სულისშემძვრელი ამბები შვილებდაკარგულ მშობლებზე - გზაპრესი

სულისშემძვრელი ამბები შვილებდაკარგულ მშობლებზე

"ის ოჯახები, რომლებსაც ახალშობილი გარდაეცვლებოდათ, ამაზე საუბარს რატომღაც გაურბოდნენ, თითქოს ამ საკითხს ტაბუ ედებოდა. აი, როცა მიცვალებულებს ახსენებდნენ, თითქოს ეცოდებოდათ ჩვილები მათთან ერთად მოსახსენიებლად", - ამბობს ქალბატონი ია ყველაშვილი და ვატყობ, ამ ძლიერ ადამიანსაც კი ხმაში ბზარი უჩნდება, რადგან საკუთარ დაზე უნდა მიამბოს, რომელიც მისი და ოჯახის წევრების აზრით, ჩვილობაშივე წაართვეს დედას და გააშვილეს...

ცნობისათვის, ამ ამბის გამო, ია სხვა გოგონებთან ერთად გაერთიანდა, რომლებსაც საერთო ტკივილი აკავშირებთ და ჩამოაყალიბეს "ფეისბუკ"-ჯგუფი - "ვეძებ". ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ, დაკარგული ნათესავები ერთმანეთს შეახვედრონ...

- როცა ეკლესიაში დავიწყე სიარული, ვთქვი, რატომ არ უნდა ვახსენო მიცვალებულებში ჩემი და-მეთქი? სახლშიც, მასზე საუბრის დაწყებისას ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს დედ-მამისთვის ძალიან მტკივნეული თემა იყო და ამიტომ ლაპარაკს მალევე ვწყვეტდი. არადა, ცხადია, კითხვები მქონდა...

ვიცოდი, რომ ის ჩემზე უფროსი იყო და მისთვის სახელიც ჰქონდათ შერჩეული - ელენე... ახლა ვფიქრობ, თავის დროზე ოჯახის წევრებს და ნათესავებს ფაქტები რომ შეეჯერებინათ, მის სიკვდილში შეიძლება ეჭვი შეეტანათ, მაგრამ ცუდი ამბის გაგების შემდეგ, ამაზე ლაპარაკი აღარ დაუწყიათ. არადა, თურმე ერთმა დეიდამ სანიტარი შეაგზავნა ბავშვთან, დახედეთო. შევიდა სანიტარი ჩუმად, ნახა რომ სძინავს და კარგადაა. ამის გამო მას დეიდამ ფულიც მისცა, როგორც ეს მაშინ (1968 წელს) მიღებული იყო... მეორე დეიდას სამშობიაროს თანამშრომელმა უთხრა, რომ ბავშვი დაბადებისთანავე გარდაიცვალა. დედაჩემს კი ოფიციალურად ღამით შეატყობინეს, პატარა ცუდად გახდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდაო. მეორე დღეს კი, - ვერ გადაიტანაო, - უთხრეს. ვფიქრობ, ეს ამბავი იმიტომ შეთხზეს, რომ თუ დედა მოითხოვდა შვილის ნახვას, მისთვის ეთქვათ, იქიდან არ გადმოგვიყვანიაო...

- დედათქვენს ახალდაბადებული ბავშვი ხომ ჰყავდა ნანახი, რამე აწუხებდაო?

- როცა დაიბადა, მხოლოდ მაშინ მოჰკრა თვალი, მერე გამოსაკვებადაც არ მიუყვანიათ... როცა იუსტიციის სამინისტროში გამოვითხოვე ბავშვის დაბადების ან გარდაცვალების მოწმობა, ვერაფერი იპოვეს. ისე გამოდის, რომ არც დაბადებულა.

GzaPress- თქვენს მშობლებს ეჭვი არ გასჩენიათ თავის დროზე?

