დედის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ირმა ყოჩიაშვილი ადვოკატს თაღლითობაში სდებს ბრალს - გზაპრესი

დედის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ირმა ყოჩიაშვილი ადვოკატს თაღლითობაში სდებს ბრალს

მეხუთე წელია, სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში ირმა ყოჩიაშვილი სასჯელს უმძიმესი ბრალდებით იხდის. დედის მკვლელობისთვის მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შოკის მომგვრელი დანაშაული 2016 წლის ოქტომბერში თბილისში მოხდა. დამნაშავეების მსხვერპლი ირმას გამზრდელი, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი აღმოჩნდა. შვილმა მეგობარ ბექა შენგელიასა და კიდევ ერთ თანამზრახველ არასრულწლოვან გოგონასთან ერთად, ავადმყოფი ქალი ჯერ ელექტროშოკით გათიშა ბინაში, შემდეგ დანით მოკლეს, ცხედარი დიდ ჩანთაში მოათავსეს და ასე გაიტანეს ბინიდან. ძალოვანებმა დანაშაული გახსნეს და საქმეში მონაწილე სამივე პირი დააკავეს.

ამ საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდი იყო. ბრალდებულები მზად იყვნენ, სასამართლო პროცესები ღია ყოფილიყო, მაგრამ პროკურატურამ პროცესები დახურა, რადგან საქმეში არასრულწლოვანი გოგონაც ფიგურირებდა. მართალია, მისი საქმე პროკურატურამ თავიდანვე ცალკე წარმოებად გამოყო და დამოუკიდებლად გაასამართლეს, მაგრამ პროკურორი თვლიდა, ვინაიდან პირდაპირ იყო დაკავშირებული ის შენგელიასა და ყოჩიაშვილის სასამართლო პროცესთან, სხდომები უნდა დახურულიყო.

მაშინ ექსკლუზიურად მოვიპოვე კიდეც ბრალდებულთა შოკის მომგვრელი ჩვენებები, სადაც აღწერილი იყო მომხდარის დეტალები. მათ პირველსავე სასამართლო სხდომაზე აღიარეს დანაშაული, მათ შორის ცხედრის დანაწევრებაც. სასამართლოზე ბექა შენგელია ცდილობდა, სხვებისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა, - ირწმუნებოდა, რომ ირმა ყოჩიაშვილი თვითონ მოაქცია თავისი ზეგავლენის ქვეშ. შენგელია აღიარებდა იმასაც, რომ გარდაცვლილის ორგანოები შეჭამა, მაგრამ რიტუალურ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფდა. ფსიქიკური მდგომარეობის საკითხზე ექსპერტიზებიც დაინიშნა. იქიდანაც ჩანს, რომ არც ერთი ბრალდებული შეურაცხადი არ აღმოჩნდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სრულად ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ასეთ სისასტიკეს ვერ ჩაიდენს. ირმა ყოჩიაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა მაშინ სამმა ექსპერტმა შეისწავლა. მათ მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, მას აღენიშნება არაფსიქოზური დონის - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა. ექსპერტები ასევე დასძენენ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ირმა ყოჩიაშვილს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედება; იგი არ საჭიროებდა იძულებით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას, ამიტომ ქალთა დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ბექა შენგელიას, ხოლო საქმის მესამე ფიგურანტს, რადგან არასრულწლოვანი იყო, 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ირმა ყოჩიაშვილი ციხიდანაც აქტიურობს. მისი რამდენიმე ინტერვიუ დაიბეჭდა კიდეც მედიაში. როგორც ჩანს, ბრალდებული არ აპირებდა სასჯელთან შეგუებას და მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობდა. მას სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატი იცავდა, მაგრამ სასჯელის გამოტანის შემდეგ ბრძოლის გაგრძელება ისევ სცადა. ამბობს, - ბექა შენგელიას ადვოკატი ლალი ბიწოშვილი დახმარებას დამპირდა და ისიც მითხრა, რომ შეძლებდა, დამოუკიდებელი ექსპერტიზებით ჩემი საქმე სხვაგვარად შეეტრიალებინა, ამისთვის კი თანხები იყო საჭიროო. ირმა ციხიდან მამამისს, ომარ ყოჩიაშვილს დაუკავშირდა და ისიც დაითანხმა. ამბობს, რომ მათ ადვოკატმა ბიწოშვილმა 10.000 დოლარი გამოსძალა; უკვე მეოთხე წელია, ამ თანხის უკან დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვს. 2018 წლიდან უწყებებში საჩივრებს გზავნის, ადვოკატს თაღლითობისთვისაც უჩივლა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია.

