ბავშვთა ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს - გზაპრესი

ბავშვთა ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

ბავშვები და პანდემია - ის თემაა, რომელზეც მშობლები განსაკუთრებით ღელავენ. მსოფლიოში არსებულ რთულ და არაპროგნოზირებად ვითარებაში, მათ შვილების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან ერთად, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც უწევთ ზრუნვა. აღნიშნული თემა ბავშვთა ფსიქოლოგ გვანცა კოპალიანთან ერთად განვიხილეთ და შევადგინეთ ერთგვარი დღის რუტინა, რომელიც ვფიქრობ, მშობლებსა და ადრეული ასაკის ბავშვებს, ჩვეულისგან განსხვავებული დღეების შედარებით მარტივად გადატანაში დაეხმარება.

- კორონავირუსის პანდემია საკმაოდ დიდხანს გრძელდება და ეს განსაკუთრებით რთული იმ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაა, ვის მშობლებსაც შინიდან უწევთ დისტანციურად მუშაობა. დროის გადანაწილება მშობლისთვის საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი რეკომენდაცია ასეთ დროს ყოველდღიური რუტინის დაცვაა, რომელიც სასურველია მიახლოებული იყოს იმ რეჟიმთან, რაც პანდემიამდე იყო. ეს არის გაღვიძების დრო, კვება და ა.შ. თამაშის დროც რუტინის ნაწილია. ამიტომ იმ მშობლებმა, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, სასურველია შვილთან თამაში თავიანთ რუტინაში ჩასვან და ამის შესახებ ინფორმაცია ბავშვისთვის გასაგები ფორმით მასაც მიაწოდონ; აუხსნან, რომ მაგალითად, სადილის შემდეგ, გარკვეულ დროს ერთად გაატარებენ და ითამაშებენ იმას, რაც მას სურს, შემდეგ ისევ ვაგრძელებთ მუშაობას და საღამოს კვლავ ერთად ვიქნებით. კარგი იქნება რუტინის შედგენაში ბავშვმაც მიიღოს მონაწილეობა მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად. რუტინის დაცვა მშობელსაც ეხმარება საკუთარი დროის გაკონტროლებაში და ბავშვისთვისაც გაცილებით გასაგები ხდება, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს დღის მანძილზე, შესაბამისად, შფოთვაც ნაკლებად ექნება. ამავე დროს, ბავშვისთვის გამოყოფილ დროში, მაქსიმალურად შევზღუდოთ ტელეფონთან ურთიერთობა. ის რამდენიმე წუთი არც მეილი შევამოწმოთ და არც ზარს ვუპასუხოთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მით უმეტეს, იმ პირობებში, რაშიც ამ ეტაპზე გვიწევს ცხოვრება. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის პირველხარისხოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია და პატივისცემით ეპყრობიან. ასევე, გარდა იმისა, რომ პანდემიის დროს ვზღუდავთ კონტაქტებს, ძირითადად სახლიდან ვმუშაობთ და ა.შ. შინ მაინც გვიწევს იმ საქმის კეთება, რაც უწინ გვქონდა. ზოგიერთი მშობელი ვარჯიშობს, ზოგს სადილის გაკეთება უწევს. სასურველია, თუ ამ დროს ბავშვსაც ჩავრთავთ და ერთობლივად "საქმით" დავკავდებით. თუნდაც, საკვების მომზადების დროს ჩავრთოთ პროცესში, ამით ყოველდღიური რუტინული აქტივობა შეგვიძლია გავახალისოთ და ერთად ყოფნის, ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება მოგვეცეს.

- პანდემიას თან ახლავს ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ხშირად სუფთა ჰაერზე გაყვანასაც ვერ ახერხებენ მშობლები და შესაბამისად, ბავშვი ენერგიას ვერ ხარჯავს. რამდენად არის ეს სახლის პირობებში შესაძლებელი?

- ზოგადად, ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის. მშობელთან ერთად ფიზიკურ თამაშს, სხეულებრივ კონტაქტს კი განსაკუთრებული დადებითი ეფექტი აქვს ბავშვის განვითარებაზე. შესაძლებელია შინ ერთად კოტრიალი, ბალიშებით თამაში, ხტუნაობა, ზურგზე შესმა. ამ დროს ენერგია სასიამოვნოდ იხარჯება და შესაბამისად, ბავშვიც ბედნიერია. სასურველია, თუკი ზედმეტად აქტიური ფიზიკური თამაშებისგან ძილის წინ თავს შევიკავებთ, დაძინებამდე აჯობებს უფრო მშვიდი აქტივობებით დავკავდეთ. ბანაობა, საღამურის ჩაცმა, ზღაპრის ან რამე ამბის თხრობა, ბავშვს ძილისთვის განაწყობს და რელაქსაციაშიც დაეხმარება.

