ზაზა პაპუაშვილი: "ახლა მთავარია, ქვეყანა გადავარჩინოთ!" - გზაპრესი

ზაზა პაპუაშვილი: "ახლა მთავარია, ქვეყანა გადავარჩინოთ!"

კრიზისულ სიტუაციაში ყოველთვის საინტერესოა ინტელიგენციის იმ წარმომადგენლების აზრი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ. რა ხდება დღევანდელ საქართველოში? რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ შეიძლება შევაფასოთ დაპირისპირება მმართველ ძალასა და მის ოპონენტებს შორის? - ამ და სხვა საკითხებზე ცნობილი მსახიობი ზაზა პაპუაშვილი გვესაუბრება.

- სულ მალე პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს, თუმცა, ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. როგორ აფასებთ თქვენ ამ გადაწყვეტილებას?

- ალბათ ათასობით ადამიანის სათქმელს გამოვხატავ, თუ გეტყვით: ყველა ძალიან დაიღალა! ხალხს მოჰბეზრდა ამდენი ვიგინდარა და მედროვე ადამიანის ყოფნა ქართულ პოლიტიკაში. საშინელი ნეგატივი ვრცელდება ამ უნიჭო, მოსყიდული ვითომპოლიტიკოსების და ვითომჟურნალისტების მიერ. ამდენი წელია, ერთი და იგივე მეორდება, ყველა სკამს ებღაუჭება და ადამიანებმაც საბოლოოდ დაკარგეს ნდობა ამ "ჭაობის პოლიტიკოსების" მიმართ. ამდენი წლის განმავლობაში მათ ვერც ავტორიტეტი მოიხვეჭეს და ვერც სახელი. სულ ვამბობდი, ეს ხალხი საკუთარ შვილებსაც არ დაინდობს-მეთქი და ამისრულდა: რა ჭაობშიც თვითონ არიან, შვილებიც იქ შეუშვეს, თანაც ეს დიდი ზარ-ზეიმით გააკეთეს.

- ბატონო ზაზა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ამ ბრალდებაზე რას იტყვით?

- რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას: რაც უნდა თქვან, რაც უნდა ამტკიცონ, ხომ იციან, რომ ამ არჩევნების შედეგი ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმაც აღიარეს? ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არც ერთ წამს არ დავკარგავდი იმაზე სახვეწნად, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. ალბათ გაინტერესებთ, რატომ. როცა მე-9 მოწვევის პარლამენტში მწვავე საკითხებს განვიხილავდით, როცა სერიოზული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, დარბაზი ისედაც ცარიელი გახლდათ. ოპოზიციის წარმომადგენლებს არც ერთ მნიშვნელოვან კანონპროექტზე არ უმსჯელიათ და ყოველთვის ობსტრუქციით, ლანძღვა-გინებით და ყველაფრის ჩაშლით იყვნენ დაკავებული. ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ხალხი პარლამენტში იქნება თუ ქუჩაში? პარლამენტის დარბაზი მაინც ცარიელი იქნება!

- ესე იგი, დეკემბრიდან ერთპარტიული პარლამენტი გვეყოლება და ამ მხრივ, ლაოსს, ვიეტნამს ან ჩრდილოეთ კორეას დავემსგავსებით?

- ეს საკითხის არასწორი დაყენებაა: უკვე გითხარით, რომ ამ არჩევნების შედეგები ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა და დამკვირვებლებმაც აღიარეს. შესაძლოა, მისი მიმდინარეობისას რაღაც ხარვეზები შეინიშნებოდა, მაგრამ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. ფაქტია, რომ ამ არჩევნების შედეგად მრავალპარტიული, ცხრასუბიექტიანი პარლამენტი მივიღეთ, მაგრამ ეს ვითომპოლიტიკოსები მაინც ხმის ჩახლეჩამდე გაიძახიან - პარლამენტში არ შევალთო. რომც შევიდნენ, მაინც ობსტრუქციას მოაწყობენ, ამიტომ მე პრობლემას ვერ ვხედავ: ისინი ბოიკოტს საკუთარი ახირებების გამო აცხადებენ, რაც მათი არჩევანია.

GzaPress

- თუმცა, ოფიციალური მონაცემებითაც კი, ჩვენი საზოგადოების 52-მა პროცენტმა "ქართულ ოცნებას" კი არა, სულ სხვა პარტიებს მისცა ხმა - აშკარაა, რომ მოსახლეობას ცვლილებები სურს.

- საზოგადოება იქმნება იქ, სადაც ხალხი ერთად ცხოვრების პრინციპებზე თანხმდება და ცხოვრებას შეთანხმებულად აგრძელებს. ჩვენი საზოგადოება კი დაჩეხილია. ამას ემატება ურთულესი ეპიდსიტუაცია და, როცა ქვეყანა ასეთ რთულ მდგომარეობაშია, ყველას ვალია, რიგით ჯარისკაცად იქცეს. საზოგადოება მთავარ საკითხებში მაინც უნდა შეთანხმდეს, რომ მუდმივი დაპირისპირებითა და კინკლაობით ქვეყანა არ დავაზიანოთ. დაპირისპირება და ორპოლუსიანობა ნებისმიერი ჩვენგანისთვის მოსაბეზრებელია, მაგრამ არც ამ სექტის გამართლება შეიძლება! ესენი რომ პოლიტიკოსები იყვნენ, პარლამენტში შესვლით უფრო მეტს მიაღწევდნენ, რადგან ხელში სერიოზულ ბერკეტებს ჩაიგდებდნენ, თუმცა, პოლიტიკა მათთვის უცხო ხილია. სიმართლე გითხრათ, აღარ მინდა ამ ხალხზე ლაპარაკი. საერთოდ, პოლიტიკა ქვეყნის მსახურებაა, მათთვის კი - უსაქმურობა. ჩვენი საქციელიც არ არის ბოლომდე მართალი: გავიძახით, ევროპელები ვართო და პოლიტიკაში ისეთ ხალხს ვიტანთ, რომელსაც სახელმწიფოსთვის მილიონები აქვს მოპარული. იმ ხალხზე რა უნდა ვთქვა, რომელიც ამხელა დამსახურების ქალს - ნონა გაფრინდაშვილს გალანძღავს? ეს ნაძირალა, ქარაქუცა კაცუნები ყველაზე სასახელო, დამსახურებულ ადამიანებსაც კი აგინებენ, ამცირებენ და თან, მეორედ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა! ამაზე უარესი მათზე რა უნდა ვთქვა, აღარ ვიცი!

- ქართულ პოლიტიკაში ბევრი საინტერესო, ჭკვიანი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელსაც სუფთა წარსული აქვს...

- მე ახალგაზრდობა პანაცეად სულაც არ მიმაჩნია. უჭკუო და დეგენერატი ახალგაზრდაც მინახავს და "ძველგაზრდაც", ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა პროფესიონალებმა უნდა გადაარჩინონ, რომლებიც თავიანთ საქმეს უჩუმრად აკეთებენ. ქართულ პოლიტიკაში წესიერი ხალხი უნდა იყოს და არა უნიჭო მედროვეები და ვიგინდარები!

- საქართველოში ურთულესი მდგომარეობაა: მილიარდებით გაზრდილი სახელმწიფო ვალი, უმუშევრობა, გაღატაკებული ოჯახები... ამ სიტუაციაში ხომ შეიძლება სახელმწიფო ყველაზე გაჭირვებულ ფენას მაინც დაეხმაროს?

- "კოვიდ 19" მთელი მსოფლიოს გამოწვევაა, ის მარტო ჩვენთან ხომ არ არის?! ჯერ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და მერე, სიტუაცია რომ გამოსწორდება, ხმამაღლა ვიმსჯელოთ, ამ ურთულესი მდგომარეობიდან როგორ გამოვიდეთ. ხომ არ შეიძლება, შენს ხალხსა და ქვეყანას ნიშნის მოგებით ელაპარაკო?! პრობლემებს მეც ვხედავ, მაგრამ ყველას - ნაცნობს თუ უცნობს - ვთხოვ: სიტუაციას კიდევ უფრო ნუ დავძაბავთ-მეთქი. ის ხალხი, ვინც მარტო თავის ინტერესებზე ფიქრობს, ამ ყველაფერს მშვენივრად იყენებს, ამიტომ მინდა, ძალიან ფრთხილი ვიყო. ბევრ რამეს ვხედავ, ყველაფერზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა, ამ სიტუაციაში მოზომილები უნდა ვიყოთ. ახლა მთავარია, უფრო ცუდ დღეში არ ჩავაგდოთ ჩვენი ხალხი და ქვეყანა. როცა ამ პრობლემებს გადავლახავთ, მერე უკვე შეიძლება ძალიან მკაცრად და ხმამაღლა ვილაპარაკოთ იმ შეცდომებზე, რომლებიც გამოსასწორებელია. თუ ხალხს ცვლილებები სურს, ერთად დავდგეთ და ყველაფერი ისე მოვაგვაროთ, რომ ქვეყანა არ ავრიოთ და არ დავღუპოთ.

- ამ სიტუაციაში ხომ არ ჯობს, რომ თანამდებობის პირებმაც "ქამრები შემოიჭირონ"?

- შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ქართველ ჩინოვნიკებს მაღალი ხელფასები აქვთ და სიმდიდრე თავზე გადასდით, მაგრამ ასე არ არის. დამიჯერეთ, მათ შორის ბევრი ღირსეული და პატიოსანი ადამიანია. ამ ადამიანებზე მარტო ცუდს რომ ავრცელებენ, კარგსაც რატომ არ ამბობენ?! რატომ არავინ დაწერა, დეპუტატთა კორპუსმა თავისი ფული "კოვიდ 19"-ის ფონდში რამდენჯერმე რომ გადარიცხა?! სამწუხაროდ, ამით არაფერი შეცვლილა, მაგრამ ყველამ თავისი წილი ხომ გაიღო! "შენ მოიკელი და გაჭირვებულს მიეცი" - ეს პოპულისტური მიდგომაა, პოპულიზმს კი ბევრი სათავისოდ იყენებს. მეც ვხედავ, რომ საქართველოში ბევრ ოჯახს უჭირს, მაგრამ ვინც ამტკიცებს - ჩვენ მოვალთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებაო, - რის საფუძველზე ამტკიცებს?.. ახლა მთავარია, ქვეყანა გადავარჩინოთ - მე ასე მიმაჩნია და ალბათ ასე ფიქრობს ყველა წესიერი, ნორმალური ადამიანი, რომელიც დღეს საქართველოში ცხოვრობს.

ხათუნა ჩიგოგიძე