"მთელი ცხოვრება გახსოვდეს: არავის დასცინო! არავინ დაამცირო!.." - გზაპრესი

"მთელი ცხოვრება გახსოვდეს: არავის დასცინო! არავინ დაამცირო!.."

რაც წლების განმავლობაში მასზე მოგონება მომისმენია რესპონდენტებისგან - მისი კოლეგების, თეატრსა თუ კინოში პარტნიორებისგან, - სიცილით ლამის ცრემლებამდე მივსულვარ, მაგრამ... შეუძლებელია, მხოლოდ იმიტომ შეიყვარო ადამიანი ან თუნდაც - შენთვის მხოლოდ არტისტი, რომ მას შენი საუკეთესოდ გამხიარულება-გახალისება ძალუძს... შეუძლებელია, მთელმა სამყარომ მხოლოდ იმიტომ შეიყვაროს არტისტი, რომ იგი უბადლოდ აცინებს ამ სამყაროს... მისი ერთი გავლაც კი აცინებს... ასე ერთადერთ შემთხვევაში ხდება - გარდა მისი უდიდესი პროფესიონალიზმისა, ის უეჭველად, უდიდესი ადამიანიცაა, ძალიან ღრმა და იქნებ ფაქიზი, მგრძნობიარე სულისაც...

ამ ცოტა ხნის წინ იპოლიტე ხვიჩიას, თამამად ვიტყვი - თეატრისა და კინოს მსოფლიოს მასშტაბის არტისტის, კომიკოსის შვილთაშვილის - ბაკო (იპოლიტე) ხვიჩიასგან მოსმენილმა და ოჯახის წევრების მიერ შეკრებილმა მოგონებებმა ეს ვარაუდი მხოლოდ დამიდასტურა, განმიმტკიცა, კიდევ უფრო ღრმად ჩამაწვდინა მის სამყაროს და... კვლავ ცრემლებამდე მიმიყვანა, ოღონდ ამჯერად - სიცილ-ტირილს რომ ვუწოდებთ, აი, ისე...

მისი კოლეგები ამბობენ, შეუდარებელი იყო თეატრში, შეუდარებელი გახლდათ ესტრადაზე (იმხანად დაბადებულიც არ ვიყავი, ასე რომ, ამ ამპლუაში იპოლიტე არ მინახავს) და ზუსტად ვიცი, ყველა ერთად გავიმეორებთ, რომ შეუდარებელი იყო კინოში, თუმცა... მას არ უსწავლია თეატრალურ სკოლა-სტუდიებში, არც პლასტიკის გაკვეთილები გაუვლია ან - რიტმიკის, არც თეატრალური ინსტიტუტის აუდიტორიიდან გადაუნაცვლებია დიდ სცენაზე.

იგი XX საუკუნის დასაწყისში, ძველი და ახალი წლების მიჯნაზე - 31 დეკემბრის სუსხსა და ყინვაში დაიბადა ხონის სიახლოვეს, სოფელ კონტუათში, საყვინჩიოში, ალექსანდრე ყვინჩიასა და პისტი თოფურიას პატარა ჯარგვალში, მეექვსე შვილად და დაარქვეს იპოლიტე. იქ მიიღო სიყვარულის, ღირსების, კაცობის, შემეცნების და ნაწილობრივ, არტისტიზმის პირველი მაგალითებიც და გაკვეთილებიც. მერე, წლები რომ გავიდა, დიდი რეჟისორის - დოდო ანთაძის შეთავაზებით, გვარი "ყვინჩია" "ხვიჩიათი" შეიცვალა და საქართველოსა და მსოფლიოს "იპოლიტე ხვიჩიათი" წარუდგა, მაგრამ... იგი ნამდვილი ცხოვრებიდან მოვიდა და, როგორც მისი ქალიშვილი - ქალბატონი ნუნუ ამბობდა, "თან მოიტანა ცხოვრებისეული სიმართლე, მდიდარი, ჯანსაღი, მამაპაპისეული იუმორი. იპოლიტეს გმირს მხატვრული სისრულის მისაღწევად თან მოჰყვება წმინდა ინტელექტუალური კომიზმი, საკუთარი, ვირტუოზულად დამუშავებული ტექნიკა. იპოლიტეს კომედიური ხელოვნება დრამის თეატრში დაიბადა. აქ ჩამოყალიბდა ის სიცილის ოსტატად და იქ მიაღწია მისმა აქტიორულმა ხელოვნებამ დიდოსტატობას, იქ მოიპოვა დამსახურებულისაც და სახალხოს წოდებაც... იგი არასდროს ყოფილა გამრთობი, მისი გმირების ცხოვრებას მუდამ აზრი, ლოგიკა ხლებია, როგორც ეს ჰუმანური კომედიის მსახიობს შეშვენის... იპოლიტეს მიაჩნდა, რომ ხუმრობას აზრი უნდა ჰქონოდა, ხუმრობა უნდა გაჰყოლოდა კაცს დიდხანს, აი, მაშინ თვლიდა მას ძლიერად".