GzaPress

ირმა ყოჩიაშვილი ქალთა დაწესებულებიდან დაგვიკავშირდა:

- 2018 წელს, საზოგადოებრივი ადვოკატი მიცავდა. ჩემთან ერთად ბექა შენგელიას სასამართლო პროცესები მიდიოდა და მისი ადვოკატი ლალი ბიწოშვილი იყო. მერე მეც ის ავიყვანე, ორივეს უფლებები უნდა დაეცვა და გაესაჩივრებინა განაჩენი. საადვოკატო მომსახურებისთვის რა თანხაც მოითხოვა, მისცეს. მეუბნებოდა, ექსპერტიზები იყო ჩასატარებელი. ციხეში ხშირად შემოდიოდა, საბუთებზე შენი ხელმოწერები მჭირდებაო და დოკუმენტებზე მუდმივად მაწერინებდა ხელს. მქონდა იმედი, რომ დამიცავდა. მერე მითხრა, ახლა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები, ალეკო გეჯაძე და მაია ნიკოლეიშვილი უნდა ჩავრთო, მათ ვესაუბრე და დამატებით 6 ექსპერტიზაა ჩასატარებელი, ეს დასკვნები კი შეცვლის ვითარებასო. თავის ოფისში, მარჯანიშვილზე ჩემიანებს შეხვდა, მათ გადასცა ხელშეკრულება, რომ დამიცავდა. იმათაც იგივე უთხრა, დამატებითი ექსპერტიზები უნდა ჩატარდესო. მპირდებოდა, ცოტა ხანში გექნებათ სასამართლო პროცესები და შენთვის სასჯელის შემსუბუქებას აუცილებლად შევძლებო. რამდენიმე თვე ასე რომ გავიდა, დავეჭვდი და გავგზავნე წერილები სხვადასხვა უწყებაში. ვწერდი, ადვოკატმა შემოიტანა საჩივრები ჩემს სახელზე და გთხოვთ მაცნობოთ შედეგები-მეთქი. ყველა უწყებიდან, მათ შორის სასამართლოდან, მივიღე პასუხი: ამ ადვოკატს არანაირი საჩივარი თქვენი სახელით არ შემოუტანიაო. ამ დროს მამაჩემს მისთვის ექსპერტიზის თანხებიც სრულად გადახდილი ჰქონდა. გავიგე ექსპერტების - ალეკო გეჯაძისა და მაია ნიკოლეიშვილის ნომრებიც, დავუკავშირდი, ვკითხე ექსპერტიზის შედეგებზე. პასუხად მივიღე, ამ ადვოკატისთვის არავითარი კონსულტაცია არ გაგვიწევიაო. მივხვდი, ბიწოშვილი თანხების მითვისებას ცდილობდა და პოლიციას ვაცნობე, თაღლითობისთვის ვუჩივლე. მოვიდა გამომძიებელი, ყველანაირი მტკიცებულება გადავეცი და დაიწყო გამოძიება. მერე მამაჩემისგანაც ამოიღეს დამატებითი დოკუმენტაციები - ბანკის ანგარიშზე ურიცხავდა თანხებს. სატელეფონო ზარებიც ამოიღეს, გადარიცხული თანხების ამონაწერებიც, რომ რეალურად ეს თანხები აღებული აქვს - სულ 10.000 დოლარამდეა. მერე მომივიდა პასუხი უწყებიდან, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ადვოკატ ლალი ბიწოშვილის წინააღმდეგ ჯგუფური თაღლითობის მუხლით. 2018 წლიდან მოყოლებული ეს საქმე ძიებაშია. ამდენი ხანი გავიდა და ისევ მომდის პასუხი, რომ მიმდინარეობს გამოძიება. რაში სჭირდება ამდენი წელი ამ საქმის გამოძიებას?.. თვითონაც აღიარა, თანხა გადასახდელი რომ აქვს. მეუბნებოდა, შეწყალების კომისიაში ლობები მყავსო, 100.000 დოლარამდე ღირს, შენი შეწყალება რომ მოხდესო. მამაჩემს სთხოვდა, მანქანა და სახლი გაყიდე, თუ გინდა, შენი შვილი გარეთ გამოვიდესო; საახლობლო წრე მყავს ბიძინა ივანიშვილთან, იქ ვმუშაობდი, პატრიარქმაც დაგვლოცა, ორი პარლამენტარი მყავს ახლობელი, თან პრეზიდენტ მარგველაშვილთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს და აუცილებლად გამოგიყვანო... როცა მივხვდი, ჩემს მოტყუებას ცდილობდა, ადვოკატთა ასოციაციაშიც ვუჩივლე. გაამტყუნეს, იქაც გაფრთხილება მისცეს და იმ დოკუმენტშიც ჩაიწერა, რომ თანხა უნდა აენაზღაურებინა. ამდენი მტკიცებულებაა და ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსიც კი არ მოგვანიჭეს. ბექა შენგელია არ ჩივის, თორემ, როგორც ვიცი, არანაკლებ დაზარალებულია, მასაც სძალავდა ფულს.

