ქველმოქმედი ახალგაზრდა ქალი თელავიდან - გზაპრესი

ქველმოქმედი ახალგაზრდა ქალი თელავიდან

ნინოობას ერთ სტუდენტს, რომელსაც სოციალური შემწეობით უწევს ცხოვრება, გული მარტივი ოპერაციით გაუხარეს საქველმოქმედო "ფეისბუკ"-ჯგუფის წევრებმა საჭირო ციფრული ტექნიკა უყიდეს. ამ დროში რთულია, ერთმა ადამიანმა საკუთარი შემოსავლებით ყველა პრობლემა მოუგვარო მათ, ვისთვისაც აუცილებელია დახმარება. კიდეც რომ შეგეძლოს, მარტო მაინც არ უნდა გააკეთო კარგი საქმე. სჯობს, სიკეთის ფერხულში ბევრი ადამიანი ჩართო, რადგან გამცემებს უფრო მეტი სიხარული ენიჭებათ, ვიდრე მიმღებთ. ნათქვამია, ხელი, რომელიც გასცემს, არასდროს რჩება ცარიელიო. ამ სტატიაში უნდა გესაუბროთ ერთ მუდამ ხელსავსე ახალგაზრდა თელაველ ქალზე. ის ხშირად შვილს აკლებს მზრუნველ წუთებს, მაგრამ ჯიუტად სჯერა, თუ გარშემო ყველა ბედნიერი არ იქნება, არ იქნება სრულყოფილი ბედნიერება; მით უფრო, არც მისი პატარა იქნება ბედნიერი, თუ მის თანატოლებსა თუ მოხუცებს გულს არ გაუხარებს დედიკო...

გვანცა მოლაშვილი თელაველია. მამით ადრეულად დაობლებულს, დედა და ბებია ზრდიდა. ჩანს, რომ კარგადაც. სკოლის ოქროს მედალზე დასრულების შემდეგ თელავის უნივერსიტეტში სწავლობდა, მერე გაცვლითი პროგრამებით მოხვდა პოლონეთში, ავსტრიაში. სამსახურებრივი დატვირთვის მიუხედავად, ყოველთვის პოულობდა დროს, რომ მაქსიმალურად რეალიზებულიყო სოციალურად. საკუთარი და მეუღლის ხელფასიდან არ ენანებოდა, სხვებისთვის გამოეყო დასახმარებლად იმდენი, რამდენიც შეეძლოთ, მაგრამ მხარდაჭერა ბევრისთვის იყო საჭირო...

2019 წლის მაისში გვანცამ "ფეისბუკზე" დახურული ჯგუფი ჩამოაყალიბა, სახელწოდებით "ვიჩუქებ/ვაჩუქებ თელავში". ეს იყო პირველი მცდელობა მისგან, გაცდენილიყო ერთი ოჯახის ქველმოქმედება მცირე მასშტაბებს. გამჭვირვალობის გამო ჯგუფს დიდი სანდოობა აქვს და დაახლოებით ერთ წელში 10 ათასამდე ადამიანი გააერთიანა. ბევრისგან თუნდაც მცირედის გაღებით იმდენი გროვდება, რომ თითქმის ყოველდღიურად არის იმის შესაძლებლობა, ავადმყოფისთვის წამალი, მშიერისთვის საკვები იყიდონ.

თელავი პატარა ქალაქია, ხშირად ვსეირნობ ფეხით, ასე ვცდილობ უკეთ გავიაზრო და დავინახო ის რეალობა, რაც არის ქალაქში. ერთ დღესაც გზად უცნობი ქალის ხმამ გამაჩერა. თან დაახლოებით შვიდი წლის შვილი ახლდა. ბავშვმა მოწიწებით გადმომცა ფული. დედამ ამიხსნა, რომ ხშირად ვერ ახერხებენ ჩარიცხვას და სურდათ ასე მიეღოთ მონაწილეობა ქველმოქმედებაში. გულში სითბო ჩამეღვარა. მიხარია, რომ მშობლები უკვე აჩვევენ და აძლევენ შვილებს მაგალითებს, ჩაებან სასიკეთო საქმეებში, - გვეუბნება გვანცა და მორიგ შეტყობინებას გულდაგულ კითხულობს. დახმარების მთხოვნელი ბევრია. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო. ზოგჯერ ისეთები ითხოვენ დახმარებას, ვისზე მეტადაც ყოველ მეორესთვისაა თანადგომა აუცილებელი. ფაქიზად, უმტკივნეულოდ უნდა გაერკვეს გვანცა, მართლა დასახმარებელია თუ არა ეს ადამიანი, მერე ჯგუფში დაწეროს, რით და როგორ ეხმარება შეჭირვებულს. დახმარების ფორმა, ოდენობა და ფასი საჯაროვდება. მართალია, ახლა აღარავის ეეჭვება, რომ გვანცა სათავისოდ არაფერს აკეთებს, მაგრამ წესად ქცეული ანგარიშის ჩაბარება სოციუმისადმი წესადვე რჩება.

