როგორ იქცა ბიზნესლედიდ ავსტრალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი - გზაპრესი

როგორ იქცა ბიზნესლედიდ ავსტრალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

ამას წინათ ავსტრალიიდან წერილი მივიღე. ქალბატონი მწერდა, რომ სურდა ჩემთვის მოეთხრო თანამედროვე კონკიას შესახებ, რომელმაც ემიგრაციაში იმდენს მიაღწია, რომ ახლა თავად უმართავს გარშემო მყოფებს ხელს და სიდნეიში ჩასულ ქართველებს მაქსიმალურად ეხმარება... აი, რა ეწერა წერილში (სტილი დაცულია):

"8 წლის წინ ჩამოვედი ავსტრალიაში, სადაც ერთი პატარა გოგონა, ირინა კაბერაშვილი გავიცანი. გარეგნულადაც ფილმ "კონკიას" მთავარ პერსონაჟს ჰგავს, ულამაზესია და სხვა კარგი თვისებებითაც უხვადაა დაჯილდოებული: ძალიან კეთილია, საოცრად ნაზი და ამავდროულად, თავდაუზოგავი, შრომისმოყვარე. ავსტრალიაში ემიგრანტები ძირითადად, დალაგების სფეროში არიან დასაქმებული. სწორედ ამით დაიწყო ირინამაც და დღეს ერთ-ერთი წარმატებული გოგოა სიდნეიში, რომელიც თავის ჩამოყალიბებულ დასუფთავების კომპანიას ხელმძღვანელობს, ბევრი ადამიანიც ჰყავს დასაქმებული და მათ შორის - ქართველებიც. ზოგჯერ უთქვამთ მისთვის, - ამა და ამ ადამიანს წარმოდგენაც არ აქვს, ეს საქმე როგორ უნდა გააკეთოს და ხომ არ გავუშვათო? ასეთ დროს ყოველთვის მზად აქვს პასუხი: "რა ვქნა, ქართველია და როგორ დავტოვო უმუშევრად?" მოკლედ, სიკეთით სავსე ადამიანია. აქ მყოფმა ქართველმა რაზეც უნდა დაურეკოს, უთქმელად უწვდის დახმარების ხელს. წარმოიდგინეთ, ვიღაცას ცხელი კერძი რომ მოენატრება, ამაზეც ირინას ურეკავენ, იციან მისი კეთილი გულის ამბავი...

აქ, ავსტრალიაში, ბობოლებს ჰქონდათ დასუფთავების სამსახური და ყველა ჩამოიტოვა, რადგან პოტენციურ კლიენტებს საუკეთესო სერვისს სთავაზობს. თან, აქაურები გრძნობენ, რომ ძალიან თბილი და ტკბილი ადამიანია, ამას აფასებენ. კეთილსინდისიერია და ამასაც ანიჭებენ უპირატესობას. საქართველოსთან დაკავშირებული გეგმაც აქვს: აწარმოებს მოლაპარაკებას ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელმაც უნდა შეკეროს ბრენდული სამოსი, აქსესუარები, რომელსაც სარეალიზაციოდ ავსტრალიაშიც გაიტანენ.

ცხადია, ამით დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.

მეცხრე წელია ირინა აქ არის და უკვე ავსტრალიელი საქმრო - უილიამ ელიოტიც ჰყავს. რაც უნდა გაგიკვირდეთ, ყველა სხვა საქმესთან ერთად საქმროს კომპანიასაც უძღვება (WE CREATE INDUSTRIES PTY), რომელიც ძირითადად ფილმებზე მუშაობითაა დაკავებული, დეკორაციებს აწყობენ.

ახლა, რატომ გწერთ ამ ყველაფერს: გარშემო იმდენი მტრობისა და შურის მაგალითი გვაქვს, არ მინდა ასეთი კარგი ამბები არ გახმაურდეს. ირინასნაირი ადამიანები ნამდვილად გვასახელებენ უცხო ქვეყნებში! ეს არის გოგონა, რომელსაც საოცრად უყვარს შრომა და არც საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობაზე ამბობს უარს".

ჩვენ ირინა სოციალურ ქსელში ვიპოვეთ და დავუკავშირდით. გთავაზობთ მის საკმაოდ გულახდილ ინტერვიუს:

- 24 წლის ვიყავი, როდესაც ემიგრანტი გავხდი. მატერიალური პრობლემები საქართველოს მოსახლეობის 80%-ს აქვს, მაგრამ ემიგრაციაში ჩემი წამოსვლა ცოტა დაუგეგმავად მოხდა. სიმართლე გითხრათ, მანამდე არც მიფიქრია არსად წასვლასა და ცხოვრებაზე. დედისერთა ვარ და ჩემი მშობლები შეძლებისდაგვარად, არაფერს მაკლებდნენ. უბრალოდ, ერთხელაც მეგობარმა მირჩია, ავსტრალია ძალიან კარგი ქვეყანააო და ვიფიქრე, 2 წლით წავალ, თან ენას უკეთ ვისწავლი, თან, იმდენ ფულს მოვაგროვებ, რომ თბილისში ჩემთვის ბინა ვიყიდო-მეთქი. ამ ქვეყანაზე ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე და სურათები დავათვალიერე. პირველი, რაც მომეწონა, ის არის, რომ ტროპიკული ქვეყანაა, ულამაზესი სანაპიროები აქვს...

GzaPress- სანამ საქართველოდან წახვიდოდით, აქ როგორ ცხოვრობდით? პროფესიით ვინ ხართ?

- ხაშურში დავიბადე და იქვე დავამთავრე საშუალო სკოლა. შემდეგ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 50%-იანი გრანტით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. ასევე გავიარე ბუღალტერიისა და მენეჯმენტის კურსები. ვმუშაობდი სხვადასხვა პატარა კომპანიაში ჯერ თანაშემწედ, შემდეგ ბუღალტრად, ასევე ერთ-ერთ ბანკში და ბოლოს, შემოსავლების სამსახურშიც. მოკლედ, ამ მხრივ მრავალფეროვანი გამოცდილება მაქვს.

- ახალჩასულს როგორ დაგხვდნენ თუნდაც, იქ მყოფი სხვა ქართველები? რა იყო თქვენი პირველი სამუშაო?

- ქართველები, როგორც ყველგან, აქაც არიან. ზოგი თავს არიდებს ახალჩასულ ემიგრანტს. საბედნიეროდ, მე შემხვდა რამდენიმე ქალბატონი, რომლებმაც საცხოვრებელი გამიყვეს და მთელი ჩემი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები, სიკეთეს აუცილებლად სიკეთით გადავუხდი... ჩემს მშობლებს არ უნდოდათ რესტორანში ან კლუბში მემუშავა, ამიტომაც ერთმა ქართველმა ქალბატონმა თავის კომპანიაში დამასაქმა: ახალაშენებული კორპუსების დასუფთავება გვევალებოდა...

- ახლა თავად გაქვთ დასუფთავების კომპანია. ადვილი არ იქნებოდა უცხო ქვეყანაში საკუთარი ბიზნესის წამოწყება.

- ჩვენთან მუშაობდა ერთი ირანელი ბიჭი, რომელსაც ნაცნობი დაეხმარა სარფიანი საქმის აღებასა და კონტრაქტის გაფორმებაში. იმ პერიოდში ჩემს უფროსს და გარდაეცვალა, საქართველოში გაემგზავრა და ფაქტობრივად, მე უსამსახუროდ დავრჩი. ამ ირანელმა დახმარება მთხოვა. იცოდა, რომ დარეგისტრირებული მქონდა კომპანია Sydney sunshine PTY LTD და ამ ბიჭის კონტრაქტი ჩემი კომპანიის სახელზე გაფორმდა. მე და ჩემი ბიცოლა, რომელიც აქ იმყოფება, დავეხმარეთ საქმის მოგვარებაში. მერე ეს ბიჭი საქმიდან გავიდა, ჩემთვის კი მისი წყალობით დადებული პირველი ხელშეკრულება გახდა რაღაც ახლის დასაწყისი: ამის შემდეგ, რეკომენდაციების წყალობით, კომპანია ნელ-ნელა გაფართოვდა და ამჯერად 70-მდე სამშენებლო კომპანიას ვემსახურებით.

- ამბობენ, რომ საუცხოო უფროსი ხართ...

- თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ და სადაც ფეხს შევდგამ, ყველგან პატივისცემასა და თანადგომას ვგრძნობ. ძალიან მომწონს, რომ ამ ქვეყანაში ყველა შრომობს, არავის არაფერი ეთაკილება. მშენებლები და დეველოპერები, რომლებიც მილიარდერები არიან, ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ისინი ბიზნესს ოჯახის წევრებთან ერთად უდგანან სათავეში და მშენებლობის პერიოდში არანაირ საქმეს არ თაკილობენ. წარმოიდგინეთ, მშენებლობისას მოწყობილ დროებით საჭირო ოთახებსაც კი საკუთარი ხელით ასუფთავებენ. ეს მეტი სტიმულის მიმცემია ნებისმიერი თანამშრომლისთვის...

- ამ ყველაფრის მიღწევა იოლი არ იქნებოდა...

