"მისი დაჭერის არ მეშინია, ოღონდ ფიზიკურად არ დაუშავონ რამე"
font-large font-small
"მისი დაჭერის არ მეშინია, ოღონდ ფიზიკურად არ დაუშავონ რამე"
ნიკა მელიას პირადი ცხოვრება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამ ნიკა მელიას დაპატიმრება მართალია, დროებით შეაჩერა, მაგრამ ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე ხელისუფლებამ ვერდიქტის აღსრულება დაიწყო და მათი პირველი ამოცანა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელის, ნიკა მელიას დაპატიმრება გახდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მელიას საქმეზე "კანონი უნდა აღსრულდეს" და მეორე დღესვე აღსრულდა. 23 თებერვალს, პოლიცია და სპეცრაზმი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გამოჩნდა. სპეციალური ტექნიკის დახმარებით, სპეცრაზმელების ნაწილმა სახურავიდან შეაღწია შენობაში, ნაწილი კარის შემტვრებით შევიდა ოფისში. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, გაეთავისუფლებინათ პარტიის შენობა, უარის შემდეგ კი ისინი ძალით გამოიყვანეს...
დაკავებამდე ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მიმართა და მათ არაძალადობრივი წინააღმდეგობისკენ მოუწოდა. საბოლოოდ, მელია დააკავეს, შენობის რამდენიმე ოთახში კი სავარაუდოდ, წიწაკის გაზი გაუშვეს. ნიკას დაკავებას მისი მშობლები ტელევიზიით ადევნებდნენ თვალს. ანზორ მელიას თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებმა მმართველი გუნდი ვერ შეაფხიზლა. კარგად იცნობს შვილს და იცის, რომ ის სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.


ანზორ მელია:
- პარლამენტში ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს მოხდებოდა, ამიტომ მთელი ღამე ტელევიზორს არ მოვშორებივარ, მეუღლესთან ერთად ვუყურებდი ამ ყველაფერს. შოკირებული ვარ. არ ვიცი, რა ვთქვა, ჯერ ანალიზის უნარიც კი არ მაქვს. თითქოს სადღაც სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა საქართველოში.
- ხომ არ გქონდათ დილით შვილთან კომუნიკაცია?
- არა. გია ბარამიძის დადებული სურათი ვნახე, ერთად არიან გადაღებული. მივაწერე, თქვენ გენაცვალეთ-მეთქი, - ეს იყო და ეს. უიარაღოდ იყვნენ, ცარიელი ხელებით და ნახეთ, როგორი შტურმი მიიტანეს ოფისზე. ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი ან გაზის გაშვება რაში სჭირდებოდათ? თან ყველაფერი მაშინ ხდება, როცა გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და სააპელაციო სასამართლოს მოლოდინში ვართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი. ღარიბაშვილიც სწორედ ამიტომ დანიშნეს, ეს ყველაფერი ივანიშვილის გაკეთებულია. მარტო ნიკა კი არ აიყვანეს, ოფისი დაანგრიეს. როგორც ამბობენ, მეხსიერების ბარათებიც წაიღეს. ყველაზე მეტად მოვიხიბლე ნიკას ქცევით: როცა შევიდნენ სპეცრაზმელები, ცალკე ოთახში იყო და გამოვიდა. წინააღმდეგობა არ გაუწევია, მშვიდად გაჰყვა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი და თვითონ ღარიბაშვილი გაათავისუფლებს. ნიკა ნამდვილად არის ვაჟკაცი და გმირი. ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი მის გვერდით იყო. შეუძლებელი შეძლო, გააერთიანა მთელი ოპოზიცია, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები. მისი არასოდეს შემრცხვება, მისით ვამაყობთ მე და ნიკას შვილი.
