"ყველაზე მეტად მენატრება მშობლებთან ერთად, საქართველოში გატარებული წლები" - გზაპრესი

"ყველაზე მეტად მენატრება მშობლებთან ერთად, საქართველოში გატარებული წლები"

იანა გეგუჩაძე დიზაინერია და ამერიკაშიც საყვარელი საქმის კეთებითაა დაკავებული. გარდა თანამედროვე ტანსაცმლისა, ქართულ ეროვნულ სამოსზე მუშაობს, რომლითაც არა მარტო ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, არამედ უცხოელებიც ინტერესდებიან. იანა საზღვარგარეთ შვილთან, 21 წლის მარიამთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ამჟამად სტუდენტია და დიდი მიზნები აქვს დასახული.

- სანამ საზღვარგარეთ წავიდოდი, ვსწავლობდი ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა უნივერსიტეტში, გერმანისტიკის ფაკულტეტზე და 90-იანი წლების შესაფერისი სტუდენტური ცხოვრებით ვცხოვრობდი, მშობლებთან და ძმასთან ერთად.

თბილისში სამი კურსის დახურვის შემდეგ, სწავლა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში გავაგრძელე, ანუ როგორც ემიგრანტი, გერმანიაში ისე არ წავსულვარ და შესაბამისად, არც განსაკუთრებული სირთულეები შემხვედრია, რადგან გერმანია სოციალურად დაცული, მოწესრიგებული ქვეყანაა და სტუდენტისათვის ნორმალური საცხოვრებელი, სასწავლო და შრომითი პირობები იყო. ჩემი ძირითადი პროფესიის - გერმანისტიკის გარდა, მეორე პროფესიად ქალის სამოსის დიზაინი ავირჩიე, რაც ბავშვობიდან ჩემი ჰობი და განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახლდათ.

გერმანია ჩემთვის ახალ განსხვავებულ კულტურასთან შეხვედრა იყო, ახალი ნაცნობები, ახალი მეგობრები და სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს. სხვათა შორის, გერმანიაში ცხოვრების პერიოდში დავოჯახდი და ქალიშვილი შემეძინა.

- ამერიკაზე მიამბეთ. იქ როგორ აღმოჩნდით?

- ემიგრანტობას უფრო მეორე ფაზას დავარქმევდი, როდესაც გერმანიიდან აშშ-ში გადავედით საცხოვრებლად. თავდაპირველად ჩემი ქალიშვილის აღზრდით ვიყავი დაკავებული. მომეწონა აქაური სასკოლო სისტემა: დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული, ცოდნის ტესტირების საფუძველზე ბავშვი გადადიოდა ცოდნის შესაბამისად გაძლიერებულ სკოლებში, რამაც საფუძვლიანი განათლება მისცა. ვისურვებდი, რომ საქართველოში მსგავსი სისტემა დანერგილიყო, რაც ბავშვებში სწავლის მოტივირებას აამაღლებდა.

ამავდროულად დამყავდა ქართულ საკვირაო სკოლაში, სადაც ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ქართულ წერა-კითხვას სწავლობდა და კულტურას ეცნობოდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაია ბარამიძეს და თითოეულ პედაგოგს გაწეული ამაგისათვის. ასევე, დიდი მადლობა ყველასათვის საყვარელ მსახიობს, ხათუნა იოსელიანს, რომელიც ამ სკოლასთან არსებულ საბავშვო თეატრს ხელმძღვანელობდა. დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობდი მეც ამ ფაციფუცში და მათ საბავშვო კოსტიუმების შექმნა-შეკერვაში ვეხმარებოდი.

რაც შეეხება ამერიკაში ცხოვრების უარყოფით მხარეებს: ეგ უფრო ინდივიდუალური მგონია; ვის სად რა შეემთხვევა, იმის მიხედვით.

GzaPress

- რამდენი წელია რაც ემიგრანტი ხართ და ვინ გელოდებათ სამშობლოში?

