რატომ იქცა ფრანგი ფოტოგრაფი ქართველად - გზაპრესი

რატომ იქცა ფრანგი ფოტოგრაფი ქართველად

ფრენცის პრიმერსკი ის ფრანგი ფოტოგრაფია, რომელიც საქართველოს ბევრად უკეთ იცნობს, ვიდრე ბევრი აქაური. ოცი წელია თითქმის საქართველოში ცხოვრობს, შეძლებისდაგვარად ქართულადაც ლაპარაკობს და ქვეყნის ისტორიის შესწავლასაც შეუწყვეტლივ განაგრძობს... საქართველოს ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში ესტუმრა. შემდეგ "ვარდების რევოლუციის" შესახებ გაიგო და აქ ჩამოსვლა გადაწყვიტა.

მის "ანგარიშზეა" მსოფლიო ვარსკვლავების: ბობ მარლის, ჯო კოკერის, რამშტაინის, ჯეიმს ბრაუნის, პატრისია კაასის ფოტოები... როგორც თავად ამბობს, წლების განმავლობაში "უწყინრად" ცხოვრობდა, მაგრამ ერთ დღესაც, სვანეთის სოფელ ადიშზე მიმართვა ჩაწერა, ქართველ საზოგადოებას გაუგზავნა და სთხოვა, განადგურების პირას მისული კოშკების გადარჩენაზე ეზრუნათ. ეს მისი პირველი ხმამაღალი განაცხადი იყო და ყველას მოუწოდებდა, უნიკალური ფასეულობის მქონე საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაზე ეზრუნათ...

- საქართველოში პირველად, ლეგენდარულ ანსამბლ "ერისიონს" ჩამოვყევი. ცნობილი კლიპის - "ქართული ლეგენდის" გადამღები ჯგუფის წევრი ვიყავი... იმ დროს შოუბიზნესში აქტიურად ვმონაწილეობდი, ისეთ ჯგუფებთან და შემსრულებლებთან ვთანამშრომლობდი, მსოფლიოში ასიათასობით თაყვანისმცემელი რომ ჰყავდათ... შემდეგ "ერისიონი" გავიცანი, მათი წყალობით საქართველოს ვეწვიე და "მოვიწამლე" კიდეც აქაურობით. ძალიან მალე, ეს მსოფლიომოვლილი ფრანგი, ქართულმა სიმღერებმა, ცეკვებმა, ფოლკლორმა, სამზარეულომ და საერთოდ ქვეყანამ გადამრია...

- რა არის მასში განსაკუთრებული თქვენთვის?

- უნიკალური წარსული, ისტორია, რომელსაც სამწუხაროდ, შესაბამისად ვერ უფრთხილდებით, ამაზე გავბედე და არაერთხელ ვისაუბრე... ეს ქვეყანა ჩემ თვალწინ შეიცვალა, რევოლუციის შემდეგ ბევრი მიმართულებით განვითარდა, ფეხზე დადგა, თუმცა შეცდომებიც იყო სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დოზით. დროთა განმავლობაში, ბევრი რამ კარგისკენ იცვლება, რასაც საზოგადოებრივი აქტივობებიც უწყობს ხელს. დღემდე მაწუხებს დანაგვიანებული ქუჩები ქალაქებსა და სოფლებში, დაბები, ტყეები თუ მდინარეები. კარგია, დასუფთავების აქციები რომ ეწყობა, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ თავად საზოგადოება გაიაზრებს, რომ საკუთარ ბუნებასა და ქვეყანას ასე არ უნდა მოექცნენ. ეს ხომ სკოლის, დაწყებითი კლასის მასალაა?.. დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებსაც უყვართ საქართველო, ვინც მას უდიერად ეპყრობა, მაგრამ რაღაცებს ვერ ხვდებიან. ალბათ საზოგადოებას ცნობიერების ასამაღლებლად მეტი დრო სჭირდება, თანდათან, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ... ნაგავთან დაკავშირებით საუბარი სიტყვამ მოიტანა, თორემ არსებობს სხვა, არანაკლებ მძიმე პრობლემები, მაგალითად - ამდენი ათასი მანქანისგან დაბინძურებული ჰაერი ამ ულამაზეს თბილისში, რომელიც როგორმე უნდა მოწესრიგდეს. რადგან აქ ვცხოვრობ, მეც თავს ქართველად, ამ ქვეყნის შვილად მივიჩნევ და მტკივა ეს ყველაფერი... ჩამოვედი აქ, არსად წასვლას არ ვაპირებ. აქაურები ხომ ოჯახებით, შვილებით, შთამომავლობით აქ ცხოვრობენ?!. ეს ქვეყანა მიყვარს, მან "მიშვილა", თავისი სიკეთეებით, კულტურით, ისტორიით, საოცარი ხალხითა და ტრადიციებით. აქ სტუმარს ღვთის წყალობად მიიჩნევენ, აქ სიმღერა და ცეკვა უყვართ, მაგრამ გულსატკენია, რომ ბევრ ადგილას ვხედავ, როგორ აქცევენ ზურგს საკუთარ წარსულს, საიდანაც მოდიან... საერთოდ მგონია, ქვეყნის განვითარება მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენით უნდა დაიწყოს. ასე საერთაშორისო არენაზეც ბევრად უკეთ "გაყიდით" მას, კარგი გაგებით - ვგულისხმობ ტურისტულ დაინტერესებას. ქვეყანა უფრო მოვლილი, მოწესრიგებული რომ იყოს, ისეთი განძია, მთელი მსოფლიოდან მოაწყდებოდნენ ტურისტები, რადგან საქართველოში ბუნებრივად არის ის, რის შექმნასაც სხვა ქვეყანაში მილიონობით დოლარს ახარჯავენ. რაღაც უნდა ვიღონოთ, ეს ვითარება რომ შევცვალოთ...

