"ქვეყნის ქუჩებში სულ სხვა, "ერთიანი რუსეთი" იდგა" - გზაპრესი

"ქვეყნის ქუჩებში სულ სხვა, "ერთიანი რუსეთი" იდგა"

რუსეთში ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. პოლიციამ ერთ დღეში სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე, სადაც ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ, 3500-ზე მეტი ადამიანი დააკავა. დაკავებულია ნავალნის მეუღლე იულიაც.

სასამართლომ ოპოზიციონერს 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება 3.5-წლიან პირობითი სასჯელით შეიცვალოს.

რუსული მედია წერს, რომ ეს ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტია.

ცნობისთვის, ნავალნი 5 თვის წინ, სამხედრო ტიპის ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამლეს. 29 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე ცუდად გახდა. პილოტი იძულებული იყო, ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში, ომსკში დაშვებულიყო, საიდანაც მოგვიანებით, განმეორებითი მოთხოვნით, გერმანიაში გადაიყვანეს. იქაურმა სპეციალისტებმა სხეულიდან აღებული ნიმუშებით დაადგინეს, რომ ნავალნის მოწამვლას საბჭოთა კავშირში შექმნილი ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" შეეცადნენ. ამ საქმესთან დაკავშირებით, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ბოლო მონაცემებით, ნავალნის მორიგ დაკავებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 25 იანვარს იმსჯელეს, რასაც შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება მოჰყვეს.

როგორი სცენარით განვითარდება პროცესები ოპოზიციონერის დაკავების შემდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება:

- ნავალნი რუსეთში არ არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა და არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ თუ პუტინი არ იქნება, ნავალნი მოვა ხელისუფლების სათავეში. ამის ალბათობა ძალზე მცირეა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოწამლეს და ფაქტობრივად, სიკვდილისთვის გაწირეს, რუსეთში დაბრუნებით გააკეთა განცხადება, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია მთავარი ძალა უნდა იყოს. შეიძლება განვითარდეს ბელარუსის მსგავსი სცენარი, სადაც საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, თუმცა, ხელისუფლება ამაზე როგორ რეაგირებს, ხედავთ. ვფიქრობ, რაც უფრო დათბება და რუსეთში პოლიტიკური ცხოვრება გამოცოცხლდება, მით უფრო გაიზრდება საპროტესტო ტალღა.

- თავად ნავალნის პერსონის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა. ფაქტი კი ის არის, რომ მისი რეიტინგი გაიზარდა. შეიძლება თუ არა ადგილობრივი ოპოზიციური ძალა მის გარშემო გაერთიანდეს?

- ყველა პოლიტიკოსს სურს, მაღალი რეიტინგი ჰქონდეს და ისეთ ნაბიჯებზეც წავიდეს, როგორიც არის ციხეში წასვლა. ეს ფაქტი მისთვის პოლიტიკური დივიდენდების მომტანია. მან დაგვანახვა, რომ აქვს პოლიტიკური ალღო, რაც პოლიტიკური ცხოვრებისთვის აუცილებელია. ასევე შეუძლია, ქვეყანაში მუხტის აწევა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია... ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლებაში არსებული შიში სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ნავალნის აქვს უნარი, სწორად იმოქმედოს და დუღილის ტემპერატურაც ასწიოს.

GzaPress

- ევროკავშირი ახალ სანქციებზე მსჯელობს, რაც კრემლის უარყოფის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკაზე მწვავედ აისახება. არის თუ არა ეს კიდევ ერთი ბიძგი, რომ პუტინის გუნდი კომფორტის ზონიდან გამოვიდეს?

- ცხადია, პუტინს ერჩივნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილიყო, რადგან მასთან ყველაფერი დალაგებული ჰქონდა, მაგრამ ახლა უკვე, ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ პირველი რაც განაცხადა, ნავალნის გათავისუფლება იყო, რაც ძალზე იმედისმომცემი განცხადებაა. ცხადია, ბაიდენს ექნება კონსულტაციები თავის ევროპელ კოლეგებთან და ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, დასავლეთის კონსოლიდაციიდან გამომდინარე, სწორედ რუსეთი იქნება. ასე რომ, როგორი იქნება მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების პოზიცია რუსეთის მიმართ, მოკლე ხანში გამოჩნდება.

