როგორ გაიცნო ბელგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა გია ყანჩელი - გზაპრესი

როგორ გაიცნო ბელგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა გია ყანჩელი

დაჩი ხასაია 2012 წლიდან ბელგიაში იმყოფება. პროფესიით ეკონომისტი და ერთ-ერთი ლოჯისტიკური კომპანიის ადმინისტრატორია. ამჟამად ქალაქ გენკში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს ოთხი ძაღლი, მათ შორის ერთ-ერთი თავშესაფრიდან აიყვანა და ფიქრობს, რომ შინ ცხოველის ყოლა აუცილებელია. გენკში ახლახან გადაბარგდა. ამბობს, რომ კულტურული ცენტრების სიმრავლის თვალსაზრისით, ის მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ყველაზე გამწვანებული ადგილია მთელ ბელგიაში. დაჩიც მუსიკოსი გახლავთ, სასცენო სახელით "ადამიანი სამყარო". მესამე ალბომი "თბილისი" მისი დაბადების დღეს, 2020 წლის 19 ივლისს გამოიცა.

კორონავირუსის პანდემიამ დაჩი ხასაიას მუსიკალური კარიერაც შეაფერხა, თუმცა ინტენსიურად მაინც აგრძელებს მუშაობას და მისი მოსმენა ინტერნეტსივრცეშია შესაძლებელი.

- ბავშვობაში სხვადასხვა ფესტივალში ვმონაწილეობდი და ამ კუთხით არასდროს შემისვენია. დროთა განმავლობაში სიმღერების წერა დავიწყე და 2015 წლიდან, ბელგიაში აქტიურად ვსაქმიანობ ამ მიმართულებით. ჩემი მესამე ალბომი თბილისის მონატრებას მივუძღვენი. მასში მთელი ჩემი განცდები ჩავაქსოვე, დიდი შრომა ჩავდე და ჩემი აზრით, მონატრების ემოციის გადმოცემა სრულად გამომივიდა. ალბომში "თბილისი" შესულია ათი სიმღერა, აქედან 8 ჩემი საავტორო ნამუშევარია, ხოლო დანარჩენი 2 - სულხან ცინცაძის და ოთარ გორდელის შემოქმედებიდან შერჩეული მუსიკის ჩემეული ვერსია-ინტერპრეტაცია, ე.წ. ქავერია.

კიდევ ერთი სიახლე მაქვს - საქართველოში გამოიცა ახალგაზრდა მუსიკოსების კომპოზიციებისგან შემდგარი ვინილი. მუსიკალურ არხზე - "უსმინე" ჩარტებში ჩემს წინა ალბომში შესული კომპოზიცია "სისატურა" ლიდერობდა და სხვა არტისტების ნამუშევართან ერთად, სწორედ ის მოხვდა ამ ვინილში, რის გამო ძალზე ბედნიერი ვარ.

- კორონავირუსის პანდემიის გამო, მუსიკალური ცხოვრებაც შეფერხდა. რა ვითარებაა ამ მხრივ ბელგიაში?

- კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია კონცერტები, დახურულია თეატრები. ერთხანს კონცერტები ონლაინრეჟიმში იმართებოდა, მაგრამ ხალხი შეჩვეულია ცოცხალ შესრულებას და ონლაინკონცერტში ფულის გადახდა არ უნდა. ეს ბუნებრივია. ონლაინრეჟიმში ფესტივალი თუ სპექტაკლი წარმოუდგენელია, აბსოლუტურად არ ამართლებს. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, ბელგიამ საზღვრების დაკეტვა და რეგულაციების დაწესება დააგვიანა. საქართველოში ძალიან კარგად დაიწყო ყველაფერი, კარგად იმუშავეს ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა ბატონი ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით, მაგრამ მერე დაიწყო ქართული დაუდევრობა და... საქართველოში დროულად დავკეტეთ საზღვრები, ბელგიაში ასე არ იყო და ამის გამო ბევრი დაინფიცირდა.

- ონლაინ მუშაობ?

- დიახ, სამსახურში არ დავდივარ. ჩემმა დამსაქმებელმა გადაწყვიტა, რომ სანამ კორონავირუსის ვაქცინაციას ყველა არ ჩაიტარებს, მანამდე ამ რეჟიმში დავრჩებით.

GzaPress

- პირბადის ტარება ღია სივრცეშიც აუცილებელია?