- მართალი ხართ, იოლი არ იყო იმ ყველაფრის მიღწევა, რაც დღეს მაქვს. სანამ აქამდე მოვიდოდი, რთული დღეები გავიარე. წარმოიდგინეთ, მუხლებზე მდგარი რაღაცას რომ ხეხავ, მაგრამ სულ ვამხნევებდი და ჩავაგონებდი საკუთარ თავს, რომ მხოლოდ ასე შეიძლებოდა რაღაცის მიღწევა, მე ეს გზა უნდა გამევლო! ძლიერი ხასიათი მაქვს და თუ რამე მიზნად დავისახე, აუცილებლად მივაღწევ. არ ვარ მეოცნებე. რეალურად რაც შესაძლებელია, იმას ვეჭიდები და ნელ-ნელა ვაღწევ მიზანს. ვფიქრობ, ერთიანად არავინ გამდიდრებულა. ჩემთვის პრიორიტეტი სიმდიდრე კი არა, ბედნიერებაა და თუნდაც ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მთავარია, წინ წავიდე.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი ხელმძღვანელი?

- მე არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, ვინმეს რომ ვეუფროსო. ყველასთან ვმეგობრობ, ვისაც ვატყობ, რომ აქვს ჩემი პატივისცემა. თანამშრომლებს ტკბილად ვუხსნი, თუ რისი გაკეთებაა საჭირო... კომპანიის მმართველი იმდენად მაინც უნდა იყოს განათლებული, რომ საქმიანი შეხვედრისას მომავალ პარტნიორებს თავისი პროფესიონალიზმი დაუმტკიცოს. ასევე, ყველა დეტალს ისე უნდა მოეკიდო, როგორც ძალიან მნიშვნელოვანს. მთავარია მომხმარებელს და თანამშრომლებს დაანახვო, რომ მათზე ზრუნავ, ღელავ. არ უნდა "იფრინო" და თავში არ აგივარდეს, მაგრამ შენს თავსაც პატივი უნდა სცე, კარგად გამოიყურებოდე. ადამიანის თვალებში სიყვარული და სითბო უნდა იგრძნობოდეს. არ მინდა საკუთარი თავი ვაქო, მაგრამ დეველოპერები რომ მირეკავენ, ძალიან ხშირად მეუბნებიან, კარგ ხასიათზე გვაყენებო ან როცა მნახავენ - დღეს კარგი დღე გვექნებაო (იცინის). ალბათ მართლა გულით, პოზიტიურად უნდა მიუდგე საქმეს და ყველაფერი კარგად იქნება.

- ქართველი ემიგრანტებიც თუ გყავთ დასაქმებული?

- დიახ. ჩემთან ქართველებიც მუშაობენ, ზოგი მუდმივად, ზოგიც - დროებით. თუმცა, ქვეყანაში არც ისე ბევრი ქართველია - მაქსიმუმ 1000 კაცამდე და კონკრეტულად სიდნეიში, დაახლოებით 400-500 ადამიანი.

- პირად ცხოვრებაზეც მიამბეთ. როგორც ვიცი, მანდ შეხვდით ადამიანს, რომელთანაც მალე ხელს მოაწერთ...

- პირად ცხოვრებაში ისე გამიმართლა, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის მეშინია. ასეთ ადამიანზე ვერც ვიოცნებებდი. საუკეთესო პიროვნებაა, თბილი, კეთილშობილი, ვაჟკაცურიც. სულ ჩემს გახარებას ცდილობს. მისგან უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ. ცდილობს, ქართული ისწავლოს და "პატატას" მეძახის. ჰოდა, აქაურებს ჰგონიათ, "კარტოფილს" ვეძახით ერთმანეთს. კიდევ, "მოდი, ჩაგებუტო" და "მიკალჰალ" იცის (იცინის). არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. ქორწილის გადახდა გასულ წელს გვინდოდა, მაგრამ პანდემიის გამო გადავდეთ. ქორწილი დაგეგმილია ყველაზე დიდ, 3-სართულიან გემზე, რომელზეც 200-220 სტუმარი ეტევა. მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს. ამჟამად ვიწყებთ სახლის მშენებლობას. მიწა უკვე ვიყიდეთ... მერწმუნეთ, ეს სიყვარული მაცოცხლებს და მაძლებინებს ახლობლებისგან ძალიან შორს მყოფს, თორემ ვერ გავუძლებდი მშობლების მონატრებას.

- მშობლებზეც მიამბეთ, რომლებსაც ალბათ ძალიან უჭირდათ თქვენგან შორს ყოფნა...

- ინჟინრების ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი წელში წყდებოდა, რამე რომ არ მომკლებოდა. უკეთილშობილესი მშობლები მყავს. არა იმიტომ, რომ ჩემები არიან, მართლა ძალიან კეთილები გახლავან, შეუძლიათ უკანასკნელი ლუკმაც სხვას გაუყონ... ყველაზე მტკივნეული იცით, რა იყო ჩემთვის? აქ ვიყავი, როდესაც დედა ცუდად გახდა, სიმსივნე დაუდგინეს. მე არ შემეძლო მის გვერდით ყოფნა და... საშინელი დღეები გამოვიარე. უფლის წყალობით, ყველაფერმა ჩაიარა. 8 წელიწადზე მეტია, არ მინახავს და ჩემი მთავარი მიზანი ახლა ისაა, რომ მალე ჩავეხუტო მშობლებს.

