"ქართული სცენის არწივი" - გზაპრესი

"ქართული სცენის არწივი"

"ჭეშმარიტად ქართული სულის მქონე ადამიანი, რომელიც სრულიად საქართველოს დააკლდა! ჩვენი არწივი! გარდაიცვალა უდიდესი ხელოვანი, ესტრადის განუმეორებელი ვარსკვლავი და უკეთილშობილესი პიროვნება. ნათელი მის სულს! საქართველო სტკიოდა. გული უკვნესოდა, ისე მღეროდა. ყველას უყვარდა და ეყვარება..." - ასე დაიტირეს მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა თემურ წიკლაური! მისი წასვლის შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ ჰყვარებია ეს განუმეორებელი შემოქმედი ქართველ ხალხს, რომელსაც თავისი ომახიანი, ვაჟკაცური ხმით ამხნევებდა და ატკბობდა. ანსამბლ "ივერიის" წევრი - ნუგზარ კვაშალი თავის მეგობარს ცრემლიანი ღიმილით იხსენებს.

- თემური 50 წლის წინ გავიცანი და მას შემდეგ სულ ერთად მოვდივართ. 1970 წელი იყო. შეიძლება დღეს ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ 70-იან წლებში არსებობდა ანსამბლი "ციცინათელა", რომლის ხელმძღვანელი არაჩვეულებრივი პიროვნება - სოსო ებრალიძე გახლდათ. ამ ანსამბლში ჩემი ბავშვობის მეგობარი - დათო აბულაძე მღეროდა. "ციცინათელას" დასში ბევრი ისეთი მომღერალი იყო, რომელიც მერე "ივერიაში" აღმოჩნდა. მათ შორის იყვნენ თემურ წიკლაური და მისი მეუღლე - ლილი ზღვაურიც. რამდენიმე წელიწადში ეს ანსამბლი დაიშალა და ყველა აქეთ-იქით გაიფანტა. თემური, თენგიზ ჩხეიძე, დათო აბულაძე და სხვები "ივერიაში" გადავიდნენ, მე კი უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე და აღარსად ვმღეროდი. მახსოვს, სახლში დამადგნენ, 1972 წლის სექტემბერი იყო. მითხრეს, რომ არის ასეთი ახალი ანსამბლი - "ივერია" და გვინდა, შენც ჩვენ გვერდით იყოო. ჯერ უარი ვთქვი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ სიმღერა და სცენაზე დგომა მომნატრებოდა. "ივერიაში" შესვლა გადავწყვიტე და 1972 წლის სექტემბრიდან დღემდე, ამ ლამაზი ოჯახის წევრი ვარ. დიახ, ჩვენ დღემდე "ივერიელები" ვართ. 50 წელია, ერთად გახლავართ და ეს ცოტა არ არის.

- როგორ მოახერხა "ივერიამ", რომ ამდენ ხანს იარსება, ყველანი პოპულარულები იყავით, მაგრამ ერთმანეთის არ გშურდათ, არ უპირისპირდებოდით?

- როგორ მოვახერხეთ?.. პასუხი მარტივია - ერთმანეთი გვიყვარდა. წარმოიდგინეთ, მე რომ შემშურებოდა, თემურ წიკლაურის მსგავსი ხმა რატომ არ მაქვს-მეთქი?!. ის ჩემი მეგობარი იყო, მიყვარდა და თვითონაც სულ მეუბნებოდა: ნუგზარ, გისმენ და სულ მინდა გაგიმეორო - რა კარგად მღერიო!.. ერთად რომ დავცხებდით, დაპირისპირებისთვის ვიღას ეცალა?! ასე შეიქმნა ჩვენი "საქართველოს მანანებო", "ღობეს ღობავდა ბერიკაცი" და სხვა სიმღერები, რომლებიც ხალხმა კარგად მიიღო და შეიყვარა. დიახ, ჩვენს ანსამბლში დიდი სიყვარული ტრიალებდა. სიყვარულმა გაგვაძლებინა ამდენ ხანს. მხოლოდ მეგობრობაში და ერთმანეთის გატანაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ამ ენერგიას, პირველ რიგში, ანსამბლის ხელმძღვანელები - ალექსანდრე ბასილაია და ჯემალ ბაღაშვილი გვაძლევდნენ. რატომ უყვარდა მაყურებელს "ივერია"?.. იმიტომ, რომ ადამიანებს ყველაფერ ნაღდსა და სუფთას ვაწვდიდით. სულ ვცდილობდით, ეს ანსამბლი ერთ ოჯახად გადაქცეულიყო და ამას მართლა მივაღწიეთ: დღეს ერთმანეთის ნათელ-მირონები და ახლობლები ვართ.

