"ერთადერთი ბინა უკანონოდ გამიყიდეს, მაპოვნინეთ სამართალი"
font-large font-small
"ერთადერთი ბინა უკანონოდ გამიყიდეს, მაპოვნინეთ სამართალი"
ბინა ისე გაყიდეს, საქმის კურსში არ ვიყავი

ბოლო წლებში საქართველოში უამრავი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ამ ოჯახებმა ბანკებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეებისგან აიღეს მაღალპროცენტიანი კრედიტები და შემდეგ ვალი უკან ვერ დააბრუნეს, ამიტომ მათი ნაწილი იძულებული გახდა, საცხოვრებელი გაეყიდა, იპოთეკარებმა ზოგიერთის ქონება პირდაპირ თავიანთ სახელზე გადაიფორმეს, ნაწილს კი აუქციონზე გაუყიდეს. ბევრი ადამიანი უბრალოდ იმიტომ დაზარალდა, რომ კანონი არ იცოდა, ბანკში ახლობელს თავდებად დაუდგა, თავისი ქონება უზრუნველსაყოფად ჩადო და შემდეგ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდა.


პრობლემა რომ მწვავეა, ამაზე არაერთხელ დაწერილა და თქმულა. ისიც ყველამ იცის, რომ დღემდე ბევრი ოჯახი იმის შიშით ცხოვრობს, როდის გაუყიდიან ვალის გამო საცხოვრებელს და როდის აღმოჩნდება ქუჩაში. მართალია, პანდემიის გამო ეს პროცესები ახლა შეჩერებულია და აღარ ეწყობა იძულებითი აუქციონები, მაგრამ პრობლემა ისევ მწვავედ დგას.
ჩვენი რესპონდენტი - კარინა ოგანოვი წლებია, ინსტანციიდან ინსტანციაში დადის და სამართალს ითხოვს. ამბობს, რომ აღმასრულებელმა ერთადერთი საცხოვრებელი ბინა უკანონოდ ისე გაუყიდა, რომ მისთვის არც უცნობებია, ქონება აუქციონზე რომ გაჰქონდა. ფაქტის წინაშე დააყენეს და სამშობლოში დაბრუნებული ქუჩაში აღმოჩნდა. ამბობს, რომ მაშინ ახლობელს დაუდგა ბანკში თავდებად და ვერც კი წარმოედგინა, ამის გამო ქუჩაში თუ აღმოჩნდებოდა.
- ფაქტის წინაშე რომ დავდექი, მას შემდეგ ვიბრძვი, სამართლიანობა რომ აღვადგინო და კუთვნილი ქონება დავიბრუნო, მაგრამ ამ საქმეში მთელი სისტემაა ჩართული - ერთად მოქმედებს სასამართლო, პროკურატურა, სააღსრულებო ბიურო, რომლებიც მხარში უდგანან ბანკს. დიდი პრობლემა მაქვს, ამდენი ხანია ვჩივი და სამართალს ვერ მივაღწიე. ვწერ განცხადებებს ყველა უწყებაში, ვასაბუთებ ჩემს სიმართლეს, მაგრამ არავინ მაქცევს ყურადღებას. ბიძინა ივანიშვილის სახელზეც კი დავწერე განცხადება, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიმიღია.
- რატომ გაგიყიდეს ქონება?
- ბინა ისე გაყიდეს, საქმის კურსში არ ვიყავი. მაშინ ფიზიკურად საქართველოშიც არ გახლდით. რომ დავბრუნდი, ჩემს ერთადერთ საცხოვრებელ ბინაში სხვები დამხვდნენ, აუქციონით გაუყიდიათ. მას მერე მეუბნებიან, რომ განცხადება გამოაქვეყნეს გაზეთში და თურმე ის უნდა წამეკითხა. ჯერ ერთი, საქართველოში არ ვიყავი, ეს კარგად იცოდა აღმასრულებელმა. ისიც იცოდა, აქ რომც ვყოფილიყავი, გაზეთში განცხადებას ვერ წავიკითხავდი, რადგან ეროვნებით სომეხი ვარ, არ ვფლობ ქართულ ენას. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. დედა გარდამეცვალა და რუსეთში მომიხდა წასვლა, აღმასრულებელმა კი ისარგებლა ამ მომენტით. მარტოხელა ქალს რატომ არ უნდა დამიბრუნონ ქონება?! მე სამართლიანობის და კანონის მომხრე ვარ. რატომ ვერ ნახულობს სასამართლო იმ დარღვევებს, რაც ამ საქმეშია? რა, არ იციან კანონები? ხელყოფილია ჩემი სამოქალაქო უფლებები, ჩემი კონსტიტუციური უფლებები. გასაგებია, სააკაშვილის დროს მოხდა ეს, მაგრამ ხომ არის ახლა ახალი ხელისუფლება, ისინი რატომ არ იცავენ კანონს?! ყველა უწყება შემოვიარე, სტრასბურგის გარდა, სტრასბურგი კი ამ საქმეს არ იღებს წარმოებაში, შიდა ინსტანციის საქმეაო... მე კი უკვე დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში უბრალო ადამიანს გაუჭირდება სამართლის პოვნა. ადამიანურად დამეხმარეთ ჟურნალისტები, გთხოვთ.
