სიკვდილზე გამარჯვებული იღბლიანი ქართველი კაპიტნის დაუჯერებელი ამბავი - გზაპრესი

სიკვდილზე გამარჯვებული იღბლიანი ქართველი კაპიტნის დაუჯერებელი ამბავი

ამერიკელმა ექიმებმა "სიკვდილზე გამარჯვებული" უწოდეს და მართლაც ასეა. იბრძოლა და გაიმარჯვა. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მძიმედ დაჭრილი ქართველი კაპიტანი ივერი ბუაძე სხვადასხვა სიმძიმის 60-ზე მეტი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩა, ფეხზე დადგა და ახალი თაობისთვის თავისი გამოცდილების გაზიარებას შეუდგა.

მეტიც: დროის არცთუ ისე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრების მნიშვნელოვანი ოცნებები აიხდინა, რამდენიმე დღის წინ კი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გულის სწორს სიურპრიზი მოუწყო - ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო.

2017 წლის 6 სექტემბერს, როცა ქართულმა კონვოიმ პატრულირება დაასრულა და ჯარისკაცები ბაზისკენ ფეხით მიემართებოდნენ, ბაგრამის ავიაბაზის შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში, იქ, სადაც ავღანელები ტრაილერებს აპარკინგებენ, ადგილობრივ მოსახლეობას ვაჭრობის უფლება აქვს და მაღაზიებია გახსნილი, თვითმკვლელი ტერორისტი უსაფრთხოებისთვის მდგომ ჯარისკაცებს მოტოციკლით მიუახლოვდა და თავი აიფეთქა...

ყველაზე მძიმედ 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ლეიტენანტი დაიჭრა. მან მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა. ბაგრამის ავიაბაზაზე თავისა და კიდურების არეში სამი ოპერაცია ჩაუტარდა და შემდეგ, ჯერ გერმანიაში, ლანდშტულის რეგიონული ჰოსპიტლის რეანიმაციაში, მერე კი ამერიკაში გადაიყვანეს. რამდენიმეკვირიანი კომის შემდეგ მისი მდგომარეობა სტაბილური გახდა... როგორც უკვე აღვნიშნე, საერთო ჯამში 60 ოპერაცია გადაიტანა და თანდათან აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა...

ივერი ბუაძე, კაპიტანი:

- მე და ჩემი მეუღლე რუსუდან სიმონიშვილი, ორწელიწად-ნახევარია, ერთმანეთს ვიცნობთ. მან ჩემ შესახებ სტატია წაიკითხა, სოციალურ ქსელში "მეგობრობა" გამომიგზავნა და მეც დავთანხმდი. სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა... იმ პერიოდში აშშ-ში, ორტერიდის ჰოსპიტალში ვმკურნალობდი და იქიდან ვკონტაქტობდით. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ერთმანეთს შევხვდით და ჩვენი ურთიერთობაც სხვა ფაზაში გადავიდა.

ორი წლის წინ ვნახე სვეტიცხოვლის ტაძარში და სიყვარულში გამოვუტყდი... 16 დეკემბერს ჩემს მეუღლეს დაბადების დღე აქვს და მინდოდა, სწორედ იმ დღეს შემეთავაზებინა ჩემი გული და მომავალი. ბეჭედი მომზადებული მქონდა, დავუჩოქე და ხელი ვთხოვე... ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში - რუსუდანისგან პასუხად თანხმობა და ბედნიერებისგან აცრემლებული თვალები მივიღე. მინდოდა, სვეტიცხოვლის სიწმინდეს დაელოცა და მისი მადლი გადმოსულიყო ჩვენს ახალშექმნილ ოჯახზე... ეს იყო ჩემი მიზანი, ცამდე ბედნიერი ვარ.

- თავდაცვის შეიარაღებულ ძალებში რჩებით, არა?

- წელიწად-ნახევარია, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემიაში ვმუშაობ, ლექციებს ვკითხულობ, ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორი ვარ. ეს ჩემთვის დიდი პატივია, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ და გარდა ამისა, თავადაც ამ სასწავლებლის კურსდამთავრებული ვარ - 2011 წელს ჩავაბარე თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში და როგორც იუნკერი, ჩავირიცხე. ასე დაიწყო ჩემი კარიერა შეიარაღებულ ძალებში. 2015 წელს დავასრულე სწავლა და მსახურება ოფიცრის სტატუსით გავაგრძელე. ამის შემდეგ, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეორე ასეულში ოცმეთაურად გავაგრძელე სამსახური. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2017 წლის აპრილში, სამხედრო ვალდებულების შესაბამისად, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში წავედი.