GzaPress

- როგორი იყო ახალგაზრდა თემურ წიკლაური?

- თემური ყველასგან გამორჩეული იყო არა მხოლოდ სიმღერაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, სუფრასთან, მოლხენაში... მასზე უკეთესად საქართველოსა და რწმენაზე სადღეგრძელოს ვერავინ იტყოდა. შეეძლო 20-30 წუთი ელაპარაკა, მაგრამ მისი მოსმენა არ მოგბეზრდებოდათ. ყველაზე გამორჩეული თვისება, რომელიც ჰქონდა და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე გაჰყვა, ის ვაჟკაცური შემართება იყო, რომელიც სცენაზე ასე იგრძნობოდა. როცა გავიცანი, 18 წლის ვიყავი, ის ჩემზე 5-6 წლით უფროსი იყო, უკვე ჩამოყალიბებული, ზღაპრული მომღერალი გახლდათ, მაგრამ არ გაგრძნობინებდა. მე ანსამბლში უცხოური სიმღერები მივიტანე და ისიც სულ ცდილობდა, დრამზე დაეკრა, ინგლისურადაც ემღერა. რეპეტიციებზე ნახევარი საათით ადრე მოდიოდა, რომ დაგეგვიანა, არ შეიმჩნევდა, მაგრამ თავისი მონდომებითა და საქმისადმი ერთგულებით ნამუსზე გაგდებდა და მერე უკვე შენც ფიქრობდი, რომ დროულად მისულიყავი, დისციპლინა დაგეცვა, რომელიც თემურს ასე უყვარდა.

- რა იყო მისი სისუსტე?

- ალბათ, ჩაცმა - კოპწია კაცი იყო და ლამაზად, თანამედროვედ ჩაცმა უყვარდა. სად არ დავდიოდით გასტროლებზე, მაგრამ კონცერტი სადაც უნდა ყოფილიყო, ყველგან გამოპრანჭული მოდიოდა. მხოლოდ კარტის თამაშის დროს ბრაზდებოდა, რაზეც სულ მეღიმებოდა. კიდევ - სიმღერის ტექსტი ავიწყდებოდა და ხშირად ბოლომდე ვერ იმახსოვრებდა. იმ მონაკვეთს, რაც ავიწყდებოდა, დიდი ასოებით დაწერდა და ფილარმონიის იატაკზე დააკრავდა ხოლმე. სცენაზე რომ გამოვიდოდა, ამ ტექსტს კითხულობდა. მე ერთი საათით ადრე მივდიოდი და ამ ტექსტს გადავაკეთებდი... სიმღერის დროს გაბრაზებული გამომხედავდა და სულ მემუქრებოდა, მერე კულისებში გამომედევნებოდა. მე ხომ მეცინებოდა, მაგრამ თვითონაც სიცილით კვდებოდა. ეს ყველაფერი რომ მახსენდება, გული მტკივა, მაგრამ თან სულ მეღიმება.

- ე.ი. კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა?

