"2020 წელს ბოლომდე "ხაზს ვერ გადავუსვამთ"
font-large font-small
"2020 წელს ბოლომდე "ხაზს ვერ გადავუსვამთ"
როგორ ემზადება თაკო ჭანუყვაძე ახალი წლის დღესასწაულისთვის

მსახიობ თაკო ჭანუყვაძეს ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებულად უყვარს. თურმე ბავშვობაში მის სახლში 3 სხვადასხვა ნაძვის ხე იყო მორთული... წელს, პანდემიის გამო შეჩერებული ცხოვრების რიტმის ფონზე, ხალხის ნაწილმა ახალი წლის დღესასწაულისთვის მზადება ნაადრევად დაიწყო. თაკოც ამ ადამიანებს შორისაა...


- რაკი ოჯახის წევრები შინ მეტ დროს ვატარებთ, გადავწყვიტეთ, საახალწლო განწყობა ნაადრევად შევიქმნათ და ნელ-ნელა სახლის მორთვა დავიწყეთ. უკვე ნაძვის ხეს ვდგამთ, საახალწლო კუთხეებს ვაკეთებთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ახალ წელს დადებითი ემოციებით შევხვდეთ. პირადად მე, ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებულად მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, პოზიტიურად დამუხტული შევხვდე. წელს ყველას რთული პერიოდი გვქონდა. ამიტომ მგონია, რომ 2021 წელს მხიარულად უნდა შევხვდეთ, რომ ყველასთვის კარგი პერიოდი დადგეს.
- საახალწლო აქსესუარების შეძენა თუ მოასწარი, ვიდრე რეგულაციების გამკაცრების გამო მაღაზიები ფუნქციონირებას შეწყვეტდნენ?
- სხვათა შორის, მე და დედა საახალწლო აქსესუარების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოვირჩევით: როგორც კი მაღაზიაში საახალწლო აქსესუარები ჩნდება, იმწამსვე ჩვენც იქვე ვჩნდებით (იცინის). ტრადიცია გვაქვს, რომ ყოველ ახალ წელს ნაძვის ხის რამდენიმე ახალი სათამაშო უნდა გვქონდეს. ამიტომ ნაადრევად ვყიდულობთ ხოლმე. ყიდვა წელსაც მოვასწარით, თუმცა მგონი, ახლა ყველა მაღაზია ონლაინ მუშაობს და პრობლემა არ იქნება, თუ ვინმემ შეძენა ვერ მოასწრო.
- ბავშვობის დროინდელ სათამაშოებს ნაძვის ხის დასამშვენებლად ახლაც იყენებ?
- კი, რამდენიმე სათამაშო განსაკუთრებულად მიყვარს და ჩემს ნაძვის ხეზე ვკიდებ ხოლმე. საერთოდ, ბევრი ძველი სათამაშო მაქვს, რომელიც საინტერესოა, განსაკუთრებული ისტორია აქვს... მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი ბაბუამ მაჩუქა, როცა ძალიან პატარა ვიყავი. მას რომ ვუყურებ, ბავშვობის წლები და ის ემოცია მახსენდება, როცა ეს სათამაშო ნაძვის ხეზე პირველად დავკიდეთ.
GzaPress
- ახალი წლის დღესასწაულის განწყობას ახლა ალბათ, შენი გოგონა - ანასიკო გიმძაფრებს. ბავშვობის შემდეგ, შენს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ახალი წლის დღესასწაული დიდად აღარ გიხაროდა, სადღესასწაულო სამზადისში აღარ მონაწილეობდი?
- არა, ასეთი პერიოდი არ ყოფილა, რადგან ეს დღესასწაული განსაკუთრებულად მიყვარს, მას ჩემთვის ყოველთვის დადებითი დატვირთვა აქვს. თან, დედაჩემს ახალი წელი და ნაძვის ხე ისე უყვარს, რომ სხვადასხვა ოთახში 3 ნაძვის ხე (სხვადასხვა სათამაშოთი მორთული) გვედგა ხოლმე (იცინის). დედას შეუძლია, ნაძვის ხე ნოემბერში დადგას და მარტში აიღოს, ოღონდ - არ ვაზვიადებ. პირადად მე, იანვრის ბოლოს ვიღებ, მაგრამ მაინც დიდხანს მაქვს. ნაძვის ხეც განსაკუთრებულად მიყვარს!..
