წლების შემდეგ ნაპოვნი სისხლით ნათესავები - გზაპრესი

წლების შემდეგ ნაპოვნი სისხლით ნათესავები

ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბევრი ალაპარაკდა წლების წინ გაშვილებულ ბავშვებზე და ამას ჯგუფის - "ვეძებ" შექმნამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ამჯერად ორ ისეთ ამბავს გიამბობთ, როცა ამა თუ იმ ადამიანების ბრალეულობით დაშორებულმა სისხლით ნათესავებმა წლების შემდეგ იპოვეს ერთმანეთი...

ქალბატონი ანჟელა არჩვაძე:

- 3 თვის ვყოფილვარ, როცა მიშვილეს და მას შემდეგ ქუთაისში ვცხოვრობ. საუკეთესო ოჯახი და ბრწყინვალე დედ-მამა (გამზრდელები) მყავდა. ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, რომ ბედნიერად და კარგად მეგრძნო თავი. არაფერს იშურებდნენ ჩემი კეთილდღეობისთვის. მეც ლაღი და ბედნიერი გახლდით, თუმცა... ყოველთვის მაკლდა სიმშვიდე, მუდამ ვეძებდი და ველოდი ვიღაცას; მუდამ ვგრძნობდი, რომ მეძებდნენ. მინდოდა ვიღაცას ჩავხუტებოდი, ვიღაც მეტირებოდა, ვიღაც მენატრებოდა. ვიყავი ბედნიერი, მაგრამ უბედური. ყველაფრის მქონე, მაგრამ არაფრის პატრონი; სავსე, მაგრამ ცარიელი. მეოცნებე და იმედგაცრუებული.

საერთოდ, რაც მახსოვრობა მაქვს, იქიდან ვფიქრობდი, რომ სრულყოფილი არ ვიყავი და რაღაც მაკლდა. ინტუიციით ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვარ და სადღაც უსასრულობაშია ჩემი ნაწილი.

ბავშვობაში მშობლები რაიმეს რომ მიყიდდნენ, აუცილებლად ორი უნდა ყოფილიყო, ერთი არ მაკმაყოფილებდა და არც მომწონდა. თუმცა, გამზრდელებიც ყველაფერს ითვალისწინებდნენ და სურვილს მისრულებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ტყუპისცალი ვიყავი და ეს ჩემი ერთგვარი ინტუიცია თუ აკვიატება გახლდათ. მოკლედ, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საჩუქრები თუ რაიმე ნივთი, ყველაფერი ორი უნდა მქონოდა.

GzaPress

- როგორ გაიგეთ, რომ მშობლებს აყვანილი ჰყავდით?

- 14 წლის ასაკში სკოლის მეგობარმა გოგონამ, თანაკლასელმა და მეზობელმა მითხრა, რომ რაღაც საიდუმლო იცოდა, მაგრამ ვერ მეტყოდა, რადგან არ შეიძლებოდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემი ეჭვი დადასტურებულიყო. თან, სანათესავოში ძალიან განსხვავებულად, ზედმეტად ყურადღებით მექცეოდნენ, რაც მიკვირდა, მით უმეტეს, რომ ირგვლივ ბევრი ჩემი თანატოლი იყო...

როცა გადავწყვიტე, რომ ჩემ შესახებ ყველაფერი უნდა მცოდნოდა და სიმართლის გაგების დროც იყო, მივადექი დაბადების ადგილს - სამშობიაროს, საბუთების მოსაძებნად. იქ მითხრეს, საბუთები 7 წელი ინახება და შემდეგ ცენტრალურ არქივში, თბილისში იგზავნებაო. ჩავედი თბილისში, რადგან მაშინ კომპიუტერი და ერთი თითის დაჭერით ყველაფრის ძიება ძალიან უცხო და მიუწვდომელი ფუფუნება იყო. ძლივს, ვაი-ვაგლახით და დიდი ბრძოლის შემდეგ მოვიპოვე დაბადების ისტორია, სადაც ეწერა დედის ვინაობა, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი უცვლელად - დღესაც ეს მაქვს. გავიგე, რომ დედას ორი ცოცხალი ნაყოფი შეეძინა, ქალ-ვაჟი. ისტორიაში არ იყო დაფიქსირებული რომელიმეს გარდაცვალება... რადგან ჩემი ვარაუდი დამტკიცდა, რომ ტყუპისცალი ვიყავი, გადავწყვიტე, პირველ რიგში, ძმა მეპოვა და ორივე ერთად ბიოლოგიურ დედასთან მივსულიყავით.