როცა საფრანგეთში ვბრუნდებოდი, საქართველო მენატრებოდა. ჰოდა, ერთხელაც გადავწყვიტე, იმ გიჟურ რიტმს მოვწყვეტოდი და აქ დავსახლებულიყავი. ასე რომ, მე ტურისტი არ ვარ, თავს ამ ქვეყნის შვილად მივიჩნევ და უკეთესობისკენ მის შესაცვლელად თავს არ დავზოგავ. ვნახე ძველი თბილისის კინოკადრები და ფოტოები, გამწვანებული, მოწესრიგებული სამანქანო მოძრაობით, მეტი სივრცით და არა ყველგან "ჩაყრილი" უსახური შენობებით. პროგრესი კარგია, მაგრამ ისტორიასა და მოდერნიზაციას შორის ოქროს შუალედი აუცილებელია. სინთეზი უნდა იყოს, რათა ყველაფერი არ აირიოს. ისე არ გამიგოთ, თითქოს თანამედროვე ინფრასტრუქტურას ვებრძვი, პირიქით - ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, ამ ე.წ. თანამედროვე შენობებით თბილისის რამდენიმე უბანსა და რაიონს არ დავამახინჯებდი, მაგალითად - მეიდანს ან საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიას.

GzaPress

- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა კუთხემ მოახდინა?

- საქართველოს ყველა კუთხეში ვყოფილვარ, მაგრამ განსაკუთრებით დამატყვევებელი სვანეთია. იქაურობა ძალიან მიყვარს. სვანებს ისე დავუმეგობრდი, სიყვარულით "გუჯუ გაბრიანი" შემარქვეს... სულ ვფიქრობ, როგორ შეიძლება სვანეთი ერთხელ მაინც ნახო და მასზე არ გაგიჟდე. თუმცა, თუ მას ახლოს გაიცნობ, არა ტურისტული თვალით, უამრავ პრობლემას აღმოაჩენ, რომელსაც მოგვარება სჭირდება, სანამ გვიანი არ არის. ამიტომ ვლაპარაკობ მასზე ღიად ყველგან, სადაც და ვისთანაც მომიხერხდება. გარდა იმისა, მთელი საქართველო შემოვიარე, მუდმივად ვსწავლობ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, რომელიც სავსეა ომებითა და წინააღმდეგობებით... ძალზე მტკივნეულია უახლესი ისტორია, დაკარგული ტერიტორიები, სადაც ასევე ყოველდღიურად ნადგურდება ქართული კვალი, ისტორიული ძეგლები. მუდმივი მცოცავი ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, სამწუხაროდ, ბევრ რამეში აფერხებს და უკან ხევს ქვეყანას... ვიცი, უახლოეს მომავალში ამის მოგვარება რთულია, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ, ზოგჯერ ყველაფერი ძალზე სწრაფად იცვლება და შესაძლოა, შანსებიც გაიზარდოს. მე პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ მწამს, საქართველო შეძლებს, სასიკეთო ცვლილებები განახორციელოს.

- "ერს, სადაც ოკუპაციის გასაპროტესტებლად მიტინგზე 100 კაცი გამოდის, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით კი - 10 000, მომავალი არა აქვს..." - თქვენს ამ ფრაზას კრიტიკა მოჰყვა. რა გახდა ამის თქმის წინა პირობა?

- დავიწყებ იმით, რომ არაფერი მაქვს მარიხუანის საწინააღმდეგო, მაგრამ ვფიქრობ, თქვენ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა უნდა ისწავლოთ. ეს რომ ვთქვი, გაბრაზებული ვიყავი: ოკუპაციის საპროტესტო აქციაზე ძალზე ცოტა ხალხი მივიდა, მაშინ როდესაც მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით რუსთაველის პროსპექტზე ტევა არ იყო, არ უნდა გავბრაზებულიყავი?.. ხომ სამართლიანი იყო ჩემი პროტესტი?.. მე უზომოდ მიყვარს ეს ქვეყანა, ოღონდ - თავისი მოსახლეობით და არა ცალკე. მინდა, ვიღაცამ ადამიანებს ისე უთხრას სათქმელი, რომ საკუთარი თავი გვერდიდან დაინახონ. არ ვერიდები კრიტიკას და ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანები მგულშემატკივრობენ, მადლობას მიხდიან. ჯანსაღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს.