იცით, 2012 წელს არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" მივეცი ხმა და ძალიან შევცდი, ახლა ვნანობ. როდესაც დავინახე სწორი გზით არ მიდიოდნენ, რაც კარგი ჰქონდათ "ნაციონალებს", ის კი არ გააგრძელეს, რაც ცუდი ჰქონდათ, ის კუბში აიყვანეს, მივხვდი, საქმე ცუდად იყო. ექიმი ვარ, პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ როდესაც საქმე ქვეყნის მომავალს ეხება, როცა ხედავ ნელ-ნელა ხალხი ღატაკდება და თვითონ მილიონერები ხდებიან, სიჩუმე დანაშაულია. არ შეიძლება ასეთ დროს ხმა არ ამოიღო. მე უკვე 73 წლის კაცი ვარ, მაგრამ ჩემს შვილებს, შვილიშვილებს, ასეთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა რომ მოდის, მათ ხომ სჭირდებათ ქვეყნის კეთილდღეობა. რატომ უნდა გაიქცნენ საზღვარგარეთ? ეს მტკენს გულს. ამდენი წელი სულ ვფიქრობდი, ახლა მიხვდებიან და ააღორძინებენ საქართველოს-მეთქი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
ნიკა პოლიტიკაში რომ წავიდა, მე და ჩემი მეუღლე შოკირებულები ვიყავით. ვიცოდით, მძიმე ტვირთი იქნებოდა ეს ჩემი შვილისთვის. მინდოდა, ნიკა ექიმი გამოსულიყო, ბავშვობაში სულ ამას ვუჩიჩინებდი. ჩემთან, საავადმყოფოში დამყავდა, ყველა ახალგაზრდა ექიმს იცნობდა, მათთან მეგობრობდა. ზოგჯერ მორიგეობაზეც რჩებოდა. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების კურსები მოვაწყვეთ და ის კურსიც გაიარა, მაგრამ როდესაც სკოლა დაამთავრა, ყველაფერი გავაანალიზე და ვუთხარი: მამა, ექიმობას არ გირჩევ-მეთქი. - სულ ამას მეუბნებოდი, ახლა რატომ ამბობ უარსო? - მკითხა გაკვირვებულმა. - ამდენი ხანია ექიმი ვარ და პირადი ცხოვრება არ მქონია, თქვენთან ერთად არასოდეს დამისვენია, არასოდეს წავსულვართ ერთად თეატრში, კონცერტებზე, არც ფეხბურთზე. სულ საავადმყოფო, მძიმე ავადმყოფები, უძილო ღამეები იყო... კარგ განათლებას მოგცემ. როცა სახელოვანი იქნები, შენ თვითონ აიყვანე ჩემნაირი და უფრო კარგი ექიმები-მეთქი.
- ანუ კლინიკის ხელმძღვანელობას ურჩევდით?
- დიახ, რამე ისეთი პროფესია მინდოდა აერჩია, უფრო დაფასებული რომ იქნებოდა. კომუნისტების დროს ძალიან დაფასებული იყო ექიმის პროფესია, მართლა ხელისგულზე მატარებდნენ ადამიანები. ყველგან პატივისცემას ვგრძნობდი. ახლა მეცოდება ახალგაზრდა ექიმები, ღამეებს გაუთევენ პაციენტს, გადაარჩენენ, შეუძლებელს შეძლებენ და მათი პატრონები მაინც აგინებენ. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამ უმადურობის შემხედვარეები ალბათ, საზღვარგარეთ გაიქცევიან.
GzaPress
- რაც დღეს ნიკას ირგვლივ ხდება, ამას ელოდით?
- ველოდი, რადგან ნიკა დინების საწინააღმდეგოდ წავიდა; როცა ასე მიდიხარ და უპირისპირდები ხელისუფლებას, ყოველთვის დიდი განსაცდელები გხვდება წინ.
- მამის სახელი, ნიკანორი დაარქვით შვილს. "ქართული ოცნების" ლიდერები მას ამ სახელით ხშირად მიმართავენ.
