გიორგი გოგიძე - ამერიკული სადაზღვევო კომპანიის საუკეთესო აგენტი - გზაპრესი

გიორგი გოგიძე - ამერიკული სადაზღვევო კომპანიის საუკეთესო აგენტი

გიორგი გოგიძემ, საქართველოში არაერთი წარმატების მიუხედავად, უკეთესი მომავლის საძიებლად ამერიკას მიაშურა და ახალი ცხოვრება დაიწყო. დღეს ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია, არც საქართველოში შეძენილ ჩვევას უღალატა და სამ წელიწადში ამერიკაშიც წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია.

- ბატონო გიორგი, თქვენი წარმატებები ადრეული ასაკიდან დაიწყო, სკოლა დაამთავრეთ ოქროს მედალზე, მერე იყო სხვადასხვა ინტელექტუალური თამაში, მათ შორის "რა? სად? როდის?" სხვა ბევრი წარმატებაც გქონდათ, რატომ დატოვეთ საქართველო?

- დიახ, მიუხედავად ბევრი წარმატებისა, მაინც გადავწყვიტე საქართველოს დატოვება, რადგან იქ არ გვეძლევა საშუალება საკუთარი თავის ბოლომდე გამოვლენის, არ არის იმხელა ასპარეზი და შესაძლებლობები, როგორიც ამერიკაში. აქ წამოსვლას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მამა აქ ცხოვრობდა.

- თქვენს მიღწევებზე რომ მოგვიყვეთ.

- სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, საქართველოს რესპუბლიკური ოლიმპიადების გამარჯვებული ვარ, უნივერსიტეტში უმაღლესი აკადემიური მოსწრება მქონდა, მივიღე ჯილდო ლონდონის, პარიზის, ბუქარესტის, ტალინისა, ანკარის, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის, გაეროს, ნატოსა და ევროკავშირის მოდელირებებში დიპლომატიურ მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის.

- ასევე, 2020 წელს გახდით სადაზღვევო კომპანიის ერთ-ერთი წარმატებული, ნომერი პირველი აგენტი. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ განათლება საკმარისია ამდენი წარმატების მისაღწევად?

- დიახ, ამერიკის სიცოცხლის სადაზღვევო კომპანიის (American Income Life), რომელიც Fორბეს-ის ჟურნალში ყოველწლიურად იკავებს ადგილს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, საუკეთესო აგენტის ტიტული მოვიპოვე 2020 წლის ბოლო მეოთხედში და ასევე ყოველთვიურად. კომპანიაში 6 თვის განმავლობაში დავწინაურდი გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. მივიღე ამავე სადაზღვევო კომპანიის ჯილდო (ოქროს ბეჭედი) წარმატებული მუშაობისთვის და კომპანიის Founder-ს Club-ში გაწევრება. რა თქმა უნდა, ამისთვის მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი, აუცილებელია დროის სწორად დაგეგმარება და დაუღალავი შრომა.

- როგორ ფიქრობთ, დღეს წარმატების მწვერვალზე ხართ? რა სირთულეები შეგხვდათ?

- დღეს ვარ მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, მწვერვალამდე ჯერ კიდევ მაქვს გასავლელი. ბუნებრივია, იყო სირთულეები, თუნდაც ის, რომ საბუთების არქონის გამო არ მქონდა სწავლის შესაძლებლობა.

- ის, რომ მუსიკოს გოგიტა გოგიძის შვილი ხართ, თუ დაგეხმარათ თავის დამკვიდრებაში?

- თავის დამკვიდრებაში დამეხმარა-მეთქი, ვერ ვიტყოდი, სამსახურში მისაღებად გავიარე ყველა პროცედურა და გასაუბრება. განაცხადის შევსების შემდეგ დამიბარეს გასაუბრებაზე, თუმცაღა გოგიტა ძალიან დამეხმარა სანაცნობო წრის გაფართოებასა და ადამიანების ნდობის მოპოვებაში.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ ყოფილიყავით ამერიკელი და არა ემიგრანტი, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდით?

- ალბათ არა, ახლა ვცდილობ ვისაუბრო აქცენტის გარეშე, რადგან ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, თუმცა ეს ხელს არც არაფერში მიშლის. ამ ქვეყანამ მიმიღო და პირიქით, ქართული სიდინჯე, სხარტი აზროვნება ძალიან მეხმარება წარმატების მიღწევაში. ის, რაც ჩვენ ქართველებს ჭარბად გვაქვს, ამერიკელებს არ ახასიათებთ. ბევრი რამ მომცა ამერიკამ - თავდაჯერებულობა, ვისწავლე დროის დაგეგმარება, გავხდი დამოუკიდებელი და ამ ყველაფრის გამო ქვეყნის მიმართ მადლიერების გრძნობა მაქვს.

- თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

- ვფიქრობ, აქედან უფრო ბევრის გაკეთებას შევძლებ, ვიდრე საქართველოში. მინდა ინვესტიცია ჩავდო განათლებაში და ამ საკითხზე ვმუშაობ.

- ნოსტალგია თუ გაქვთ, რა გენატრებათ?

- რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა მეგობრებისა და ოჯახის წევრების დატოვება, ქართული სამზარეულოს მიმართაც კი მაქვს ნოსტალგია. აქ კი არის ქართული რესტორნები, მაგრამ ის გემო და სურნელი მხოლოდ საქართველოში მომზადებულ საჭმელს აქვს.

- თქვენსა და გოგიტას ურთიერთობაზეც რომ მოგვიყვეთ, როგორი მამაა?

- ძალიან კარგი მამაა. მიუხედავად თავისი გადატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის ცდილობს დრო ოჯახსაც დაუთმოს, ერთად ვუყუროთ ფილმს ან წავიდეთ "ტენისის" სათამაშოდ. მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ.

- თქვენი უახლოესი გეგმების შესახებაც გვითხარით.

- როგორც გითხარით, მინდა განათლებაში ჩავდო ინვესტიცია, რათა ქართველ ბავშვებს საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ. ვარ სტუდენტი, მაგრამ ბევრი გეგმა მაქვს სამომავლოდ, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებითაც.

ფიქრია რობაქიძე