რუსეთში მიმდინარე პროცესების შეფასება რუს ბლოგერს,

კირილ მარტინოვს ვთხოვეთ, რომლის აზრით, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებებისთვის ნიადაგის მზადება უკვე დაიწყო:

- ახლა რუსეთში ყველამ იცის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც აქამდე იყო - პროცესები, რომლის წამოწყებასაც ალექსეი ნავალნის აქტიურობამ ჩაუყარა საფუძველი, უკვე დაიწყო. რუსეთის აღმოსავლეთში დაწყებული პროცესები მთელ ქვეყანაში, მის ათეულობით ქალაქში გაიშალა. ვლადივოსტოკში დაწყებული საპროტესტო მუხტი ძალიან დიდი ბიძგი იყო. მიტინგებში ისეთი ავტორიტეტული ვიდეობლოგერი მონაწილეობდა, როგორიც იური დუდია, მას "იუთუბზე" 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და მთელი ამ დროის განმავლობაში მოსახლეობას სანდო ინფორმაციას აწვდიდა. ეს მაშინ, როდესაც რუსეთში კრემლის მედია და "ტროლები" გააფთრებული იბრძვიან იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყნის დასამარცხებლად ნავალნი და სხვა ოპოზიციონერები დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედებენ... დუდისნაირებს პოპულარობა და პირადი კეთილდღეობა არ აკლიათ, მაგრამ ზოგადი მოცემულობა, პუტინის კორუფციული რეჟიმი, რეპრესიები ყელში ამოუვიდათ... ნავალნიმ შეძლო, მოსკოვი, ეკატერინბურგი თუ ურალი გაეერთიანებინა. ადამიანები დღე და ღამე ყინვაში დგანან, ქვეყნის მომავალი რომ შეცვალონ. ბოლო პროცესებმა ეს ნათლად დაგვანახვა.

- ამ ყველაფრის ავტორად ალექსეი ნავალნის მოიაზრებთ?

- დიახ, მან რუსეთში ჩამოსვლით დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპოზიციისა და საზოგადოების გაერთიანება. პირველად ქვეყნის ისტორიაში, დედაქალაქსა და პატარა ქალაქებში ერთნაირად დაიწყო პროტესტი და ხალხი ქუჩაში გამოვიდა. არადა, სხვა დროს, როდესაც მოსკოვი გუგუნებდა, რეგიონები დუმდნენ, ახლა კი ყველა ერთად დგას ქუჩაში. როგორც იქნა, მოსკოველებმა და რაიონების მოსახლეობამ საერთო ინტერესები იპოვეს. ეს ადამიანები ქუჩაში მარტო ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით კი არა, საკუთარი უკეთესი მომავლისთვის საბრძოლველად გამოვიდნენ, რადგან ისეთ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც არც სასამართლოა და არც არჩევნები ტარდება. 23 იანვარს ქვეყნის ქუჩებში სულ სხვა, "ერთიანი რუსეთი" იდგა. არადა, აქამდე თაობები იზრდებოდნენ, მენტალურად იცვლებოდნენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება იგივე რჩება.

- თუმცა, რუსი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთშიც პროცესები ისე წარიმართება, როგორც ბელარუსში...

- არც ეგ არის ცუდი ვარიანტი, რადგან ბელარუსი ხალხის ბრძოლა უპერსპექტივო ნამდვილად არ არის... სწრაფი ცვლილებების დროს, ნიადაგი არასდროს არის ისეთი ნოყიერი, რომ მასზე ახალი და მტკიცე ძალა აღმოცენდეს, ყველა საფუძვლიანი გარდატეხა რაღაც ეტაპის შემდეგ ხდება, როცა ლიდერის ან ლიდერების წინაშე არაერთი გამოწვევაა, ზოგჯერ მათ გარშემო გუნდი იცხრილება და საბოლოოდ, ბრძოლის ბოლომდე მიმყვანი ძალა რჩება.

- ზოგი ნავალნის "კრემლის პროექტად" აღიქვამს, თუნდაც იმიტომ, რომ პუტინის გუნდი არასასურველ პერსონას პირდაპირ იშორებს, მის პირდაპირ ლიკვიდაციას ახდენს, ისე, როგორც ბორის ნემცოვისა და სხვების შემთხვევაში მოხდა...

- "ტროლები" ვახსენე, რაც შემთხვევით არ მითქვამს. სამწუხაროდ, მას ყველგან აქვს საცეცები, ჰყავს პროფესიონალი ტროლები, რომლებიც მასებზე მუშაობენ. არც ეს არის გამონაკლისი. თუმცა, კრემლში ხედავენ, რომ ნავალნი სხვებისგან განსხვავებული ფიგურაა, ის ძალზე პოპულარულია ახალგაზრდებში, ეს კი ძალაა, რომელსაც ასე იოლად ვერ მოერევი, ყველას ვერ გააჩუმებ. საბედნიეროდ, პუტინმა დღემდე ვერ შეძლო ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვივით, ერთპიროვნული კონტროლი დაემყარებინა ყველა რეგიონში, განსაკუთრებით კი მოსკოვში... ამიტომ, ახლა კრემლში დაბნეულები არიან, უამრავ ბინძურ გზას განიხალავენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. შესაძლოა ვიხილოთ პუტინის მხრიდან ძალის დემონსტრირება. ის იმის ჩვენებას გააგრძელებს, რომ ის ნავალნიზე ძლიერია. თუმცა ვფიქრობ, მალე მიხვდებიან, რომ ეს არ მუშაობს და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს... სამთავრობო მედია განსაკუთრებულ მზადყოფნაშია - მიდის გამოკითხვები სამთავრობო სააგენტოების მხრიდან, ფედერალური სტატისტიკის სამსახურის და სხვების მხრიდან ნავალნიზე, მის რეიტინგსა და ნდობაზე. იმაზეც საუბრობენ, თითქოს ნავალნის სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის ინტეგრაცია, საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმა აქვს, რაც სიმართლე არ არის, - მისი გუნდი ამას სრულიად განსხვავებულად უყურებს, ვიდრე პუტინი.

- მაინც როგორ?

- ამაზე არაერთხელ ისაუბრეს, რომ დიდი ევროპული და ევრაზიული საზოგადოების ინტეგრაცია უკეთესი იქნებოდა დაახლოებით ასე - ევროპა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე. ვფიქრობ, დემოკრატიული ევროკავშირი ყველასთვის მისაღებია, რომ რუსეთი აგრესორად კი არ აღიქმებოდეს, მათთან ურთიერთობა სურდეთ. იქნებ ამ გუნდმა შეძლოს და რუსეთში ცხოვრების ნორმად აქციოს ის წესები და კანონები, რომლებიც ევროკავშირში მოქმედებს. ალბათ, რაღაც დროის შემდეგ მიხვდებიან, რომ შეცდომას უშვებენ და ეცდებიან სახის შენარჩუნებას გარკვეული გზებით. ნავალნისთვის რისკი მაღალია, თუმცა, უკვე ესმის, ახლა, ამ რეალობაში პუტინი მისი პირდაპირ ლიკვიდაციის ბრძანების გაცემას ვერ გაბედავს. უკვე არ გამოუვა... როდესაც ის მოწამლეს, პუტინს ეგონა, დანარჩენი ოპოზიცია დაიფანტებოდა და გაიქცეოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. ნავალნიმ მუშაობის უკვე ისეთი სტანდარტი შექმნა, როცა გუნდს მის გარეშე შეუძლია მუშაობა, ბრძოლა - ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ლალი პაპასკირი