GzaPress

- ავღანეთის რომელ პროვინციაში იყავით?

- ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე როგორც შიდაოპერაციების, ანუ დაცვის ბაზას; იმავე "ტაუერების", გამშვები პუნქტების უსაფრთხოება გვევალებოდა. ასევე ვმუშაობდით ბაზის გარე პერიმეტრის უსაფრთხოებაზე... მე როგორც ოცეულის მეთაურს ძირითადად, პატრულის ქვედანაყოფის მეთაურობა მიწევდა. ასევე მიწევდა მალიკებთან, ანუ სოფლის უხუცესებთან და მოლებთან შეხვედრა და მოლაპარაკება, აგრეთვე, ჩვენი ნაწილების არაპირდაპირი ცეცხლისგან დაცვა და ისეთი დაჯგუფებების აყვანა, რომლებიც საეჭვო პირებისგან შედგებოდა, იმ სახლებში შესვლა, სადაც არსებული ინფორმაციით, საეჭვო პირები ან სულაც ტერორისტები ცხოვრობდნენ.

- მათთან საუბარი ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა...

- დიახ, მათ კოალიციური ძალების სამშვიდობო მისიის მნიშვნელობას ვუხსნიდით, იმაზე ველაპარაკებოდით, თუ რას ნიშნავდა ეს ავღანეთისთვის. იყვნენ ისეთები, ვისაც მართლა ესმოდა ავღანეთის მშვიდობიანი განვითარებისთვის კოალიციური ძალების მნიშვნელობა, თუმცა, განსხვავებული შეხვედრებიც მახსოვს, - ღიზიანდებოდნენ. საერთოდ, მოლასა და მალეკს ავღანეთში, მუსლიმურ სამყაროში დიდი გავლენა აქვთ, მათ აზრს ყოველთვის უსმენენ, ზოგჯერ კი მათ მიერ დადგენილი წესებით ცხოვრობენ. ხშირად სხვების ნაცვლადაც იღებენ გადაწყვეტილებას. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ესმოდა, თალიბებმა რამხელა ზიანი მიაყენეს მათ ქვეყანას და რისი გაკეთება შეუძლიათ მომავალშიც.

- დაზიანება როგორ მიიღეთ?

- ბაგრამის ბაზიდან 3-4 კილომეტრში, ტრაილერებისთვის გამოყოფილი სპეციალური საპარკინგე ადგილი იყო. ამერიკელებს ბაზის ასაშენებლად საჭირო მასალა - ქვიშა, ხრეში, რკინა თუ ხის მასალა - ავღანელებს ტრაილერებით შემოჰქონდათ. თავდაპირველად, ისინი პარკინგზე დგებოდნენ, შემდეგ საპატრულო, ანუ ჩემი ქვედანაყოფი, პირველად შემოწმებას უტარებდა; ვიზუალური შემოწმების შემდეგ სკანირებას გადიოდნენ გამშვებ პუნქტსა და ბაზაზე შესვლის ნებართვას იღებდნენ...

როდესაც ჩემი საპატრულო ქვედანაყოფი მოტოციკლს ვიზუალურად ამოწმებდა, მაშინვე მივხვდი, რომ ის თვითმკვლელი ტერორისტი იყო. გავიქეცი ჩემს ჯარისკაცთან და გადავეფარე. ტერორისტს ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლის ბენზინის ავზში ჰქონია... ყველაფერი სწრაფად მოხდა, დაყვირებაც ვერ მოვასწარი. აფეთქებისას, ჩემი ჯარისკაცის წინ ვიდექი და პირველი, ძლიერი დარტყმაც მე მივიღე. ჩემი ჯარისკაცები, საბედნიეროდ, შედარებით მსუბუქად დაშავდნენ, ამერიკელმა სამხედრომ ძლიერი წნევის შედეგად, მარჯვენა ფილტვი დაკარგა... აფეთქებას ემსხვერპლა ავღანელი ჯარისკაცი - ის თვითმკვლელ ტერორისტთან ყველაზე ახლოს იდგა. ეს ბაზასთან მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფეთქება იყო, სავარაუდოდ, უფრო დიდ შედეგზე იყო გათვლილი, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით...

