გართულებული ეპიდსიტუაცია - ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები თუ საზოგადოების დაუდევრობა? - გზაპრესი

გართულებული ეპიდსიტუაცია - ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები თუ საზოგადოების დაუდევრობა?

"რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს ერის გენოციდია", - ამბობს ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი გიორგი ფხაკაძე. მისი თქმით, შეზღუდვები, რომლებიც ახლა საქართველოშია დაწესებული, საკმარისი არ არის. ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები და საზოგადოების დაუდევრობა ცუდ შედეგებს მოიტანს. რას გულისხმობს საერთაშორისო ექსპერტი, რატომ, რა მიზეზით დავდექით ასეთი საფრთხის წინაშე? - ამის შესახებ ბატონი გიორგი დაწვრილებით გვესაუბრება.

- პირველი და ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ საქართველოში არ დაწესდა მკაცრი შეზღუდვები 24 აგვისტოდან ან სექტემბრის დასაწყისიდან მაინც. გასაგებია, რომ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ხომ შეიძლება, საერთაშორისო გამოცდილება გამოვიყენოთ?! საერთაშორისო გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ვირუსის გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ ბარიერების შექმნით: ორმეტრიანი დისტანციით, პირბადის სწორად ტარებით (ცხვირი დაუფარავი არ უნდა გქონდეს) და ხელების ხშირი დაბანით. თუ სახელმწიფო ვერ ახერხებ ბარიერების საჭიროებაში ხალხი დაარწმუნო, მაშინ "მძიმეწონიანი" გადაწყვეტილება უნდა მიიღო და ჩაკეტო ყველაფერი. ძალიან დიდი შეცდომაა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების მოხსნა. შავით თეთრზეა დაწერილი, რომ ნაადრევად მოხსნილი შეზღუდვები ძალიან ძვირად გვიჯდება, ხშირად - სიცოცხლის ფასადაც. კორონავირუსმა არც შობა იცის, არც ახალი წელი და არც დაბადების დღე. ძალიან "უტვინო რამეა", მხოლოდ გამრავლება შეუძლია. ერთი წელი მოვითმინოთ და მერე აღვნიშნოთ ახალი წელიც, ქორწილიც და ნათლობაც. მესმის, ჩაკეტვა ცუდია ბიზნესისთვის, ასევე სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესია, მაგრამ როდესაც ხალხი არ იცავს ბარიერს, პირბადეს იდაყვზე ან ნიკაპზე იკეთებს და ხელებსაც ხანდახან იბანს, ჩაკეტვის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ არის. ჩვენ რა ვქენით?! "შავი პარასკევი" მოვაწყვეთ. უკვე ძალიან მეშინია, ამის გამო შავი ახალი წელი არ დაგვიდგეს. არავის ვაშინებ, უბრალოდ, სიმართლეს ვამბობ. რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს უპასუხისმგებლობაა. ფაქტია, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ინტერესები იყო გათვალისწინებული. მესმის, ბიზნესის გადარჩენა უნდათ, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ, საერთოდ აღარ ექნებათ ბიზნესი, რადგან ხალხი აღარ ეყოლებათ.

GzaPress- ცოტა ხნის წინ პრემიერმა ონლაინკონფერენცია მოაწყო უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით. დღეისთვის განხორციელებული ღონისძიებებით რისი თქმა შეგიძლიათ, თქვენი რეკომენდაციები არ არის გათვალისიწინებული?

- რა თქმა უნდა, არ არის. მე მგონია, საქართველოში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას ცდილობენ, რაც არასწორი მიდგომაა. ერის გენოციდის ტოლფასია ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების მცდელობა იმ ქვეყანაში, სადაც პირველადი ჯანდაცვა არ არსებობს. საქართველოში ძალიან ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ ქრონიკული დაავადების მატარებელია. ადამიანები, ვიდრე სიკვდილის პირას არ მივლენ, ექიმთან არ მიდიან. ქართველებს გვიყვარს სმა, მოწევა, გვაქვს მძიმე საკვები, არ გვიყვარს სპორტი, მოძრაობა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 45 წელს ზემოთ მყოფების უმრავლესობა პრაქტიკულად, ქრონიკული დაავადების მატარებელია. ადამიანები წნევას ატარებენ და ექიმთან მისვლა აზრადაც არ მოსდით, ვიდრე ინსულტი არ დაემართებათ. ჭარბ წონას საერთოდ არავინ აქცევს ყურადღებას. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა გოგონა იმსხვერპლა ვირუსმა, რომელმაც არ იცოდა, დიაბეტი თუ ჰქონდა. პირველადი ჯანდაცვა რომ გამართული იყოს, ასეთი რისკებისგან დაცულები ვიქნებოდით. მთელი 20 წელია, მახინჯი, მაფიოზური ჯანდაცვის სისტემა გვაქვს. ყურადღება არ ექცევა ხარისხს, მხოლოდ რაოდენობაზე არიან ორიენტირებულები. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც ბევრი ფული მოაქვს. თავად უამრავ ფულს აკეთებენ და სისტემის გაჯანსაღებისთვის მინიმალურის გაღებაც არ უნდათ. არაერთხელ მსმენია, რომ სახელმწიფო ახორციელებს ექიმების გადამზადების პროგრამას. ექიმებისა და ექთანების გადამზადება სახელმწიფოს პრეროგატივა არ არის, ეს თავად კლინიკების საქმეა. როდესაც ექთანს 250-ლარიანი, სანიტარს კი 200-ლარიანი ხელფასი აქვს, რა ინფექციის კონტროლზეა საუბარი?! 200 ლარზე ამუშავებენ ხალხს და თან შიშში ამყოფებენ, ხმასაც ვერ იღებენ სამსახურის დაკარგვის შიშით. პროფკავშირიც ვერ იცავს მათ უფლებებს. ჯანდაცვის საფუძველი არის ექთანი, რომლის სერიოზული დეფიციტი გვაქვს. შესაბამისად, გამოდის, რომ საფუძვლის გარეშე ვცდილობთ სისტემის აშენებას. ვაშენებთ და ვაშენებთ საავადმყოფოებს, ვამზადებთ და ვამზადებთ ექიმებს... სინამდვილეში არც ამდენი საავადმყოფო გვჭირდება, არც ამდენი ექიმი. ჩემი ნება რომ იყოს, 5 წლის განმავლობაში საერთოდ არ გავცემდი ექიმის დიპლომს. ამ ერთ პატარა ქვეყანას 450 საავადმყოფო და 17 ათასი საწოლი აქვს. პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ საავადმყოფოების რაოდენობით. ჩემი უცხოელი კოლეგები გაოცებულები მეკითხებიან, - რა ხდება თქვენს ქვეყანაში, ამდენ საავადმყოფოს რატომ აშენებენო? ჩვენ გვჭირდება ცოტა, მაგრამ ხარისხზე ორიენტირებული საავადმყოფო და ასევე კარგად მომზადებული ცოტა ექიმი და ბევრი ექთანი, სანიტარი. ასევე, სასიცოცხლოდ გვჭირდება პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესება.

