მარტში ვაქცინა იქნება?.. - გზაპრესი

მარტში ვაქცინა იქნება?..

საქართველოში "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტის ბოლოდან ჩამოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ვაქცინის მიღება ეტაპობრივად დაიწყება.

გამყრელიძის თქმით, გაუგებრობა აღმოფხვრილია, ბიუროკრატიული პროცედურები გადალახულია და უკვე შექმნილია პლატფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს ინფიცირებულებთან შემხებლობის მიხედვით მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის პირებად შეაფასებენ.

- საქართველოში ვაქცინის შემოტანის თარიღის გადაწევა ჩემთვისაც რთული აღსაქმელი იყო, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა აკონტროლებს ვითარებას, ინფიცირების შემთხვევები 4%-ზე დაბალია და განგაშის საფუძველი - თუ როგორ მივაღწევთ ვაქცინის შემოტანამდე - არ გვაქვს. ახლა მთავარია, ვაქცინამდე და მერეც ეს სურათი შევინარჩუნოთ. ვაქცინის შემოტანა არ ნიშნავს, რომ მოშვების შესაძლებლობა გვაქვს. რეგულაციების ნაწილი და კონტროლი უნდა შენარჩუნდეს. კარგი ამბავი ის არის, რომ წლის ბოლომდე "კოვიდ-19"-ის სამკურნალო პრეპარატსაც ელოდებიან მეცნიერები, მუშაობა დაწყებულია და არსებული მონაცემებით, კარგი შედეგებიც აქვთ... მანამდე კი აუცილებელია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. ეს რეგულაციები უნდა გაგრძელდეს, ვიდრე სამკურნალო პრეპარატი არ შემოვა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ახლა არ შეიძლება შეცდომის დაშვება, თორემ ისევ ზაფხულის ვითარებას დავუბრუნდებით - გადატვირთულ სამედიცინო დაწესებულებებს, სამედიცინო პერსონალს და მკაცრ შეზღუდვებს. არ უნდა დავუშვათ მესამე ტალღა. ახლა ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ვაქცინაციის პარალელურად, ექიმებს მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ინფიცირებიდან 3 თვის მანძილზე არ აიცრებიან ის სამედიცინო მუშაკები, რომლებსაც დაავადება გადატანილი აქვთ. ასევე, გარდა "კოვაქს პლატფორმასთან" გაფორმებული ხელშეკრულებისა, საიდანაც 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა უნდა მივიღოთ, უკვე დაჯავშნილი გვაქვს მილიონ 700 ათასი დოზა ვაქცინა იმ მწარმოებლებთან, რომელთა ვაქცინებიც მკაცრი მარეგულირებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილსა და მაისში ელოდებიან. ვაქცინების დაჯავშნილი დოზებიდან კონტრაქტები 200 ათასზე უკვე ხელმოწერილია. მოლაპარაკებები გვაქვს ვაქცინის ყველა იმ მწარმოებელთან, რომლებიც მკაცრი მარეგულირებლის ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან არიან აღიარებულები, ანუ "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" წარმომადგენლებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარდა, უკვე ვიცით შემდეგი ვაქცინები, რომლებიც უახლოეს მომავალში იქნება აღიარებული როგორც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციებიდან, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და მათზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ჩვენც გვიჩნდება, როგორც "კოვაქს პლატფორმაზე", ისე თავისუფალ გაყიდვებში.

GzaPress

- ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება, მაგრამ ისინიც ალბათ რისკის ჯგუფებად არიან დაყოფილი, ხომ?

- დიახ, ე.წ. კოვიდკლინიკების რეანიმატოლოგები, მიმღებისა და "სასწრაფოს" ექიმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად აქვთ კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტი. მთლიანობაში, 75 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი გვყავს და მაისის ბოლოსთვის პირველი ეტაპი დასრულებული უნდა იყოს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ანტივაქსერული მოძრაობის გამო ვაქცინაცია შეფერხდება, მათ შორის - სამედიცინო პერსონალში?

- არა მგონია, ამან ისეთი სერიოზული სახე მიიღოს, რომ შეფერხება გამოიწვიოს. მთავარია, კამპანია სწორად წარვმართოთ და ეჭვის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან საიმედო, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ვაქცინა შემოგვაქვს, რომელსაც მთელი ევროპა და ამერიკა იყენებს. ყოყმანი გასაგებია, ადამიანები ვართ, მათ შორის ექიმებიც, ამიტომ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული უნდა იყოს. უკვე დაწყებულია მედიკოსების მონაცემების შეგროვება ასაცრელად. როგორც უკვე ვთქვი, 75 000-მდე სამედიცინო პერსონალი გვყავს, ვგეგმავთ 49 000 სამიზნის აცრას, რაც 60%-ს შეადგენს. საქართველოში უკვე შემოტანილია 50 000 ერთეული სპეციალური შპრიცი, რომელიც "ფაიზერის" ვაქცინისთვის არის საჭირო... თუმცა, ისევ და ისევ უნდა ვთქვა: მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა, რადგან მეცნიერებამ ჯერ კიდევ არ იცის, რამდენ ხანს დაიცავს ვაქცინა ადამიანს, თან, არიან ისეთები, ვინც მას არ და ვერ გაიკეთებს... წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ზე მეტი აცრილი უნდა იყოს. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი.

ვახტანგ სურგულაძე, ჯანდაცვის ექსპერტი და პოლიტიკური პარტია "ლელოს" წევრი მიიჩნევს, რომ ვაქცინის შემოსატანად მთავრობის მცდელობები არასაკმარისი იყო, ხელისუფლების წარმომადგენლები კოორდინირებულად არ მუშაობდნენ. არ არსებობდა ერთი პასუხისმგებელი პირი ან გუნდი, რომელიც საქმეზე პასუხს აგებს.