მარტოხელა ქალი ვარ. თავის დროზე სხვას დავუდექი ბანკში თავდებად, აბა, რას წარმოვიდგენდი, ამის გამო ქუჩაში რომ აღმოვჩნდებოდი?! ძოძუაშვილმა, რომელსაც დავუდექი გვერდით, ვალები არ გადაიხადა და ამის გამო ჩემი ბინა გაყიდეს.
- იქნებ ფაქტის შესახებ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ...
- 2009 წლის 27 აპრილს საარბიტრაჟო პალატამ განიხილა ს/ს "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" პრეტენზია, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებს: ი/მ "ჯანო ძოძუაშვილს", მე, კარინა ოგანოვს და ვიქტორ ლალიაშვილს სოლიდარულად დაგვეკისრა 4.034 დოლარისა და 98 ცენტის გადახდა. ბანკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საჯ არო აუქციონზე რეალიზაციას ექვემდებარებოდა ი/მ "ჯანო ძოძუაშვილის" მიერ დაგირავებული მოძრავი ნივთები, ჩემი, კარინა ოგანოვის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება - ბინა, რომელიც იყო დატვირთული იპოთეკით და ასევე, თანხა სოლიდარულად უნდა დაჰკისრებოდა თავდებ ვიქტორ ლალიაშვილსაც. გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო სრულად, მისი გამოტანიდან 10 წლის განმავლობაში, რაც იწურებოდა 2019 წელს. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აღმასრულებელმა დავით კულდანაშვილმა აუქციონზე სარეალიზაციოდ გაიტანა მხოლოდ ჩემი ბინა, იგი არ დაინტერესებულა არც ზემოთ ხსენებული ნივთებით და არც თავდების - ვიქტორ ლალიაშვილის ქონებით, მხოლოდ ჩემი უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე დააკმაყოფილა ბანკის მოთხოვნა. გასხვისების პერიოდისთვის, 2010 წლის მარტის მდგომარეობით, ჩემი ბინის საბაზრო ფასი იყო 27.000 აშშ დოლარი, ამაზე აუდიტორის დასკვნაც არსებობს, გასხვისების დროს კი აუქციონზე სარეალიზაციოდ ჩემი ქონება აღმასრულებელმა გაიტანა 19.500 ლარად, თან ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს და ფაქტის წინაშე დავდექი. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩემთან მიმართებაში უხეშად დაარღვია აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება, რომლის თანახმად, "ბიურო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით; კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ხელშეუვალია. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: "სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები". სწორედ აღნიშნული, კეთილსინდისიერების პრინციპი დაირღვა აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოხელის, დავით კულდანაშვილის მიერ. მან აუქციონზე გაიტანა მხოლოდ ჩემი უძრავი ნივთი და ამით გაიიოლა საქმე. აღნიშნულით კი მე მომადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. სხვის გამო, ახლა ვცხოვრობ როგორც "ბომჟი", სადღაც სარდაფში. გთხოვთ მაპოვნინეთ სამართალი.