- ახლა თქვენ შესახებ გვიამბეთ.

- როგორც ვთქვი, უამრავ ცნობილ და პოპულარულ ადამიანთან მიმუშავია, ზოგიერთ მათგანთან ვმეგობრობდი კიდეც. არადა, თავიდან ფოტომოყვარული ვიყავი, მაგრამ თანდათან უბრალო გართობა იქამდე მივიდა, რომ ჯო კოკერი, პატრისია კაასი და სხვა მსოფლიო მეგავარსკვლავები ალბომებს მხოლოდ ჩემი გადაღებული ფოტოებით აფორმებდნენ. ეს ყველაფერი ჩემი ძველი მეგობრის, დრაგანის დამსახურებით მოხდა - ის შოუბიზნესში მიღებული ადამიანი იყო და ხშირად ხვდებოდა რეიტინგული მომღერლების კონცერტებზე. თან მივყავდი. მეც ვცდილობდი, ეს ძვირფასი დრო გამომეყენებინა. კონცერტის შემდეგ ჯეიმს ბრაუნს, ჯო კოკერსა, კაასს, "სკორპიონის" და "ქუინის" წევრებს ვესაუბრებოდი, ფოტოებს ვუღებდი. ძალიან მოსწონდათ და ჩემთვის ეს ბედნიერება იყო, რადგან მერე, როცა ტურნეებისთვის ფოტოგრაფი სჭირდებოდათ, მიკავშირდებოდნენ.

GzaPress

- მათთან ურთიერთობა რთული არ იყო?

- მათთან ურთიერთობა ერთი დიდი ბედნიერება იყო, რადგან სასიამოვნოა ის განცდა, ადამიანი რომ გენდობა. მადლიერების გამოსახატავად ავტოგრაფებსა და ჩანახატებს მჩუქნიდნენ. ამასობაში, ჩვენ შორის ადამიანური ურთიერთობებიც ყალიბდებოდა. ახლა სხვა ტენდენცია გაძლიერდა - თითქმის ყველა ვარსკვლავს თავისი აგენტი ჰყავს და ის წყვეტს, ვინ ვის გადაუღოს ფოტოები. მათი ნებართვის გარეშე, ერთ კადრსაც ვერ გადაიღებ, ამან კი ხელი შეუწყო პაპარაცის ინსტიტუტის კიდევ უფრო გამყარებას...

ძალიან დამწყდა გული ჯო კოკერის გარდაცვალების გამო. ის საოცარი ადამიანი იყო. პატრისია კაასს ლამის ბავშვობიდან ვიცნობ. თავიდან მეტყველება უჭირდა, შემდეგ საკუთარ თავზე იმუშავა და გამოასწორა. კომპანიამ, რომელიც პატრისიას დისკის გამოშვებას აპირებდა, ფოტოგრაფად დამიქირავა. მაშინ მომღერალსა და მის მენეჯერს რომანი ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ჩემზე ეჭვიანობდა. ერთხელ გამაფრთხილა, ფოტოებს ნუ გადაუღებო. არაფერი მითქვამს, რამდენიმე ფოტო ჩუმად მაინც გადავუღე. კონცერტის გადასაღებად სხვა ფოტოგრაფი ჰყავდა დაქირავებული. აღმოჩნდა, რომ მისი გადაღებული ფოტოები აღარ მოეწონათ და ისევ პატრისიამ დამირეკა თხოვნით, - შენი გადაღებული სურათები მაჩვენეო, - და დისკზეც ის გამოიყენეს. ეს ჩემგან მეგობრული ჟესტი იყო, ანუ - მუშაობა ანაზღაურების გარეშე. ხანდახან ასეც ხდება ჩვენს პროფესიაში. სამაგიეროდ, რჩება მოგონებები, უნიკალური ფოტოები, ავტოგრაფები, რომლის გამოფენაც საქართველოში მაქვს დაგეგმილი.

- პანდემიამ ჩაგიშალათ გეგმები?

- პანდემიამ მე კი არა, მთელ მსოფლიოს შეუცვალა გეგმები. თუმცა, იმედი მაქვს, მალე ყველაფერი დალაგდება და ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდები. არც პანდემიის დროს მიფიქრია აქაურობის დატოვება, ეს ერთგვარი გამოწვევა იყო. აღმოვაჩინე, რომ საქართველოს მიჯაჭვული ვარ...

ლალი პაპასკირი