- ახლა ამბობენ, ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არისო, არადა, ვერ იმუშავეს, არ იყო ის მუშაობის ტემპი, სურვილი და პოლიტიკური ნება, საქმე გაგვეკეთებინა. არ მინდა შეთქმულების თეორიები, მაგრამ ფაქტია, არ იმუშავეს, რაღა მნიშვნელობა აქვს ვინ?! ამაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი.

კარგი იქნებოდა, აეხსნათ, რა მოხდა, რის გამო ჩაუვარდათ თებერვლის ბოლოს ვაქცინის შემოტანა და რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ახლაც იგივე არ მოხდება; როგორ მუშაობს სახელმწიფო და როგორია კოორდინაციის ხარისხი უწყებებს შორის, - ამაზე პასუხი არავის აქვს. კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რა ხარისხით არის წარმოებული სამუშაო მათი მხრიდან. არანაირი კოორდინირებული მუშაობა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და ინსტიტუტს შორის არ მიმდინარეობდა, რადგან, როგორც ჩანს, მთავრობამ ეს ამბავი გადააბარა ჯანდაცვის სამინისტროს, ანუ ხელები დაიბანა... არადა, ეს საქმე სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. მთავრობის სხდომები უნდა ყოფილიყო ის ადგილი, სადაც ამ თემაზე უნდა ემსჯელათ.

GzaPress

- საინტერესოა, სხვა ქვეყნებმა როგორ მოიპოვეს ვაქცინა უფრო ადრე?

- დიახ, თუნდაც უკრაინამ როგორ მოიპოვა 12 მილიონი დოზა "ასტრაზენეკა"?.. იმუშავეს და მოიპოვეს. ჩვენც უნდა ვიხმაუროთ და "ავატალახოთ" ბრიუსელი, ამერიკა, რათა თუნდაც ექიმების აცრა არ გადაიდოს. მარტის ბოლოს რომ დაიწყებენ, პირველ ეტაპს მაისის ბოლომდე პერიოდი მაინც დასჭირდება, მერე მეორე უნდა დაიწყოს...

ისრაელი ვაქცინაციის მხრივ ნომერი პირველი ქვეყანაა, ფაქტობრივად, გავიდნენ ფინალში. თუმცა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამის პარალელურად, ისრაელში მოიმატა შემთხვევებმა. დიახ, ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას დრო სჭირდება, საქმე არაა ასე მარტივად და ამიტომ დროულად უნდა დაიწყოს. ისრაელში 9 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აცრილია. წარმოიდგინეთ, როგორ ორგანიზებულად მოქმედებენ... სან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები აცრეს და ჩვენ ახლა დავიწყეთ ხელშეკრულებების დადება. მგონი, მსოფლიოში, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და საქართველოა ვაქცინის გარეშე დარჩენილი, სხვა, გაცილებით დაბალგანვითარებულმა სახელმწიფოებმაც კი დაიწყეს ვაქცინაცია. არადა, ჩვენ ხომ მესამე ტალღის საფრთხის წინაშე ვდგავართ.

- ფიქრობთ, ეს რეალურია?

- ვფიქრობ, ეს გარდაუვალია. ახლა მთავარია, რამდენად მომზადებული შევხვდებით მას. ამიტომ, ვადა მარტის ბოლომდე არ უნდა შეიცვალოს, თორემ დამღუპველი იქნება. რეგულაციებიც უნდა დავიცვათ - ვგულისხმობ პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას და არა უაზრო, სრულიად უსაფუძვლო კომენდანტის საათს, ღამის 9-მდე რომ შეიძლება რესტორნებში ყოფნა, როდესაც ადამიანთა უმეტესობა 7-ზე ამთავრებს სამსახურს ან სამთო ტურიზმის ნაწილობრივ აკრძალვას. საბაგიროს არ ხსნიან, სადაც ვფიქრობ, ყველაზე ნაკლებადაა ვირუსის გავრცელების საფრთხე. ვერ ამოვხსენი ან ასეთ გახსნას რა აზრი აქვს, ან რა შეღავათია ეს ბიზნესისთვის... ფაქტია, მენეჯმენტში პრობლემები აქვთ. მოკლედ, უამრავი შეცდომა დაუშვეს და ახლა ამ ერთხელ მაინც არ უნდა გაუცრუონ მოსახლეობას იმედი - ყველა უნდა ჩაერთოს, დაწყებული კონსულებითა და ელჩებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინა იწარმოება. ამას ვაკეთებთ, იმას ვაკეთებთო - არ არის საკმარისი. დოკუმენტურად გვაჩვენონ შეთანხმება ან ხელშეკრულების პასუხების ასლები, რადგან ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია - ამაზე დიდი გამოწვევა საქართველოს არ ჰქონია.

- ოპოზიცია და ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებდნენ, რომ წინა შეთანხმების პროცესში არ იყვნენ ჩართული.

- მეორე ჯერზე გარკვეული შეხვედრები და საუბრები გვქონდა, ოღონდ, ასე ვთქვათ, ზომიერი. არადა, ვფიქრობ, არცთუ ისე ცუდი ექსპერტთა ჯგუფი ჰყავს საქართველოს. ხომ ამბობენ, ახლა მაინც ნუ დავიყოფით პოლიტიკურ მხარეებადო, თავად რატომ გვყოფენ?!. ხომ შეიძლება, ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ, გამოიყენონ...

ლალი პაპასკირი