- მშობელმა, რომელსაც არ ჰყავს დამხმარე და მას სამსახურის საქმის კეთება უწევს, როგორ შეიძლება ბავშვი დააკავოს, რომ რამე სახის თვითდაზიანება არ მიიყენოს?

- ამ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხო გარემოს შექმნაა. 2 წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით აქტიური მკვლევრები არიან და ისე შეიძლება პატარა ნივთი გადაყლაპონ, მშობლებმა ვერც დაინახონ. ამიტომ, ის გარემო, სადაც ბავშვი მთელ დროს ატარებს, მაქსიმალურად უნდა დავცალოთ საფრთხის შემცველი ბასრი, მტვრევადი, მცირე ზომის ნივთებისგან, ასევე - მედიკამენტებისგან. რასაკვირველია, ყველას არა აქვს საშუალება, ბავშვისთვის დიდი სათამაშო სივრცე უზრუნველყოს, მაგრამ შეიძლება ოთახში გამოვყოთ კუთხე, შემოვუსაზღვროთ, სადაც თვალყურის დევნება გაგვიადვილდება, ბავშვი უსაფრთხო ნივთებით უზრუნველვყოთ და საშუალება მივცეთ ასაკობრივი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს.

- ამოჩემებულ ნივთებთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ. ძალიან ხშირად, პატარები ყველგან თან დაატარებენ რაიმე სათამაშოს: კურდღელს, დათუნიას, მანქანას და ა.შ. ამ დროს რასთან გვაქვს საქმე?

- ნივთი, რომელსაც ადრეული ასაკის ბავშვები ყოველდღიურად თან დაატარებენ, შეიძლება ითქვას, ბავშვის ემოციური რეგულაციისთვის მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა, საყრდენია და დაცულობის განცდასთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი ბავშვისთვის მას ერთგვარი რელაქსაციის დატვირთვა აქვს, რაც უადვილებს ჩაძინებას, თამაშს, გადაადგილებას ერთი სივრციდან მეორეში და ა.შ.

- თუმცა, როცა ამგვარ ამოჩემებულ ნივთს ბავშვი კარგავს (ვთქვათ, დათუნია ეზოში რჩება თუ სადმე სათამაშოებში გაიბნევა), ძალიან განიცდის. რას ვაკეთებთ ამ დროს?

- დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს, რა ასაკისაა ბავშვი და როგორ შეიძლება ავუხსნათ მომხდარი. ყველა შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ბავშვს არ ვუთხრათ, რომ "შენი დათუნია სხვა ბავშვთან წავიდა სათამაშოდ". როცა ის თავის ტკივილს გვიზიარებს, არ დავაიგნოროთ, არც დავადანაშაულოთ უყურადღებობასა და გაუფრთხილებლობაში. ეს ძალიან დამთრგუნველია და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებას შეურყევს. პირველი, რასაც ვაკეთებთ, მისი განცდის აღიარება და მოსმენაა, ამიტომ ვუთხრათ, - მესმის, რომ გეწყინა და გული გეტკინა; ძალიან რთულია იმის დაკარგვა, რაც გიყვარს. ბავშვის ემოციური მდგომარეობის აღიარება და მიღება უფროსის მხრიდან, ეხმარება მას საკუთარი ემოციური განცდები დაარეგულიროს. ასევე, მნიშვნელოვანია ამ დროს მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, რაც ასევე იცავს ბავშვს დამატებითი უარყოფითი განცდებისგან. ზოგიერთ ბავშვს დანაკარგთან შეგუება ადრეული ასაკიდან უხდება, იქნება ეს სათამაშო, რომელიც გაუფუჭდა თუ საყვარელი ცხოველის დაკარგვა.

GzaPress

- ამ დროს შეიძლება ბავშვს სხვა ნივთი ვაჩუქოთ? იქნებ ძველი ახლით ჩაანაცვლოს...

- დიახ. თუმცა, ეს ძალიან ინდივიდუალურია. 2 წლამდე პატარებისთვის სასურველია, მათი საყვარელი "დუბლიორი" სათამაშო გვქონდეს ყოველი შემთხვევისთვის. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვმა შეიძლება დანაკარგის შემდეგ თავად აირჩიოს სხვა ნივთი ან თავად გვითხრას, ისევ ისეთი ვიყიდოთო. ასევე შეიძლება, მასთან ერთად მოვიფიქროთ რამე სხვა გზა და იმ ნივთის დახატვა შევთავაზოთ, რომელიც დაკარგა და ენატრება. ამგვარად, ის შეძლებს ემოციური განცდების "გარეთ" გამოტანას, ერთგვარი ძაფების გაბმას დაკარგულ სათამაშოსთან.