- როგორ იპოვეთ?

- დიდი მონდომებისა და ძიების შემდეგ, ვიპოვე საეჭვო ოჯახი, რომელსაც აყვანილი შვილი ჰყავდა ზუსტად ჩემი მონაცემებით; ემთხვეოდა დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი. არც დავფიქრებულვარ შედეგებზე, წავედი და პირდაპირ მივადექი მის ოჯახს. მან არაფერი იცოდა და სიმართლის გაგება მისთვის სრული შოკი აღმოჩნდა. თქვა, რომ მართალია, ცხოვრებაში არაფერი აკლდა, გულის სიღრმეში სიცარიელეს გრძნობდა. შემდეგ, რადგან უკვე დედის მონაცემებიც მოვიპოვე, ისიც მოვინახულეთ. მისთვისაც წარმოუდგენელი და აღუწერელი მოვლენა იყო ჩვენი პოვნა. იმ დღეებში ჩვენი განცდილის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. გავიცანით სხვა დედმამიშვილებიც... ჩვენამდე ორი გოგონა ჰყავდა დედას. მისთვის მესამე ორსულობის ნაყოფი ვიყავით და ჩვენ შემდეგ კიდევ ორი ბავშვი ეყოლა, გოგო და ბიჭი. სულ 6 დედმამიშვილი ვართ...

ამ ისტორიას შეიძლება, ბედნიერება გასდევდეს ფონად, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ეიფორიიდან გამოვედი და რეალობა გავაცნობიერე, ზუსტად მაშინ ვიგრძენი თავი უბედურად, რადგან მე არ ვიცოდი ჩემი ძმის ბავშვობა, ჩვენ არ გვერგო ერთად ცხოვრების ბედნიერება, ერთმანეთთან თამაში, ჩხუბი, მოფერება, ჩახუტება, ერთად ტირილი; მე არ მქონდა ბედნიერება თანატოლებში მეთქვა: "ეს ჩემი ძმაა". ძმა, რომელიც ჩემი ხორცის და სისხლის ნახევარია. მე მხოლოდ ზრდასრული, დაკაცებული, ცოლშვილიანი გავიცანი. მე წამართვეს და მომპარეს ბავშვური ბედნიერება... თავს დღემდე ორ გახლეჩილ სამყაროს შორის მყოფად ვგრძნობ, სადაც ტყუილის მორევში ჩაძირულს, რეალობის აღქმა ტანჯვად მექცა....

- სამი თვე საავადმყოფოში რომ გაგაჩერეს, საკვირველია. მცირეწონიანი დაიბადეთ?

- კი და როგორც გამზრდელი მეუბნებოდა, ინკუბატორში ვყოფილვარ კარგა ხანს. მე კილო და 200 გ, ჩემი ძმა კი კილო და 700 გრამი დაბადებულა. ის მაშინვე იშვილეს, მე კი სამშობიაროში დამტოვეს. ალბათ მიწუნებდნენ იმის გამო, რომ ძალიან პატარა ვიყავი და როცა მოვკეთდი, მეც გამომიჩნდა პატრონი.

- გამზრდელებს უთხრეს, რომ სადღაც ტყუპისცალიც გყავდათ?

- კი, იცოდნენ... ბიცოლაჩემი იმ სამშობიაროში მიიყვანეს მოსალოგინებლად, სადაც მე ვიყავი. მისთვის უთქვამთ, ქალმა ტყუპი გააჩინა, გოგონა ჩვენთან დატოვეს და თუ შეგიძლია, აჭამეო. ამ ბიცოლას მიერ მოხდა ჩემი შვილად აყვანა. ჩემი გამზრდელი დედა მისი მული გახლდათ...

დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო გამზრდელ დედებს, დროულად უთხრან შვილობილებს, რომ აყვანილები არიან. ამით უფრო დაიმსახურებენ ნდობას და დაფასებას. თუ იცი სიმართლე და არ ეუბნები ადამიანს, ეს საუკუნო ცოდვაა, რადგან ყველას აქვს უფლება იცოდეს, ვინ არის, ვისი ფესვისაა და რომელი გვარის სისხლი აქვს. რაც შეიძლება დროულად უნდა გაიგონ დედმამიშვილების არსებობის შესახებ. იცოდეთ, არ არსებობს სიცრუე, რომელიც ოდესმე არ გამჟღავნდება.

მ.კ. საკუთარ სიხარულს "გზის" მკითხველებს უზიარებს:

- უბედნიერესი ვარ, რადგან 45 წლის წინ გაშვილებული მამიდაშვილი ვიპოვეთ. მამიდა ძალიან ლამაზი და გამორჩეული გოგო ყოფილა სოფელში. დიდსაც და პატარასაც ძალიან ჰყვარებია. საოცარი თვისებები და ხასიათი ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ მამიდა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა, მთელი ცხოვრება მაინც მისი სახელი მესმოდა. ყველა აქებდა და სიყვარულით იხსენებდა... ცოლად მისსავე კლასელს გაჰყვა, რომელიც პირველ ცოლს გაშორებული იყო. ბებიას არ მოეწონა ნაცოლარი სიძე, თუმცა არც სიძის დედა იყო მოხიბლული მამიდაჩემით. მოხდა ისე, რომ მამიდას ოჯახი დაენგრა და ორსულად იყო, როცა ქმრისგან წამოვიდა... მშობიარობის დროს მამიდა მოატყუეს; უთხრეს, ვითომ ბავშვი მკვდარი დაიბადა, რაზეც ქალს საშინელი რეაქცია ჰქონია: გამწარებულს ფანჯრის რაფისთვის ურტყია თავი და ამის გამო, სახე ძალიან დალურჯებული ჰქონია. ორი სხვადასხვა ვერსია მაქვს: ერთ-ერთის მიხედვით, თითქოს ბავშვი ბებიამ გააშვილა და მეორე - თითქოს ბებოც მოატყუეს, რომ ჩვილი მკვდარი იყო და სინამდვილეში, ის სამშობიარომ გააშვილა. უშუალოდ ამ ფაქტის მომსწრე ხალხი აღარაა ცოცხალი და მე ვერც ერთს ვერ დავადასტურებ...

GzaPress

- როგორც ვიცი, მამიდათქვენი მალევე გარდაიცვალა...

- კი, გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისთვის სიმართლე არავის უთქვამს, რომ სადღაც მისი შვილი იზრდებოდა...

- მის ყოფილ ქმარსაც არ ჰქონდა ინფორმაცია?

- მამიდის ქმარს ჩვენივე სოფლელმა ქალმა, რომელიც გორში იყო გათხოვილი და სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, დაწყებითებს ასწავლიდა, უთხრა: ჩემს კლასში შემოიყვანეს ბავშვი, რომელიც საოცრად ჰგავს მარინას ბავშვობას, გავიკითხე და ნაშვილებია... იქნებ მარინას შვილიაო. ბავშვის მამა ჩავიდა და უნდოდა ბავშვი ენახა, მაგრამ გამზრდელმა დედამ არ გააკარა ახლოს.

- თქვენ რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო, თქვენი მამიდაშვილი გაეშვილებინათ?..

- ბავშვობაში მეზობლის მოხუცმა ქალმა მითხრა, მამიდაშენს შვილი ჰყავს და ის ცოცხალიაო. რასაკვირველია, მაშინვე ბებოსთან გავიქეცი და ვუთხარი. ბებომ უარყო და გაბრაზდა კიდეც, საიდან მოიტანეო... ვიზრდებოდი და კეთილის მსურველი ხალხიც მრავლდებოდა ჩემ ირგვლივ, შესაბამისად, ნელ-ნელა ვაგროვებდი ინფორმაციებს. რაღაც დეტალები გავარკვიე, მაგრამ ვერ ვბედავდი ბებოსთან ამაზე საუბარს.