ჩემთან ერთად ორი ადამიანი - ერთი სერჟანტი და ერთიც კაპრალი, გვარად კუჭუხიძე, დაზიანდა. კომაში ჩავვარდი. ტვინის შეშუპებამ ინსულტი გამოიწვია. თავის ქალა, ტვინი, მარჯვენა თვალი, მარჯვენა ხელი დამიზიანდა, ფეხი დავკარგე. თვითმკვლელ ტერორისტს სხვადასხვა სახის დაავადება ჰქონია და აფეთქების შედეგად მისი სხეულის ნაწილებმა, მათ შორის ძვლებმა, ანასხლეტის სახით შეაღწია ჩემს ორგანიზმში და გადმომედო. ყველა დაავადება რამდენიმე დღეში გამომივლინდა და სისხლის გამოცვლა დამჭირდა. გადასხმა ბაგრამის ბაზიდანვე დაიწყეს და გერმანიაში დაასრულეს. ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 100 ლიტრი სისხლი გადამისხეს.

GzaPress

- მერე იქიდან ამერიკაში გადაგიყვანეს, არა?

- დიახ, აპარატზე ვიყავი შეერთებული, როდესაც მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩამიტარეს. ორი თვე კომაში ვიყავი... მახსოვს პირველი წუთები. ჩემი ექიმი მედგა თავზე და ემოციას ვერ მალავდა, - ჩემი თუ გესმის, როგორმე მანიშნეო. ქართულად და ინგლისურად ექვსამდე დამითვლია. ექიმების თქმით, ეს ხილული სასწაული იყო. კომიდან გამოსვლაზე რომ არაფერი ვთქვა, ვერ წარმოედგინათ, ლაპარაკს თუ დავიწყებდი. გადარჩენილ თვალში ძლიერი სისხლჩაქცევა მქონდა, მაგრამ მაინც დავინახე. თავის ტვინმაც დაიწყო აღდგენა, რაც ექიმების თქმით, მილიონ შემთხვევაში ერთთან ხდება... 4-5 თვის შემდეგ, კიდურების ამოძრავება შევძელი. გაოცებულები იყვნენ ექიმები. დავამარცხე თვითმკვლელი ტერორისტისგან გადმოდებული დაავადებებიც. ერთი სიტყვით, თუ ფიქრობდნენ, რომ ჩემი გადარჩენა წარმოუდგენელი იყო, უკვე მკურნალობის სხვა ეტაპზე გადავედით. ამერიკელმა ექიმებმა სიკვდილზე გამარჯვებული შემარქვეს.

ოპერაციის შემდეგ მარცხენა თვალში, მხედველობა სრულად აღმიდგა, რაც ექიმების თქმით, ასეთი დაზიანების შემდეგ ძალზე იშვიათია. ასეთი დაზიანებების შემდეგ მახსოვრობასაც კარგავენო, მითხრეს, მე კი ყველაფერი მახსოვს და ფსიქიკაც ნორმალური მაქვს. ერთი სიტყვით, ცხოვრებას ვაგრძელებ.

- სამხედრო პროფესია რატომ აირჩიეთ?

- ხონის რაიონის სოფელ ქუტირში, სამხედროების ოჯახში დავიბადე. ჩვენს ოჯახში ყველა სამხედრო პირი იყო, ანუ მემკვიდრეობითი საქმეა, - ბაბუაჩემის მამაც სამხედრო პირი იყო, მაშინდელ არმიაში მსახურობდა, პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. ბაბუამაც საბჭოთა კავშირის არმიაში იმსახურა, - სამხედრო ავიაციის ხაზით, მოსკოვის დაცვაზე იდგა. ჩემი ძმაც, რომელიც ჩემზე უფროსია, დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს და მეც არ მიფიქრია დიდხანს, რა პროფესია ამერჩია, - უკვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. ასე ვთქვათ, სახელმწიფო სამხედრო სამსახური სხვანაირად გვესმის, სისხლში გვაქვს გამჯდარი. მე დღემდე ვირიცხები არმიაში და დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილიც სამხედრო იქნება... დედა აღარ მყავს, 2013 წელს სიმსივნით დამეღუპა, თუმცა, როდესაც ცოცხალი იყო, ძალიან ესმოდა ჩვენი... ჩემს დარჩენილ ცხოვრებასა და გეგმებს, რომელთაც აუცილებლად შევასრულებ, მის ხსოვნას მივუძღვნი.

ლალი პაპასკირი