გვანცას ჯგუფს შეუძლია ადამიანებს არა მარტო მედიკამენტები მიაწოდოს, არამედ იმედიც ჩაუსახოს. იმ ადამიანის იდენტიფიცირებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვისზეც ვწერ ახლა. მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ძვირად ღირებული კვლევისათვის თანხა ეყოფოდა. ეს კვლევა ამერიკაში უნდა მოხდეს და რომ არა გვანცა, ანალიზზე ოცნებაც ფანტასტიკის სფერო იყო. ახლა კი ეს არარეალური ოცნება ხელისგულზე ახდენილად უდევს ადამიანს, რომელსაც სიცოცხლე სურს!

პანდემიის დროს ბევრს გაუჭირდა მცირეწლოვნებისთვის სრულყოფილი კვება, ჩაცმა და ექიმებთან ვიზიტები. გვანცასთვის კი შეუძლებელი არაფერია. ყველგან ნახავთ მას წამლით, საკვებითა და შეშითაც!

გვანცა მოლაშვილი:

- პერიოდულად მოლაპარაკებებს ვაწარმოებ იმ ადგილობრივ აფთიაქებთან და სავაჭრო ობიექტებთან, რომელთაგანაც პროდუქტებს ვყიდულობ ჩვეულებრივზე დაბალ ფასად. ერთი ჰუმანიტარული სასურსათო კალათა მოიცავს 10-მდე პროდუქტს. შაქარი, მზესუმზირის ზეთი, მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, შვრიის ფანტელი, კარაქი, კვერცხი, გაყინული ქათამი, ფქვილი, შესქელებული რძე - ეს არის ის ჩამონათვალი, რომელიც გადაეცემათ სოციალურად შეჭირვებულებს. სამწუხაროდ, მოქალაქეთა შემოწირულობებით ამ ეტაპისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ ძირითადად, თელავის მუნიციპალიტეტის მოწყვლად მოქალაქეებს, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენი კამპანია მოედო თითქმის მთელ საქართველოს. ამასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ცოდნის ცენტრის" პროგრამული მენეჯერი, აქტიურად ვმუშაობ თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდის მიზნით. ახალდაარსებული ორგანიზაციის პირველი პროექტის "გავერთიანდეთ ადამიანის უფლებების დასაცავად!" ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები ემსახურებოდა თელავის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ყველაზე საინტერესო და გარდამტეხი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში უკავშირდება იმ 2 წელს, რომელიც ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გავატარე, ბევრი ვიმოგზაურე და სულ სხვაგვარად დავინახე ჩემი ქვეყნის საჭიროებები. დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთე განათლების სფეროში მიმდინარე საკითხებში და დღესდღეობით შემაქვს ჩემი პატარა წვლილი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. ასევე, კარგად გავითავისე, რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენ გარდა მშველელი არავინ ჰყავს, ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მას...

GzaPress

პანდემიის დასაწყისში დავკარგე სამსახური. შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ საინტერესო ამბებიც სწორედ აქედან დაიწყო. იმავე თვეს დამაწინაურეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორის პოზიციაზე. დავფიქრდი, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა ახლა სამსახური და ებრძვის შიმშილის, სიცივეს, ავადმყოფობას. რა შეიძლება გავაკეთო 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების ერაში? მეგობართან ერთად ჯგუფის შექმენა გადავწყვიტე, სადაც თავდაპირველად ნივთებისა და ტანსაცმლის გაჩუქებით შემოვიფარგლებოდით. ახლა კი გვაქვს იმის რესურსი, ხალხს დავეხმაროთ საკვებით, მედიკამენტებით, შეშით; მოსწავლეები, ვისაც არა აქვთ ონლაინგაკვეთილებზე დასწრების საშუალება, ტექნიკით უზრუნველვყოთ და დავუფინანსოთ ინტერნეტის გადასახადი. არ ველოდით ამხელა გამოხმაურებას - პირველივე დღეს 500 თანაქალაქელი შემოგვიერთდა, ახლა კი მათი რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ჯგუფმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ქალაქში ყველა მცნობს, ზოგჯერ ქუჩაში მაჩერებენ, ხან ტანსაცმლის მოტანაზე მითანხმდებიან, ხან საკვებს მატანენ, ხანაც უბრალოდ გამოხატავენ მადლიერებას თბილი სიტყვებით...