ომარ ყოჩიაშვილი, ირმას მამა:

- ეს ადვოკატი ირმამ აიყვანა და ჩივილითაც მან იჩივლა. დამირეკა ციხიდან, კერძო ადვოკატი ავიყვანე და ფინანსურად დამეხმარეო. შემეცოდა, რა ვქნა, დაგეხმარები-მეთქი. ადვოკატმა ბიწოშვილმა ისეთი რაღაცები გააკეთა, გაოგნებული ვარ... პოლიციაში ვიყავი დაკითხვაზე, ყველა საბუთი წარვუდგინე, თუ რა თანხები გადავურიცხე. ლარებში რომ გადავიყვანოთ, საერთო ჯამში დაახლოებით 30.000 ლარი გამოდის.

- ამ თანხას საადვოკატო საქმიანობაში ხომ არ გთხოვდათ?

- მეუბნებოდა, უნდა გავგზავნო საბუთები სტრასბურგშიო, ზემდგომ სასამართლოშიო, ხელახალი ექსპერტიზები უნდა ჩავატარებინოო. მე გამოუცდელი ვიყავი, არასოდეს მქონია შეხება ასეთ საქმესთან, გულწრფელად ვენდე. ვიფიქრე, აწი 18 წელი კიდევ უნდა იჯდეს ციხეში ირმა და იქნებ დავეხმარო, სასჯელი რომ შეუმცირონ, კარგი იქნება-მეთქი. ვენდე ადვოკატს და მომატყუა. მერე ირმამ რომ უჩივლა, მეც გამომიძახეს. მითხრეს, მიდი ჯერ ადვოკატთან და დაელაპარაკე, რას ფიქრობსო. რომ მივაკითხე სახლში, მისმა მეუღლემ მითხრა, - შერცხვენილები ვართ თქვენთან. ბინა გვაქვს გორში, იმას გავყიდით და გაგისტუმრებთო. მას მერე მეოთხე წელი დაიწყო და არაფერი დაუბრუნებია. ადვოკატთა ასოციაციაშიც ვიყავი. მითხრეს, ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ გადაგიხადოთო, სხვა ზომები არ მიუღიათ. საქმეს გამომძიებელი თამარ ხუბუა იძიებს. იმ ადვოკატს ადრე ვურეკავდი და იმას მაინც ამბობდა, 2-3 დღეში მოგცემ ფულსო, მაგრამ ახლა არც ტელეფონის ზარს პასუხობს... ისიც გავიგე, რომ ამ ადვოკატს თურმე, სხვებიც მოუტყუებია.

ინტერნეტში იძებნება ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის სხდომის გადაწყვეტილება და სწორედ ამ ფაქტებზეა იქ მსჯელობა. 2018 წლის 9 აგვისტოს შეიტანა სარჩელი მსჯავრდადებულმა ირმა ყოჩიაშვილმა. ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა 2018 წლის 24 სექტემბერს ეთიკის კომისიაში წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითა, რომ 2017 წლის აგვისტოში ის ირმა ყოჩიაშვილს შეხვდა და დაიწყო მისი ინტერესების დაცვა. ადასტურებდა ირმა ყოჩიაშვილის მამასთან შეხვედრასაც და ამბობდა, რომ მიაწოდა ინფორმაცია ჩასატარებელი 6 ექსპერტიზის შესახებ, რომელთა საფასური წარმოადგენდა 12.000 ლარს. მოცემულ თანხას ადვოკატი იღებდა ნაწილ-ნაწილ, 6 თვის განმავლობაში. მიღებული თანხის დაბრუნების შესახებ უკვე გაესაუბრა ომარ ყოჩიაშვილს და თანხას დაუბრუნებს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ის ეთიკის კომისიის სხდომაზე არ მისულა და ამიტომ, მის გარეშე მიიღო ეთიკის კომისიამ გადაწყვეტილება. ადვოკატ ლალი ბიწოშვილის მიმართ დისციპლინური დევნა აღიძრა და მიეცა გაფრთხილება.

GzaPress

ბუნებრივია, თავად ბრალდების ადრესატს, ადვოკატ ლალი ბიწოშვილს დავუკავშირდით.

- ქალბატონო ლალი, ყოფილი კლიენტი, ირმა ყოჩიაშვილი თაღლითობაში გამხელთ...

- ვაიმე, ვაიმე, გაჩერდით, რა თაღლითობა, რას ამბობთ?! ადვოკატთა ასოციაციაში მიჩივლეს, მაგრამ მეც ყველანაირი დოკუმენტი შევიტანე, თუ რა სამუშაოები გავწიე ამ საქმეზე. ყველგან აქვს ირმა ყოჩიაშვილს ხელი მოწერილი. საერთოდ არ მინდოდა მისი დაცვა, მაგრამ უამრავი ადამიანი მომიგზავნა. წერილებიც მაქვს შენახული, რომ მწერდა, ყველა საქმეს თავი დაანებე, მარტო ჩემს საქმეზე იმუშავეო. ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან ბევრი კლიენტი მყავს. საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართე ადამიანის უფლებების დარღვევაზე და მაშინ დამიკავშირდა, - არ მინდა შენი დაცვაო. არადა, მართლა დაირღვა მისი უფლებები იმით, რომ განაჩენის გასაჩივრების საშუალება არ მიეცა. მთხოვა მებრძოლა მისი უფლებების დასაცავად. მანამდე ბექა შენგელიას ადვოკატი ვიყავი. ირმა ყოველდღე ითხოვდა ციხეში ჩემს შესვლას. რაც შეეხება თანხის თემას, რაზეც საუბრობს, ეს არის აბსურდი. მე ადვოკატთა ასოციაციამ გამამართლა.

- თქვენს წინააღმდეგ ადვოკატთა ასოციაციამ დისციპლინური დევნა აღძრა, გაფრთხილებაც მოგცეს და მიგითითეს კიდეც, უნდა დააბრუნოთ 12.000 ლარი, რაც ექსპერტიზისთვის გადაახდევინეთ ყოჩიაშვილებსო...

- კი, თანხის რაღაც ნაწილი არის დასაბრუნებელი. 6 ექსპერტიზა დამოუკიდებელ ექსპერტს უნდა ჩაეტარებინა, თითო - 2.000 ლარი ჯდებოდა. ეს რომ ჩატარებულიყო, აუცილებლობას წარმოადგენდა მინდობილობა, რისთვისაც პირადობის მოწმობა არ გააჩნდა ირმა ყოჩიაშვილს და დავიწყე მისი პირადობის მოწმობის "გაკეთება"; იმდენი ვირბინე, მოწმობა გავუკეთე და არ ვიცი, უცებ რატომ გაუჩნდა პრეტენზია. გამომიცხადა, რომ არ უნდოდა, მე დამეცვა. არადა, მართლა ბევრი ვიშრომე ამ საქმეზე, ფინალში უნდა გავსულიყავი და გასაჩივრებული მქონდა. მერე თქვა, ვითომ 100.000 დოლარი მოვთხოვე და შეწყალებას შევპირდი. ეს არის სისულელე. ადვოკატი არავის ჰპირდება შეწყალებას.

- მამამისიც ამბობს, რომ დაჰპირდით შეწყალებას. თურმე ბინისა და მანქანის გაყიდვას სთავაზობდით.

- ახლა საერთოდ არ დაგელაპარაკებით ამ თემაზე.

- თქვენ ომარ ყოჩიაშვილს არ დაჰპირდით, რომ გორის ბინას გაყიდდით და ვალს გაისტუმრებდით?

- რას ამბობთ, რა ბინას გავყიდი?! ტყუილია. როგორც თვითონ მომცა 300 და 700 ლარობით და 7 თვე რიცხავდა, ისე დავუბრუნებ უკან, მაგრამ იმას გამოაკლდება მთელი ჩემი ნაწვალები და დახარჯული ენერგია.

- რამდენი გაქვთ დასაბრუნებელი?

- მაგას მე და ომარი გადავწყვეტთ, ჟურნალისტებს არ შეგეკითხებით.

- ქალბატონო ლალი, ჩვენ ვამზადებთ სტატიას და გვინდა, თქვენი პოზიცია გამოჩნდეს.

- ველოდებოდი ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებას. ყველაფერი შეაფასა კომისიამ და დაწერა, რომ ადვოკატურ საქმიანობაში არ მაქვს დარღვევები.

- საჯაროა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება: იქ წერია, რომ თქვენ გაფრთხილება მოგცეს და 12.000 ლარი უკან უნდა დააბრუნოთ.