კაცთმოყვარე ადამიანი ყოფილა. შვილიშვილს - მანანა ხვიჩიას სწორედ ასეთად დაამახსოვრდა, რადგან ტყუპისცალის დაქორწინების შემდეგ, ბაბუა იპოლიტესა და ბებია ლუბასთან ერთად ცხოვრობდა და ამ თანაცხოვრებამ განსაკუთრებულად გადააჯაჭვა ამ დიდ ადამიანს. ხშირად მოძღვრავდა თურმე მანანას: "თუ ადამიანს სიკეთეს ვერ გაუკეთებ, შენი პრობლემებით მაინც ნუ დაამძიმებ... მთხოვნელი თუ ნახო, ბოლო "კაპიკიც" არ დაინანო. იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს: არავის დასცინო! არავინ დაამცირო!.. შეხედე, მანანა - რასაცა გასცემ, შენიაო, - ბრძანებს რუსთაველი და გიკვირს, რატომ, კაცო? არ ჯობია, დააგროვო, შვილებს, შვილიშვილებს მოახმარო, შეუნახო, უზრუნველყო?! არა და არა, მანანა! დაიხსომე, მე ბევრი არასდროს მქონია, მაგრამ შეჭირვებული არასოდეს დამიტოვებია უყურადღებოდ. ისიც იცი, რატომ დავდევ ნაცნობებს თუ უცნობებს, თუ რამე უჭირთ. უარი შესაძლებელზე ჩემთვის ჯერ არავის უთქვამს და მეც დიდი წარმატებით ვიყენებდი ამას, მილეთის საქმეები მაქვს შეჭირვებულთა საკეთილდღეოდ გაკეთებული...

მე არასდროს მქონია უცხოელ იუმორისტ კინოვარსკვლავთა ტოლი შემოსავალი, მაგრამ თუ ჩემთან ვინმე მოსულა შეჭირვებული, მითქვამს მე მისთვის უარი? მანანა! ბევრი იკითხე, მანანა, ბევრი! გაქვს შენ ისეთი განძი, რომლის ათვისებას ერთი სიცოცხლეც არ ეყოფა... დიდი "ვეფხისტყაოსანი" ქართველმა კაცმა არაერთგზის უნდა ისწავლოს, არაერთგზის უნდა გაიაროს მისი გმირების გზა...

GzaPress

მენდე, შენს გაბრწყინებულ სახეს რომ ვხედავ, გული მიკანკალებს... შენი დაძახებული: "შენ შემოგევლე, ბაბუ", "ბაბუ, მიყვარხარ", "ბაბუ, გმადლობთ" რომ მესმის, სიცოცხლე მიხანგრძლივდება. გაიზარდე, ღმერთი მოგცემს გასაზრდელებს და მიხვდები, რას ვგრძნობდი მე, თქვენი შემხედვარე, თქვენი წარმატებების თუ წარუმატებლობების მოწმე...

მე იმიტომ კი არ გახვედრებ ორ ბილეთს სადმე გასამგზავრებლად, რომ ჩემს შვილებს მოგჭარბდათ და აღარ ვიცი, სად წავიღო ფული, არა, შვილო! იმ მეორეს, შენთან ერთად წამომსვლელს, შენზე მეტად უნდა უნდოდეს იმ გამოფენის და პრემიერის ნახვა, რომლის სანახავად გასამგზავრებელი საშუალება არა აქვს, შენ წაიყვანე, ერთად იარეთ! ორი კაცის ერთად სიარული ჯობია, მანანა, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, - შენმა ერმა ბრძანა"...

შვილსა და შვილიშვილებზე თანგადაყოლილი კაცი ყოფილა, მზრუნველი, მოსიყვარულე და მოამაგე. სიხარულის ჩუქება უყვარდა თურმე და არა მარტო ოჯახის წევრებისთვის. ამ უკანასკნელებს აკვირვებდათ კიდეც სხვისი სიხარულით მისი ამგვარი, გადაჭარბებული სიხარული.

წარმოიდგენდით, რომ იპოლიტე ხვიჩია მეოცნებეც იყო? არადა, ყოფილა... დარდიც სცოდნია... უპირველესად თურმე, შვილიშვილებზე დარდობდა, ნეტავ, როგორები დაიზრდებითო? უნდოდა, კაცთმოყვარეები და სხვათა გაჭირვების გამზიარებლები გამოსულიყვნენ; უფროს-უმცროსობა არ შეშლოდათ; მტერ-მოყვრის გარჩევა შესძლებოდათ; კარგის გაკეთება გახარებოდათ და რასაც კარგს გააკეთებდნენ, იქვე დაევიწყებინათ... გულის სიღრმეში კი იყო დარწმუნებული, მის სახელს რომ არ შეარცხვენდნენ... მართლაც, თურმე, არასოდეს გაწითლებულა მათ გამო...

