ილია ვეკუა - მარინა ვეკუას "ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი" ბაბუა - გზაპრესი

ილია ვეკუა - მარინა ვეკუას "ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი" ბაბუა

1907 წლის 23 აპრილს გალის რაიონის პატარა სოფელ შეშელეთში ილია ვეკუა დაიბადა. განსაკუთრებული მონაცემები მასში პირველად ბრძენმა ბაბუამ, თედომ შენიშნა. მოგვიანებით სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით, ოჯახმა მარჩენალი ძროხა გაყიდა და ილიას საშუალება მიეცა, სწავლა თბილისში გაეგრძელებინა. სოფელში ერთ მეზობელს ამის თაობაზე უხუმრია: გაგზავნეთ, გაგზავნეთ, "პრაფესორი" არ დაგიბრუნდეთო. მეზობელს ენამ უყივლა - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოსს, მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრს, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის დამაარსებელსა და პირველ რექტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთ საუკეთესო რექტორს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, არაერთი სახელმწიფო უმაღლესი ჯილდოსა თუ ორდენის მფლობელს შვილიშვილი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი მარინა ვეკუა გაიხსენებს.

- ქალბატონო მარინა, როგორც თავად აღნიშნავთ, როგორი იყო თქვენი "ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი" ბაბუა?

- საოცრად ლამაზი, ახოვანი, ყოველთვის კეთილად მოღიმარი, ოდნავ მოჭუტული მარჯვენა თვალით. ბავშვურად გულუბრყვილო, კეთილშობილი და ძალიან, ძალიან დიდი ნებისყოფის მქონე... ერთნაირად გატაცებული ნიკო მარითა და ლევ ტოლსტოით, ფოტოგრაფიითა და შალიაპინით, ნადირობითა და მათემატიკით. სწორედ ბოლო მათგანი გადაეზარდა ჭეშმარიტ სიყვარულში. უყვარდა ლიტერატურა, ისტორია, კლასიკური და ხალხური მუსიკა (ძალიან უყვარდა ოთარ თაქთაქიშვილის მეგრული სიმღერების ციკლი ზურაბ სოტკილავას შესრულებით); აკვირდებოდა ქართული და იაპონური გვარების ფონეტიკურ მსგავსებას. მოგითხრობთ ერთ ეპიზოდს, რომელიც მის მიზანდასახულობას, საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებასა და სირთულეების დაძლევის საოცარ უნარში დაგარწმუნებთ: ინგლისური ენის მასწავლებელს ველოდებოდი, რომელთანაც პირველი გაკვეთილი უნდა მქონოდა. ინგლისელი იყო და ტანკრეტი ერქვა. მოულოდნელად, ინგლისური წიგნებით ხელში, ოთახში ბაბუა შემოვიდა. ტანკრეტთან მეცადინეობა, მან როგორც ბეჯითმა მოსწავლემ, ყოველდღიურად დაიწყო. მოგვიანებით ბევრჯერ მინახავს, როგორ სწავლობდა უცხო სიტყვებს მოხსენების თუ სტატიის ინგლისურად მომზადებისას, როგორ თარგმნიდა და ვარჯიშობდა გამოთქმაში. მან შესანიშნავად ისწავლა ინგლისური (სრულყოფილად იცოდა რუსული). სხვათა შორის, ავტომანქანის ტარება შეისწავლა ყინულზე, დიახ - ნაღდ ყინულზე. მაშინ ციმბირში ვცხოვრობდით. თითქმის ყოველ კვირა დღეს მთელი ოჯახი, განსაკუთრებით კი შვილიშვილები და ბაბუას მეგობრები - ირაკლი აბაშიძე, შოთა ძიძიგური, ბენო ბალავაძე და სხვები, ქალაქგარეთ მივდიოდით. ვნახულობდით ტაძრებს, ისტორიულ ადგილებს... როგორც აღვნიშნე, ძალიან უყვარდა და კარგად იცოდა საქართველოს ისტორია, გატაცებით გვიყვებოდა იმ ადგილების შესახებ, სადაც მივდიოდით. ამით გვაზიარა იმ სიწმინდეებსა და სიმდიდრეს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული ფასეულობები და საერთოდ, საკაცობრიო ღირებულებები დგას.

GzaPress

- ცნობილია, რომ ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანის მიმართ იშვიათი უშუალობით გამოირჩეოდა.

