"რომც დაინფიცირდეთ, გახსოვდეთ, ეს განაჩენი არ არის" - გზაპრესი

"რომც დაინფიცირდეთ, გახსოვდეთ, ეს განაჩენი არ არის"

"რა კატეგორიის პაციენტი არ შემხვედრია: მომთხოვნი, პრეტენზიული, აგრესიული, მადლიერი, მაგრამ ასეთი, არასდროს... ღამის 2:02 წუთზე შემოვიდა ზარი. ინიციატორთან გადართვა მოვითხოვე. აღმიწერს "კოვიდ 19"-ით გართულებულ, ქრონიკულ, ჩაწოლილ ხანდაზმულ პაციენტს და რა თქმა უნდა, ითხოვს დროულ და უსწრაფეს რეაგირებას. დაუყოვნებლივ გავედით ბრიგადა, სპეცეკიპირებით აღჭურვილი. იღბალიც არ გინდა? ლიფტი არ მუშაობს. ავუყევით მე-8 სართულამდე უსასრულო კიბეს, ჟანგბადის რეზერვუარიდან დაწყებული, მთლიანი აღჭურვილობით. კარს აღებს ახალგაზრდა ქალბატონი, - შემოდით დროზე, მკაცრი მომართვით. საძინებელში 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, უსინათლო. სრული სიბრმავე, ორმხრივი (15-წლიანი ანამნეზი). მივესალმე. ხმის გაგონებაზე შეკრთა: ვინ ხართ? ქალაქ რუსთავის "სასწრაფოს" ბრიგადიდან ვართ, ბატონო, თქვენს დასახმარებლად. - და ვინ გამოგიძახათ? - თქვენმა შვილმა, ბატონო. - რა უფლება გქონდა (მიმართავს შვილს), როგორ არ გრცხვენია, ეს ხალხი შეაწუხო ამ დროს და რისთვის? მე კორონა მჭირს და ვაფრქვევ მილიონობით ბაქტერიას. არ გეცოდება ეს ხალხი?! რა დააშავეს ამ ექიმებმა? ისტერია სჭირს სამყაროს, გახდნენ ეგოისტები. განა ღირს ჩემი გადარჩენა ამ ხალხის, ამათი ოჯახების ინფიცირების ფასად? წადით, შვილო, სხვა კატეგორიის ავადმყოფებს მიხედეთ, თავს გაუფრთხილდით, გაუფრთხილდით ოჯახებს, შვილებს. მე თავი დამანებეთ. 15 წელია, სრულ სიბნელეში ვცხოვრობ და ვემზადები საუკუნო სიბნელეში გადასასვლელად...

ჩამოვჯექი სასთუმალთან, გავშრი. სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს. ბატონო, ეს ჩემი არჩევანია და მომეცით უფლება, დაგეხმაროთ, - არცთუ მყარი ხმით ვეუბნები (სატურაცია 82%). ვცდილობ, მოვარგო ჟანგბადის ნიღაბი. რას მიკეთებ? ვუხსნი. წადი, შვილო, თავი დამანებე, ახლოს არ გამეკარო, თავს გაუფრთხილდი, განა რის ფასად აკეთებ ამას? - ბატონო, ეს ჩემი მოვალეობაა. - არაა ეგ შენი საქმე, გადაგდებ ამ საშინელ სენს და რატომ ღუპავ შენს თავს? შვილები, მეუღლე არ გყავს? - მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. - კი ბატონო, მივხედავ მაგათაც. ის მკაცრად განაგრძობს: სამყარო შეიცვალა... ამდენი ექიმი დაინფიცირდა, დაიღუპა და ეს გრძელდება... თქვენ თავი შეინახეთ, მერე უფრო დასჭირდებით ამ სამყაროს. დიალოგში ჩაერთო ჩემი ექთანი, ქალბატონის ხმის გაგონებაზე გაგიჟდა, - შვილები, ოჯახი ხომ გყავს, წადი. და უცებ თავში გამიელვა დათა თუთაშხიას დიალოგმა ბონია მეწისქვილესთან: "არ ღირდეს იქნება..." მივყვები პროტოკოლს, განვუმარტავ შესაძლო გართულებებზე და კატეგორიული უარი. დამძიმებული ვეშვები კიბეზე. ამ დროს ზარი შემოდის კორპორაციულ ტელეფონზე, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერია (ჰოი, საოცრებავ): ექიმო, რა მდგომარეობა გაქვს, ხომ შეძლებთ შესაბამის კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, პაციენტის მართვას, მე უკვე ინტენსიურ განყოფილებაში მისთვის ადგილი გამზადებული მაქვს. - დიდი მადლობა, ქალბატონო, მაგრამ მე მოვრჩი, გამოვედი მისამართიდან. - როგორ დატოვეთ პაციენტი, მე ქვეყანა შევძარი და ადგილი მზადაა. ხმაცრემლიანმა ავუხსენი მდგომარეობა, პაციენტი კატეგორიულ უარზეა და ეს მისი უფლებაა (არ ვიცი, ვინ იყო მენეჯერი, მაგრამ უღრმესი მადლობა მას ასეთი რეაგირებისთვის). ხანგრძლივი პაუზა, - დაუჯერებელია, რას ამბობთ? - კი, ქალბატონო, ასეა. წარმოუდგენელი ისტორიაა ჩემთვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ, ძიაკაცო... თქვენ ჩემ თვალწინ ყველაზე მთავარი დაამარცხეთ კაცობრიობის ისტორიაში - სიკვდილის შიში. აღფრთოვანებული ვარ თქვენი ხედვებით სამედიცინო პერსონალის მიმართ და ჩემს ისტორიაში პირველ პაციენტად ჩაეწერეთ. თქვენთვის საზღვრები არ არსებობს და ეს პაციენტი ყაზბეგელი იყო... ეს შემთხვევითი არაა ალბათ.