- ზუგდიდიდან ვარ. მამაჩემი წლების განმავლობაში ჩაის ფაბრიკის დირექტორი იყო, დედა - მთავარი აგრონომი. მამას ერქვა ნიკანორი. როდესაც ვკითხე, რატომ დაგარქვეს-მეთქი? მითხრა, ეს სახელი გამარჯვების სიმბოლოა. ვისაც ნიკანორი ჰქვია, ის არასოდეს მარცხდება, სულ წარმატებული და გამარჯვებულიაო... ძალიან მინდოდა ბიჭი მყოლოდა. ჩემი სიმამრი პროფესორი გიორგი ცანავა, რეანიმატოლოგი იყო. ჩაჩავას ინსტიტუტში როცა ჩემმა მეუღლემ პირველად იმშობიარა, ის კლინიკაში აუშვეს. მე ქვემოთ ველოდებოდი. რომ ჩამოვიდა, ხელები გაშალა და მითხრა: გილოცავ, ბატონო ანზორ, შვილის დაბადებასო. - ბიჭია, ხომ? - ვკითხე. - არა, გოგოაო. - ადი კიდევ, თავიდან შეამოწმე, გოგოა თუ ბიჭი-მეთქი? გოგო აღმოჩნდა, ქალიშვილი შემეძინა, წელიწადი და 9 თვეა სხვაობა თამარსა და ნიკანორს შორის.
- ბიჭი უნდათ მამებსო, რომ ამბობენ, თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?
- ძალიან მინდოდა ბიჭი მყოლოდა, შეიძლება ითქვას, მტკივნეულადაც. მეუღლესთან მოლაპარაკებული ვიყავი, თუ გოგო დაიბადებოდა, დედამისის, ჩემი სიდედრის სახელს, თამარს დავარქმევდით, ბიჭს - მამაჩემის სახელს, ნიკანორს. 1979 წელს დაიბადა ბიჭი. ძალიან ბედნიერები ვიყავით, განსაკუთრებით მე დავფრინავდი სიხარულისგან. მამაჩემი ვერ მოესწრო ამ ამბავს. ჩვენ ქორწილი რომ გვქონდა, 2 კვირაში ინსულტით დაიღუპა... ნიკას არ მოსწონდა ეს სახელი, სულ აპროტესტებდა, განსაკუთრებით მეექვსე კლასში. უკვე აღარ შემეძლო მისი მოსმენა, ძალიან გვიბრაზდებოდა. სულ ამბობდა, რა არის, საიდან მოიტანეთ, რატომ დამარქვითო?..
- დამჯერი იყო თუ ჯიუტი?
- დამჯერი და მშვიდი იყო. დედა და მამა საავადმყოფოში ვმუშაობდით და ბავშვები სახლში იყვნენ. არ ვიცოდით, როდის მივიდოდით შინ. რომ გვაგვიანდებოდა, ხან ერთ მეზობელს ვთხოვდით, ხან მეორეს, ხან ნათესავი რჩებოდა ჩვენს მოსვლამდე, დამხმარე არ გვყავდა. მერე, როცა ნიკა გარდატეხის ასაკში იყო, ჩემმა მეუღლემ მიატოვა სამსახური. არ შეიძლებოდა ბიჭის მარტო დატოვება. ჩვენს უბანში ნარკომანების "ბუდე" იყო და გვეშინოდა, არ ჩაეთრიათ. თან ძალზე სიმპათიური, ლამაზი ბიჭი იყო, ქოჩორა თმით, მაღალი. სპორტსაც მისდევდა, ვარჯიშობდა, კარატეზე დადიოდა.