- დედა ამშობიარა ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომელიც სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილია და მასში ეჭვის შეტანა უბრალოდ შეუძლებელი იყო. როგორც საკუთარ თავში არ შეიტანდა დედა ეჭვს, ისე - ამ ადამიანზეც ცუდს ვერასდროს იფიქრებდა. სავარაუდოდ, სწორედ ამით ისარგებლეს ვიღაცებმა... წლები რომ გავიდა, მერე გაუჩნდა ეჭვი. როცა ვიღაცაზე იტყოდნენ, გაშვილებულიაო, თავისთვის ჩაილაპარაკებდა ხოლმე, - ნეტავ, ის ჩემი შვილი ხომ არ გამიშვილეს, გული რაღაცას მიგრძნობსო. ვფიქრობდი, შვილის გარდაცვალების დაჯერება არ უნდა-მეთქი და ვეუბნებოდი, ნუ ფანტაზიორობ-თქო. მამაჩემს არასდროს არაფერი უთქვამს ამ საკითხზე. უბრალოდ, ერთხელ ერთ გადაცემაში ამ თემაზე ლაპარაკობდნენ: თუ არ მოგცეს გარდაცვალების ცნობა ან ხელი არ მოგაწერინეს გარდაცვალების აქტზე, მაშინ ყალბი გარიგების მსხვერპლი ხართო. მაშინ თქვა, მეც არაფერზე მომიწერია ხელი, ჩვილის ცხედარიც არ უჩვენებიათო. თურმე უთხრეს: ჩვენ არ ვატანთ გვამს, აქ ვასაფლავებთ, ასეთია წესიო.

- და ამის შემდეგ თქვენც დაეჭვდით, არა?

- რა თქმა უნდა და სწორედ მაშინ წავედი იუსტიციის სახლში. ვაძებნინე ოპერატორს მონაცემები, რომ ვერ იპოვა, თვითონაც შეწუხდა. მერე მირჩია: მოდი, შენი დაბადების აქტი გამოითხოვე, იქ იმას მაინც ნახავ, მერამდენე შვილად წერიხარ შენი მშობლებისთვისო. სამშობიაროში თურმე აწარმოებდნენ "სიმართლის წიგნს", სადაც ყველაფერი უნდა აღეწერათ და მერე ყველა წვრილმანი ინფორმაცია ფიქსირდებოდა დაბადების აქტში. ამ გოგონას დავუჯერე და გამოვითხოვეთ აქტი, სადაც ეწერა, რომ მშობლებისთვის პირველი შვილი ვარ. არადა, დედამ ჩემს დაზე მშობიარობიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ გამაჩინა...

- ანუ თქვენი და მშობლებისთვის პირველი შვილი იყო?

- დიახ, ვფიქრობ, რომ პირველი შვილი წაართვეს მეორე სამშობიაროში, კამოს ქუჩაზე. სავარაუდოდ იფიქრეს, ახალგაზრდები არიან და ესენი კიდევ გააჩენენო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ამ ყველაფრის ფონზე ცოლ-ქმარი სულაც დაშორებოდა ერთმანეთს ან დედას დამართოდა რამე, ბოლოს და ბოლოს, მან ხომ 9 თვე მუცლით ატარა ის ბავშვი... მოკლედ, მე ვწერივარ პირველ შვილად და ჩემი ძმა - მომდევნოდ. დედაჩემზე წერია: მშობიარობა პირველი, ორსულობა - მეორე, ანუ გამოდის, რომ ის საერთოდ არც დაბადებულა. დედა იმ დროს არ გაუტარებიათ, როგორც მშობიარე. ამ საქმის გამოძიება რომც მოვინდომოთ, ვერაფერს მივაღწევთ, რადგან ამბობენ, რომ იმდროინდელი კონსულტაციის ჩანაწერები და ე.წ. სიმართლის წიგნიც დაიწვაო. ეტყვიან, რომ იმშობიარე, სადაა ამის დამამტკიცებელი დოკუმენტიო?

- უკვე რაიმე კვალს დაადექით?

