მაკა რაზმაძე: "არ შეიძლება ერთმა თაობამ მეორე გაჰკილოს" - გზაპრესი

მაკა რაზმაძე: "არ შეიძლება ერთმა თაობამ მეორე გაჰკილოს"

"ის ჩემი პატარა მეგობარია", - ამბობდა მერაბ კოსტავა ჩვენს რესპონდენტზე. ჟურნალისტი მაკა რაზმაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილეა. სწორედ ამ თაობის თვალწინ ჩაიარა დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიანმა ისტორიამ...

- პოლიტიკურ პროცესებში ადრე უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული, ახლა კი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, როგორც რიგითი მოქალაქე, ისე ვაკვირდები. სამწუხაროდ, ერთ დასკვნამდე მივედი: ქართველებმა შუღლი და მტრობა ვერა და ვერ მოვიშორეთ - როგორც ჩანს, ეს ჩვენი მთავარი ნაკლია, რომელსაც ჩვენი მტრები ყოველთვის იყენებდნენ და ახლაც შესანიშნავად იყენებენ. სულ პატარა, უმნიშვნელო მიზეზის გამო შეგვიძლია, ერთმანეთი მიწასთან გავასწოროთ, გადავუაროთ... დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უკვე 30 წელი გავიდა. მეგონა, ახალ საუკუნეში მაინც შევიცვლებოდით, მაგრამ ამის ნიშანწყალსაც ვერ ვხედავ. ყოველთვის მოიძებნება მიზეზი, რის გამოც ამ ერთ მუჭა ქვეყანაში მცხოვრები ხალხი ერთმანეთს არ ინდობს.

- "მოღალატე" და "აგენტი" - 30 წელია, ქართველები უკვე ამ "ეპითეტებით" "ამკობენ" ერთმანეთს! ეს ნორმალური მოვლენაა?

- სხვათა შორის, ჩვენი მტრებისთვის ძალიან კომფორტულია ამ თემით მანიპულირება. აგენტობის თემა ერთხელ რომ გაჩნდა და დამკვიდრდა, მისი გამოყენება ჩვენი პოლიტიკოსებისთვის ძალზე კომფორტული აღმოჩნდა. ამიტომ, ქართველები ერთმანეთს სიამოვნებით ეძახიან აგენტებს: ზოგი რუსეთის აგენტია, ზოგი - ამერიკის, ზოგი - მარსის და ზოგიც - მოზამბიკის... სინამდვილეში, ამ ადამიანების უმრავლესობა აგენტი სულაც არ არის, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი შეთქმულების თეორიას ერთხელ რომ დაემორჩილა, იმის შემდეგ ამ მდგომარეობიდან ვეღარ გამოვედით. ხომ შეიძლება ადამიანს თავისი მოსაზრება ჰქონდეს?! ვიღაცას მიაჩნია, რომ დასავლეთისკენ უნდა წავიდეთ, ვიღაც ფიქრობს, რომ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დასაბრუნებლად რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია. სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ აგენტები არიან და ამაში ფულს იღებენ. ეს მათი მოსაზრებაა, შეიძლება - მცდარი, მაგრამ მაინც მოსაზრება. მათ ასე სჯერათ! სამწუხარო ის არის, რომ ვერ ვისწავლეთ, განსხვავებული პოზიციები შევაჯეროთ და ამის გამო ერთმანეთს აგენტები არ ვეძახოთ. ხომ შეიძლება, ოპონენტს უბრალოდ ავუხსნათ, რომ ეს გზა სასურველ შედეგს არ მოიტანს?!. კარგი პოლიტიკოსი სწორედ ასე უნდა იქცეოდეს. ადამიანს განსხვავებული მოსაზრების გამო დაუნდობლად რომ ჩავქოლავთ, ეს არის სავალალო, სხვა - არაფერი.

GzaPress

- ოპოზიციის წარმომადგენლები დღევანდელ სიტუაციას ხშირად ადარებენ შევარდნაძის დროინდელ საქართველოს. თქვენი შეფასებით, რამდენად გამართლებულია ასეთი შედარება?

- ვფიქრობ, უკან ყურება ნებისმიერი ქვეყნისთვის დამანგრეველია. შევარდნაძე როგორიც იყო, ისეთი იყო და ის ეპოქაც დასრულდა, ისტორიას ჩაჰბარდა. შევარდნაძე წლების განმავლობაში ამ ქვეყნის სათავეში იყო, ბოლოს, როცა ასაკი მოერია, ადგა და სახლში წავიდა. იმ ეპოქასთან დღევანდელი სიტუაციის შედარება არ შეიძლება, რადგან ახლა 21-ე საუკუნეა. შეიძლება ესა თუ ის მთავრობა ძალიან არ მოგწონდეს და არ გინდოდეს, მაგრამ წარსულთან პარალელის გავლება სწორი მაინც არ არის. წარსულს კი არ უნდა მივტიროდეთ, უკეთესი მომავალი შევქმნათ და ამაში ჩვენი ახალგაზრდები უნდა დავიხმაროთ.

- უფროსები ხშირად ჩივიან, რომ გულგრილი თაობა წამოვიდა, რომელსაც მხოლოდ გართობა აინტერესებს. თქვენ თუ გეიმედებათ დღევანდელი ახალგაზრდები?

