ფილმ "წაიღეს" და 16 წლის რეჟისორის გამარჯვება უცხოეთში - გზაპრესი

ფილმ "წაიღეს" და 16 წლის რეჟისორის გამარჯვება უცხოეთში

ცოტა ხნის წინ სასიხარულო ინფორმაცია გავიგეთ - 16 წლის თბილისელი სანდრო კინწურაშვილის რეჟისორობით მეგობრებთან ერთად გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "წაიღე" ბანგლადეშში "დაკას კინემატოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალზე" "საუკეთესო რეჟისორის" ნომინაციაში პირველ ადგილზე გავიდა. ეს უეჭველად საუკეთესო წახალისება იქნება მომავალი რეჟისორისთვის და გვინდოდა, ჩვენი პუბლიკაციაც ასევე, სტიმულის მომცემი ყოფილიყო ნიჭიერი ახალგაზრდისთვის.

- სანდრო, უპირველესად, გილოცავ გამარჯვებას! შენს ფილმსა და შემოქმედებით ჯგუფზე მიამბე - როგორ შეიქმნა იგი და საერთოდაც, რატომ დაინტერესდი კინოგადაღებით, საამისოდ რა გამოცდილება გქონდა?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის! მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "წაიღე" ერთ-ერთია იმ მცირე ჩამონათვლიდან, რომელიც მეგობრებთან ერთად შევქმენი.

6 წლიდან ვარ ცნობილი მსახიობისა და პედაგოგის - გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრის - "ართ ჰოლის" მოსწავლე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩემთვის იქაურობა სახლზე ძვირფასია. დაახლოებით 4 წელია, რაც ექსპერიმენტების ჩატარება დავიწყე და მეგობრებთან ერთად კინოგადაღების მცდელობები მქონდა. გარკვეული პერიოდი არაფერს ვაქვეყნებდით, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, სოციალურ ქსელში შეგვექმნა გვერდი - ჩიტრუს შტუდიო და ყველა ე.წ. მცდელობისთვის იქ მოგვეყარა თავი. ფილმი "წაიღეც" ერთ-ერთი მათგანია. მისი გადაღების იდეა ზაფხულში გაჩნდა. პანდემიის მწვავე პერიოდში ყველასთვის დიდი თავგადასავალი და გამოწვევა 3-წუთიან ფილმზე მუშაობა იყო, რომლის სათქმელიც ადამიანებში დადებით ემოციასა და მეტ ღიმილს იწვევს.

GzaPress

ლუკა ნერგაძე, გიორგი ხომერიკი, გიორგი არჩაია - ეს ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის არასრული სიაა, რა თქმა უნდა - სხვა "ართჰოლელ" მეგობრებთან ერთად. "კოვიდ-19"-ის პრობლემების გამო, "წაიღეზე", ფილმის მონაწილეების ჩათვლით, მხოლოდ 7-მა ადამიანმა ვიმუშავეთ. იდეის გაჩენისა და დახვეწის შემდეგ "მსახიობებისა" და ლოკაციის შერჩევა დავიწყეთ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ფილმებისთვის საკუთარ მუსიკას ვქმნით... მოკლედ, გავაკეთეთ კადრირება, შეიქმნა მუსიკა, შევარჩიეთ ე.წ. მსახიობები, რა თქმა უნდა, ჩვენი სანაცნობოდან და - არაპროფესიონალები, თუმცა როლებს საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. მოკლედ, როდესაც მივხვდით მე, ლუკა ნერგაძე, გიორგი ხომერიკი და გიორგი არჩაია, რომ გადაღებების დასაწყებად მზად ვიყავით, საქმეს შევუდექით. ამ ყველაფრის შემდეგ, სულ რაღაც 3 დღეში ფილმი მზად იყო სოციალურ ქსელში განსათავსებლად. მასში მონაწილეობენ: გიორგი ამაშუკელი, ნინო მესხი და ნაზიბროლა კოხრეიძე. მთლიანობაში, კარგი თავგადასავალი გამოვიდა და ფილმთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი მოგონებაც დაგვრჩა. მიუხედავად იმისა, რაც ახლა აღვწერე, იდეა ექსპრომტად, ერთ-ერთი საუბრისას დაიბადა. იმ პერიოდში არ ვგეგმავდით გადაღებებს და ხშირად გვიწევდა თბილისიდან გასვლა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერავინ მოვითმინეთ უსაქმოდ ყოფნა და ჩიტრუს შტუდიო-ზე ლაპარაკი დავიწყეთ... ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ მოგონებებსა და ისტორიებს, რომლებიც მუშაობის დროს გვრჩება. თითოეული დღე ცალ-ცალკე რომ გავიხსენო, ნამდვილად ბევრი სახალისო ისტორია მექნება მოსაყოლი...

GzaPress

- რატომ იფიქრე, რომ შეიძლებოდა, ეს ფილმი საკონკურსოდ რომელიმე ფესტივალზე გაგეგზავნა? ცხადია, როდესაც საკონკურსოდ ემზადები, უიმედოდ არასდროს ხარ, გამარჯვება გინდა. რას ელოდი ამ ფესტივალისგან?

- ორივეჯერ ვმონაწილეობდი საბავშვო ფილმების ფესტივალ "ოქროს პეპელაში", რომელიც ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე დაარსდა და რომლის ორგანიზატორიც რეჟისორი ირაკლი ჯაოშვილია. როდესაც ფილმი "წაიღე" გადავიღეთ, გადავწყვიტეთ, საკუთარი თავი გამოგვეცადა და ხელმეორედ გვეცადა ბედი საბავშვო ფესტივალში. სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი არ მქონია და არც შეჯიბრებისთვის (კონკურსში გამარჯვების სპორტულ ინტერესს ვგულისხმობ) გამიგზავნია ფილმი. ეს უბრალოდ, მორიგი გამოწვევა იყო, რომელსაც გამოცდილება უნდა დაეტოვებინა და გარკვეული როლი ეთამაშა ჩვენი ჩიტრუს შტუდიო-ს ცხოვრებაში. ფილმმა მაშინ მეორე ადგილი დაიკავა "საუკეთესო იუმორისტული ფილმის" და "საუკეთესო სცენარის" ნომინაციებში, შემდგომ კი ბანგლადეშის კინოფესტივალზე - "საუკეთესო რეჟისორის" ნომინაციაში გაიმარჯვა. რაც შეეხება პრიზს - დიპლომსა და ქანდაკებას, ეს უკანასკნელი ამ ფესტივალის სიმბოლოა, პანდემიის გამო, ცოტა დაუგვიანდება ბანგლადეშიდან "ჩამოსვლა".

- საინტერესოა ახლა რას გეგმავ სამომავლოდ?

- ახლო მომავალში მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ვგეგმავ და ზუსტად ვიცი, რომ რეჟისორობა მინდა... გამოცდებამდე ცოტა დრო მაქვს და ერთი წელი კვლავაც 47-ე საჯარო სკოლაში უნდა გავატარო - მე-11 კლასში ვარ, თუმცა ცოტა დრო დამრჩა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად - სამომავლოდ კინოს ავირჩევ თუ თეატრს.

ირმა ხარშილაძე