ნიკას ვაჟი, სანდრო რომ დაიბადა, მისი ნათლობა კოტორაანთკარში, ჩვენს აგარაკზე გადავიხადეთ. დიდი სუფრა გაიშალა. შუა ქეიფისას ნიკას ბავშვობის მეგობარმა, რომელთან ერთადაც ძმასავით გაიზარდა და ძალიან მიყვარს, სიტყვა ითხოვა, მიკროფონი მომეცითო. მოვიდა ჩვენს მაგიდასთან, სადაც მშობლები ვისხედით და ასეთი რამ თქვა: ნიკა შენ ასეთი ამაყი და წელგამართული რომ დადიხარ, რომ გიხარია ცხოვრება, მომავალზე ფიქრობ და დიდი გეგმები გაქვს, ამ გეგმებს მიაღწევ შენი შეუპოვრობით, მაგრამ იცი, ეს ანზორ ბიძიას დამსახურებაა. იმის მეათედიც რომ გაეკეთებინა მამაჩემს, რაც მამაშენმა გააკეთა, მე ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდი, ხომ იცი, რა წარსული მაქვსო. ეს ბიჭი ნარკომანი იყო, მაგრამ საბედნიეროდ, იპოვა საკუთარ თავში ძალა და გამოვიდა იმ მდგომარეობიდან, მაგრამ განიცდის წარსულს. მერე ასეთი რამ გვიამბო: ბიჭებმა როდესაც დაგეგმეს შენი ჩათრევა, იცოდნენ, ადვილად არ დათანხმდებოდი ასეთ რამეს, ამიტომ გამოიყენეს შენი დიდი სიყვარული ფეხბურთის მიმართ და სულ გეუბნებოდნენ, - წავიდეთ, ფეხბურთი ვითამაშოთო. ოქროყანაში იყო მაშინ სტადიონი, იქ ავდიოდით. გეძმაკაცებოდნენ, ამ დროს მამაშენის ფურგონი გამოჩნდებოდა, ჯოხით გამოვარდებოდა ანზორი ბიძია, შენ კი არ გირტყამდა ჯოხს, იმ ბიჭებს ურტყამდა; 5-ჯერ მაინც განმეორდა ეს ამბავი ასე. მერე თქვეს ბიჭებმა, მაგის მამა გიჟია, დაგვხოცავს, თავი დავანებოთო და ასე გადაურჩი მაშინ ნარკომანობას. შენ გადარჩი, მე ჩამითრიეს. იცოდე, მამაშენის ღვაწლი არასოდეს დაივიწყოო. ეს თქვა და ყველას ცრემლები მოადგა თვალზე, ისეთი გულახდილი იყო... მართლაც, ძალიან ყურადღებიანი, ფეთიანი გახლდათ ჩემი მეუღლე. ნიკა რომ არ გამოჩნდებოდა, დამირეკავდა, - არ ჩანსო და მეც ვეძებდი.
GzaPress
- აღნიშნეთ სპორტს მისდევდაო, რა მიღწევები ჰქონდა?
- 5 წლის იყო, ჩოგბურთის კორტებზე რომ დაჰყავდა დედამისს. ძალიან კარგი პედაგოგი ჰყავდა, აბჟანდაძე. კარატეს ჟიული შარტავას შვილი, კახა ასწავლიდა და ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე. სპორტული აღნაგობა ჰქონდა და ბევრს ვარჯიშობდა. ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ რატომღაც, კატეგორიული უარი ვუთხარი.
- ეროვნული უშიშროების აკადემია დაამთავრა, თქვენი რჩევით ჩააბარა იქ?
- გარდატეხის პერიოდი იყო საფრთხილო. ყოველთვის შეიძლებოდა გზას ასცდენოდა. ერთ დღეს ჩემი ქალიშვილი მეუბნება, - მამა, მე ვიცი, ნიკამ სადაც უნდა ჩააბაროს. კლასელი მყავდა ისეთი "აცვენილი", ნიკა მაგასთან ანგელოზია. ეს ბიჭი 2 წელი არ მყავდა ნანახი, ახლა ვნახე და გავგიჟდი, ისეთი კულტურული, მოთვინიერებულია. უშიშროების აკადემიაში სწავლობს თურმე, სადაც საოცარი დისციპლინა და სწავლა ყოფილა. წარმოიდგინე, უცხო ენებსაც ასწავლიანო. ისე დამაინტრიგა თამარის ნათქვამმა, ვიფიქრე, ვნახავ-მეთქი და მივედი უშიშროების აკადემიაში. შევედი პირდაპირ რექტორთან, გიორგი ერისთავთან და ვეუბნები, ძალიან მიქეს თქვენი აკადემია-მეთქი. არ დაიზარა და მთელი აკადემია დამათვალიერებინა. ისეთი მოწესრიგებული გარემო ვნახე, სახლში აღფრთოვანებული მოვედი და ნიკას ვუთხარი, ხომ არ ნახავ-მეთქი? ბატონმა გოგიმ ტელეფონის ნომერიც მომცა და მეორედ უკვე ნიკასთან ერთად მივედი. მასაც დაათვალიერებინა ყველაფერი. ცოტა ხანში ნიკამ სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა. დაიწყო რამდენიმე ენის სწავლა. დედამისს ჰგავს ამ მხრივ, ენების ცოდნისკენ აქვს მიდრეკილება. აკადემიაში ნამდვილად დავაჟკაცდა, სულ სხვანაირი გახდა. 2002 წელს უშიშროების სამინისტროში გამომძიებლად დაიწყო მუშაობა. ერთ დღეს მითხრა: მამა, ინგლისურის ცოდნის გაღრმავება მინდა და თუ შეგიძლია, მასწავლებელი ამიყვანეო. უარს როგორ ვეტყოდი... ერთ დღეს დამირეკა პედაგოგმა და მითხრა, ბატონო ანზორ, თქვენს ბიჭს ენის ათვისების განსაცვიფრებელი ნიჭი აქვს, ყველაფერი მივეცი, რაც შემეძლო, ახლა პრაქტიკა სჭირდება. ჩვენგან ერთ ასისტენტს ინგლისში, ოქსფორდში მიჰყავს სასწავლებლად მოწაფეები ერთი თვით და თუ შეგიძლიათ, ნიკაც გაუშვითო. გავუშვი. იქიდან მირეკავს ნიკა, მამა აქ ისეთ მაღალ დონეზეა ყველაფერი, თუ შესაძლებელია, გამიგრძელე სწავლის დაფინანსებაო, - ასე ისწავლა ოქსფორდში, ყველა ეტაპი გაიარა, უცხო ენების ყველაზე მაღალ ჯგუფში გადავიდა და მაგისტრატურაც ოქსფორდში დაამთავრა. ერთ დღეს მირეკავს, ცოტა შეღავათი მინდა გაგიწიო. აქ ქათმების რესტორანში დავიწყე მუშაობაო. დაიწყო დაბალ პოზიციაზე და უცებ მენეჯერობამდე დაწინაურდა. არდადეგებზე რომ ჩამოდიოდა თბილისში, სქელტანიანი წიგნები ინგლისურ ენაზე მოჰქონდა და სულ მეცადინეობდა.
- აღნიშნეთ, რომ პოლიტიკაში მისი წასვლა ოჯახის წევრებს არ გაგიხარდათ...
- ასეა და კარგა ხანს არ ველაპარაკებოდი. 2012 წელს, როცა ივანიშვილს მივეცი ხმა, ვუთხარი, - ხომ დაგერხათ-მეთქი. დამსვა და მელაპარაკა, ივანიშვილი ამას და ამას გააკეთებსო. ყველაფერი ჩამომითვალა, ერთადერთი, მარიხუანას პლანტაცია არ უხსენებია. ვეუბნებოდი, - გიჟი ხარ, ეს კაცი საქართველოს ააყვავებს-მეთქი. აი, ნახავო და ახლა მართლა მრცხვენია, რაც თქვა ნიკამ, ყველაფერი ახდა.
ამბობენ, 20 ივნისის ორგანიზატორიაო, ეს ტყუილია. ნიკა კოტორაანთკარში, ჩვენთან ერთად იყო, როცა ეს ამბები დაიწყო და მას შემდეგ წამოვიდა, როცა ტელევიზიით ნახა, იქ რა ხდებოდა. მთავარი არხის ჟურნალისტი რომ გამოაგდეს, იმის დაცვას ცდილობდა და მაშინ ერთმა პოლიციელმა ნიკას ხელი ჰკრა, გააგდო ეზოდან. ეს ყველაფერი გადაღებულია, კადრები არსებობს. მერე ის პოლიციელი მალევე დააწინაურეს, თბილისის პოლიციის უფროსად დანიშნეს. ნიკა და კიდევ რამდენიმე პირი გიორგი გახარიამ დაიბარა, მასთან შესასვლელად ემზადებოდნენ, როცა ატყდა სროლა. მაშინაც ვიძახდი და ახლა მით უმეტეს, ვამბობ, გახარია არაფერ შუაში არ იყო. 20 ივნისს დარბევის ბრძანება მას არ გაუცია...