- ვინც ახალგაზრდა თაობას ნეგატიურად აფასებს, ყოველთვის წაგებული რჩება. ჩემი თაობის მაგალითზე გეტყვით: ჯინსები რომ შემოვიდა და გოგონებმა შარვლები პირველად ჩავიცვით, ლამის ქვეყნის დამანგრევლებს გვეძახდნენ... არადა, მთავარი დარტყმა სწორედ ჩვენმა თაობამ გადაიტანა: რუსეთის იმპერიასთან სწორედ ჩვენმა თაობამ იბრძოლა, შეეწირა და თავისუფლება საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიპოვა: სწორედ ის გოგონები იდგნენ 9 აპრილს რუსული ტანკებისა და ორლესული ნიჩბების წინააღმდეგ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრძოლაში მეც, სხვების მსგავსად, წინა რიგებში ვიდექი. როგორ შეიძლება ახალგაზრდობა ვინმემ დაიწუნოს და ნეგატიურად შეაფასოს?! შეიძლება ახლანდელებსაც აქვთ წინა თაობისთვის უცნაური და მიუღებელი თვისებები, მაგრამ პროგრესი და წინსვლა მეტი კი არაფერია - პროგრესი დედამიწას ატრიალებს. ახალგაზრდული შემართებისა და სულის მიყოლა აუცილებელია, ამას წინა თაობიდან ბევრი ახერხებს, ბევრი კი წარსულში რჩება და ვერ ვითარდება, რაც ცუდია. იმას კი არ ვამბობ, რომ უცხოელებსა და მათ ღირებულებებს ბრმად უნდა მივბაძოთ, - არა! მათი ფასეულობები უნდა ავითვისოთ და რაც კარგია, ჩვენს ქვეყანას მოვარგოთ. მიბაძვა ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ქვეყანას ანგრევს. რომელიღაც მოვლენის კალკს გადმოიღებენ და ამტკიცებენ, დასავლეთში ასეა და ჩვენც მათ უნდა მივბაძოთო. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. ყველა ქვეყანას თავისი წეს-ჩვეულებები აქვს და თავისი ადგილი უკავია მსოფლიოს რუკაზე. ასე რომ, ვიღაცის კალკირება და ბრმად მიბაძვა კარგს არაფერს მოგვიტანს. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება, ერთმა თაობამ მეორე გაჰკილოს და განიკითხოს.

- გვაინტერესებს, როგორია თქვენი აზრი დღევანდელ საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე?

- სამწუხაროდ, 30 წელია, ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ: სულ იმის მოლოდინში ვართ, რომ ან ერთი პოლიტიკოსი აგვაშენებს, ან - მეორე, ან - მესამე, რომელიც ჯერ არ მოსულა... ხალხი დაბერდა ე.წ. მესამე ძალის მოლოდინში! რატომ ხდება ასე?.. იმიტომ, რომ სამივე ვერსია არასწორია - ეს არის ცრუ მოლოდინი, რადგან არ შეიძლება ვინმემ გადაგარჩინოს, როცა გადარჩენა არ გჭირდება. მხსნელის მოლოდინში ვიღაც ყოველთვის ტახტზე იქნება წამოწოლილი და თვითონ არაფერს გააკეთებს. სინამდვილეში არაფერი გადასარჩენი არ გვჭირს, უბრალოდ, ნორმალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც არ შეგვაშინებს, - მე თუ არ ამირჩევთ, მიშა ან გრიშა მოვაო... ეს ხელოვნურად შექმნილი სიტუაციაა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკოსებს მოსწონთ. ამიტომ ჩვენი საზოგადოება უფრო მტკიცე და მომთხოვნი უნდა გახდეს, სწორედ ამ საზოგადოებამ უნდა უკარნახოს პირობები პოლიტიკურ ძალებს და არა - პირიქით. სამწუხაროდ, ასე მხოლოდ მოწინავე ქვეყნებში ხდება, ჩვენ ეს ვერ შევძელით. რატომ?.. თუნდაც იმის გამო, რომ არჩევნების წინ გაჭირვებულ ადამიანებს გროშებს აჩუქებენ, ისინიც მორჩილად მიდიან და ხმას თავიანთ "მოამაგე" პარტიას აძლევენ. ეს ტენდენცია რომ შეიცვლება, არც მესამე ძალა დაგვჭირდება და არც 23-ე. ქვეყანას საზოგადოება უნდა მართავდეს და არა - რომელიმე პოლიტიკოსი. ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, ჩემთვის ეს ძალიან ტრაგიკულია, რადგან ყველა მხარეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანები დგანან. ამიტომ მოლაპარაკებისა და მორიგების მომხრე ვარ. რადიკალი შეიძლება იყო 16-17 წლის ასაკში, ზრდასრულ ადამიანს რადიკალიზმი აღარ უხდება, მით უმეტეს, როცა საკუთარი ხალხის ინტერესებზეა ლაპარაკი.

- დაბოლოს, თუ გახსენდებათ ლიტერატურული ქმნილება, რომელიც დღევანდელ სიტუაციას გაგონებთ?

- პირველი, რაც მახსენდება, არის ილია ჭავჭავაძის "ბედნიერი ერი". თითქოს ეს ლექსი ჩვენს დროშია დაწერილი: მასში ზუსტად არის ნაჩვენები, რაც გვჭირს. ილია იმიტომაც იყო გენიოსი, რომ შეეძლო, ერთ პატარა ლექსში ჩაეტია ყველაფერი, რაც საქართველოს აწუხებდა და აწუხებს. მართალია, ეს ლექსი მწარე სინამდვილეს ასახავს და ჩვენი ერი დღესაც დაყოფილი და დანაწევრებულია, მაგრამ როგორმე უნდა ვეცადოთ, ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდეთ, - ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ერთადერთი გამოსავალი.

ხათუნა ჩიგოგიძე