- აბსოლუტურად არაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მამსგავსებენ ვიღაცას და მიმტკიცებენ, იქ დაგინახე, აქ დაგინახეო. ერთხელ თანამშრომელმა გაბრაზებულმა მითხრა, დილას დაგინახე, ხელი აგიწიე და ზედ არ შემომხედე, რა იყოო?.. შეიძლება ისეთ ადამიანს, ვისაც თვეები არ უნახავხარ, ვიღაცაში აერიო, მაგრამ თანამშრომელი, რომელიც ყოველდღიურად გიყურებს, ასე როგორ უნდა დაიბნეს? რა ვიცი... რადგან არ არსებობს ჩემი დის დაბადების და გარდაცვალების მოწმობა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ცოცხალია.

- ბევრი ჰყვება, რომ შეამჩნიეს ვიღაც ქალი ან კაცი, რომელიც მათ სანახავად უცნაური მიზეზით შევიდა. დედათქვენს მსგავსი არაფერი ახსოვს?

- არა, მაგრამ დღემდე უკვირს, როცა ვმშობიარობდი, გინეკოლოგიური განყოფილების უფროსი მამაკაცი შემოვიდა და დაგვესწროო. სახელი და გვარი ვიცი, მაგრამ ღრმად მოხუცია და ახლა არ დავასახელებ. დედამ თქვა, იმდენად სახელგანთქმული იყო ეს კაცი, რომ დავინახე, გავოცდიო. დედაჩემი რიგითი მოქალაქე იყო და მის გამო თავი რატომ უნდა შეეწუხებინა?! მერეც სულ შედიოდა თურმე და ამშვიდებდა, - ნუ ნერვიულობ, კიდევ გეყოლება ბავშვიო... მოკლედ, რაც მესმის, იმ ამბებიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: სამშობიაროებში შაბლონური სქემებით მოქმედებდნენ. სავარაუდოდ, თითქმის ყველა რეგიონი ამით მოცული იყო, სერიოზული კლანი გახლდათ და ბავშვებით მოვაჭრეებს ძლიერი მფარველებიც ეყოლებოდათ.

- თუ თქვენი და ცოცხალია და იცის, რომ ეძებთ, მაგრამ საკუთარ თავს რაღაც მიზეზების გამო ებრძვის და არ ჩნდება, რას ეტყოდით მას?

- ნეტავ, ოდესმე თუ ვიპოვი? რა ვიცი... მთავარია იცოდეს, რომ აყვანილია და მე არ დამჭირდეს მისთვის ამის თქმა. ახლა 53 წლის იქნება და არც ის მინდა, ცხოვრება ამოვუყირავო, ამისთვის არც მე ვარ მზად... ცხადია, მისთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ მირჩევნია, თუ ვიპოვი, ყველაფერი პირადად ვუთხრა.

- ჯგუფის - "ვეძებ" ერთ-ერთი ადმინისტრატორი ხართ. უამრავი ტკივილნარევი წერილის წაკითხვა გიწევთ დღის განმავლობაში...

- კი, ზოგჯერ ისეთ ამბებს ვისმენთ, ვეღარც ვაქვეყნებთ, იმდენად შემაძრწუნებელია. ამ ჯგუფში გაწევრების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა იმედი, იქნებ ჩემი შვილიც ცოცხალია, გვამი არ მინახავსო. ძალიან რთულია ასე ცხოვრება, როცა მუდამ ეჭვი გაწუხებს. ბევრი ნაშვილები მწერს: ვდგები სარკის წინ და საკუთარ თავს ვეკითხები: "ვინ ვარ სინამდვილეში?" ამ ადამიანებს უბრალოდ აინტერესებთ საკუთარი გვარი, ბიოლოგიური მშობლების ვინაობა. არადა, ვინც ასაკშია და აღმზრდელი მშობელი გარდაცვლილი ჰყავს, იმას სიმართლის გაგების შანსი თითქმის არა აქვს და ამის ნიადაგზე დიდი სტრესი აქვს.

- ამ ჯგუფის მეშვეობით ბევრმა იპოვა ახლო ნათესავი...

- სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ოცამდე ასეთი შემთხვევაა. ზოგი იპოვის და მერე ამის შესახებ არც გვწერს, აღარ უნდათ ამბის გასაჯაროება... ახლახან შეხვდა დედა ისეთ შვილს, რომელზეც თავის დროზე უთხრეს, რომ დაიბადა და გარდაიცვალა. არადა, ჩვილი მერე ბავშვთა სახლში გადაიყვანეს...

- თუ გასაშვილებლად არ უნდოდათ, დედა შვილს რატომ ჩამოაშორეს?

- 7-თვიანი დაიბადა. ჯერ უნდა წამოეზარდათ, რომ გაეშვილებინათ. მერე ეტყობა, როცა უკვე მოძლიერდა, აღარ ჰყავდათ მშვილებელი ოჯახი, ვეღარ დაიტოვეს და ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, საიდანაც იშვილეს. ასეთ შემთხვევაში აღმზრდელს ხომ აზრად არ მოუვიდოდა, რომ ზრდიდა ბავშვს, რომელიც მშობელს მოპარეს...

- ალბათ გამზრდელ მშობლებს აქვთ შიში, რომ შვილებმა არ მიატოვონ და ამიტომაც უმალავენ სიმართლეს...

- ამ დროს ბევრი მწერს, რომ გამზრდელის სიყვარულს მათ ვერავინ შეუცვლის. წარმოიდგინეთ, ადამიანი 30-40 წელი ცხოვრობს, უყვარს და იცის, რომ ის არის დედა ან მამა და ერთ მშვენიერ დღეს სხვა რეალობის წინაშე დგება, მერე რა? ის სიყვარული, რაც იმ ადამიანებთან აკავშირებს, ერთი ხელის მოსმით ხომ ვერ გაქრება?

- მაგრამ ბევრი ვიცი, ვინც აღმზრდელს ტყუილი არ აპატია და მიატოვა...

- ასეთი ძალიან ცოტაა და ამ შემთხვევაშიც ამბობენ, რომ თითქოს რაღაცნაირ სიცივეს გრძნობდნენ მშობლების გვერდით. ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ ბავშვს ტყუილში არ აცხოვრებ და თავიდანვე ეტყვი სიმართლეს...

ახლა ერთი ქალბატონის ტრაგიკული ამბავი გამახსენდა. მას ამჟამად ჰყავს ორი შვილი, ხოლო ორჯერ ტყუპი დაკარგა: უთხრეს, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ და ახლა ოთხივეზე ეჭვობს, გაშვილებულები არიანო. სავარაუდოდ, ერთი შვილი უკვე იპოვა. პირველად შეეძინა გოგონა, მერე გააჩინა ტყუპი (ბიჭი და გოგო), რომლებზეც უთხრეს, რომ გარდაიცვალნენ; მერე კიდევ ტყუპი გოგოები შეეძინა და იმათზეც უთხრეს, დავკარგეთო. შემდეგ გააჩინა მეექვსე შვილი, რომელიც გვერდით ჰყავს. მოკლედ, რომ არ დაგაბნიოთ, ქალს, რომელმაც გააჩინა 6 შვილი, შერჩა მხოლოდ ორი... ამ ქალის პარალელურად, წერილი მოგვწერა გოგონამ, რომელიც ასეთ რამეს ჰყვება: ჩემი დედ-მამა რომ მისულა სამშობიაროში ჩემს ასაყვანად, მათ პალატაში დაანახვეს ქალი, რომელიც ტიროდა. უთხრეს: აი, ნახეთ, როგორ ტირის, გაჭირვებულია, ვერ შეინახავს ამ ბავშვს და ამას განიცდის. არადა, რა ლამაზი ქალია ნინოო. ზუსტად ნინოა ის ქალბატონიც, ვისაც ტყუპები გაუშვილეს. დიდი ალბათობით, სწორედ ის უჩვენეს ამ გოგონას აღმზრდელ მშობლებს. არადა, ნინო გაჭირვების გამო კი არ ტიროდა, არამედ იმიტომ, რომ უთხრეს, შვილი მოგიკვდათო - პირველ დღეს პირველი და მესამე დღეს - მეორე ტყუპისცალი გაუშვილეს... ახლა ამ ქალბატონებმა დნმ-ტესტი უნდა გაიკეთონ.