დიდი და თბილი გული ჰქონია. თავადაც რომ სითბო უყვარდა, გარშემოც უმეტესად გულთბილი ადამიანები ეხვია. მის ოჯახში დიდი სითბო სუფევდა, მეგობრული სითბო... კიდევ ხალისი სუფევდა და არც იუმორი აკლდა იქაურობას... იუმორი და "ორთაბრძოლები"...

მისი ქალიშვილის - ნუნუ ხვიჩიას მოგონებებიდან ჩანს, რომ იპოლიტეს სიცოცხლის ბოლო წლებში მისი ცხოვრება გაუსაძლისი შეიქნა. იგი, ძირითადად, შინ იჯდა, გარეთ გასვლის ერიდებოდა, - არ მინდა, ხალხს ასეთი დავამახსოვრდეო... ბევრს კითხულობდა, წერდა მოგონებებს და რაც მთავარია, თამაშობდა ნარდს.

ნუნუ ხვიჩიას მოგონებებიდან:

"ვაი, მისი ცოდვა, ვისაც ხელში ჩაიგდებდა, ვინც მასთან სათამაშოდ დაჯდებოდა, კივილამდე იყო კენჭების ტკაცუნი და... მერე პარტნიორი განგებ წამოდგებოდა, წავედიო და შეიქნებოდა ისევ ტკაცუნი... რას არ თმობდა, ოღონდ პარტნიორი არ დაჰკარგოდა.

ერთ-ერთი მომთმენი და დიდი მოყვარული ნარდის თამაშებისა გახლდათ ჟურნალისტი და პოეტესა კირა კვეიძე. სულ ჩხუბობდნენ, მაგრამ მაინც "მელას თავის მახრჩობელა უყვარდა", - ერთმანეთს ვერ ელეოდნენ. დაიგინებდა მამა, გააგდებდა კირას, კირაც დაიგინებდა და გავარდებოდა... მეორე დღეს ტელეფონით არჩევდნენ პარტიას და საღამოს, 9 საათზე ცხადდებოდა შეჯიბრება...

ასე იყო შვილიშვილებთანაც: მაკასთან, ავთოსა და მარიკასთან, რომელიც ჩვენს ოჯახში გაიზარდა (მარიკა სამანიშვილი, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. დრამატული თეატრის მსახიობი. - ავტ.)"...

ქვის მოპარვა და წვრილმანი "ხულიგნობა" თურმე, აუტანელს ხდიდა თამაშს და ერთ დღესაც შეიქმნა საბუთი ანუ ხელწერილი, რომლითაც იპოლიტე თავის თავს თამაშის დროს უკრძალავდა გინებას, ქვის მოპარვასა და სხვადასხვა რამეს, რაც ნარდის თამაშს ახლავს. აი, ამ ხელწერილის ტექსტი:

"ხელწერილი

მე, იპოლიტე ალექსანდრეს ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ, ჩემი ძვირფასი პარტნიორების [ნარდში] წინაშე დავიცვა თამაშის ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი:

1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყენო სამი ქვა უსირცხვილოდ (მაინც წამასწრებენ და რა ფასი აქვს);

2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორს შემდეგი სიტყვები: ჩათლ...ო, უპატრონო, საცოდავო, დეგენერატო, კიკა და ა.შ.;

3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო პარტნიორს ჩემს სასარგებლოდ, არ მივითვისო სხვისი მოგებული პარტია;

4. დავუცადო მოთამაშის მიერ ნიჭიერად შესრულებულ სვლას და შემდეგ განვაგრძო თამაში;

5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიებით და არ დავამცირო ნიჭიერი მოთამაშე სხვების წინაშე;

6. ვადასტურებ ერთხელ და სამუდამოდ, რომ კირაცა და მარიკაც ჭეშმარიტად დიდებული მოთამაშეები არიან; ვაღიარებ, რომ მათთან თამაში დიდ სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი მგვრის.

ამიერიდან ამ პირობების ყველა მუხლს დავიცავ, ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ.

რაზეც ხელს ვაწერ

იპ. ხვიჩია

19.11.1978 წელი

P.S. ახლა კი ვარ თანახმა, მარა, თუ დავდექი ფეხზე, თქვენ მოგკითხავთ კარგებს!

თქვენი იპო".

