როგორ მოვიზიდოთ ბარაქა და რომელ დღეებში გვეკრძალება ბევრი ფულის ხარჯვა - გზაპრესი

როგორ მოვიზიდოთ ბარაქა და რომელ დღეებში გვეკრძალება ბევრი ფულის ხარჯვა

ფენ შუის ქართველი სპეციალისტი, თიკა ქოქაშვილი, როგორც ყოველთვის, საინტერესო რჩევებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევეგებოთ დამდეგს, როდის გავუმასპინძლდეთ "ხარს" და გვასწავლის პრაქტიკებს, რათა შევძლოთ სურვილების ახდენა, მოვიზიდოთ ბარაქა და თუ სამსახურს ვეძებთ, როგორმე დავსაქმდეთ ან კარიერაში წინ წავიწიოთ.

ხარი თუ ვირთხა?!.

- ხარის წელი შემოვა აღმოსავლური ასტროლოგიით 11 თებერვალს, მანამდე ისევ ვირთხის წელი გახლავთ. ასე რომ, ახალი წლის ღამეს მოგვიწევს ისევ ვირთხის წელს შევხვდეთ და ხარის წლისთვის მოვემზადოთ. სასურველია, თუ გვექნება ორივე სიმბოლო. ისე გამოდის, რომ ფაქტობრივად, ვირთხა ხარს შეაჩეჩებს პრობლემებს და ხარის სტიქიას მოუწევს ყველაფრის გატანა.

2021 წელს დადგება მეტალის ხარის წელი და შესაბამისად, აქტუალურია თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი. ხარი ძალიან მეგობრული, გამტანი, შრომისმოყვარე და ერთგულია. უყვარს ოჯახი, გარემო. გაითვალისწინეთ, სამართლიან ხართან ტყუილები არ გაგვივა და 2021 წელს ბევრი რამ გამოაშკარავდება. უნდა ველოდოთ სტაბილურობას და პანდემიაც უკან დაიხევს. ერთადერთი გლობალური ფინანსური პრობლემები იქნება - ეს უნდა გავითვალისწინოთ.

საახალწლო სამოსი, სუფრა...

- ვერცხლისფერი, ოქროსფერი, თეთრი, ნაცრისფერი და ასევე წითელი სამოსიც შეგიძლიათ ჩაიცვათ. არ დაიჯეროთ, რომ ამბობენ, წითელი არ შეიძლება, რადგან ეს ფერი ხარს აღიზიანებსო. 2021 წელს ყველაზე მეტად აკლია ცეცხლის სტიქია და აქედან გამომდინარე, წითელი იქნება არა უბრალოდ აქტუალური, არამედ საჭიროც კი. არ აგვერიოს კურო და ხარი ერთმანეთში. ის, რომ ხარი ღიზიანდება წითელზე და ბრაზდება, ეს სიცრუეა.

აქსესუარების შერჩევისა და სუფრის გაწყობის დროსაც ეს ფერები უნდა გაითვალისწინოთ. კარგი იქნება, თუ მაგიდაზე იქნება ხილი, ბოსტნეული, ასევე - კაკალი.

ავანთოთ სანთელი და აუცილებლად ჩავიფიქროთ სურვილი...

- ფენ შუის მიხედვით, რეკომენდებულია 8 სანთლის ანთება. ისინი უნდა იყოს - თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და აუცილებლად წითელიც. მაგიდაზე დააწყვეთ სხვადასხვა ფერის სანთელი და როცა 12-ს წამები დააკლდება, აანთეთ და ჩაიფიქრეთ სურვილები. გაითვალისწინეთ, სანთელი აუცილებლად ბოლომდე უნდა ჩაიწვას.

31 იანვარს ბარაქის შემოსაპატიჟებლად ოთახში 108 ცალი მანდარინი უნდა შემოაგოროთ - ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ ასევე შეგვიძლია შემოვაგოროთ 8, 18, 38, 68, 98 ცალიც.

GzaPress

ტექნიკა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

- ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ ფინანსებთან დაკავშირებული სურვილი ჩამოწეროთ მწვანე ფურცელზე, წითელი კალმით. თამამად დაწერეთ, რამდენი ლარი გსურთ ყოველთვიურად გქონდეთ, ოღონდ სურვილი იწერება ასრულებული ფორმით, ანუ "მე მაქვს ამდენი და ამდენი ლარი თვეში", შემდეგ კი ეს სურვილი დაათარიღეთ 2021 წლის დეკემბრით და იქვე მიაწერეთ, თუ რა გზით მიიღეთ ეს თანხა მთელი წლის განმავლობაში. შემდეგ ეს მწვანე ფურცელი დაახვიეთ, შეკარით წითელი ლენტით ან წითელი ძაფით და ჩამოკიდეთ ნაძვის ხეზე, ხოლო როცა ნაძვის ხეს აიღებთ, სურვილის ფურცელი დაკიდეთ სახლის დასავლეთ სექტორში და შეინახეთ მთელი წლით. შეგიძლიათ ეს ფურცელი შეინახოთ ფენ შუის სურვილის ასრულების კონვერტში და დასავლეთ სექტორში მოათავსოთ. სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ. ერთი წლის შემდეგ ის დაწვით მადლიერებით, მომავალი წლისთვის კი ახალ პრაქტიკებსაც გასწავლით (იღიმის).