GzaPress

- ერთმანეთი როგორ იპოვეს?

- ამ გოგოს პოსტში ეწერა: დავიბადე 1990 წლის 8 მარტსო და გაშვილებული ტყუპის დედაც ამ დღეს დაბადებულ ბავშვებს ეძებდა, ამიტომ შეეხმიანენ ერთმანეთს. გოგოს აღმზრდელ მშობლებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. გოგომ იცოდა, რომ მისი ბიოლოგიური დედა გლდანში ცხოვრობდა, მაგრამ თელაველი იყო. ჰყავდა ერთი ვაჟი და ქმარი, რომელიც იმ დროისთვის ციხეში იჯდა. გოგონა ე.წ. საყვარლისგან შეეძინა, რომელსაც ჰყავდა ცოლი და სამი შვილი. ამიტომ კაცმა აბორტის გაკეთება მოსთხოვა, მაგრამ რადგან აბორტი დაგვიანებული აღმოჩნდა, მერე ვითომ ბავშვი გააშვილებინა, - აი, ამ ყველაფერს მოგონება ხომ უნდოდა? ნეტავ ვის თავში იხარშებოდა მსგავსი ტყუილები...

- როცა თქვენთან პოსტებს აქვეყნებენ, ადამიანები ხშირად ასახელებენ კონკრეტულ ექიმებს, ექთანებს... არავინ შემოგეხმიანათ თუნდაც, თავდაცვის მიზნით?

- ერთ-ერთი ექიმის ნათესავმა დაგვირეკა. მსუბუქად რომ ვთქვა, დაგვემუქრა. მოითხოვა, ნუღარ დაასახელებთ დეიდაჩემს, სუფთაა ამ საქმეში და ამას დავამტკიცებთ, ჩირქს ნუ სცხებთო... არადა, მისი სახელი ბევრმა ახსენა... სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რომ არავინ გამოგვეხმაურა შსს-დან ან პროკურატურიდან. ვფიქრობ, ისინიც კითხულობენ ჩვენს პოსტებს. 50 ათასზე მეტი ადამიანია ჯგუფში გაწევრებული. ეჭვი გვაქვს, "საჭირო" ხალხიც კითხულობს მათ პოსტებს და ერთადერთი, იმის საშიშროებაა, კიდევ ხომ არ არიან დარჩენილი ამ შავი საქმეების მფარველები...

კიდევ, ერთმა გოგონამ ანონიმურად მოგვწერა: თავის დროზე მამა ერთ-ერთ საავადმყოფოსთან არსებული სამშობიაროს მთავარ ექიმად დანიშნეს. ვიღაცამ ანონიმური განცხადება შეუტანა, ესა და ეს ქალი ჩვილებს ყიდისო. ცხადია, არ ესიამოვნა, მეტიც, აღშფოთდა, არ უნდოდა ასეთი რეპუტაციის თანამშრომელი ჰყოლოდა და თვითონვე დაიწყო გამოძიება, გამოჰკითხა ბევრი ადამიანი და როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს ქალი დაკავებული იყო ამ საქმიანობით, დაიბარა კაბინეტში და მოსთხოვა განცხადებაზე ხელის მოწერა, რომ დაეტოვებინა სამსახური. ამ ქალს მამაჩემის თვალწინ დაუხევია ეს განცხადება და დამუქრებია, ისეთი მფარველები მყავს, არავინ გამიშვებსო... მეორე დღეს მამაჩემი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდანო... აი, ასე მოქმედებდნენ იმ დროში; ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად. საერთოდ არ ადარდებდათ, რომ დედებს მკერდიდან აგლეჯდნენ შვილებს. ისიც საკითხავია, აყვანის მსურველებს რას ეუბნებოდნენ. მაგრამ, ერთი საკითხიცაა: ხშირ შემთხვევაში, ცოტა არ იყოს პრესტიჟულ და შეძლებულ ოჯახებს არ უნდოდათ შეცდენილი გოგონას შვილი აეყვანათ. სურდათ კარგი ოჯახის, კარგი გენეტიკის მქონე ბავშვი გაეზარდათ. ჰოდა, გეკითხებით, საიდან მოგიყვანოს გინეკოლოგმა, როცა ეუბნები, ასეთი და ასეთი ბავშვი მინდაო? თანაც, ზოგი თურმე იმასაც ითხოვდა, გარეგნულადაც უნდა მგავდესო. მოკლედ, შეკვეთას მერე ზოგიერთები ურცხვად ასრულებდნენ.