- ძალიან კარგი ხასიათი ჰქონდა, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნა. სცენაზე სერიოზული ჩანდა, მაგრამ ხუმრობა უყვარდა. თავად სერიოზული იუმორი ჰქონდა, განსხვავებით ვახტანგ ტატიშვილისგან, რომელსაც საშინელი, კვიმატი ენა აქვს. ჰოდა, ვახო თემურს თითს რომ დაანახვებდა, შეეძლო ნახევარი საათი ეცინა. აღარაფერს ვამბობ იმპროვიზაციაზე, რომელსაც ვახტანგი სცენაზე აწყობდა. თემური მაშინვე სიცილს იწყებდა და ეს ძალიან უხდებოდა. სამწუხაროდ, ტრაგედიამ, რომელიც თავს დაატყდა, მოტეხა, მაგრამ ვაჟკაცური ხასიათი მაინც შეინარჩუნა. არ იმჩნევდა, რომ უჭირდა; უმძიმდა, მაგრამ არ გვეუბნებოდა.

GzaPress

- შვილის გარდაცვალებას გულისხმობთ?

- დიახ. ეს ტრაგედია ჩემ თვალწინ დატრიალდა: 1983 წელს მისი 6 წლის ვაჟი - გიორგი მოულოდნელად დაგვეღუპა. მაშინ თემური ოჯახთან ერთად, კოჯორში ცხოვრობდა. გიო ცუდად რომ გახდა, 41 სიცხით ჩამოვიყვანეთ ვახტანგ ბოჭორიშვილთან, ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც გვითხრეს, რომ ბავშვს ვირუსი ჰქონდა. სამწუხაროდ, ფილტვები უკვე დაზიანებული იყო და ვეღარ გადაარჩინეს... თემური უთქმელად ატარებდა ამხელა დარდს და სატკივარს. შვილის დაღუპვის შემდეგ პატრიარქმა დაიბარა და სწორედ მან მოაბრუნა არა მარტო სცენისკენ, არამედ სიცოცხლისკენ. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეუღლის თანადგომას: ისინი სულ ერთად იყვნენ, გასტროლებზეც და ეს განსაცდელიც ერთად გადაიტანეს. თემური გიოს, როგორც ცოცხალს, ყოველთვის ისე ადღეგრძელებდა.

- რამდენიმე ინტერვიუში აქვს ნათქვამი, სხვაგან ცხოვრება აზრადაც არ გამივლიაო...

- სხვათა შორის, მეც ვერ წარმომედგინა თემურ წიკლაური სხვა ქვეყანაში, რადგან არის ერთი კატეგორია მომღერლებისა, რომელსაც "საქართველოს სახალხო არტისტი" ჰქვია. მისი სიმღერები სამშობლოსადმი სიყვარულით იყო გაჟღენთილი, ის ნამდვილი ერისკაცი გახლდათ. დაახლოებით ათასამდე სიმღერა აქვს ნამღერი, რომელიც ქართული სულით, უსაზღვრო ენერგიითა და პატრიოტიზმით არის გაჯერებული.

- გასტროლებიდან გამორჩეულად რომელი ეპიზოდი გახსენდებათ?

- ბევრი რამ მახსენდება, მაგრამ ისეთ ფაქტებს მოვიგონებ, საიდანაც ჩანს, როგორ უყვარდა ხალხს: ერთი ასეთი პროექტი გვქონდა - "მოძრავი ფილარმონია". რეგიონებში დავდიოდით და კონცერტებს ვმართავდით: მინდორში, სკოლის ეზოებში, დანგრეულ კიბეებზე... მახსოვს, ერთხელ შავებიანი ქალი მოვიდა, თემურს ხელზე ხელი დაადო და უთხრა: შვილო, თემურ, ახლა თავისუფლად შემიძლია მოვკვდე, რადგან შენს ხელს შევეხეო... ერთხელ, მორიგი კონცერტის შემდეგ, სუფრასთან ვისხედით. შუა ქეიფის დროს ჩოჩქოლი ატყდა. დავინახეთ: ნახევარი სოფელი იდგა და თემურის გასვლას ელოდებოდა. გავიდა და ორი სიმღერა უმუსიკოდ შეასრულა. შეეძლო, სხვის ქორწილში ან ლხინის სუფრაზე მისულიყო, სრულიად უსასყიდლოდ ემღერა. ამიტომაც ვამბობ, რომ მართლა სახალხო მომღერალი გახლდათ.