- ყოველ წუთას ელოდებოდნენ, როდის შევიდოდა სპეცრაზმი მის დასაკავებლად. თუ ურეკავდით და ამხნევებდით შვილს?
- დავურეკე ერთხელ და ვუთხარი, არ ინერვიულო შვილო, შენ სწორ გზაზე დგახარ. შენ გვერდით ვარ, მაგრად იყავი-მეთქი... ამას წინათ თვითონ დამირეკა: მამა, აქ ერთი კაცი, ვინც ღამეებს ათევდა ჩემ გამო, ცუდად გამხდარა, შენს კლინიკაში მოუყვანიათ და მიმიხედეო. სამეგრელოდან არის ჩამოსული ეს პატრიოტი კაცი, ინერვიულა და გულის შეტევა დაემართა. ჩემთან წევს კლინიკაში, საბედნიეროდ ახლა კარგადაა.
- სოციალურ ქსელში ხშირად გწერენ კრიტიკულ მესიჯებს შვილის გამო?
- არა, უფრო ხშირად დადებით მესიჯებს მწერენ. 4 საათამდე კლინიკაში ამბულატორიულ პაციენტებს ვიღებ, შემდეგ შევდივარ სტაციონარში, ვნახულობ მძიმე ავადმყოფებს, ჟანგბადზე შეერთებულებს. რომ დამინახავენ, მადლობას მეუბნებიან ასეთი შვილის გაზრდისთვის; მამხნევებენ და მლოცავენ, ეს მაძლევს ძალას და ენერგიას, რომ ამ ყველაფერს გავუძლო.
- ნიკას ჰყავს ვაჟი, სანდრო. მამა-შვილის ურთიერთობაზეც გვიამბეთ...
- ნიკა გიჟი მამაა, ძალიან უყვარს სანდრო. 6 წლის გახდა დეკემბერში და ისიც გიჟდება მამაზე. ვცდილობთ ავარიდოთ ამ ინფორმაციებს, მაგრამ ცალი ყური მაინც ტელევიზორისკენ აქვს. ერთხელ მკითხა, - ანზორ, ნიკას ხომ არ დაიჭერენო? როცა მამამისი სახლშია, სანდრო თავზე აზის, სულ ჭიდაობენ, ერთად თამაშობენ. მე და სანდრო ძმაკაცები ვართ, ვანებივრებ ხშირად.
- თქვენი რძალი რას საქმიანობს?
- რძალი მეგობრებთან კერძო სამსახურში მუშაობდა, მაგრამ სამსახურიდან გამოუშვეს. ახლა სახლშია. მაიკო ბეგიაშვილი ძალიან კარგი გოგონაა. სულ ტირის, განიცდის ამ მოვლენებს, ამიტომ ხშირად ბავშვსაც დედამისთან და მამამისთან ტოვებს, რომ სანდრომ მისი ცრემლები არ ნახოს.
ჩემი მეუღლეც ძალიან ნერვიულობს, ცხადია. საოცარი ურთიერთობა აქვთ დედა-შვილს, ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ. ნიკა დიდი მოწიწებით და სიყვარულით ექცევა ოჯახს. მისი დაჭერის არ მეშინია, ოღონდ ფიზიკურად არ დაუშავონ რამე.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მირჩევნია, თუ ვიპოვი, ყველაფერი პირადად ვუთხრა
ნუცა დოიჯაშვილი: "ყურში ჩამესმის მამის დარიგება..."
პროფესიონალ დიზაინერებს შორის თუ დამასახელებდნენ, ნამდვილად არ მეგონა
"დოკუმენტურად გვაჩვენონ შეთანხმება ან ხელშეკრულების პასუხების ასლები"
ყოველდღიური რუტინა, ამოჩემებული სათამაშოები და ელექტრომოწყობილობები
დიზაინერი იანა გეგუჩაძე ამერიკაში ქართულ სამოსს ქმნის
არ მაქვს უფლება, ბავშვებთან მივიდე ქუსლიანი ფეხსაცმლით
5 წელი ჟენევაში ვცხოვრობდით, მერე კი ისევ საქართველოში დავბრუნდით
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი