ხელისუფლების სახიფათო თამაში და გამძლეობის ზღვარზე მყოფი ოპოზიცია - გზაპრესი

ხელისუფლების სახიფათო თამაში და გამძლეობის ზღვარზე მყოფი ოპოზიცია

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამოსცა. მმართველი გუნდის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ახალი პარლამენტი ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არსებობს ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბების საშუალება და საქართველოს პარლამენტში შესვლის შანსი მიეცეთ. მე-10 მოწვევის პარლამენტი რომ ერთპარტიული არ იქნება, ამაში დარწმუნებულია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც.

"მე ნამდვილად არ მჯერა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვა "კომპრომისის" მნიშვნელობა ან არა აქვთ გააზრებული, ან არ იციან. როდესაც კვირების განმავლობაში ვამბობთ - შეუძლებელია, პარტიამ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მისი ნების გარეშე მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც ამომრჩევლის ნებასა და გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ამიტომ, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები. ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ოპონენტებს ზუსტი ინფორმაცია აქვთ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დეტალებზე ვისაუბრებთ. ვფიქრობ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება. ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს! ისინი პარლამენტში შემოვლენ, გარკვეული შეთანხმება შედგება და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება საერთო და კომპრომისული იქნება", - აცხადებს მდინარაძე.

ბარიერგადალახული ოპოზიციონერი ლიდერები ირწმუნებიან, რომ დათმობას და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ისინი რიგ საკითხებთან დაკავშირებთ ეჭვებს გამოთქვამენ და კოლეგებს მოუწოდებენ, ცდუნებისგან თავი შეიკავონ. "უბრალოდ, ნებისყოფა უნდა ეყოს ყველას, რომ ამ ცდუნებას გაუძლოს. მარტივად იქნება სახელდებული, რომ ვინც ამდენი "არას" თქმისა და ამდენი განცხადების შემდეგ ადგება და რაღაც მიზეზს მოძებნის პარლამენტში შესასვლელად, ამას უბრალოდ, ძალიან მარტივად დაერქმევა თავისი სახელი, რომ ივანიშვილმა მოახერხა და იყიდა ის პოლიტიკოსი", - ამბობს პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია:

- დღეს ყველაზე მეტად "ქართულ ოცნებას" უჭირს. უბრალოდ, ახლა ჯიუტობენ და ამით ოპოზიციის გამძლეობას ამოწმებენ, რაც ვფიქრობ, ძალზე სახიფათოა. რატომ?.. იმიტომ, რომ არ არის კარგი, როდესაც პოლიტიკური პროცესი უკიდურეს კრიტიკულ ფაზას გადის. ახლა ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია. მთავარია ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც დღემდე უარს ამბობდნენ პარლამენტში შესვლაზე, ბოლომდე შეინარჩუნონ პრინციპული პოზიცია. სულ ცოტა გამძლეობა სჭირდებათ და მალე მოლაპარაკება კონსტრუქციულ ფაზაში გადავა. დღეს ხელისუფლება ხისტია და ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება ხელახალი ან ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მაგრამ მათ გაუქრებათ ოპოზიციის მოსყიდვის ილუზია. იმედი მაქვს, რომ ეს ილუზიაა.

- თითქოს არ ხართ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია ბოლომდე შეინარჩუნებს პრინციპულობას...

- დროდადრო ვრცელდება ასეთი ინფორმაციები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ზოგიერთები საბოლოოდ დასძლევენ ცდუნებას. ახლა თუ რომელიმე პოლიტიკოსი პარლამენტში მაინც შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.

- როგორ გგონიათ, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ "გირჩში" მიმდინარე პროცესები სწორედ ამ ცდუნებას უკავშირდებოდეს?

- "გირჩის" შიდაპარტიულ პროცესებში არა ვარ ჩახედული. არ ვიცი, შესაძლოა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხმა ერთგვარი მაპროვოცირებელი როლი ნამდვილად შეასრულა ამ პროცესში. ფაქტია, რომ რაღაცები ცუდად დაემთხვა ერთმანეთს.

GzaPress

- პლებისციტი არის გამოსავალი?

- პლებისციტი ხელისუფლებისთვის ერთადერთი გამოსავალია, ოპოზიციისთვის - რისკის შემცველი საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი განსხვავებული პოზიცია დანარჩენ ოპოზიციას ღიად გავუზიარე და ვუთხარი, რომ თუ პლებისციტი განხილულია როგორც არჩევნებთან მისასვლელი, ანუ არჩევნების დანიშვნის გზა, ეს კიდევ სხვა რამეა. თუმცა, პირადად მე, მგონია, რომ არც ერთი წინა პირობა არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით, როგორც ალტერნატივა, არ უნდა იყოს განხილული. საერთოდ კარგია, როდესაც ხალხს ეკითხები, რა სურს, მაგრამ სატყუარა არ უნდა გადაყლაპო. დაუშვებელია ისეთ პროცესში შესვლა, რომლის შედეგიც შეიძლება საზიანო იყოს. პლებისციტი არ არის თავისუფალი არჩევნების ალტერნატივა, ამაზე შევთანხმდით. მე დავსვი კითხვა: დგას საკითხი - არჩევნები თუ პლებისციტი? მითხრეს, რომ ეს არ არის თანაზომადი პოლიტიკური მოთხოვნა. პლებისციტი არ არის სავალდებულო ხასიათის სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი. რომც თქვას ხალხმა, გვინდა არჩევნებიო, ხელისუფლებას შეუძლია, არ დანიშნოს, რადგან პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ ეს სავალდებულო არ არის. თუ სავალდებულო არ არის, ვერც მოსთხოვ. ამიტომ, ამ პროცესში შესვლა და შეყოლა მიმაჩნია დროის გაყვანად, "ოცნების" თამაშად. ასეთი ტიპის გამოკითხვები შეიძლება ჩაატარო მაშინ, როდესაც იცი, რომ ჩატარდება ობიექტურად და ხალხის განწყობა რეალიზებული იქნება. თუ წინასწარ იცი, რომ ეს არის დროის გაყვანის მცდელობა და მეტი არაფერი, ამის მოთხოვნა არ იქნება სწორი არჩევნების საპირწონედ. აქ შეიძლება იყოს მსჯელობა და დავრჩეთ განსხვავებულ მოსაზრებებზე. დანარჩენი ყველა სხვა საკითხი არის სადისკუსიო.