ცოტა ხნის წინ "ფეისბუკზე" ჯგუფი "ვეძებ" ვიპოვე, სადაც ჩემს დას ჰქონდა პოსტი დადებული, ისიც ეძებდა ჩვენს მამიდაშვილს. ჯგუფი მგონი, იანვარში შეიქმნა და ჩვენ უკვე თებერვლის პირველსავე კვირას აღმოვაჩინეთ მამიდაშვილი, ანუ ვეძებდი წლების მიხედვით დალაგებულ პოსტებს და ვნახეთ წერილი, რომლის მიხედვითაც გოგონა ეძებდა მშობლებს, სავარაუდოდ კახეთიდან. დედა სავარაუდოდ იყო კოჭლიო (მამიდაჩემი შხვართი ქალი იყო, მაგრამ ჩემი ყურადღება მაინც მიიქცია სიტყვა კოჭლმა, რადგან ეს ჩემს გვარს დავუკავშირე - კოჭლამაზაშვილები ვართ). რადგან კახეთი იყო მითითებული, უფრო დავეჭვდი და თან გულმა მიგრძნო, რომ ეს ის იყო, ვისაც ვეძებდი. იმავე პოსტზე ჩემი დაც ითხოვდა ავტორთან დაკავშირებას. თითქოს ორივეს გული გვიგრძნობდა. საღამოს სამსახურიდან სახლში მიმავალს დამიკავშირდა ჯგუფის ადმინი, უსაყვარლესი და საოცრად ყურადღებიანი ია ყველაშვილი, არ ვიცი, მისადმი მადლიერება როგორ გამოვხატო. დამირეკა, ამბავი მოისმინა და მითხრა, - ეკასთან დაგაკავშირებო. თქვენ უნდა ისაუბროთ, რადგან ერთნაირი ისტორია გაქვთო. მომცა საკონტაქტო და ეკას "მესენჯერის" საშუალებით დავურეკე. პირველი შოკი, რაც იყო, "მესენჯერიდან" მამიდაჩემის თვალებით მიყურებდა სხვა ქალი, რაღაცნაირად სევდიანად მოღიმარი; ზუსტად ის ქალი, ვინც მთელი ცხოვრება ჩემი საძინებლის კედლიდან მიყურებდა. ემოციებს თავი მოვუყარე. ვიფიქრე, იქნებ ძალიან მინდა, რომ ეს ის იყოს და მეჩვენება, ტყუილად ვამსგავსებ-მეთქი. მერე მოვუყევი მამიდაჩემის შესახებ და დავპირდი, ხვალ მის ყველა ფოტოს გადმოგიგზავნი და თუ მსგავსება იპოვე, მერე ვისაუბროთ. არ მინდა ტყუილად აგაფორიაქო და იმედი მოგცე-მეთქი. მეორე დღეს მამიდას ფოტოები გადავუგზავნე და პარალელურად, ეკა თავისას მიგზავნიდა. დავყურებდი ეკრანს და იყო საოცარი მსგავსება...

დღეს უბედნიერესი ვარ, რომ გვერდით მყავს ჩემი საკუთარი სისხლი და ხორცი, ჩემი მამიდაშვილი. ნელ-ნელა ვეცნობით ერთმანეთს და იმდენი საერთო გვაქვს ხასიათსა თუ ჩვევებში, ტყუპი გეგონებით. ვერ აღვწერ, რა ვიგრძენი, როცა პირველად ჩავეხუტე. მე ის მთელი ცხოვრება მაკლდა; ვგრძნობდი, რომ არსებობდა და მაკლდა. მისი აღმზრდელი დედა გარდაცვლილია. მე ამ ქალბატონის მადლიერი ვიქნები მუდამ, რადგან ეკა ასეთი კარგი აღზარდა.

იცით, კარგი მშობელი ვერ იქნები მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი გააჩინე, მთავარი ხომ მისი აღზრდა და ადამიანად ჩამოყალიბებაა. ჰოდა, ვფიქრობ, სასწაულად კარგი მშობლები ჰყოლია ეკას, თუმცა დარწმუნებული ვარ, მამიდაჩემს რომ გაეზარდა, არანაკლებად კარგი იქნებოდა.

- დაბოლოს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?

- პირველ რიგში უდიდესი მადლობა ჯგუფს "ვეძებ", მის ადმინებს, განსაკუთრებით ია ყველაშვილსა და თამუნა მუსერიძეს. უდიდეს საქმეს აკეთებენ და უდიდეს ენერგიას დებენ ამ საქმეში... ადამიანებს კი, რომლებმაც ვიღაც დაკარგეს, ვეტყვი: დასძლიეთ შიში და სირცხვილი, მოძებნეთ თამამად და ყველა შანსი გამოიყენეთ ამ ძებნისას. ყველა პოსტი გულმოდგინედ წაიკითხეთ და იქნებ ჩემსავით, ერთი სიტყვა იყოს თქვენთვისაც ცხოვრების "ნამიოკი".

ლიკა ქაჯაია