გამოჯანმრთელებას გისურვებთ, კოლეგებო. ეს ომია, ომი და ჩვენ ამ ომს მოვიგებთ", - როდესაც ეს პოსტი სასწრაფო დახმარების ექიმმა, თედო ლემონჯავამ თავის "ფეისბუკ"-გვერდზე გამოაქვეყნა, ალბათ ვერ იფიქრებდა, რომ ბევრი გააზიარებდა და დაინტერესდებოდა ყაზბეგელი პაციენტის ბედით. შევეცადეთ, უფრო მეტი გაგვეგო ამ ამბის შესახებ და კიდევ ერთი კარგი ექიმი გაგვეცნო თქვენთვის.

GzaPress

- ბატონო თედო, პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, დრო გამონახეთ ჩვენთან სასაუბროდ. მართლაც, ძალზე ემოციური იყო ეს ამბავი...

- ძალიან გამიკვირდა და დავბრუნდი თუ არა შინ, სამი დღის ნამუშევარი და გადაღლილი, კომპიუტერს მივუჯექი, ერთი ამოსუნთქვით დავწერე. ბევრ პაციენტთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს გადამხდენია, არც მომისმენია. მართლაც განსაკუთრებული პაციენტი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ შევეხმიანე მის შვილს, წინა დღეებშიც მოვიკითხე და ვუთხარი, თუ შეძლებდა პაციენტის დათანხმებას, გადავიყვანდით კლინიკაში, მაგრამ კვლავ უარი თქვა. არადა, მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. მათ აქვთ ჩემი პირადი ნომერი და ვთხოვე, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დამირეკონ. კიდევ ერთხელ, თქვენი მეშვეობითაც ვეუბნები მათ, რომ თუ გადაწყვეტენ კლინიკაში გადაყვანას, მზად ვართ, თუმცა მთავარი მაინც პაციენტის ნებაა. აბსოლუტურად კარგად აქვს მას გაცნობიერებული მდგომარეობა და ამ ყველაფრის შედეგი. რთულია, შორს გაიხედო და განსაზღვრო, რა მოხდება ხვალ... ამ კაცმა კი ეს დაინახა, თან უსინათლომ, მაგრამ ის ჩვენზე მეტად ხედავს ყველაფერს!

- ძალიან მოიმატა გამოძახებების რაოდენობამ, დღეში რამდენ მისამართზე ასწრებთ მისვლას?

- დაახლოებით 15-დან 20-მდე, შეიძლება 25 მისამართზეც მივიდეთ. ზუსტად ვერ განსაზღვრავ, ერთ პაციენტზე რამდენი დრო დაიხარჯება. ჩვენ ის რგოლი ვართ, რომელიც უშუალოდ უკავშირდება პაციენტებს, პირდაპირი კონტაქტი გვაქვს მათთან. ერთმა, რომელიც 8 დღე იყო ერთ-ერთ სასტუმროში და მდგომარეობა გართულებული ჰქონდა, მითხრა, პირველი ექიმი ხართ, რომელიც ცოცხლად ვნახე ამ დღეების განმავლობაშიო. შეიძლება მოვიდეს დრო, პაციენტების დახარისხება მოგვიხდეს; რაც უფრო იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მით უფრო იტვირთება კლინიკები და ამას საქართველოს კი არა, მსოფლიოს ძლიერი ქვეყნების რესურსმაც ვერ გაუძლო. ალბათ უმადური ბევრი დარჩება. ზოგი ვერ გაგიგებს. შეიძლება ემოციურად იმდენად მძიმე იყოს მათი მდგომარეობა, რომ პაციენტსა და ექიმს შორის ზღვრის გადალახვა მოხდეს. ჩვენ შევდივართ ბევრ ოჯახში და ამიტომ, ყველაზე უკეთესად ვხედავთ, რეალურად რა ხდება.

- და რა ხდება რეალურად, როგორია საერთო ფონი?