- დედისგან განსხვავებით, შინ ერთი ნაძვის ხე გიდგას?
- კი, ერთი, მაგრამ ბევრი საახალწლო კუთხე მაქვს. თან, ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ საახალწლო სამზადისი ანასიკოსაც ძალიან მოსწონს. შეუძლია, რაღაცები გადააკეთოს, საახალწლო აქსესუარები თავად შექმნას... რამდენიმე სათამაშო გააკეთა, რომელიც ნაძვის ხეზე მოვათავსეთ და კმაყოფილები დავრჩით (იღიმის).
- ახალ წელს როგორ ხვდებით ხოლმე?
- ტრადიციულად, ყველანი ჯერ ოჯახში ვხვდებით, ერთმანეთს საჩუქრებს ვუზიარებთ... ანასიკოსთან თოვლის ბაბუა მოდის... მერე, ოჯახის წევრებთან ერთად გავდივართ, მეგობრებს ვუერთდებით, მაგრამ ახლა, პანდემიის ჟამს, არ ვიცი, როგორი სიტუაცია იქნება.
- ანასიკოსა და თოვლის ბაბუის ურთიერთობის შესახებ მოგვიყევი...
- როგორც ყველა ბავშვი, ალბათ, ანასიკოც თოვლის ბაბუას წერილს წინასწარ უგზავნის. შემდეგ, ახალი წლის დადგომისას, 12 საათზე თოვლის ბაბუა მასთან მოდის და საჩუქრებს კართან უტოვებს. საჩუქრები შინ დიდი სიხარულით შემოაქვს, ხსნის და თოვლის ბაბუას მადლობის წერილს უგზავნის... მოკლედ, ჩემს შვილს მთელი რიტუალები აქვს (იცინის).
- თოვლის ბაბუასთვის მიწერილი მისი სურვილების ახდენას იოლად უმკლავდებით?
- კი, ძალიან იოლად, რადგან ისეთს არაფერს ითხოვს, თოვლის ბაბუამ მოტანა რომ ვერ შეძლოს. წერილი უკვე მივწერეთ. 31 დეკემბერს საჩუქრებს ველოდებით (იღიმის)...
- თოვლის ბაბუის არსებობის თავად როდემდე გჯეროდა?
- 8-9 წლამდე. როცა შევიტყვე, არ არსებობდა, დაჯერება არ მსურდა. ახალი წლის ღამეს, თოვლის ბაბუის მოლოდინი განსაკუთრებულად მახსოვს - ერთი სული მქონდა, გათენებულიყო, საჩუქრები მენახა... მინდა, ჩემს შვილს თოვლის ბაბუის არსებობის გარკვეულ ეტაპამდე სჯეროდეს. ეს სასიამოვნოა.
- სადღესასწაულო სუფრისთვის კერძებს თავად ამზადებ?
- მთავარია, სუფრაზე გოზინაყი იყოს, რომელიც მგონია, რომ ყველასთვის საყვარელი ნუგბარია. ვერ ვიტყვი, რაიმე განსაკუთრებულს ვამზადებ-მეთქი. საერთოდ, სამზარეულოში ფუსფუსი დიდად არ მიყვარს, თუმცა რაღაცების მომზადება შემიძლია. გრანდიოზული სუფრის სამზადისს დამოუკიდებლად ვერ გავუძღვები. რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ.
- თქვენი ოჯახის მეკვლე ვინ არის ხოლმე?
- ჩვენს ოჯახში რაც ანასიკო არსებობს, მეკვლეც ისაა, თუმცა, ბევრი წლის განმავლობაში, ჩემი ძმა მართლა "მეკვლე გამოძახებით" გახლდათ. როცა დავოჯახდი და საცხოვრებლად მეუღლესთან ერთად გადმოვედი, ჩემს ძმას ვთხოვდი, - მამუკა, შენ უნდა გვესტუმრო, მეკვლე უნდა იყო-მეთქი. ჩემი ძმა ისეთი დადებითი ემოციების "მატარებელია", ყველას უნდა, მათი ოჯახის მეკვლე იყოს... ანასიკოს რაც შეეხება, ის ტექსტებით ყოველთვის გამოირჩევა, რადგან მოფერებისა და სიყვარულის გაზიარების თავისი მეთოდები აქვს. ახალი წლის ღამეს შინიდან ტკბილეულით გადის, შემდეგ შემოდის და გვეუბნება: "გილოცავთ ახალ წელს, ჩემო სიყვარულებო და საოცნებოებო!.." რაც კი კარგი იცის, ყველაფერს ამბობს. ბედნიერი საღამო გვაქვს, ბევრი დადებითი ემოციით...
- საახალწლო სამოსზე განსაკუთრებულად ზრუნავ?
- ტრადიციად მაქვს, რომ ახალი წლის ღამისთვის ახალი სამოსი შევიკერო.
- ახალი წლის ღამეს ისეთი ამბავი თუ გადაგხდენია თავს, რაც შეიძლება, ჯადოსნურად მივიჩნიოთ?
- ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ველი. მგონია, ამ დროს ყველა ოჯახში სიცოცხლე, ბედნიერება იგრძნობა, ყველა განსაკუთრებით კარგ ხასიათზეა, ერთმანეთს სიყვარულსა და გულთბილ დამოკიდებულებას ვუზიარებთ, ვურეკავთ, ვულოცავთ, მივდივართ-მოვდივართ... ბავშვობიდან მაქვს ეს შეგრძნება, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურია, ბევრი სიურპრიზით, სიხარულით... თან, 2 იანვრიდან საახალწლო სპექტაკლები იწყებოდა, რომლებშიც დღეში სამჯერ ვთამაშობდი. თეატრში სადღესასწაულოდ მორთული უამრავი ბავშვი მშობელთან ერთად გვსტუმრობდა. პატარების გახარებულ სახეებს ვხედავდი. საჩუქრებს, კანფეტებს ვურიგებდით... ბედნიერებაა, როცა გრძნობ, რომ ყველა ბედნიერია.
GzaPress
- პირველად რომელ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობდი, გახსოვს?
- ბავშვობაში რაღაც საახალწლო ღონისძიებები გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებულად არ მახსოვს. სამაგიეროდ, მახსოვს პირველი სპექტაკლი, რომელშიც ვითამაშე - "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" იყო. პრემიერა 24 დეკემბერს გაიმართა. მერე, 27 დეკემბრიდან 24 იანვრამდე ყოველდღე 3 საახალწლო სპექტაკლში ვთამაშობდი, რომელშიც ბევრი პერსონაჟი მონაწილეობდა (სპეციალური ზღაპარი იყო შექმნილი)... მას შემდეგ წლები გავიდა. ახლა, ყოველ წელს, საახალწლო ღონისძიებებში ვმონაწილეობ. მართლა საოცრად დადებით ემოციებით ვივსები. მხოლოდ კარგი მახსენდება... საერთოდ, სცენაზე დგომა მიყვარს. როდესაც ბავშვებისთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებ, პატარებისგან კიდევ უფრო ძლიერ დადებით მუხტს ვიღებ.
- ბედობა დღის თუ გჯერა?
- არ ვიცი, მაგრამ ასე ვთქვათ, ტრადიციებს მივყვები. ბედობას სამეგობროში ასეთი წესი გვაქვს: ერთად უნდა ვიყოთ, ერთმანეთი რომ დაგვებედოს - ცეკვით, სიმღერით, დადებითი განწყობით... 2 იანვარს სპექტაკლებში თამაშს რომ ვასრულებდი, ჩემს მეგობრებს ვუერთდებოდი და ბედობას ასე აღვნიშნავდით.
- ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, წონაში მომატების გამო, ხშირად წუწუნებენ. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
- ჯერჯერობით წონის პრობლემა არ შემქმნია. თან, ბევრ ენერგიას ვხარჯავდი - დღის 12-დან საღამოს 7 საათამდე სცენაზე ვიდექი... ახალ წელს ასეთი ჩვევა მაქვს: მოგეხსენებათ, ყველა ოჯახში, სუფრაზე უამრავი კერძია. მე მხოლოდ მწვანე მხალს, პომიდორს, მჭადს და ბაჟეს ვჭამ, მცირე ულუფებად. ასე ვთქვათ, ამოჩემებული საჭმელი მაქვს.
- ალკოჰოლურ სასმელთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- არ მიყვარს, არც ერთი წვეთის დალევა არ შემიძლია. ყოველთვის ყველაფერს ფხიზლად ვხვდები, მაგრამ მაინც კარგად ვერთობი.
- საბოლოოდ, 2020 წელი შენთვის როგორი იყო?
- სხვათა შორის, 2020 წელი ძალიან კარგად დაიწყო: პროფესიული წინსვლა მქონდა - ბევრი პრემიერა, საინტერესო გადაღება... მგონი, ბოლო სპექტაკლი მარტში ვითამაშეთ, მაგრამ რეპეტიციები აპრილის შუა რიცხვებამდე არ შეგვიწყვეტია. ჩვენი თეატრი არ გაჩერებულა: პირველ სექტემბერს რეპეტიციები განვაახლეთ. ეს ჩვენთვის დიდი შვება იყო. ახალი პროექტი დამტკიცდა, რომელიც ღია სივრცეში სპექტაკლის თამაშს ემსახურებოდა. კაჭრეთში ვიყავით. მსახიობებმა 5 სხვადასხვა რეჟისორის სპექტაკლში ვითამაშეთ. ეს საინტერესო გამოწვევა იყო... სექტემბერში კახეთში გასტროლი გვქონდა სპექტაკლით - "აურზაური არაფრის გამო". ყველაფერს მონატრებულებმა დრო არაჩვეულებრივად გავატარეთ. თბილისში დაბრუნებულები დავით ჭაბაშვილის სპექტაკლისთვის - "ჯოხად ქცეული ადამიანი" - ვემზადებოდით. პრემიერა "ლაივ"-რეჟიმში გვქონდა... მერე უკვე სპექტაკლზე - "ანა ფრანკის დღიური" - მუშაობა დავიწყეთ (ნანუკა ხუსკივაძის რეჟისორობით). არაჩვეულებრივი რეპეტიციები გვქონდა. მონახაზი გავაკეთეთ, მაგრამ რეგულაციების გამო, რეპეტიციების შეწყვეტა მოგვიხდა. ასე "დავაკონსერვეთ" და დავტოვეთ... ყველაფრის მიუხედავად, 2020 წელს ბოლომდე "ხაზს ვერ გადავუსვამთ". ეს ვირუსი მთელ მსოფლიოს შეეხო და ცხოვრება ცოტა ხნით გააჩერა, მაგრამ იმედია, მალე ყველანი ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველდღიური რუტინა, ამოჩემებული სათამაშოები და ელექტრომოწყობილობები
დიზაინერი იანა გეგუჩაძე ამერიკაში ქართულ სამოსს ქმნის
არ მაქვს უფლება, ბავშვებთან მივიდე ქუსლიანი ფეხსაცმლით
5 წელი ჟენევაში ვცხოვრობდით, მერე კი ისევ საქართველოში დავბრუნდით
"სცენაზე ავიდგი ფეხი და კარგადაც გამაგორეს, რათა სცენის მტვერი ჩამეყლაპა..."
ვირუსი გადაჰქონდათ ამ ორ ლაბორატორიას შორის, მათი კვლევისა და გაუმჯობესების მიზნით
ცხოვრება რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი გვაძლიერებს და კიდევ უფრო გვაკავშირებს ერთმანეთთან
60 წლის შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება და ემიგრანტი, რომელსაც როიალზე დაკვრა ენატრება
ნუგზარ კვაშალი: "ჩვენს ანსამბლში დიდი სიყვარული ტრიალებდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი