პირველი ინტერჩემპიონი ბიგლი საქართველოდან - გზაპრესი

პირველი ინტერჩემპიონი ბიგლი საქართველოდან

ლიზა როგავას 13 ბიგლი ჰყავს. ისინი მოსიყვარულე პატრონის წყალობით "ტიკ-ტოკის" ვარსკვლავები გახდნენ. ბიგლების მოვლაში მშობლები ეხმარებიან, რადგან ეს ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. გარდა ამისა, მათ გამოფენებისთვისაც ამზადებს. ლიზა ბლოგერობასაც ითავსებს და "იუთუბზე" საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს.

- 19 წლის ვარ, ვსწავლობ აგრარულ უნივერსიტეტში ვეტერინარულ ფაკულტეტზე. პატარაობიდანვე მიყვარდა ცხოველები. ადრე მყავდა ვირთხა (ალბინოსი) და შინშილა. ვირთხა სამწუხაროდ, მოკვდა, შინშილა კი გავაჩუქე, როცა ამერიკაში წავედი სასწავლებლად. ჩემს მშობლებსაც უყვართ ცხოველები, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ ერთი ძაღლი გვყავდა. 6 წლის წინ მოვიყვანეთ პირველი ბიგლი, მერე - მეორე, მესამე და ასე გავმრავლდით. ეს ჯიში დიდ ბრიტანეთშია გამოყვანილი, XIV საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ ჰარიერისა და ძველი ინგლისური მეძებრის შთამომავალია. ბიგლი ძალიან დამოუკიდებელია და თუ რამე აღიზიანებს, გაქცევა უყვარს. თუმცა, კარგი ხასიათისა და მცირე აგრესიულობის გამო დიდი ხანია, პოპულარული კომპანიონი გახდა, - ამერიკაში ოჯახის ძაღლების ტოპსამეულშია. თავიდან ეს ჯიში არ იყო საქართველოში და ჩამოგვყავდა, ახლა აქაც შეიძლება ყიდვა. ყოველთვის მაინტერესებდა მათი ხასიათი, გარეგნულადაც ძალიან საყვარლები არიან. ვიდრე შინ მოვიყვანდით, ხშირად ვკითხულობდი მათ შესახებ ინფორმაციას. იზრდებიან 33 სანტიმეტრამდე. როგორც გითხარით, ინდივიდუალურები არიან, გამორჩეული ხასიათის, არ არიან აგრესიულები, ქუჩაში უცხომაც რომ შეხედოს, სიყვარულით, მასაც კი კუდს უქიცინებენ და ახტებიან, მოფერებას სთხოვენ. ამავე დროს, ჯიუტები არიან - თვითონ თუ არ უნდათ რამის გაკეთება ან თუ არ ელოდებიან შენგან რამეს, არაფრით გააკეთებენ. ჭამა უყვართ და ამ ხერხით ვასწავლი ყველაფერს.

GzaPress

- ალბათ სპეციალური სადგომი გაქვთ მათთვის, ამდენს შინ როგორ დატევთ?!.

- კერძო სახლში ვცხოვრობთ. თავიდან შინ გვყავდა, მაგრამ მერე, რაოდენობა რომ გაიზარდა, გადავწყვიტეთ, ეზოში სპეციალურად მათთვის აგვეშენებინა "სახლი" - ორი სექციაა, ერთ მხარეს არიან ლეკვები და მათ თავიანთი ეზო აქვთ, მეორე მხარეს კი - ძაღლები და ისინიც თავიანთი ეზოთი სარგებლობენ. ყველას უკვირს, რომ ამდენი ძაღლი მყავს. მეკითხებიან, რატომ მყავს, ამდენი რად მინდა, ხომ არ გავაჩუქებ და ა.შ. ესენი ჩვენი ოჯახის წევრები არიან და არ ვფიქრობთ არც მათ გაჩუქებას და არც გაყიდვას. ანტიდეპრესანტია მათთან ყოფნა, რაც უნდა ცუდი დღე გქონდეს, მაინც კარგ ხასიათზე დგები: გახტებიან, გეფერებიან, გლოკავენ, ასე გამოხატავენ სიყვარულს. ყველას განსხვავებული ხასიათი აქვს - ერთი სულ გვერდით გიზის, მეორე სულ სახეზე გახტება, მესამე მუდმივად "გაიგნორებს".

- რამდენად რთულია ამდენის მოვლა, ეს ხომ ბევრ დროს მოითხოვს?

- მართლაც ბევრი დრო და შრომაა საჭირო, მაგრამ მთავარია, გქონდეს ინფორმაცია, როგორ მოუარო და გაგიადვილდება. როდესაც ლექციებზე ვარ ან არ მცალია, მშობლები უვლიან, ერთად ვაკეთებთ ყველაფერს. გარდა ამისა, გამოფენებისთვისაც ვამზადებ, ბოლო წელია - უკვე სხვის ძაღლებსაც. რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებ მათ მომზადებას, უფრო კარგად ითვისებენ. გაგვყავს როგორც საქართველოს, ისე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და ბევრი წარმატებაც გვაქვს, - კაჩი პირველი და ერთადერთი ინტერჩემპიონი ბიგლია საქართველოში; მოზიმაც საქართველოს გამოფენაზე პირველი ადგილი დაიკავა. ბოლო დროს მოყვანილი ორი ბიგლის - ჯოჯოსა და კაიას გარდა (რადგან ჯერ მხოლოდ 5 თვისები არიან), თითქმის ყველა ერთი ან მეტი ქვეყნის ჩემპიონია. ამჟამად, პანდემიის გამო, გამოფენები აღარ ტარდება.

GzaPress

- "ტიკ-ტოკზე" რომ დებ, ამ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება აქვს, ხომ?

- დიახ, ბევრი "გამომწერი" მყავს. თავიდან, ვიდეოების ატვირთვა რომ დავიწყე და ვნახე, ხალხს როგორ მოსწონდა, გადავწყვიტე, დაგროვებული ინფორმაცია სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ყოველდღე უამრავ რამეს მეკითხებოდნენ - როგორ ვასწავლოთ დაჯდომა, როგორ გავწვრთნათ, როგორ მოვუაროთ და ა.შ. მინდა უფრო დიდი მოცულობის ვიდეოები გადავიღო და მეტი ინფორმაცია მივაწოდო მათ, ვინც დაინტერესებულია.

- ბოლო დროს ძაღლებისთვის აქსესუარების დამზადებაც დაიწყე. როგორ გაგიჩნდა ეს იდეა?

- თბილისში მხოლოდ წითელი ან შავი აქსესუარები იყიდება, ამიტომ ან ვიწერდი უცხოეთიდან, ან იქ ყოფნისას ვყიდულობდი. მინდოდა, ფერადი აქსესუარები მქონოდა და სულ ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლებოდა თვითონ გამეკეთებინა? გადავწყვიტე, ჩემი ხელით შემეკერა ყველაფერი. ვიყიდე საკერავი მანქანა და ნელ-ნელა ვისწავლე კერვა. ძირითადად, საყელურებს, საბელებსა და ბენდენებს ვკერავ. ახლა ვამატებ ძაღლების მედალიონებსაც, სადაც სახელებსა და ნომრებს მივაწერ.

ნინო ჯავახიშვილი