- უმეტესობა ცდილობს, მიხედოს თავის თავს, მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის. დაავადებამ შეიძლება შეცვალოს ადამიანის ფსიქიკა, ხედვები. მინახავს გაბოროტებული პაციენტი, მანამდე უკეთილშობილესი ადამიანი რომ ყოფილა. მე მესმის, ეშინია ხალხს, რა ქნან? კიდევ კარგი, არსებობს უამრავი ინფორმაცია, ვიდეორგოლები და ისინი, ვინც შინ მკურნალობენ, აქტიურად ითვალისწინებენ ჩვენი კოლეგების რჩევებს.

- როგორი იყო პანდემიის პირველი დღეები, როდესაც ექიმებმაც არ იცოდით კარგად, რასთან გქონდათ საქმე? თქვენ არ გეშინოდათ?

- უფრო ვფრთხილობდი, ვიდრე მეშინოდა, რადგან ჩემს ოჯახში ერთადერთ შემომტანად ვითვლებოდი - მეუღლე და 2 შვილი მყავს და ისინი ძირითადად სახლში იყვნენ. თავიდან ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩვენს თავს კი არა, სადღაც ხდებოდა ეს ყველაფერი. არ ვიცოდით, რა დაავადება იყო, პროტოკოლები იცვლებოდა, ათას ვერსიას ვისმენდით... წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვმუშაობდი, ტუბერკულოზით დაავადებულებთან მქონდა შეხება, პირბადის გარეშეც ბევრჯერ შევსულვარ მათთან, მაგრამ არ მქონდა შიში, რომ დავინფიცირდებოდი და არც არასდროს მომხდარა მსგავსი რამ. დღემდე ყველა ტესტი უარყოფითია. მედიცინამ ჯერ არ იცის, რასთან გვაქვს საქმე. ვნახე პაციენტები, რომლებიც რისკ-ჯგუფში იყვნენ, მაგრამ დაამარცხეს ვირუსი. 88 წლის გამოჯანმრთელებული ქალბატონი გადავიყვანეთ სახლში. მას გულის ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, იყო ინსულინდამოკიდებული, ინფარქტგადატანილი, შუნტირება ჰქონდა გაკეთებული. მან დაამარცხა კოვიდი! ამ დროს მყავდა პაციენტი, ახალგაზრდა კაცი, ჯან-ღონით სავსე, ნავარჯიშები, რომელსაც გაურთულდა მდგომარეობა. ამიტომ ვამბობთ, რომ მედიცინამ ჯერჯერობით კიდევ არ იცის, რასთან გვაქვს საქმე.

- დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე დიდი სირთულე რა არის?

- როდესაც ყველა და ყველაფერი კოვიდისკენაა მიმართული, მე უფრო მეტად არაკოვიდინფიცირებულ პაციენტებზე ვღელავ - შეიძლება, ინფარქტი ჰქონდეს ვიღაცას და "სასწრაფოს" დროულად მისვლა და მისი გადაყვანა გადამწყვეტი იყოს. არ მინდა, რამე გაიპაროს, დროის დეფიციტიდან გამომდინარე, ვინმე ყურადღების მიღმა დარჩეს და დახმარება ვერ შევძლოთ. ჩვენი მოვალეობა ხომ სწორედ ისაა, ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ.

- როდესაც სულსა და გულს დებთ საქმეში და მაინც საყვედურები ისმის ექიმების მისამართით, გული არ გტკივათ?

- აგრესია შეიძლება ყოველთვის იყოს და ეს არ მიკვირს, მაგრამ ვცდილობ, ჩემი განწყობა პაციენტს არ ვაგრძნობინო. თუ პაციენტი და შენი საქმე არ გიყვარს, მაშინ ექიმიც არ უნდა იყო.

- ვაქცინის შესახებაც უნდა გკითხოთ, საზოგადოების აზრი ორად იყოფა. რამდენიმე თვეში ალბათ საქართველოშიც შემოვა და საინტერესოა, თქვენ რას იზამთ?

- აუცილებლად გავიკეთებ და ჩემი ოჯახის წევრებსაც ამას ვურჩევ, თუ გვინდა დაცულები ვიყოთ. ვაქცინამ, რომელიც ჩაეშვა ამერიკასა და ბრიტანეთში, ტესტირება უკვე გაიარა. რამდენიმე თვეში, ვიდრე საქართველოში შემოვა, კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება მასზე.

- დაბოლოს, რა რჩევას მისცემთ ჩვენს მკითხველს - მათ, ვისაც განსაკუთრებით ეშინიათ ამ ვირუსის?

- პანიკა კარგს არაფერს მოგვიტანს, უნდა გავუფრთხილდეთ თავსაც, ერთმანეთსაც, დავიცვათ რეგულაციები, გავითვალისწინოთ ექიმების რჩევები და რაც მთავარია, დადებითი განწყობა გვქონდეს. რომც დაინფიცირდეთ, გახსოვდეთ, ეს განაჩენი არ არის!

ნინო ჯავახიშვილი