისგან ნაკლებად დაზარალებული აღმოვჩნდეთ, იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შევხედავთ მას,- როგორც შესაძლებლობას თუ როგორც იძულებას.

- დაბოლოს, არა სტატისტიკით, არამედ თქვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, მაინც რომელი ასაკობრივი კატეგრიისთვის არის ყველაზე რთული ცხოვრება პანდემიის პირობებში?

- თუ იმ ხაზს გავყვებით, რომლითაც დავიწყეთ, ასაკოვან ადამიანებში აქტივობის შეზღუდვა და იზოლაცია (გასაგები მიზეზების გამო) არ უნდა იყოს წამყვანი სტრესფაქტორი, ხოლო ვინაიდან დაინფიცირების რისკი და გარდაცვალების საფრთხე მაღალია (კორონავირუსისგან გარდაცვლილთა 90% ხანდაზმულია), შიშის განცდა ასაკოვნებში ყველაზე მაღალი უნდა იყოს.

ანა კალანდაძე