"მინდა მოხუცებს მივცე ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება" - გზაპრესი

"მინდა მოხუცებს მივცე ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება"

თამუნა ალთუნაშვილი პედაგოგია. ამჟამად კანადაში ცხოვრობს. კანადამდე იყო ინგლისი, მაგრამ იმის გამო, რომ იქ შვილების ჩაყვანის საშუალება არ მიეცა, მათი წლობით დატოვება კი ვერ შეძლო, გადაწყვიტა, კანადაში ეცადა ბედი. ზუსტად იცის, რომ საქართველოში მალე დაბრუნდება და დიდხანს აღარ მოუწევს ემიგრანტობის სიმძიმის ტარება მხრებით.

- ემიგრანტობა მძიმე ხვედრია, შენი სამშობლო გენატრება და დიდი ნოსტალგია გაქვს, ახლობელ ადამიანებთან კარგავ საერთო ენას; გიჭირს, მათთან სასაუბრო თემის გამოძებნა... ემიგრანტობა ჭაობს ჰგავს - რაც მეტი გაქვს, მეტი გინდა, შენი ხელფასი საკმარისი არასოდეს არის.

- როგორი იყო თქვენთვის ემიგრანტობის პირველი წლები?

- რთული იყო. მახსოვს, ძალიან მიჭირდა და ვდარდობდი ჩემი ქვეყნის დატოვებაზე. რთული იყო შვილების გარეშე უცხო ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ როდესაც მიზანი გაქვს, შეუძლებელს შეძლებ, დასახულ მიზნამდე რომ მიხვიდე. კანადა არის ძალიან მშვიდი ქვეყანა, რომელმაც მომცა განათლება; მასწავლა, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანები, კანის ფერის, რწმენისა და ორიენტაციის მიუხედავად.

- ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებთ, ხართ წარმატებული ქალბატონი, როგორ მიაღწიეთ ამდენს?

- მუხლჩაუხრელი შრომის ფასად. როდესაც ლექციებზე ვიჯექი, იმავდროულად, კომპანიებთან მქონდა მოლაპარაკებები. გარდა იმისა, რომ მაქვს "ქართულ-კანადური ბაღი", ასევე ვხელმძღვანელობ დასუფთავების კომპანიას. არ მრჩება დრო ტელეფონზე სალაპარაკოდ და დედასთან სასაუბროდ, შინ მხოლოდ დასასვენებლად შევდივარ. მძიმე, თავდაუზოგავი შრომის შედეგია ეს ყველაფერი. ვინმეს არ ეგონოს, რომ ბევრი ფული მქონდა და ასე დავიწყე ბიზნესის კეთება. ათასი დოლარით შევქმენი დასუფთავების კომპანია, საბავშვო ბაღი - კრედიტით, მეც, ისევე როგორც სხვა ემიგრანტები, კანადაში ვალით ჩამოვედი.

GzaPress

- რამ გადაგაწყვეტინათ, გქონოდათ ქართული საბავშვო ბაღი?

- ალბათ საქართველოს და ჩემი პროფესიის მონატრებამ შთამაგონა. გარდა ამისა, ვხედავდი, ბავშვები ქართულ ენას როგორ კარგავდნენ, მშობლებთანაც ინგლისურად საუბრობდნენ. ეს კიდევ უფრო დიდი ბიძგი იყო ჩემთვის. პროფესიით პედაგოგი ვარ, მაგრამ არ ვიცოდი ბაღის ასაკის ბავშვებთან მიდგომა, რაც პროფესიულ დონეზე შევისწავლე, გავიარე კურსები, მივიღე სერტიფიკატი.