- დიახ, პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში სავალდებულოა. დარღვევისთვის ჯარიმა 100 ევრომდეა. მუშაობს სავაჭრო ცენტრები, რესტორნები დაკეტილია. ახლახან მოხსნეს რამდენიმე შეზღუდვა, ერთ-ერთის მიხედვით, ღია სივრცეში 10 კაცს შეუძლია შეკრება, ისიც - პირბადით და 1.5-მეტრიანი დისტანციით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთი დღითაც არ შეჩერებულა.

- საქართველოში იყვნენ და დღემდე არიან ისეთები, ვისაც კორონავირუსის სიავეების არ სჯეროდა, საუბრობდნენ შეთქმულების თეორიებზეც. შენ გარშემო თუ აწყდები ასეთ აზრებს?

- არ შეიძლება შეთქმულების თეორიებითა და მსგავსი თემებით დაიბინძურო გონება, რადგან ეს გაგაგიჟებს, არასწორია. ჩემს თავზე გამოვცადე, რა საშინელებაცაა. 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსი გადავიტანეთ მე, დედამ და მამამ. თავს კარგად ვიცავდით, ონლაინრეჟიმში ვმუშაობდი, იანვრიდან მოყოლებული, მხოლოდ მე გავდიოდი საყიდლებზე, თუმცა მამას უწევდა სამსახურში სიარული და არ იცის, ვისგან და როგორ, მაგრამ ჯერ მას დაემართა "კოვიდი", მერე - მე და ბოლოს - დედას.

- როგორი სიმპტომები გქონდა და რამე გართულებები თუ დაგიტოვა?

- სახსრებისა და ყელის ტკივილით დაიწყო. დავკარგე ძალა, აღარ მქონდა ენერგია და საოცრად დაღლილი ვიყავი. სიცხე არ მქონდა, არც მახველებდა. ექიმს რომ მივმართე, პისიარტესტი ჩავიტარეთ და კორონავირუსი დამიდგინეს, მანამდე გაიგო მამამაც და 2 კვირით შინ ჩავიკეტეთ. მერვე დღეს დავკარგე ყნოსვის შეგრძნება. 2 კვირის განმავლობაში ძალიან ცუდად ვიყავი. ფაქტობრივად, ვერ დავდიოდი. კორონავირუსი მოკლედ რომ აღვწერო, ასე ვიტყვი - ისეთი შეგრძნებაა, თითქოს გრიპი და "ბატონები" ერთად გაქვს. არ ვიცი, ეს საშინელებაა, ბიოლოგიური იარაღივითაა. მართალია, პანიკას არ ავყოლივარ, მაგრამ ვგრძნობდი, ხასიათზე როგორ "მირტყამდა". მას შემდეგ დღემდე "დაგდებული" ვარ, ძალები ბოლომდე აღდგენილი არ მაქვს და ასეთი სიმპტომი დარჩა ჩემ გარშემო ყველას. ყველაზე მეტად თირკმელებს შეეხო.

- ანტისხეულებზე ტესტი ხომ არ გაგიკეთებია?

- ბელგიაში სხვანაირი მიდგომაა. თუ გსურს, ანტისხეულებზე ტესტი ჩაიტარო, ძალიან ძვირი ღირს, ასობით ევრო ჯდება და ეს ფუფუნებაა. თან, ექიმი გეუბნება, რომ რეინფიცირება შეიძლება 3-დან 6 თვემდე დროში მოხდეს და ანტისხეულებზე ტესტს აზრი არა აქვს, რადგან ყველა ვარიანტში უნდა აიცრა.

- იცი ალბათ, რომ საქართველოში მედპერსონალის აცრა "ასტრაზენეკათი" დავიწყეთ. მანდ რა ხდება? ვაქცინის გაკეთებას აპირებ?

- ჩვენთან იყენებენ ყველა ვაქცინას. იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელსაც დროებით ჰქონდა შეჩერებული "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია, ბელგია არ არის. ამ ვაქცინის მიმართ ბელგია ლოიალურია, "ასტრაზენეკათი" ბევრი აიცრა და კმაყოფილია. მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ, რადგან არ მინდა, მეორედ დამემართოს. შეიძლება კიდევ გადავრჩე, მაგრამ აღარ მინდა, იგივე განვიცადო. ჩვენთან "ფაიზერი" თუ შემოვა, არაფერს დაველოდები და ავიცრი. ჯერ მიმდინარეობს მედპერსონალის, ასაკოვნებისა და რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია, სხვები კი აცრას ალბათ აპრილის ბოლოდან შევძლებთ.

- დაჩი, ისიც მინდა გავიგო, რა ეტაპზეა ან პანდემიის გამო ხომ არ შეჩერებულა ანტვერპენში გია ყანჩელის ძეგლის დადგმის საკითხი, რომლის ინიციატივაც შენ გეკუთვნის.

- ეს გეგმა და მოლაპარაკებები კორონავირუსმა ჩაშალა. პანდემია ახალი დაწყებული იყო. ვერ წარმოვიდგენდი, მოვლენები ასე ცუდად თუ განვითარდებოდა და სწორედ იმ პერიოდში, ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრსაც მივწერე (მანამდე ამ თხოვნით მივმართე ანტვერპენის მერს). ძეგლისთვის ადგილი უნდა გამოიყოს კომპოზიტორის საყვარელ ადგილას, მიდელჰეიმის პარკში, რომელიც აგრეთვე მუზეუმიც გახლავთ. მინისტრის აპარატიდან საპასუხო წერილი მივიღე, რომ პანდემიის გამო ყველა ღონისძიება თუ პროექტი შეჩერებულია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დასრულდება, აუცილებლად შემეხმიანებიან და განიხილავენ, თუ როგორ სცენ პატივი გია ყანჩელის ხსოვნას. არ ვიცი, როგორ მოხდება ეს, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, საქმე ბოლომდე მივიყვანო.

GzaPress

- მოგვიყევი, როგორ გაიცანი ბატონი გია.

- 2017 წლის დეკემბერში შევხვდით პირველად. მაშინ ერთსა და იმავე ქალაქში ვცხოვრობდით, მაგრამ მანამდე ვერ შევძელი მისი გაცნობა. ერთ დღესაც ელფოსტაზე მივწერე, თავი გავაცანი. ვწერდი, რომ მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მისი ყველა ალბომი მაქვს მოსმენილი. მოკლედ, ყველანაირად ვეცადე, მისადმი ჩემი სიყვარული გამომეხატა. მეორე დღესვე მივიღე პასუხი და ვერ აღგიწერთ, როგორ გამიხარდა (იღიმის). თავისი ნომერი მომწერა და მიმიპატიჟა. შინ რომ ვესტუმრე და ნახა, მისი გაცნობის გარდა, სხვა არაფერი მინდოდა და არც სათხოვარი მქონდა რამე, ეს წმინდა სიყვარული რომ დაინახა, ძალიან ესიამოვნა. მთელი დღე ვისაუბრეთ, თავისი ბევრი ალბომი მაჩუქა ხელმოწერით. ის არა მხოლოდ არაჩვეულებრივი მუსიკოსი, არამედ შესანიშნავი ადამიანი იყო, რომელსაც ხალხის შეცნობის ნიჭი და უნარი ჰქონდა. მას შემდეგ ელფოსტით გვქონდა კონტაქტი და 2018 წლის დეკემბრიდან, როცა ცუდად გახდა და საქართველოში გადმოაფრინეს, ვეღარ შევხვდით. ბოლო საუბრისას, 2 კვირის შემდეგ რესტორანში სასადილოდ შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვეღარ შევძელით. ძალიან დამწყდა გული...

- პანდემიის დასრულების შემდეგ შენს გეგმებს შორის რა იქნება უპირველესი?

- ალბათ, ბელგიაში კონცერტს გავმართავ, მაგრამ პირველ რიგში, საქართველოში წამოვალ. დიდი ხანია, თბილისი და საქართველო არ მინახავს. გეგმაში მქონდა, მაგრამ პანდემიამ შემიშალა ხელი. საერთოდ, საქართველოში ხშირად ჩამოსვლას ვერ ვახერხებ, რადგან გარდა ჩემი სამსახურისა, მუსიკალური მიმართულებითაც ვმუშაობ, სხვებსაც ვუწერ მუსიკას და პროდიუსერი ვარ. თან, ცოტა ხნით ჩამოსვლა არ მინდა, ბევრი დრო კი არ მაქვს. ჩემი სურვილია, 2 თვე მაინც დავრჩე საქართველოში, დიდი ხნის უნახავი მეგობრები და ქვეყნის სხვადასხვა კუთხე მოვინახულო, რომელიც ჯერ არ მინახავს.

ანა კალანდაძე