ნატოს თელავში ყველა იცნობს, ეკლესიასთან დგას და მოწყალებას ითხოვს ხოლმე. აქვს მეტყველების და გონებრივი განვითარების შეფერხება. რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა. ხშირად ვხედავდი მას და მის ძმას ქალაქის ცენტრში, შავებში ჩაცმულები სეირნობდნენ დედის გარდაცვალების შემდეგ, სევდიანი სახეებით. ერთ დღეს მე და ლაშა საკვებით დატვირთული მივედით ნატოს სახლში. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, სიხარულის ცრემლები მოსდიოდა.

უემოციოდ ვერ ვუვლი გვერდს მარტოხელა მოხუცებს, მათთან რომ მივდივარ და მესაუბრებიან თავიანთ პრობლემებზე. მლოცავენ და ეს მაძლევს ძალას, უფრო მეტ საქმეს შევეჭიდო. ზოგი გადანახულ ჩურჩხელებს მატანს, ზოგი ჩაიზე მპატიჟებს. ჩემს მთავარ მიღწევად მივიჩნევ, რომ ქალაქი მიფასებს შრომას.

ჩემი მიზანია ორგანიზაციის მეშვეობით შევძლო საქართველოს პედაგოგებისთვის საუკეთესო და ეფექტიანი სწავლა-სწავლების საერთაშორისო გამოცდილების მიღების ხელშეწყობა, საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების ხელშეწყობითა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდით, ქალთა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის გაუმჯობესება, როგორც სათემო, ისე მუნიციპალურ და სამთავრობო დონეებზე. ვფიქრობ, ჩემს პროექტებში, პირველ რიგში, ჩავრთავ ახალგაზრდებს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. კარგი განათლება უკეთესი მომავლის საწინდარია. ჩემი ოცნებაა შევძლო მეტი ადამიანის დახმარება არა მხოლოდ ჩემს ქალაქში, არამედ ქვეყანაში! ვფიქრობ, თუ მოვინდომებ, აუცილებლად შევძლებ. მინდა, რომ ჩემმა შვილმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს, ქალებს ყველაფერი შეგვიძლია!

პირველ რიგში, დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს ესაჭიროებათ. პროდუქტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა გადავწყვიტე, ერთ ასეთ ოჯახში სხვაგვარად მივსულიყავი. მოვინდომე, ბევრი ტკბილეული და სათამაშოები მიმეტანა. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ეზოშივე დაიწყეს პარკების გახსნა, სათამაშოებით თამაშს კი არ აცდიდნენ ერთმანეთს. პროცესს სიამოვნებით ვაკვირდებოდი. წამოსვლისას უფროსი ბავშვი გამოეყო ჯგუფს და მკითხა, კიდევ თუ მივიდოდი მათთან?.. დავპირდი და ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ...

მახსოვს, ჩვენს უბანში ერთი საწყალი ქალი ცხოვრობდა. ბავშვი ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი მის დასახმარებლად. ბევრი ასეთი მოგონება ამომიტივტივდა თავში მის მერე, რაც ხალხის დახმარებას მოვკიდე ხელი. ერთ დღესაც შევიძინე პროდუქტი, შეშა და მოულოდნელად მივადექი იმ მოხუცს. არ ელოდა, ვერც მიცნო, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თავიდან არ მართმევდა. გაოცებისგან ვერ გაეგო, რაში იყო საქმე, ბოლოს კი სიხარულისგან ბევრი იტირა... მე ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება ავისრულე, შევძელი მისი დახმარება.

P.S. ერთგან წავიკითხე, ადამიანების გამოცდაა მდიდრად და ღარიბად ყოფნაო. მე კი დავამატებდი, ადამიანების გამოცდა კი არა, ადამიანობის გამოცდაა სიმდიდრეც და სიღარიბეც. ორივე რომ წარმავალია, ეს გონიერმა ადამიანებმა ჩემი თქმის გარეშეც კარგად იციან...

როლანდ ხოჯანაშვილი