ქართული კოლექცია დუბაის საერთაშორისო მოდის კვირეულზე საუკეთესოდ აღიარეს - გზაპრესი

ქართული კოლექცია დუბაის საერთაშორისო მოდის კვირეულზე საუკეთესოდ აღიარეს

ახლახან დუბაიში საერთაშორისო მოდის კვირეული გაიმართა, რომელზეც საქართველოდან სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი, ეკატერინე მგალობლიშვილი და პატარა მოდელები - ანასტასია ბაკურაძე, მარიამ მგალობლიშვილი, მარიამ ბერძენიშვილი და ლუსი ოქროპირიძე იმყოფებოდნენ. კვირეულზე საქართველოს სახელით წარდგენილი კოლექცია - "სამეფო კარის მეჯლისი - სტუმრად გრაფ დრაკულასთან" საუკეთესოდ დაასახელეს... ამის შესახებ დეტალურად გვესაუბრება ქალბატონი ეკატერინე, რომელიც არაერთი მსოფლიო სამოდელო და სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი, ჟიურის წევრი და დამფუძნებელია.

- კონკურსები, ფესტივალები ძალიან მომენატრა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, მხოლოდ საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო გაჩერდა. ნამდვილად გამიჭირდა, რომ შინ გულხელდაკრეფილი დავმჯდარიყავი. მაქსიმალურად ვეცადე, კანონს და სიტუაციას მოვრგებოდი: გადავწყვიტე, ჩემი ბავშვობის ოცნება ამესრულებინა და "სამეფო კარის მეჯლისისთვის" სამოსი შემექმნა. პროფესიით დიზაინერი არ ვარ: ქსოვილები ვიყიდე, მანეკენზე ქინძისთავებით რამდენიმე კაბა ავაწყვე და უნიჭიერეს პროფესიონალს ვთხოვე შეეკერა, რომელმაც საქმეს საოცრად გაართვა თავი. შემდეგ ფოტოგრაფს დავუკავშირდი, თემატიკა "სამეფო კარის მეჯლისი - სტუმრად დრაკულასთან" ავუხსენი და დავგეგმეთ ფოტოსესია, რომელშიც "კატრინის" უმცროსი და უფროსი თაობის მოდელები მონაწილეობდნენ. თითოეულ ფოტოს თავისი დატვირთვა აქვს... რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, ქართულ-ინგლისური წარწერით. მოგეხსენებათ, კოლეგები ასამდე ქვეყანაში მყავს, ისინი თავიანთ ქვეყნებში სილამაზისა და სამოდელო კონკურსებს კურირებენ. ჩემმა რუმინელმა კოლეგამ აღნიშნული ფოტოები საერთაშორისო მოდის კვირეულის საბჭოს გაუგზავნა, საიდანაც მივიღე მოწვევა, რომ ჩემი კოლექცია დუბაიში, მოდის საერთაშორისო კვირეულზე წარმედგინა...

კვირეული 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 12-ის ნაცვლად, 18 "ლუქი" წარვადგინე, რადგან ამის სურვილი თავად მონაწილეებმა გამოთქვეს. ისე გამოვიდა, რომ მოდის კვირეული 20 მარტს ჩვენ დავხურეთ. ჩვენი სამოსის ჩვენება რომ დასრულდა, ყველანი გარეთ გამოვედით. ბანერთან ჟურნალისტებს ინტერვიუს ვაძლევდი, თან - ფოტოებს ვიღებდით. კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ - თქვენი შოუთი შექსპირის ეპოქაში დაგვაბრუნეთო... ამ დროს დარბაზიდან ხმა გავიგონე: დაჯილდოება დაიწყო და ქალბატონო ეკა, აუცილებლად უნდა შემობრძანდეთო. ზრდილობის გამო შევედი. ჩემმა შვილმა - ანასტასიამ მითხრა: დედა, თუ ვერ გაიმარჯვებ, გული ხომ არ დაგწყდებაო? ვუპასუხე: - არა, დედა. აქ ხომ იმისთვის ვარ, რომ შენ, ქართველი ბავშვები, საქართველო წარმედგინეთ. პროფესიონალ დიზაინერებს შორის გამარჯვების პრეტენზია არ მაქვს-მეთქი... სიტყვა დასრულებული არ მქონდა, რომ "წლის საუკეთესო დიზაინერად" დამასახელეს. შოკის მომგვრელი განცდა დამეუფლა: როცა სილამაზისა და სამოდელო კონკურსებზე მივდივარ, გამარჯვების ამბიცია ყოველთვის მაქვს, რადგან ღირსეული წარმომადგენელი მიმყავს ხოლმე, მაგრამ პროფესიონალ დიზაინერებს შორის თუ დამასახელებდნენ, ნამდვილად არ მეგონა. ვფიქრობდი, სიმბოლურად ყველა დიზაინერს აჯილდოებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა - მხოლოდ რამდენიმე დაგვაჯილდოეს. პარიზის, ლონდონის, მილანის, ნიუ-იორკის საერთაშორისო მოდის კვირეულებზე მიმიწვიეს. ვამბობდი, დიზაინერი არ ვარ. უბრალოდ, პანდემიის დროს გაჩენილი ჰობია-მეთქი, მაგრამ მახსოვს, მოდის ერთ-ერთი კრიტიკოსი როგორ მეუბნებოდა, - ეს საქმე აუცილებლად გააგრძელეო. რა თქმა უნდა, დიზაინერობის ამბიცია და პრეტენზია არასდროს მექნება, თუმცა ჩემი ნიშა - "სამეფო კარის მეჯლისი - სტუმრად გრაფ დრაკულსთან" აუცილებლად უნდა გავაგრძელო, რადგან მაისში ანტალიაში საერთაშორისო კონკურსი - "მსოფლიო სახე 2021" იმართება, სადაც 1 დღე "ფეშენ შოუს" ეთმობა, რომელშიც რამდენიმე საერთაშორისო დიზაინერი მიიწვიეს. ჩვენი კაბების კოლექციაც უნდა წარვადგინოთ... მინდა ჩემს პარტნიორ მაკა ოქროპირიძეს მადლობა გადავუხადო, რომელიც 24-საათიან რეჟიმში, ჩემთან ერთად შრომობდა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ლონდონიდან (ინგლისში ცხოვრობს) ვერ ჩამოფრინდა, რადგან საზღვარი დაიკეტა... დუბაის საერთაშორისო მოდის კვირეულში მონაწილე პატარა ქართველმა მოდელებმაც ბევრი მიწვევა მიიღეს... მუშაობას ვაგრძელებ. ახლახან კონტრაქტი გავაფორმე და 3 საერთაშორისო კონკურსისთვის ვემზადებით: Mისს Bიკინი Uნივერსე-სთვის "მის ბიკინი საქართველო" უნდა ჩავატაროთ. ასევე გაიმართება Mისს თურისმ-ის და Mისს Gლამ ჭორლდ-ისთვის შესარჩევი კონკურსი, პარალელურად კი, კაბების კოლექციაზე მუშაობას გავაგრძელებ...

ეთო ყორღანაშვილი