- იქ ის არ წაიკითხეთ, რომ ყველა დოკუმენტზე მქონდა ირმას ხელმოწერა? რომ ადვოკატის მოვალეობა კარგად შევასრულე? კი, ვაღიარებ ამ ვალდებულებას. ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო და იმიტომ არ ჩატარდა, რომ უარი თქვა ჩემს დაცვაზე, თორემ ალეკო გეჯაძესთანაც ვიყავი მისული და ექსპერტ ხარებავასთანაც. რაც შეეხება თანხას, ფულის დაბრუნებას აპრილიდან დავიწყებ...

ეს გოგო არ არის ადეკვატური, ყველამ იცის. საერთოდ, თავიდან არც ექსპერტიზაზე არ იყო ლაპარაკი. ყოჩიაშვილი ამბობდა, მარტო ჩემი ადვოკატი იყავი, ყველა საქმეს დაანებე თავი და 100.000 დოლარს ჩავარიცხვინებ მამაჩემსო. - რა სისულელეა-მეთქი, ამის გამო კამათი მოგვივიდა. ყველანაირად დაშორდა ჩვენი პოზიციები და თუ რამე იყო გაკეთებული მის სასარგებლოდ, ყველაფერი წყალში ჩაყარა. 12.000 მაქვს დასაბრუნებელი, დანარჩენი იყო მომსახურების თანხა. არ ვიცი, საბოლოოდ რამდენი ჩარიცხა, რადგან ნაწილ-ნაწილ ირიცხებოდა. გამორიცხულია, 30.000 იყოს. ექსპერტიზის თანხებიანად ალბათ, 20.000-მდე იქნება. გინდათ, იმ ქალს დაუჯეროთ, რომელიც ამბობდა, მოდი, ეს მკვლელობა მამაჩემს დააბრალეო?

- ჩვენ არავის ვუჯერებთ. უბრალოდ გვაინტერესებს, თაღლითობის მუხლით მართლა აღძრულია საქმე თქვენს წინააღმდეგ?

- რას მეუბნებით? მაშინ ხომ დამიბარებდნენ. ან აქ სად ხედავთ სისხლის სამართლის ნიშნებს? ვამბობ, რაც მისაცემია, მივცემ...

- გჯეროდათ, რომ ასეთი სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში რამის შეცვლას შეძლებდით?

- ისევ გამოძიებაში უნდა დაბრუნებულიყო ეს საქმე. ტაქსის მძღოლი ამბობს, ბექა შენგელია და ის გოგო რომ წამოვიდნენ, "რუკზაკი" ჩადეს მანქანაშიო. გჯერათ, რომ გულზე ჩახუტებული "რუკზაკით" შეეძლო ბექა შენგელიას, 80 კილო აეწია და წაეღო? საქმიდან გამომდინარე, იკვეთებოდა ისეთი მტკიცებულებები, რაც რეალობას არ ჰგავდა. გამოძიება არასრულყოფილად იყო ჩატარებული. იქ წერია, ბექა შენგელიამ კოჭის ძვლები გადაუმტვრია მოკლულს ხელითო, ამის გჯერათ? რა ძალის პატრონი იყო, ეს რომ გააკეთა?! ამაზე ვაპირებდი ექსპერტიზას. ირმას მამას ვუთხარი, მამუშავეთ და ამ საქმეს უკან დავაბრუნებინებ გამოძიებაში-მეთქი. ამისთვის თითოეულ ექსპერტიზას სჭირდებოდა 2.000 ლარი... ნაწილ-ნაწილ, 7 თვე იხდიდა ფულს, თანხა არ მქონდა და ექსპერტიზა როგორ ჩამეტარებინა? ამის გაკეთებას ვაპირებდი სულ ბოლოს, მანამდე სააპელაციო საჩივარი მქონდა შეტანილი და იმ დროს დამიკავშირდა ირმაც... დიაბეტიანი ვარ, ცუდად ვიყავი, ინსულტიც გადავიტანე. მაშინაც ვუთხარი, დავამთავროთ ყველაფერი, რაც მე ვიწვალე, ვინერვიულე, ჩავთვალოთ, რომ გავატანეთ წყალს და ამის შემდეგ დავიწყებ მე გადახდას აპრილიდან, არ გავურბივარ ამ ვალდებულებას... რაც შეეხება ბექა შენგელიას, მას ვიცავდი ახლობლის თხოვნით და რომ დაინახა, რაებს ვაკეთებდი, ამის შემდეგ მთხოვა ირმამ, ისიც დამეცვა. ეს იყო ყველაზე ცუდი საქმე, რაც ცხოვრებაში მქონია.

- შენგელიებიც გიჩივიან?

- არა, რისთვის მიჩივიან? მათთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს.

თეა ხურცილავა