- გასაგებია, რომ პლებისციტი ხელისუფლებას შესაძლოა ხელს აძლევდეს, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი რატომ უნდა იყოს?

- ნახეთ, თუ დღეს ხელისუფლებამ ოპოზიციიდან ვერავის მოსყიდვა ვერ შეძლო და პარლამენტში მარტო დარჩა, ძალიან მალე აუცილებლად გახდება იძულებული, ჩაატაროს არჩევნები. ასეთი მოცემულობის ფონზე პლებისციტი, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდისთვის გამოსავალია. პირდაპირ გეტყვით, მე არა ვარ პლებისციტის მომხრე, მაგრამ განხილვის საგანი თუ იქნება, იყოს. პოლიტიკური დიალოგის კულტურაც ხომ ის არის, რომ სხვადასხვა ვერსია განიხილო. მე მაინც იმედი მაქვს, მოლაპარაკებების პროცესი გამოაჩენს ამ გზის ნაკლებპერსპექტიულობას. ვფიქრობ, ახლა ყველაზე კარგი იქნება, თუ მმართველ პარტიას მარტო დავტოვებთ. ისინი მაინც ბევრ რამეს გააფუჭებენ, ოპოზიცია კი მხოლოდ აქსესუარის როლში აღმოჩნდება. ძალიან რთული პრობლემები აქვს ქვეყანას, არ იმჩნევენ, თორემ "ქართული ოცნების" ლიდერებს ძალიან ეშინიათ მარტო დარჩენის. მთავარია ახლა, პარლამენტში შევა თუ არა ვინმე, იპოვის თუ არა მმართველი პარტია ვინმეს, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით დაითანხმებს, რადგან სასიცოცხლოდ სჭირდება ფორმალური ლეგიტიმაცია. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, ვინც ახლა გაურიგდება ხელისუფლებას, ის უბრალოდ, პოლიტიკურ მომავალს თავისი ხელით დაასრულებს. მას უნდა ესმოდეს, რომ ასეთ პოლიტიკურ თამაშებს არასდროს გპატიობს ისტორია.

- თუ ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" ბევრ რამეს გააფუჭებს, რამდენად მართებულია მათი მარტო დატოვება? ეს ხომ ქვეყანას დაუჯდება ძვირად ან კი შემდეგ მოსული ხელისუფლება, თუნდაც კოალიციური, შეძლებს დანაკლისების გარეშე სირთულეების დაძლევას?

- რა თქმა უნდა, ზოგადად ქვეყნისთვის საზიანოა "ქართული ოცნების" მარტო დატოვება. დასავლური ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში გვაფინანსებდნენ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, რას იფიქრებენ ჩვენზე?! ეს ძალიან აზიანებს ჩვენს რეპუტაციას. ამ ყველაფრისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რადგან მის ხელშია ყველა ბერკეტი. რატომ ვამბობ, რომ მარტო უნდა დავტოვოთ "ქართული ოცნება"? იმიტომ, რომ ორი ან სამი ოპოზიციონერი მაინც ვერაფერს შეცვლის. ამით მხოლოდ გავუხანგრძლივებთ ამ სახიფათო ძალას ქვეყნის მმართველობაში ყოფნას.

- ხელახალი ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი პოზიცია? ფიქრობთ თუ არა, რომ გარკვეული სტრატეგიული შეცდომები დაუშვით, თუნდაც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თვალსაზრისით?

- უშეცდომო ვინ არის?! ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ შეცდომები არ დავუშვი. გადავხედავ ჩემს სტრატეგიას. რა თქმა უნდა, პროცესში გამოჩნდა ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები. გავაანალიზებ ამ ყველაფერს და ისე მივიღებ ახალ გადაწყვეტილებებს. არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ვთქვი, რომ თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდებოდა და ხალხი ხმას არ მომცემდა, საერთოდ წავიდოდი პოლიტიკიდან. ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ვერაფერი გავიგე, ისევე როგორც სხვა პარტიებმა ვერ გაიგეს, ვის რამდენპროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა სინამდვილეში. "ქართულ ოცნებას" როგორც აძლევდა ხელს, ისე დაგვიწერა პროცენტები. როდესაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა გავიგოთ, რა სურს რეალურად ხალხს. აი, მეც ამის შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას, დავრჩენილიყავი თუ არა ამ სფეროში. ნამდვილად არ ვაპირებ ვიტივტივო პოლიტიკაში. ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად, კოვიდსა თუ სხვა პრობლემასთან გასამკლავებლად აუცილებელია დაბალანსებული, კოალიციური და დემოკრატიული მთავრობა.

- ისევ მარტო მიიღებთ მონაწილეობას თუ ამჯერად რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან შექმნით კოალიციას, რაიმე სხვა ტიპის გაერთიანებას?

- ჯერჯერობით არ ვიცი. ნამდვილად არ ვარ ამ თემებზე სასაუბროდ მზად. მომავალი გვიჩვენებს.

ხათუნა ბახტურიძე