- რა ასაკიდან უნდა დავუწყოთ საბავშვო ლიტერატურის კითხვა?

- დაბადებიდანვე და მანამდეც (იღიმის). წიგნთან ურთიერთობა ყოველთვის წაკითხვას არ გულისხმობს, შეგვიძლია წიგნი ერთად დაათვალიეროთ და ნახატები აღუწეროთ. ქართულ რეალობაშიც გაჩნდა წიგნები, რომლებიც დასურათებულია კონტრასტული ფერებით და 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. რაც შეეხება ლექსებს, წლამდე ასაკის ბავშვისთვის ლექსები უფრო რიტმის შეგრძნებისა და მუსიკალური წყობის გამოა საინტერესო, ვიდრე შინაარსის მხრივ. ადრეული ასაკის ბავშვებს მოსწონთ, როდესაც ლექსს თან ახლავს ხელების რიტმული მოძრაობებიც. ზღაპრების შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები და ინტერესი გავითვალისწინოთ. ზოგჯერ წიგნი თავისი თემატიკით, ილუსტრაციით ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ბავშვისთვის, მაგრამ რთულად გასაგები ენითაა დაწერილი - ასეთ დროს შეგვიძლია კონკრეტული სიტყვა მისთვის გასაგები, შედარებით ნაცნობი სიტყვით ჩავანაცვლოთ, დავიხმაროთ ილუსტრაცია შინაარსის გასაგებად.

- დაბოლოს, ბოლო პერიოდში არაერთი მშობლისგან მსმენია, რომ ბავშვები გვიან იწყებენ საუბარს. ბევრი ამის მიზეზად გაჯეტებთან ურთიერთობას მიიჩნევს და იმას, რომ მშობელს ბავშვთან ცოცხალი კომუნიკაცია არა აქვს. როგორც ფსიქოლოგს, რა დაკვირვება გაქვთ ამ თემაზე?

- ქართული სტატისტიკა როგორია ამ მხრივ, ზუსტად ვერ გეტყვით. თუ ბავშვი დიდ დროს ატარებს ტელეფონის თუ ტელევიზორის ეკრანთან, ნაკლები კომუნიკაცია აქვს ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან, ეს ენობრივ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. დიდწილად, ეს, რა თქმა უნდა, გაჯეტების ზედმეტად მოხმარებას უკავშირდება. დღევანდელ სამყაროში გაჯეტებს სრულიად ვერ ამოვიღებთ, მაგრამ აუცილებელია გონივრული დოზირება. მაგალითად, შეგვიძლია დღის განმავლობაში 20 წუთი გამოვყოთ რაიმეს საყურებლად, მთავარია, ამ დროს ბავშვის გვერდით ვიყოთ, მასთან ერთად ვიცინოთ, ვიხალისოთ, გავახმოვანოთ ჩვენი განცდები ეკრანს მიღმა მომხდარ ამბავზე. ეს პროცესი კომუნიკაციის საშუალებად ვაქციოთ, ასეთ შემთხვევაში, მშობელი ბავშვთან კავშირს არ "კარგავს". ზოგადად, როდესაც ბავშვი დიდ დროს ატარებს ეკრანთან, ჩვენ შეგვიძლია დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა იწვევს მის ასეთ ინტერესს, რატომ ხდება ეკრანი ბავშვისთვის უფრო საინტერესო? რამდენად იღებს ბავშვი ისეთივე სიამოვნებას მშობლებთან და თანატოლებთან თამაშითა და კომუნიკაციით, არის კი ამ ყველაფრისთვის დრო საკმარისად გამოყოფილი? იქნებ საჭიროა ბავშვის ინტერესების გამრავალფეროვნება, თამაშის წახალისება, რომ ბავშვმა სამომავლოდ დამოუკიდებლადაც შეძლოს თავის გართობა და ნაკლებად დაინტერესდეს გაჯეტებით? ვეცადოთ, მაქსიმალურად შევუმციროთ გაჯეტებთან ურთიერთობის დრო და მასთან კომუნიკაცია შეძლებისდაგვარად "ცოცხალი ურთიერთობით" ჩავანაცვლოთ.

ანა კალანდაძე