თურმე, არც ამ ხელწერილის დაწერამ უშველა საქმეს და თამაშები კვლავ მისი ოინებით გრძელდებოდა...

ცხადია, ამ გაბუტვა-შერიგებების მიღმა და მასში უსაზღვრო სიყვარული იდო. ქალბატონი მარიკა სამანიშვილი იხსენებს, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი მის გვერდით, გადაღებაზე იყო ეს, სახლში თუ ქუჩაში. ყველაფერს ვსწავლობდი მისგან: სიკეთეს, სიყვარულს, პროფესიონალიზმს. არ მახსოვს, სადმე დაეგვიანოსო. გადაღებაზე, თურმე, პირველი მიდიოდა. ჩაიცვამდა, გრიმს გაიკეთებდა და მორჩა, აღარავის ელაპარაკებოდა, მხოლოდ როლზე ფიქრობდა...

"ფეოლას" გადაღებაზე, ბათუმში, თურმე, იპოლიტე ხვიჩიას მთელი ოჯახი ახლდა და იმავე პერიოდში თავის ოჯახთან ერთად, ქალბატონი სესილია თაყაიშვილიც ისვენებდა ბათუმში. გადაღებიდან დაბრუნებულებს პლაჟიდან მომავალი, ზღვით ნასიამოვნები ქალბატონი სესილია შეხვედრიათ. - აუ, გამომასწარი, სესილიაო? - უკითხავს იპოლიტეს. - რა, რა გინდა, ბიჭო, რაო? - შეუბრუნებია შეკითხვა სესილიას. - რა და, შენი ნახვა მინდოდა საბანაო კოსტიუმშიო, - მიუგია იპოლიტეს. - მეხი კი დაგაყარე! ჰა, და შემხედეო! - გადაუშლია სესილიას ხალათი და საბანაო კოსტიუმში დანახვებია. - დიდუუ! ყვავს ააჩხავლებსო! - შეუცხადებია იპოლიტეს. - დამეკარგე აქედანო!.. - მიუძახებია სესილიას (ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა გამომეტყველებითა და ჟესტიკულაციით წარმოთქვამდა ამას დიდი არტისტი) და გზა გაუგრძელებია. ამის შემსწრე ადამიანები, თურმე, ქუჩაში გაჩერებულან და მათი სიცილი ცას სწვდებოდა. - ეს პატარა მოგონება მთელი ცხოვრება მომყვება, ასეთი ბრწყინვალე კორიფეების დუეტი დღემდე გაუხუნარია ჩემთვისო, - ამბობს ქალბატონი მარიკა.

ქალბატონი ნუნუ ხვიჩიას მონოგრაფიაში კიდევ ერთი მოგონება წავიკითხე მამაზე: "მახსოვს, ერთხელ დედამ სთხოვა, ახლობლის პანაშვიდზე გაგვყევიო. სიამოვნებითო, და წავედით. როცა მიცვალებულის ოთახში შევედით, მომსვლელი და ჭირისუფალი, ყველა მამასკენ შემობრუნდა და ერთად იცინოდა. მამამ წონასწორობა შეინარჩუნა, ჭირისუფალს მიუსამძიმრა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა იქაურობა... ამის შემდეგ პანაშვიდებზე წასვლას ვარიდებდით.

მამას პანაშვიდებზე კი საოცრებები ხდებოდა. ყველას თავისებურად უნდოდა გამომშვიდობება. ერთმა უთხრა, - სიცილის ჯადოქარო, რამ დაგამუნჯაო! ზოგი უღიმოდა, ზოგი ხელით ეხებოდა, ზოგი, - ალმასხან და კუჭკუჭიო, - ეძახდა და ისე შემოდიოდა... მერე, ერთხანს სრული სიწყნარე იდგა. სანთლების ალზე მამას სახე მშვიდი და გაღიმებული ჩანდა. ამ დროს კარში ძალიან სათნო მოხუცი შემოვიდა. სასახლეს მარცხენა ხელით შეეხო, სადაც მიცვალებულის ფეხები იყო, იმ ადგილას და გულამოსკვნილმა, მოგუდული ხმით იყვირა: რა ჰქენ, ბიჭო, იპოლიტე, ეს?! ამ როლში არ ხარ ისე კარგი, როგორც გჩვეოდა, რა ჰქენ ესო?!

...მამას სიცივის ეშინოდა, საერთოდ. სიკვდილიც იმიტომ აკრთობდა, რომ იქ შემცივდება და მარტოს რა მეშველება, ზამთარში მაინც არ მოვკვდეო, იტყოდა და დიდი ნათელი, თბილი ღიმილით გაგათბობდა.

1985 წლის 31 იანვრის სუსხიან საღამოს გარდაიცვალა".

ირმა ხარშილაძე