5 თუ 8?..

- შარშანაც იყო მეტალის ვირთხის წელი და იგივე ფერები გახლდათ აქტუალური. ნუმეროლოგიის მიხედვით, ბევრმა 5 სანთელზე გააკეთა აქცენტი, რადგან 2021 წელი დააჯამეს და მიიღეს 5. მაგრამ ფენ შუის მიხედვით, ვინაიდან ჩვენ ვართ 8-იანის ციკლში, 8 სანთელს ვანთებთ, როგორც სიმდიდრისა და უსასრულობის სიმბოლოს. იცით, რომ 8-იანი არის ერთ-ერთი ძლიერი ციფრი და იგი ფინანსებს იზიდავს.

რა ვუყოთ შარშან შეღებილ ოქროსფერ კაკლებს

- შარშან შეღებილი კაკლები აუცილებლად დაწვით ან გაიტანეთ ბუნებაში და დამარხეთ მიწაში, ხოლო წელს აქტუალური იქნება ნალის ფიგურა, რომელიც ხსნის ბედს, იზიდავს წარმატებას. ის შეგიძლიათ დაკიდოთ ნაძვის ხეზე, შემდეგ კი შემოსასვლელში განათავსოთ მთელი წლით, რათა იღბლიანი და ბარაქიანი წელი გქონდეთ (აუცილებლად უნდა დაამაგროთ ამოტრიალებულ მდგომარეობაში ისე, რომ ფინანსური ენერგია მასში "ჩავიდეს" და "გაივსოს"). წელს ნალის სიმბოლო ძალზე მნიშვნელოვანია. იგი შეიძლება დაკიდოთ როგორც შემოსასვლელის მხრიდან, ისე შიგნით, კართან.

ფენ შუის კონვერტები

- ფენ შუის კონვერტებზე გამოსახულია სპეციალური სიმბოლოები. არის ფულის გასაჩუქებელი, შესაგროვებელი, სურვილების ბარათების შესანახი კონვერტები. ის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ვინც მთელი წელი სურვილებს ინახავდა ასეთ კონვერტებში, უნდა გადაათვალიეროს ეს სურვილები და რაც ასრულებულია, დაწვას, მერე კი ახლები ჩაალაგოს. ფულის შესანახ კონვერტებში კი დაითვალეთ, რამდენი დაგიგროვდათ და თუ ის საკმარისია იმ ნივთის შესაძენად, რისთვისაც აგროვებდით, თამამად დახარჯეთ, თუ არა და, შეგიძლიათ უფრო დიდ კონვერტში გადაიტანოთ და შეინახოთ. კონვერტს იმ შემთხვევაში ვწვავთ, თუ ის შეილახება.

ჯანმრთელობა...

- 11 თებერვლიდან ჩრდილოეთ სექტორში გააქტიურდება ჯანმრთელობის პრობლემები. ასეთ დროს შეგიძლიათ ახლოს დაიდოთ თილისმა ვულუ ან ცისფერი კრისტალები. ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, კარგი იქნება თუ ცისფერ მინერალებს ატარებს. ჩრდილოეთ სექტორში დამცავის გაკეთებასაც გირჩევთ, რომელიც კეთდება მარილით, ქილით და ფენ შუის 6 მონეტით. დაიდეთ საძინებელში ეს ქილა, ასევე ჩრდილოეთ მხარეს. მარილი ძალიან კარგად ასუფთავებს ენერგიას. ასევე კარგი იქნება სახლის ჩრდილოეთ სექტორში ცისფერი სანთლების დანთება, ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად.

წარმატებისა და კეთილდღეობისთვის...

- ძალიან ძველ პრაქტიკასაც შეგასწავლით, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მზის ჩასვლის დროს, პარასკევ დღეს. უნდა დაჯდეთ ისე, რომ აღმოსავლეთით იყურებოდეთ. კარგია, თუ დაიფენთ ყვითელ ქსოვილს. აანთეთ სურნელოვანი ჩხირი, სანთელი და ზარი დარეკეთ 7-ჯერ. ამ დროს იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი კეთილდღეობა, წარმატება და ბარაქა გინდათ შემოვიდეს თქვენს ოჯახში. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ძალიან ბედნიერი და გაუგზავნეთ სამყაროს პოზიტივი, ამის შემდეგ კი ჩვეულებრივად გააგრძელეთ ნებისმიერი საქმე (იღიმის).

ჩვენი ფიქრები სრულდება?...