- ყოველ დილით ხელს ჩამოართმევდა მოსამსახურეს, მძღოლს, გულწრფელად მოიკითხავდა მათ ოჯახებს. ძალზე თავმდაბალი და უშუალო იყო. უნივერსიტეტის დაარსებიდან 50 წლის იუბილეზე, ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში საიუბილეო სხდომა მიმდინარეობდა. ბაბუამ, როგორც რექტორმა, დამსწრე საზოგადოებას მიმართა. სიტყვის ბოლოს იუბილე მიულოცა უნივერსიტეტის თანამშრომლებს, კოლეგებს. დამლაგებლებს სახელებითა და გვარებით მიმართა და მადლობა გადაუხადა (შემდგომში ამ ქალბატონებმა გულით დაიტირეს ბაბუა და ეს ნიუანსიც გაიხსენეს). სხვის შრომას დიდ პატივს სცემდა, რითაც განსაკუთრებით ახალგაზრდებს საქმის უკეთესად გაკეთებისთვის დიდ სტიმულს აძლევდა. მახსოვს, ჩვენს მისაღებ ოთახში როიალთან ვმეცადინეობდი, ბახის კონცერტს ვსწავლობდი. რომ დავასრულე, აპლოდისმენტები გავიგონე. თურმე ბაბუა ჩემს ზურგს უკან იდგა, მისმენდა და ალბათ მოეწონა კიდეც ჩემი შესრულება. მახსოვს მისი რეპლიკა: "თამარ (ბებიას მიმართა), ვერ გამიგია, რითი უკრავს ეს ბავშვი რიხტერზე უარესად". მანაც და მეც ძალიან კარგად ვიცოდით, რითი უკრავდა რიხტერი ჩემზე კარგად, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მალე კონცერტი მქონდა და ასე წამახალისა. ნამდვილი ესთეტი იყო. სილამაზის ფასი იცოდა. ბებო მართლაც, ძალიან ლამაზი იყო. თურმე ახალგაზრდობაში "შავ ბრილიანტს" ეძახდნენ. 1963 წელს, როცა კენედის აეროპორტში თვითმფრინავის სალონში ბაბუა და ბებო თამარი ისხდნენ, თვითმფრინავმა გეზი მოსკოვისკენ აიღო. აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, სტიუარდესამ მოულოდნელად ბებოს მიმართა: "მადამ ვეკუა, მადამ ვეკუა". ბებია ძალიან აღელდა, წამოდგა, - "ილია, რა მოხდა, რაშია საქმე?" ბაბუამ თავი მოიკატუნა, თითქოს არაფერი იცოდა, თვალები კი ბავშვურად უცინოდა. ამ დროს სტიუარდესამ ბებიას ლამაზად შეფუთული დიდი კოლოფი გადასცა, რომელსაც დაკრული ჰქონდა პატარა ბარათი: "ქ-ნ თამარ ვეკუას, ილია ვეკუასგან, V ავენიუ, ნიუ-იორკი". კოლოფში იდო მეუღლისთვის მომზადებული სიურპრიზი - წავის მოსასხამი. მთელი თვითმფრინავის მგზავრები უცქერდნენ ამ ლამაზ წყვილსა და იმდროინდელი სინამდვილისთვის უჩვეულო სცენას.

ერთხელ ნაცნობმა მკითხა: "თქვენ ხომ იცით იმ ადამიანების გვარები, რომელთა გამოც ბატონმა ილიამ იძულებით დატოვა საქართველო. რატომ არ დაწერთ სიმართლეს?!" იმიტომ, რომ ბაბუამ გვასწავლა ცხოვრება ისე, რომ შეძლო აპატიო ადამიანებს უღირსი საქციელი, აპატიო და არასდროს უპასუხო იმავეთი. დიახ, მან თავად აპატია ყველას ყველაფერი. მეტიც, წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა უკვე აღიარებულმა დიდმა მეცნიერმა ყველას (იმ უღირსი კამპანიის მონაწილეს) შეუწყო ხელი პროფესიულ წინსვლაში. ჩვენს ოჯახში კი არასდროს ყოფილა ამ მძიმე თემაზე რაიმე სახით მსჯელობა და ვინმეს განსჯა. ადამიანი კვალს საქმით ტოვებს. ეს გახდა ჩვენი, შვილიშვილების მთავარი კრედო.

- მის სახელს არაერთი ინოვაცია უკავშირდება...

- ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტი, რომლის დამაარსებელი და პირველი რექტორი ბაბუა იყო, ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდა იქ ახალდაარსებულ კვლევით ინსტიტუტებთან. ბაბუა ამ პროცესის მოთავე იყო. ამგვარი ინტეგრაციის მცდელობა მან თბილისშიც გააგრძელა. სწორედ მისი რექტორობისას შემუშავდა და დაიწყო უნივერსიტეტის ე.წ. კამპუსის - ერთიანი სასწავლო, კვლევითი და საცხოვრებელი სისტემის დაპროექტება და მშენებლობა. საბჭოთა პერიოდში ეს უნივერსიტეტის განვითარების ძალზე თამამი ხედვა და გეგმა იყო. სწორედ იმ დროს დაარსდა უნივერსიტეტთან კვლევითი (გამოყენებითი მათემატიკის) ინსტიტუტიც. გარსთა თეორიაში მისი ნაშრომების შედეგები დღესაც გამოიყენება კაშხლების, თაღოვანი ნაგებობების, ხიდების, საზღვაო, წყალქვეშა და საჰაერო ხომალდების მშენებლობისას.

GzaPress

- ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ილია ვეკუამ დაწერა "მიმართვა ახალგაზრდობისადმი", რომელსაც ერთგვარი ანდერძის დანიშნულება აქვს.

- დიახ, ეს გახლავთ ანდერძი და ძალიან თანამედროვე, მნიშვნელოვანი, აქტუალური და დამაფიქრებელი მანიფესტი. "ცხოვრების ის მანძილი, რომელიც მე გავიარე, საკმაოდ დიდია. ეს ნებას მაძლევს, ახალგაზრდობას გავუზიარო დაკვირვების საფუძველზე საკუთარი გამოტანილი ზოგიერთი მოსაზრება. გვეკითხებიან ხოლმე, რა არის საჭირო მეცნიერული მუშაობის წარმატების უზრუნველსაყოფადო? ერთი შეხედვით, პასუხი სავსებით ნათელია: ესაა სათანადო ბუნებრივი მონაცემები, მოწოდება და მუშაობის უნარი. თუ კაცს თანდაყოლილი ნიჭი აქვს და შრომისმოყვარეა, ყოველთვის მიაღწევს წარმატებას ხელსაყრელი პირობების გამოყენებით. მაგრამ ნიჭიერება და ღრმა აზროვნების უნარი სახეზე არავის აწერია, არც მათი გამოვლინებაა იოლი, რადგან ძალიან ღრმადაა ჩამარხული ადამიანში. დიდი დრო და დაკვირვება სჭირდება მის გამოააშკარავებას. ხშირად ვუშვებთ ჩვენ შეცდომას, როცა ახალგაზრდის ნიჭიერების შეფასებისას ისეთ თვისებებს ვამჩნევთ, რაც იოლად ვლინდება... დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, ხშირად ის, რაც ბრწყინავდა, ოქრო არ გამოდგება ხოლმე. ამიტომ ნიჭიერი და უნარიანი ახალგაზრდების დაწინაურებისას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს. მთავარია სამი რამ: ნიჭი, მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული. ჩვენი სასიქადულო მეცნიერი, აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი თვლიდა, რომ ამ სამი ნიშნიდან მესამე - საგნისადმი სიყვარული - გადამწყვეტია მეცნიერებაში წარმატების მისაღწევად... მეცნიერებაში წარმატებებს მიაღწევს მხოლოდ ის, ვისაც უსაზღვროდ უყვარს თავისი დარგი, ვინც ყველაფერზე მაღლა დააყენებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და შემოქმედებით სფეროში წარმატების მოპოვებას დაუქვემდებარებს ყველა სხვა ინტერესს... ოღონდ, ამისათვის საჭიროა დრო და მოთმინების დიდი უნარის გამომუშავება, კერძოდ, სულის მღრღნელი შურიანობის დაძლევა... მეცნიერული შემოქმედების პროცესი ჭეშმარიტ მეცნიერთათვის დრამატული განცდებითაა აღსავსე. შეიძლება, ბევრი მისი წამოწყება უშედეგო გამოდგეს, რასაც, ცხადია, მწვავედ განიცდის, მაგრამ ამან მუდმივ საგონებელში არ უნდა ჩააგდოს იგი. ნამდვილ მეცნიერს ყოველთვის აქვს პრობლემისადმი მიდგომის სათადარიგო გზები, ან ახალ, მონათესავე პრობლემაზე გადასვლის საშუალება... მეცნიერი ოპტიმისტი უნდა იყოს, არც ერთ ვითარებაში წარმატების რწმენა არ უნდა დაკარგოს".

შორენა ლაბაძე