კანადაში დიდ პატივს სცემენ ბავშვებს. თუ არ გაქვს გავლილი სათანადო მომზადების კურსები, არავინ მოგცემს უფლებას, ბავშვებთან იმუშაო. მე არ მაქვს უფლება, ბავშვებთან მივიდე ქუსლიანი ფეხსაცმლით, რადგან მათთან ერთად ვდგები მუხლებზე და ვთამაშობ. ვცდილობ, ყველა ბავშვს თვალებში ვუყურო და მათ ვეკონტაქტო. თუ კონტაქტი ვერ დაამყარე, ვერ გაიგებ, ბავშვს რა უნდა, მის ენაზე საუბარს ვერ ისწავლი. ბავშვთან ჩხუბი დაუშვებელია.

- როგორ ცხოვრობენ დღეს ქართველები კანადაში, რამდენად შეეხოთ მათ ეპიდემია?

- რომ გითხრათ, დიდად არც გვიგრძნია ეპიდემია, არ დახურულა ბევრი ბიზნესი. კანადა არის ქვეყანა, რომელსაც მუშახელი ყოველთვის სჭირდება. ველოდებით ვაქცინას. ამბობენ, რომ მაისის ბოლომდე ყველა აცრილი უნდა იყოს.

- როგორ უნდა მოხვდეს ქართველი კანადაში?

- აუცილებლად უნდა ისწავლოს ენა, გაიაროს შესაბამისი კურსები, ინგლისურის მე-5, მე-6 დონეს უნდა ფლობდეს და წამოვიდეს სასწავლო ვიზით. ეს ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას.

- ამ ბოლო წლებში თუ იყავით საქართველოში და რა დაგხვდათ შეცვლილი?

- თუ არ ჩავთვლით ვაკეს, მეტი არაფერი შეცვლილა (იცინის). აქ ჩამოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ შევძელი და წავედი საქართველოში. გაოცებული ვუყურებდი ადამიანებს, რომლებსაც სახე გაყინული ჰქონდათ, მოღიმარი კი ვერავინ დავინახე ქუჩაში. ეს იყო ჩემთვის სრული შოკი. მაღაზიაში არანაირი "მადლობა" ან "კარგ დღეს გისურვებთ"... ძალიან მტკივა და განვიცდი ხალხის ამ მდგომარეობაში ყოფნას.

- თუ აპირებთ საცხოვრებლად უკან დაბრუნებას?

- დიახ, რა თქმა უნდა. ახლო მომავალში აუცილებლად ჩემს შვილებთან ერთად დავბრუნდები. ბავშვებმა იციან, რომ უნდა ისწავლონ და საკუთარ სამშობლოს გამოადგნენ. როდესაც აეროპორტში ფეხი დადგეს, იმ დღიდან რიტუალად ვაქციე ეს შეკითხვა: "რას ვაპირებთ?" მათი პასუხი კი უნდა იყოს, - "ჩვენ დავბრუნდებით!" მე აუცილებლად დავბრუნდები და აუცილებლად მექნება სოფელი. გულისტკივილით ვისმენ, რომ ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა გერმანიაში წასასვლელად. დარწმუნებული ვარ, 80%-ს აქვს სოფელი და არ უნდათ. როგორ დავიჯერო, საკუთარ ქვეყანაში რამის გაკეთება, თუნდაც ფიზიკური შრომა უფრო მარტივი არ არის, ვიდრე სხვის ქვეყანაში მოსამსახურეობა?! პირადად მე ყველას მოვუწოდებ: ნუ წახვალთ ევროპაში, ნუ მოგატყუებთ ევროსა და დოლარის "სილამაზე". ის არც ერთ ქვეყანაში არ რიგდება, იქაც შენი ფიზიკურად შრომის ანაზღაურების ფასად იღებ ფულს. წადით სოფლებში, სადაც ბევრად უკეთესი ცხოვრება გექნებათ.

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ რის გაკეთებას აპირებთ.

- მინდა მოხუცთა თავშესაფარი და საბავშვო ბაღი გავაკეთო. მსურს მოხუცებს მივცე ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება და ბავშვებს - მოხუცებთან, რათა ადრეულ ასაკშივე ისწავლონ ასაკოვანი ადამიანების პატივისცემა.

ფიქრია რობაქიძე