- საერთოდ, ფენ შუით როცა დავინტერესდი, გამოსაცდელად ყველა პრაქტიკას ვატარებდი და შესაბამისად, თუ რამე მისწავლებია სხვებისთვის, ის ნასწავლიც მქონდა და გამოცდილიც, არასდროს მიმიცია რჩევა "გუგლში" ან "იუთუბში" მოძებნილი ინფორმაციების მიხედვით, როგორც ახლაა მოდაში. უკვე მეშვიდე წელია ვსწავლობ აღმოსავლურ სწავლებებს და ფილოსოფიას, საკმაოდ ძირფესვიანად. ყველა ცოდნა, რაც მიმიღია პედაგოგებისგან, დაპრაქტიკებული მაქვს. ამით იმის თქმა მსურს, რომ რჩევის მიცემისას პასუხისმგებელი უნდა იყო ყველა შენს სიტყვაზე, სადღაც გაგონილის მიხედვით რაღაცების დაპრაქტიკება არ მიმაჩნია სწორად...

მერწმუნეთ, ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე იმას, თუ რას ვფიქრობთ. რაც არის ჩვენს თავში, ზუსტად ის გვიხდება. მნიშვნელოვანია, რომ როცა რაღაცის მიღწევის სურვილი გაქვთ, მის ასრულებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. წარმოიდგინეთ ხოლმე საკუთარი სურვილი უკვე ახდენილი - ისე, თითქოს ფილმს უყურებთ თქვენი მონაწილეობით, აწმყო დროში. იოცნებეთ და თან ეცადეთ, ამ სურვილების ასახდენად იმოქმედოთ... მადლიერებით უნდა მიიღოთ ყველაფერი, რასაც სამყარო გაძლევთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, ნებისმიერი თქვენი სურვილი უნდა იყოს თქვენთვის სასარგებლო, მაგრამ მისი ასრულების შემთხვევაში, ზიანი არავის არ უნდა მიადგეს.

სამსახურის მაძიებელთათვის...

- ფენ შუის მიხედვით, კარიერა და ჩვენი სამსახური აქტიურდება თეთრი ვარსკვლავით, ერთიანით, რომელიც სამხრეთ სექტორში გვხვდება ყველა სახლში. შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპასი და ეს სექტორი გააქტიუროთ ოქროსფერი ცხენის ფიგურით (აუცილებლად ფენშუისტური და არა სათამაშო ცხენებით). კარგი იქნება სახლის ამ მხარეს კრისტალების დადება და პერიოდულად, წყლის შადრევნის ჩართვა.

აქვე გასწავლით პრაქტიკას: დაგჭირდებათ ზღვის ან ჩვეულებრივი მარილი (თუ ახალი ნაყიდი იქნება, უკეთესია). 3 ცალი დაფნის საღი ფოთოლი, ცოტა ბრინჯი, პატარა ქისა და მწვანე სანთელი. დაჯექით მშვიდად, დილის საათებში თუ მოხერხდება, უკეთესია. აიღეთ მარილი, რომელიც უნდა დაყაროთ ისე, რომ წრის ფორმა მისცეთ. ამ წრეში ჩადგით მწვანე სანთელი და აანთეთ აუცილებლად ასანთით. უყურეთ სანთელს და ამ მდგომარეობაში, მარცხენა მხარეს დაყარეთ ცოტა მარილი, ბრინჯი, მარჯვენა მხარეს სამი დაფნის ფოთოლი დააწყვეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სურვილი ასრულებულია და მერე უნდა თქვათ ეს სიტყვები: მე ვმუხტავ ამ ჩემს ქისას სამსახურის დაწყების/დაწინაურების ენერგიით. შემდეგ აიღეთ ქისა, შემოატარეთ სანთლის ალს, მერე მასში ჩაყარეთ მარილი და ბრინჯი, ერთი დაფნის ფოთოლი. მეორე დაფნის ფოთოლს დააწერეთ სურვილი და დაწვით, მესამე ფოთოლსაც დააწერეთ და ისიც დაწვით. სანთელი უნდა ჩაიწვას ბოლომდე. რაც უფრო დიდხანს იწვის, მით უკეთესია... ეს ქისა ატარეთ სამსახურის დაწყებამდე და რა თქმა უნდა, ხელიც შეუწყვეთ თქვენს ოცნებას ასრულებაში, ეძებეთ სამუშაო.

დღეები სიმდიდრის გარეშე...

- და აქვე დაგისახელებთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეებს მთელი წლის განმავლობაში, როცა არ შეიძლება დიდი თანხის დახარჯვა, სერიოზული გადარიცხვების გაკეთება, რათა ფინანსური პრობლემები არ შეგვექმნას. ამ დღეებში მხოლოდ საკვების ან წვრილმანების საყიდლად შეგიძლიათ თანხის დახარჯვა.

2021 წელს ე.წ. დღეები სიმდიდრის გარეშე არის: 7 და 19 თებერვალს, 18 და 20 აპრილს, 17 და 19 ივნისს, 16 და 20 აგვისტოს, 15 და 17 ოქტომბერს, 14 და 16 დეკემბერს და 2022 წლის 12 და 16 იანვარს. გისურვებთ ბედნიერი, ბარაქიანი წელი გქონოდეთ!

ლიკა ქაჯაია