- დედამ დაავადება დაამარცხა?

- კი, უფლის წყალობით, ახლა კარგადაა. მკურნალობის შემდეგ თურქეთში, ბოლო გამოკვლევაზე რომ ჩავიდა, უთხრეს, რომ აღარაფერი სჭირდება... მადლობას ვწირავ უფალს, რომ ასეთი მშობლების შვილობა მხვდა წილად. ამ ადამიანებმა მასწავლეს სიყვარული, თანადგომა, ცხოვრება. იცით, ერთხელ რის გამო გადავუხადე დედას მადლობა? მე-9 კლასში ვიყავი, როცა ისტორიის მასწავლებელი სულ "ოთხიანებს" მიწერდა და ამის გამო დედამ თმა დამაწიწკნა. ჰოდა, დრო რომ გავიდა, ვუთხარი: ნეტავ უფრო მაგრად მოგეწიწკნა, ახლა უკეთესი ვიქნებოდი-მეთქი (იცინის).

- თქვენი საქმრო რას საქმიანობს?

- ამჟამად ჩემი საქმროს კომპანიასაც ვხელმძღვანელობ. ძალიან ცნობილი ფილმების გადაღებებში იყო ჩართული, მაგრამ მათი ჩამოთვლისგან ამჯერად თავს შევიკავებ. ამჟამად ისეთ ფილმებზე მუშაობს, როგორებიცაა: Thor, Mad max და The thousand of years longing...

GzaPress

- საქართველოსთან დაკავშირებულ გეგმებზეც მინდა ისაუბროთ. როგორც ვიცი, კონკრეტული ჩანაფიქრი გაქვთ...

- ჩემი ოცნება იყო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი შემექმნა. მოლაპარაკებები დაწყებულია ერთ-ერთ კომპანიასთან. დავაფუძნე CANDY PAIR. ყველაფერი შეიკერება საქართველოში. მასალას შემოვიტანთ იტალიიდან და თურქეთიდანაც. ნაწარმის რეალიზაცია თავიდან მოხდება საქართველოსა და ავსტრალიაში, მერე ვნახოთ (იღიმის). აქ გავიცანი ადამიანი, ვინც ყველა ცნობილი ბრენდის ("გუჩი", "დოლჩე გაბანა", "ვერსაჩე" და ა.შ.) პირველი შემომტანია. ის მპირდება, რომ ჩემს პროდუქციას შეისყიდის და გაიტანს ბაზარზე. ამიტომ, ისეთი მაგარი რამეები უნდა გავაკეთოთ, რომ ჩამოთვლილი ბრენდების გვერდით მისი დადება შეიძლებოდეს. ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივა.

- ვიცი, რომ ქველმოქმედებაც საკუთარი ცხოვრების სტილად აქციეთ...

- თანხა თავისთავად მეხარჯება, გაცემასაა მიჩვეული ჩემი ხელები (იღიმის). კი, ვმონაწილეობ ხოლმე საქველმოქმედო პროექტებში. აი, ბოლოს დავეხმარეთ ბავშვებს, რომლებსაც სამწუხაროდ, სიცოცხლის თვეები და დღეები აქვთ დარჩენილი. სიკვდილი - ეს მათი განაჩენია და გადავწყვიტეთ, ამ პატარებისთვის დღეები გაგველამაზებინა. ამან ცხადია, ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე. სულ მათზე ვფიქრობ.

- თქვენზე ამბობენ, ნამდვილი თანამედროვე კონკიააო...

- კი, ქართველები კონკიას მეძახიან, ოღონდ არ ვიცი, რის გამო: იმიტომ, რომ შრომისმოყვარეობით მივაღწიე მიზანს და ახლა საკუთარ ბიზნესს ვმართავ თუ იმიტომ, რომ აქ გავიცანი ჩემი პრინცი და პირად ცხოვრებაში გამიმართლა... ყოველ შემთხვევაში, ეს სასიამოვნოა.

- დაბოლოს, რა შეიძლება ენატრებოდეს ავსტრალიაში მყოფ წარმატებულ ქართველს ყველაზე მეტად?

- დედის სურნელი და მამა, ჩემი ოჯახი მენატრება ყველაზე მეტად! ნუ, რა თქმა უნდა, ქვეყანაც, ახლობლებიც და მეგობრებიც, მაგრამ როცა ემიგრანტი ხდები, შენი ოჯახი ყველაზე მეტად გეძვირფასება...

ლიკა ქაჯაია