- თუმცა, დღეს ჯანდაცვას იმის გამო ვსაყვედურობთ, რომ საჭირო რაოდენობის საწოლფონდი და გადამზადებული ექიმი არ გვყავს...

- "ზოგი ჭირი მარგებელია" დაგვემართა. რომ არა ეს მახინჯი სისტემა, შესაძლოა ორი კვირის წინ დაგვმართოდა ჩვენ ის, რაც იტალიას ეპიდემიის პირველი ტალღისას დაატყდა თავს. კი, ნამდვილად გამოგვადგა უაზროდ აშენებული საავადმყოფოები. იმდენი გვაქვს, საველე ჰოსპიტლებიც აღარ გვჭირდება, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, რადგან მრავალრიცხოვან კლინიკებში პაციენტი ხარისხიან ჯანდაცვას ვერ იღებს. გარდა ამისა, ეს საწოლფონდი ახლა გვაძლევს შეღავათს, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 5 000-მდეა. 6 000-ს რომ გადავცდებით, მერე რას ვშვრებით? ან პანდემიის დასრულების შემდეგ რას ვშვრებით, როდესაც ხელში უამრავი დაავადებული შეგვრჩება?!.

- რას გულისხმობთ?

- კორონავირუსი ძალიან ხშირად ტოვებს სხვადასხვა ტიპის გართულებას. იმ ადამიანებს, რომლებიც ვირუსს ამარცხებენ, დროთა განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ექმნებათ. როგორც უკვე აღვნიშნე, იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი ჯანდაცვა არ გვაქვს, ძალიან გართულდება ამდენი დაავადებულის მკურნალობა.

GzaPress

- მანამდე ალბათ ვაქცინაც მოგვისწრებს, არა?

- მაგის იმედი ტყუილად არ გქონდეთ. წესით, საქართველოში მეორე ტალღა დეკემბრის მეორე ნახევრიდან, იანვრისთვის დაბლა უნდა ჩამოსულიყო და მესამე ტალღას აპრილისთვის უნდა დავლოდებოდით, მაგრამ აქ ისე მიდის საქმე, მე მგონი, მესამე ტალღა საერთოდ არ იქნება, - პირდაპირ გადაებმება მეორეს და გამოვა ერთი უზარმაზარი ტალღა. ვაქცინა კი გაზაფხულამდე ვერ გვექნება. ის ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ. საქართველოს მხოლოდ ნამცეცები შეხვდება. საერთოდ, ვაქცინები მდიდრების ფუფუნებაა. როდესაც მდიდარი ქვეყნები თავის მოსახლეობას გაუკეთებდნენ ვაქცინაციას, მერე ამბობდნენ, - მოდი, ღარიბ ქვეყნებსაც დავეხმაროთო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეეცდება, ახლა ვაქცინა ყველა ქვეყანაში გაავრცელოს. დიახ, ვაქცინა გვექნება, მაგრამ მანამდე ბევრი წყალი ჩაივლის, ჯანდაცვის მიერ დაშვებული შეცდომებისა თუ ჩვენი დაუდევრობის გამო კიდევ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ხელისუფლება და ჯანდაცვის სამინისტრო არ არის დამნაშავე იმაში, რაც ქვეყანაში ხდება. ადამიანს, რომელსაც კორონა დაუდასტურდა, ჰკითხეთ, - ორმეტრიანი დისტანცია დაიცვა, ნიღაბი სწორად ატარა, ხელებს ხშირად იბანდა? თუ მისი პასუხი უარყოფითია, ე.ი. მისი ბრალია, რომ დაინფიცირდა. შენთან ჯანდაცვის მინისტრი ვერ მოვა და სახეზე პირბადეს ვერ გაგისწორებს, ვერც ხელებს დაგბანს. დარგის სპეციალისტები ათასჯერ რომ მოგცემენ რჩევას, მაგრამ შენ ერთხელ არ გაითვალისწინებ, მერე უკვე საკუთარ თავს დააბრალე, რაც მოგივა.

- ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს დღემდე არ სჯერა, თუ კორონავირუსის პანდემია ნამდვილად არის და ის ძალიან სახიფათოა...

- დიახ, გიდასტურებთ, ჩემ გარშემოც არიან ასეთი ადამიანები. მე ისეთებსაც ვიცნობ, რომლებსაც სჯერათ, რომ დედამიწა ბრტყელია. რა უნდა ვქნათ? ასე სჯერათ...

ხათუნა ბახტურიძე