GzaPress

- მარტო განსაკუთრებული ხმით კი არა, მაყურებელს თავისი შარმითაც აჯადოებდა.

- გეთანხმებით. დღეს ამ თვისებას ქარიზმას ეძახიან, მაგრამ თემურს ისეთი ხმა ჰქონდა და ამ ხმაში იმდენი ფერი იყო, რომ მარტო ხმითაც შეაყვარებდა თავს მაყურებელს. სხვათა შორის, თავის ხმას ძალიან უვლიდა. მანქანაში მარტო მე მსვამდა, რადგან "გმირულად" ვუძლებდი დაკეტილ ფანჯრებს; გარეთ 40 გრადუსი სიცხეც რომ ყოფილიყო, ყელი მაინც შეფუთნული ჰქონდა, რადგან მეორე დღეს კონცერტზე უნდა გამოსულიყო. მე ამ რუტინას ვუძლებდი და სულ ერთად ვიყავით - სასტუმროში, გასტროლებზე, მანქანაში, თვითმფრინავში... უკიდურესად შრომისმოყვარე იყო: შეეძლო რეპეტიციაზე ერთი სიმღერა 10-15-ჯერ ემღერა. ჩვენ ვიღლებოდით და ვსაყვედურობდით, ის კი თავისას არ იშლიდა. ამის გამო, ყველა კომპოზიტორს უნდოდა, რომ მისი სიმღერა თემურს ემღერა. ისეთი მაღალი ნოტების აღება შეეძლო, გვაოცებდა. ყველაფერს გულით აკეთებდა და ეს მის სიმღერებსაც ეტყობა.

- ცნობილია, რომ ძალიან ეკლესიური იყო.

- მორწმუნე ყოველთვის იყო, მაგრამ შვილის გარდაცვალების შემდეგ ეს თვისება მასში გაასმაგდა. ხშირად მიდიოდა პატრიარქთან, რომელსაც თემური ძალიან უყვარდა. ბოლო წლებში ლურჯ მონასტერში სტიქაროსანი იყო, საიდანაც გამოვასვენეთ და შვილის გვერდით დავკრძალეთ, როგორც მისი სურვილი იყო. იმის დასტურად, რომ ძალიან მორწმუნე გახლდათ, ერთ ამბავს მოგიყვებით: მისმა საუკეთესო მეგობარმა - სოსო ხარებოვმა თემურს სთხოვა, იერუსალიმში ეყიდათ სახლი, რომელიც თემურ წიკლაურის სახელზე გააფორმეს. მას "ქართული სახლი" დაარქვეს და იქ ახლა ქართველი დედები ცხოვრობენ. თემური იერუსალიმში 3-4-ჯერ ჩადიოდა, მაგრამ იქ არ ჩერდებოდა, მონაზვნები რომ არ შეეწუხებინა. სახლი კი იყიდეს, მაგრამ მიწის ყიდვა ისრაელში შეუძლებელია. ვინაიდან ეს თემურ წიკლაურს ეხებოდა, საქმეში ისრაელის ქნესეტი ჩაერია და თემურს სახლთან ერთად, ეს ადგილიც მიჰყიდეს. ასე რომ, ისრაელში "ქართული სახლის" არსებობა სოსო ხარებოვისა და თემურ წიკლაურის დამსახურებაა. თემური ძალიან უბრალო იყო, ადამიანებს იოლად ეკონტაქტებოდა და ისინიც სიყვარულით პასუხობდნენ. ამ უბრალოებასთან ერთად, იმდენად დიდი იყო, რომ მის სიმღერებს ვეღარავინ გაიმეორებს. მართალია, როცა ამბობენ: თემურ წიკლაურთან ერთად მთელი ეპოქა დასრულდაო... მინდა, ეს ინტერვიუ ჩვენი სიმღერის სტრიქონებით დავასრულო: "გული მაინც არ გვწყდება, არ გაგვწირავს განგება: ჩვენ წავალთ და ამქვეყნად სიმღერები დარჩება!"

ხათუნა ჩიგოგიძე