- ზოგი პოსტის ქვეშ აგრესიული კომენტარები იწერება. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- ვფიქრობთ, ისინი იმ ადამიანების შვილები, შვილიშვილები, ახლობლები არიან, ვისაც ხელს არ აძლევთ ამ საქმის ამოტივტივება. არ უნდათ, ეს სამარცხვინო ლაქა მათ წინაპრებს, ოჯახის წევრებს და ა.შ. ჰქონდეთ. თუმცა, ჯობია დამთავრდეს ეს ყველაფერი და სიმართლე ვაღიაროთ. ვაპოვნინოთ ადამიანებს ერთმანეთი და ეს სამარცხვინო ლაქა ჩამოვიშოროთ. არ გვინდა ამდენი დედა ტიროდეს გაშვილებული ბავშვის გამო და შვილები ტიროდნენ საკუთარ ცხოვრებას. არ გვინდა და-ძმას შორის საშიშროება იყოს და ერთმანეთი "სხვანაირად" შეუყვარდეთ... 2 დღის წინ გოგონამ დამირეკა, ფურცელი ეკავა ხელში და მითხრა: ვკანკალებ... დედ-მამა ახლახან გარდამეცვალა, 44 წლის ასაკში. აქამდე არაფერი მსმენია იმის შესახებ, აყვანილი რომ ვიყავი. უბრალოდ, ქონებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ცუდად მომხვდა ყურში ვიღაცის ნათქვამი. ჯერ ვიფიქრე, ერთადერთი გოგო რომ ვყავარ მშობლებს, ამას გულისხმობდა, მერე კი ეჭვი გამიღრმავდა. მივედი ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც განცხადება შევიტანე, რათა გამეგო, დაბადებისას რა სახელი და გვარი მომენიჭა. 10 დღეში მომივიდა პასუხი და გამოდის, რომ აყვანილი ვყოფილვარ. ჩემი შვილის შეყვარებული ჩემი მოგვარე აღმოჩნდაო. შოკში იყო.

- დნმ-ტესტის გაკეთება ძვირი სიამოვნებაა?

- გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში 600 ლარი ღირს მშობელსა და შვილს შორის ტესტის გაკეთება, ოღონდ, როგორც გავიგე, ეს არ გამოდგება სასამართლოზე წარსადგენად, როგორც მტკიცებულება. სასამართლო მხოლოდ "სამხარაულის" დასკვნას აღიარებს, სადაც იმავე ტესტის გაკეთება 1.600 ლარი ღირს. ძალიან მინდა, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორს გავესაუბრო და ვთხოვო, რომ იქნებ ჩვენი ჯგუფიდან მისული ადამიანებისთვის ფასდაკლება გააკეთონ. ზოგს ეს 600 ლარიც არ აქვს და ბედის ანაბარად ტოვებს ასეთ მნიშვნელოვან საკითხს. არადა, როგორი შვება და მადლი იქნება ამ ადამიანებისთვის იმის დაბეჯითებით ცოდნა, არიან თუ არა კონკრეტული ადამიანების სისხლით ნათესავები...

P.S. თუ სურვილი გაქვთ, შვილწართმეულ მშობლებს და ნათესავებს ერთმანეთის პოვნაში დაეხმაროთ, თუ გსურთ საკუთარი წვლილი შეიტანოთ იმაში, რომ მათ დნმ-ტესტის გაკეთება შეძლონ, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე: GE24BG0000000498748285. წინასწარ გიხდით მადლობას!

ლიკა ქაჯაია