- უკვე 17 წელია, ნიუ-იორკში ვცხოვრობ. საქართველოში მელოდებიან დედა და ძმის ოჯახი, ახალ წევრთან - პატარა ვაჩესთან ერთად, რომელსაც მხოლოდ ვიდეოზარით ვიცნობ... ასევე მელოდება ყველა ჩემი ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, მთელი ჩემი სამშობლო და მამაჩემის საფლავი, რომლის გარდაცვალებაც ჩემი ემიგრაციაში ყოფნის ყველაზე დიდი ტკივილია.

- როგორც დიზაინერი, მანდ თუ ახერხებთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას?

- ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მომწონს. მიხარია, რომ ნიუ-იორკში საყვარელი საქმის კეთების საშუალება მომეცა. ბევრ საინტერესო დიზაინსტუდიაში მიმუშავია, სადაც ეტაპობრივად განვვითარდი (კერვა, თარგის აგება, დიზაინი). ჩვენი სტუდიების ნამუშევრები ნიუ-იორკის პოპულარული მაღაზიების ვიტრინებს ამშვენებს. დავინტერესდი ქართული ეროვნული სამოსით. ჩემმა გამოცდილებამ მიჩვენა, თუ როგორ "კვებავს" სხვადასხვა ეროვნული სამოსის დეტალები თანამედროვე დიზაინს. ეროვნულ სამოსს დიდი დატვირთვა აქვს ცნობიერებისა და იდენტობისათვის - გამოხატავს შენს ისტორიულ ხასიათსა და ტრადიციას; თარგი, ქსოვილი, ნაქარგი, აქსესუარი - თითოეულ დეტალს თავისი დატვირთვა და დანიშნულება აქვს, ჩვენი წინაპრების ცხოვრებაზე ძალიან ბევრ რამეს მოგვითხრობს. როცა ეროვნულ სამოსს ირგებ, გრძნობ, "ვისი გორისა ხარ" და ამას განსაკუთრებით ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ჩემი ქალიშვილის მაგალითზე მივხვდი, როცა სასკოლო ღონისძიებისათვის ქართული ეროვნული სამოსი მოითხოვა. როდესაც მან ჩემი შექმნილი ტანსაცმელი მოირგო, თითქოს უცბად "დალაგდა", ვინ იყო, რა წარმოშობის. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ქართულ ეროვნულ სამოსზე მემუშავა და ეს არ დარჩენილიყო მხოლოდ სამუზეუმო-საკონცერტო რეკვიზიტად, მისი მორგება შესაძლებელი ყოფილიყო თანამედროვე ყოფაშიც. ამან გაამართლა. მანდილოსნებისათვის შექმნილმა ჩემმა ჩოხებმა, ყაბალახებმა, ქისებმა და ფაფანაკებმა არა მარტო ქართველები დააინტერესა, არამედ უცხოელებიც და ამან სტიმული მომცა. მიუხედავად იმისა, რომ ქალის ტანსაცმლის სხვა კოლექციებიც მაქვს შექმნილი, ყველაზე თბილი და საყვარელი მაინც ქართული სამოსის კოლექციაა, რომელსაც დიდი მოწიწებით - "იავნანა" დავარქვი.

იანვრის თვეში ფილადელფიაში პოეტმა ლელა ნინუამ გამართა შესანიშნავი საღამო "სამოსი სამშობლო". მოხარული ვარ, რომ მიმიწვია და მომეცა საშუალება, ქართველებისთვის წარმედგინა სამოსი ჩემი კოლექციიდან.

- იანა, რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

- ყველაზე მეტად მენატრება ჩემს მშობლებთან ერთად, საქართველოში გატარებული ბავშვობის წლები, რომელსაც ცხადია, უკან ვერავინ დააბრუნებს...

- რა შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეთ საქართველოში და საერთოდაც, როგორ მოჩანს უცხო ქვეყნიდან აქ მიმდინარე მოვლენები?

- რამდენადაც მიჩნდება შესაძლებლობა, ყოველთვის ვეცნობი საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ვგულშემატკივრობ ჩემს ქვეყანას. ძალიან მინდა სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ვინაიდან მყავს ქალიშვილი, რომელიც აქ გაიზარდა და ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების განხრით და პროფესიულადაც აქ აპირებს დამკვიდრებას, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, არ ვიცი, როდის და როგორ მომიხერხდება საქართველოში დაბრუნება.

- ამერიკაში თქვენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე როგორია?

- ჩემი სამუშაო დღე იწყება თათბირით (სტილის, ქსოვილების და თარგების შერჩევით), სამოსის გამოჭრითა და საკერავი პროცესის გაკონტროლებით. დამღლელი სამუშაო დღე გავიწყდება, როდესაც უკვე მზა სამოსს მანეკენზე ხედავ.

GzaPress

- როგორ იყენებთ დასვენების დღეს? როგორც ვიცი, მანდ ბევრი ქართველი ხართ და თუ ახერხებთ ხშირად შეკრებას?

- დასვენების დღეს ყოველთვის ახლობლებს ვუთმობ. ჩემს შვილთან ერთად ხშირად ვსტუმრობ სამხატვრო გამოფენებს. თვითონაც კარგად ხატავს, ბავშვობაში ნიჭიერი მხატვრის, ეკატერინე მერაბიშვილის მოსწავლე იყო. სხვათა შორის, გატაცებულია გრაფიკ-დიზაინითა და ჯინსის ქურთუკების მოხატვით.

ასევე, მეგობრებთან ერთად ვესწრები კულტურულ ღონისძიებებს.

დაგეთანხმებით, აქ ბევრი ქართველია და სწორად ეს გვიიოლებს საზღვარგარეთ ყოფნას, გვიმსუბუქებს ნოსტალგიას. აქ ცოტ-ცოტა ყველაფერი გვაქვს ქართული: ეკლესია, მონასტერი, თეატრი, მუსიკა, სამხატვრო გამოფენები, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება და სამზარეულო...

- ქართველებს ხშირად აკრიტიკებენ, უმეტესობა საზღვარგარეთ მოსაპარად მიდისო. თქვენი ნაცნობი უცხოელები როგორ აფასებენ ქართველებს? ამერიკაშიც ეშინიათ ქართველის დასაქმების?

- პირადად მე, არც ერთ სამსახურში არ შემქმნია პრობლემა ამ ჩვენთვის არასასიამოვნო ფაქტის გამო. ამერიკა იმდენად დიდი ქვეყანაა, რომ ქართული კრიმინალი ნაკლებადაა თვალში მოსახვედრი... ჩემი გერმანიაში ცხოვრების პერიოდშიც, თუ ვინმე საქართველოს იცნობდა, მხოლოდ დადებითი კუთხით: ცნობილი სპორტსმენებით, რეჟისორებითა და მეცნიერებით. მაშინ გამოცანა-ანეკდოტიც იყო: მანქანაში სხედან რუსი, იუგოსლავიელი და პოლონელი. შეკითხვაზე, ვინ მართავს მანქანას? პასუხი იყო: პოლიციელი. საბედნიეროდ, მაშინ ამ გამოცანაში ქართველი არ ფიგურირებდა (იღიმის).

- თუ ურჩევთ ქართველებს, რომლებსაც ემიგრანტობა აქვთ გადაწყვეტილი, ამერიკაში ჩასვლას? მანდ როგორი სიტუაციაა ახლა?

- ვერავის ვერაფერს ვურჩევ, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, მე კომფორტულად ვგრძნობ თავს ამერიკაშიც და კარგად ვიყავი გერმანიაშიც, ახლა რომ ვაკეთებდე არჩევანს, დიდი ალბათობით დავრჩებოდი ჩემს სამშობლოში და ცხოვრებას არ გავიორებდი, რადგან არცთუ ისე იოლია ცხოვრობდე სხვა ქვეყანაში და გენატრებოდეს სამშობლო.

ლიკა ქაჯაია