GzaPress
ლევან ცალუღელაშვილი, იურისტი:
- სახელმწიფომ ერთადერთი საცხოვრებლის მქონე მოქალაქეზე ზრუნვა, ფაქტობრივად, 2018 წელს დაიწყო, როდესაც კანონმა შეზღუდა იპოთეკა ერთადერთ საცხოვრისზე. წინა ხელისუფლების პერიოდში არც იპოთეკაზე იყო რაიმე შეზღუდვა და გამოსახლებაც ძალიან სწრაფად და უაპელაციოდ, პოლიციის მეშვეობით ხდებოდა. ჯერ კიდევ 3 წლის წინ, 2017 წელს საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" გამოვიდნენ საკანონმდებლო ინიციატივით და პარლამენტის წინაშე განსახილველად ამზადებდნენ კანონპროექტს, რომელიც სამ წლამდე ვადით აჩერებდა იძულებით აღსრულებას იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის ერთადერთი საცხოვრებლის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო. კანონპროექტი პარლამენტის წინაშე განსახილველად ვერ გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ განიხილეს სხვადასხვა კომიტეტის სხდომაზე, - ვგულისხმობ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2017 წლის 1-ლი ნოემბრის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის იმავე წლის 5 დეკემბრის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმავე წლის 11 დეკემბრის სხდომებს. ამ უკანასკნელს თავმჯდომარეობდა ეკა ბესელია. სამჯერვე კანონპროექტის პარლამენტის წინაშე განსახილველად წარდგენა იმ გარემოების გამო შეფერხდა, თითქოსდა სათანადოდ არ იყო მომზადებული. სათანადოდ მომზადებაში იგულისხმებოდა, რომ არ არსებობდა ამგვარად დაზარალებულ ადამიანთა ზუსტი სტატისტიკა, რაც თავის მხრივ უნდა ეწარმოებინათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. რადგან სტატისტიკა არ არსებობდა, ბუნდოვანი იყო, ამ მიმართულებით რა სახსრები უნდა გამოყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შეიქმნა ჯგუფი დამატებითი კონსულტაციებისთვის, თუმცა ფაქტია, ამ ჯგუფსაც აღნიშნული მიმართულებით პროგრესული ნაბიჯი არ გადაუდგამს. არადა, უსახლკარობის პრობლემა დღესაც მოუგვარებელი და აქტუალურია. რას გულისხმობდა კანონპროექტი, უფრო კონკრეტულად? იგი სახელმწიფოს ავალდებულებდა, ე.წ. მინიმალური საცხოვრებელი პირობები შეექმნა მათთვის, ვინც უკანასკნელი საცხოვრებელი დაკარგა. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებდა "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებას: "უსახლკარო პირთა" წრეს ემატებოდა "პირები ან პირთა წრე, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების შედეგად დაკარგეს ბოლო საცხოვრისი". გამოითქვა ვარაუდი, რომ ყველა, ვინც აღსრულების შედეგად კარგავს ბოლო საცხოვრისს, არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც უსახლკარო, ვინაიდან შესაძლოა ჰქონდეს ფაქტობრივი საცხოვრებელი, ასევე - საკმარისი შემოსავალი და შესაბამისად, არ საჭიროებდეს თავშესაფრით, ე.ი. ღამის გასათევით უზრუნველყოფას. თუმცა კარინა ოგანოვის შემთხვევა რადიკალურად განსხვავებულია. მან ერთადერთი საცხოვრებელი დაკარგა სწორედ საკანონმდებლო ხარვეზებისა და განუკითხაობის პერიოდში, როდესაც ყოველგვარი გაფრთხილებისა და გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემის გარეშე ხდებოდა მოქალაქეთა იძულებითი გამოსახლება პოლიციის მიერ. სხვათა შორის, პანდემიამ დღეს ამგვარ "გამოსასახლებელ" ადამიანებზე დადებითად იმოქმედა. მესაკუთრეები ვეღარ ასახლებენ მათ კუთვნილ ფართობებში კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრებ ადამიანებს. კანონპროექტს აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ მისი ძალაში შესვლის შემთხვევაში შეიზღუდებოდა იმ ადამიანთა უფლება, რომლებსაც დადებული აქვთ ხელშეკრულებები და საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ელოდებიან. აღსრულების წარმოების სამ წლამდე შეჩერებით ისინი აღმოჩნდებოდნენ დაზარალებულ მდგომარეობაში, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების ეტაპზე მათ არ შეეძლოთ გაეთვალათ, რომ ეს სამართლებრივი ნორმები შეიცვლებოდა და მათ გაურთულდებოდათ მოთხოვნის დაკმაყოფილება. თუმცა, თუ კანონი ძალაში შესვლიდან სამომავლო შემთხვევებზე გავრცელდებოდა, ვფიქრობ, ის მანამდელ კრედიტორებს არანაირად არ დააზარალებდა.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველდღიური რუტინა, ამოჩემებული სათამაშოები და ელექტრომოწყობილობები
დიზაინერი იანა გეგუჩაძე ამერიკაში ქართულ სამოსს ქმნის
არ მაქვს უფლება, ბავშვებთან მივიდე ქუსლიანი ფეხსაცმლით
5 წელი ჟენევაში ვცხოვრობდით, მერე კი ისევ საქართველოში დავბრუნდით
"სცენაზე ავიდგი ფეხი და კარგადაც გამაგორეს, რათა სცენის მტვერი ჩამეყლაპა..."
ვირუსი გადაჰქონდათ ამ ორ ლაბორატორიას შორის, მათი კვლევისა და გაუმჯობესების მიზნით
ცხოვრება რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი გვაძლიერებს და კიდევ უფრო გვაკავშირებს ერთმანეთთან
60 წლის შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება და ემიგრანტი, რომელსაც როიალზე დაკვრა ენატრება
ნუგზარ კვაშალი: "ჩვენს ანსამბლში დიდი სიყვარული ტრიალებდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი